ალუზიური ფანტასმაგორია
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში
.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.
სოფო ხუნდაძე
ალუზიური ფანტასმაგორია
დღევანდელ რეალობაში, ქართულ თეატრში, თითზე ჩამოსათვლელად მოიძებნებიან რეჟისორები, რომლებიც მრავალჯერ გადაღეჭილ თემებს, ან ნაწარმოებებს არ დგამენ ქართულ სცენაზე. საბედნიეროდ, ახალგაზრდა რეჟისორებს შორის ასეთი აღმოჩნდა დავით თარბა, რომელმაც ახალციხის თოჯინების თეატრში, ჟიულ ვერნის რომანი „80 000 კილომეტრი წყალქვეშ“ დადგა.
„80 000 კილომეტრი წყალქვეშ“ ჟიულ ვერნის შემოქმედების მწვერვალად არის აღიარებული. ნაწარმოებში ნათლად ვლინდება ავტორის უსაზღვრო ფანტაზია, რომელიც უსწრებს დროს და ერთგვარ წინასწარმეტყველებადაც კი აღიქმება. ყველას, ვისაც ერთხელ მაინც წაუკითხავს კაპიტანი ნემოს ისტორია და წყალქვეშა ხომალდ „ნაუტილუსის“ და მის მხლებლებთან ერთად უმოგზაურია, დამეთანხმებიან, რომ რთულია კონკრეტულად რომელიმე ხაზს გავყვეთ რომანში და ერთდროულად არ აღგვაფრთოვანოს სამყაროს შემეცნების იმ გრეხილებმა, რომელშიც გვამოგზაურებს მწერალი.
სქელტანიანი რომანის ინსცენირება, ახალგაზრდა რეჟისორ ანა გოგიშვილს ეკუთნის, რომელმაც ტექსტს ჩამოაშორა ყოველგვარი მეტამნიშვნელობა და მიუხედავად ამისა, მან მეცნიერული სიზუსტით გათვალა ყოველი თემა, რაც დააინტერესებდა არამხოლოდ პატარა, არამედ ზრდასრულ, ჩამოყალიბებულ მაყურებელსაც. ტექსტი იმგვარად არის დამონტაჟებული, რომ მასში ძირითადი ხაზი არ იკარგება, ამბის თხრობა ლოგიკური ჯაჭვით ებმის ერთმანეთს და დრამატურგიულად ვითარდება. აქედან გამომდინარე არ ვთვლი საჭიროდ ავტორისეული ტექსტის განხილვას და ვეცდები, შემოგთავაზოთ მხოლოდ ის პარალელები, რომლებზეც ყურადღებას გავამახვილებ, სანამ უშუალოდ სპექტაკლს განვიხილავ.
ჩემი დაკვირვებით, ინსცენირებაში ბიბლიურ, მითოლოგიურ და ფილოსოფიურ საწყისებთან არსებული პარალელები მეტად მნიშვნელოვანია. ამასთან ერთად იგრძნობა დანტე ალიგიერის გავლენაც. მაგალითისთვის, მოვიყვან რამდენიმე ფრაზას სიმღერის ტექსტიდან: „შვებაა სადაც არ ჩანს ნათელი ბნელსა შინა“, აქ პირდაპირი ალუზიაა ბიბლიური ტექსტის, „და ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია“; ასევე სიმღერა დატვირთულია ინტერტექსტუალურად, რაც იწვევს აზრს, რომ ინსცენირების ავტორი, ალუზიებს აჩენს მითუირ ჰადესთან, ასევე ფილოსოფიის საწყისებთან, როდესაც სამყაროს ცვალებადობის ქაოსისგან გაოცებულნი რაღაც მუდმივსა და უცვლელს ეძებდნენ. ტექსტიდან გამომდინარე ეს დაკარგული სულების საუფლოა, რომლებიც შვებას წყალქვეშ ჰპოვებენ.
მიზანსცენა მოითხოვდა მუსიკალური ნომრის სხვა ჟანრსა და ესთეტიკაში გადაწყვეტას, რაც თოჯინების თეატრში არსებული პირობებიდან გამომდინარე, ტექნიკური თვალსაზრისით ალბათ შეუძლებელი იყო. გადაჭრით ვერ ვიტყვი, რომ ნომერი ამოვარდნილია თემატიკიდან, თუმცა სპექტაკლის მუსიკალურ გამფორმებელს - თაზო იმნაძეს აუცილებლად უნდა გაეთვალისწინებინა ტექსტში არსებული ბიბლიური ალუზიებისა და მითიურ-ფილოსოფიური საწყისების გავლენები, რაც მეც მისტიკურობას შემატებდა მიზანსცენას.
აუცილებლად უნდა აღვნიშნო ფაქტი, რომ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია სირინოზთა სიმღერამ. თეატრმცოდნეებმა არა ერთ რეცენზიაში გაამახვილეს მასზე ყურადღება, ზოგმა ეს ეპიზოდი დადებითად შეაფასა, ზოგმაც უარყოფითად, თუმცა, ჩემი აზრით, ზემოთ განხილულიდან გამომდინარე, ეს საკითხი უფრო ღრმა ანალიზსა და მეტ ყურადღებას იმსახურებდა მათი მხრიდან.
რომანში კაპიტანი ნემო იდუმალებით მოცული პიროვნებაა, რომლის წარმომავლობაც მკითხველისთვის უცნობი რჩება იქამდე, სანამ მწერლის შემდეგ რომანს „საიდუმლო კუნძულს“ არ გაეცნობა. შესაბამისად, საჭირო გახდა სპექტაკლში ამბის დასრულება „აქ და ახლა“ და ინსცენირების ავტორის გადაწყვეტით, გმირებს შეემატათ რომანისთვის უცნობი პერსონაჟი - კიარა. ის პირველად სირინოზების სიმღერისას ჩნდება სცენაზე. ტექსტის მონტაჟის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ინსპირაციის წყარო რომანში არსებული დეტალია, როდესაც ყინულთან შეჯახებისას ოჯახის ფოტო ვარდება და იმსხვრევა.
ასევე საინტერესოა რეჟისორ დავით თარბას სცენური გადაწყვეტა „უცნობ“ პერსონაჟთან დაკავშირებით, როდესაც ის კიდევ ერთხელ, უკვე კაბინეტში ეწვევა კაპიტან ნემოს. ვერნის რომანიდან ვიცით, რომ „ნაუტილუსის“ მამოძრავებელი ძალა ელექტრონია. ამ შემთხვევაში მისი არსებობა საერთოდ იკარგება და აქცენტი გადადის მარგალიტზე, რომელიც სპექტაკლში კაპიტნის სიცოცხლის მამოძრავებელი წყაროა. რაზეც მარგალიტის განადგურების შემდეგ გემის შთანთქვა და სიცოცხლის ყოველი ნიშან-წყლის გაქრობა მიუთითებს. ამ მიზანსცენაში თოჯინების განლაგება იმგვარად არის გადაწყვეტილი, რომ ცნობიერისგან დამოუკიდებლად მაყურებლის თვალწინ ცოცხლდება მუნკის ნახატი „განშორება“, ეს შეიძლება ჩაითვალოს სპექტაკლში კიდევ ერთი ინსპირაციის წყაროდ.
მხატვარ ვახტანგ ქორიძის პროფესიონალიზმი თითოეულ დეტალში იკვეთება. მისი შექმნილი თოჯინები არა სტატიკური და ემოციებისგან დაცლილნი, არამედ სიცოცხლით აღსავსე, იდუმალი ისტორიის მატარებლებლებად წარმოჩნდებიან სცენაზე. რთულია მათი აღქმა მხოლოდ იმ ჭრილში, რომ უსულო საგნები არიან, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვით მეთოჯინე მსახიობებს: ანი ხუბუტიას, ქრისტინა ინასარიძეს, მარიკა მამულაიძეს, მაია თორდუას, ლიანა გელაშვილს, ცირა ტაბატაძეს, მიხეილ ბერიძეს, თამაზ კუჭაძესა და დავით ჩილინგარაშვილს, რომლებიც აცოცხლებენ, სულს შთაბერავენ და ამეტყველებენ თოჯინებს.
ავანსცენას თეჯირის გამჭირვალე საფარი ფარავს, რომელიც სამ ფერშია განათებული (მწვანე (ძირითადი), ლურჯი, წითელი), რომლებიც სიუჟეტის შესაბამისად ერთმანეთს ენაცვლება. არსებული გადაწყვეტით იქმნება ოპტიკური ილუზია და წარმოდგენა ემსგავსება ანიმაციას, რომელიც კარგად დამონტაჟებული კადრების აღქმას იწვევს.
საყურადღებოა გემით გამგზავრების ქაოტური მიზანსცენა. მართლაც რთულია მაყურებელმა საუბრისას გაარჩიოს, რომელ თოჯინაზე გაამახვილოს ყურადღება, თუმცა ეს რეჟისორის გადაწყვეტა უფრო მგონია, ვიდრე ტექნიკური ხარვეზი, რადგან მოგეხსენებათ, ცხოვრებაშიც რთულია ქაოტურ სიტუაციებში გარეშე პირმა, რომელიმე კონკრეტულ ადამიანზე, ანდა მოვლენაზე მოახდინოს კონცენტრაცია. ამიტომ მაყურებელს მოვლენების განვითარებისას ეტაპობრივად უწევს გარკვევა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ გასათამაშებელი მოედანი სიგრძეში სამი და სიგანეში ორ მეტრზე ცოტა მეტ სივრცეს შეადგენს (სცენა სამკუთხედად იკვრება, ანუ სცენის სიღრმეში ვიწროვდება), რომელზეც, როგორც უკვე აღვნიშნე, ცხრა მსახიობი ათამაშებს თოჯინებს და ამას დამატებული, მართალია მინიატურული დეკორაცია, მაგრამ გამუდმებით მაინც მოძრაობაში მყოფი, რთული გადასათამაშებელია. ამიტომ, ასეთ პირობებში მსგავსი გადაწყვეტა გამართლებულად მიმაჩნია.
დეკორაცია დატვირთულია წიგნებით, ავეჯით, ლამპიონებით (ერთ-ერთი პლასტმასის ბოთლის მესამედით არის აწყობილი), ზღვის ცხოველებითა თუ გემებით, რომლებიც მსახიობთა დახმარებით ოსტატურად ათამაშებენ წყალში განვითარებული მოვლენების ილუზიას.
დავით თარბა რეჟისორული ოსტატობით ქმნის ფანტასმაგორიულ სიტუაციას და ზღაპრული სამყაროს დეტალებს ფაქიზად აცოცხლებს. სამოქმედო სივრცე მრავალპლანიანია, თუმცა ეს ხელს არ უშლის მას თამამად მიიღოს გამოწვევები და გვამოგზაუროს ოკეანის ფსკერის საიდუმლოებებით მოცულ სამყაროში.
რომანი ფანტასტიკის ჟანრს განეკუთვნება, თუმცა რეჟისორი მეტ მისტიკურობას მატებს მას და ანა გოგიშვილის გამოგონილი ენის წყალობით, უცხოპლანეტელების ოკეანეში არსებობის ალუზიას ქმნის, ხოლო თაზო იმნაძის შერჩეული კომპოზიციები (გარდა იმისა, რაც ზემოთ აღვნიშნე), ზუსტად არის გათვლილი იმ ატმოსფეროს შესაქმნელად, რომელიც თან სდევს წარმოდგენას.
არა ერთ რეცენზიაში აღინიშნა, რომ მოქმედება „შავ კაბინეტში“ ხდება. რეჟისორმა მოახერხა და გააცოცხლა რომანიდან ის ეპიზოდები, რომლებიც საერთოდ ამოღებულია ტექსტიდან. თოჯინური გარემო ნაწილობრივ დაუქვემდებარა დრამატული თეატრის ელემენტებს და ვიზუალური აქტით გააცოცხლა რომანში არსებული დეტალები. ამის გარდა, ის სპექტაკლში იყენებს პანტომიმის თეატრის ელემენტებსაც.
აღსანიშნავია, ნელ ლენდის პერსონაჟი (მსახიობი მიშა ბერიძე). მსახიობმა იმდენად გაითავისა პერსონაჟის ხასიათი, რომ მაყურებელი პირდაპირ ემოციურ კავშირში შედის თოჯინასთან, რაც ერთი მხრივ, შესანიშნავია, იმიტომ რომ საოცრად ქმედითი ხდება თითოეული მოქმედება, რომელშიც ის მონაწილეობს.
ანა ხუბუტიას შესრულებული და გაცოცხლებული - კაპიტანი ნემო, დინჯი, გაწონასწორებული მხატვრული სახეა. ზოგჯერ ლაპარაკისას პათეტიკისთვის დამახასიათებელი ხმის ტემბრი იგრძნობა, თუმცა თოჯინური სპექტაკლის ესთეტიკას ვფიქრობ, ნაწილობრივ უხდება და, რაც მთავარია გამაღიზიანებელი არ არის.
„80 000 კილომეტრი წყალქვეშ“ დავით თარბას წარმატებული სპექტაკლია, რომლითაც რეჟისორმა, კიდევ ერთხელ ნათლად გვაჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია საქმისადმი გულწრფელი დამოკიდებულება. ზუსტი აქცენტები, მიუხედავად იმისა, რომ ის დამწყები რეჟისორია, ყოველი ახალი სპექტაკლის დადგმისას თავის სასარგებლოდ იყენებს იმ უარყოფით, თუ დადებით გამოცდილებებს, რომლებსაც მუშაობის პროცესში აწყდება, რაც მის პროფესიონალიზმზე მიუთითებს.