ამბები თვალთმაქცების ჩაკეტილი „ბაბლიდან“
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს.
ლაშა ჩხარტიშვილი
ამბები თვალთმაქცების ჩაკეტილი „ბაბლიდან“
„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება თვალთმაქცობის სამყაროში! სადაც ყველაფერი მორალური ამორალურია და ყველაფერი ნამდვილი - ყალბი. ამ საუფლოში მორალური პრინციპებით მცხოვრები ადამიანები ფარისევლები არიან, უზნეოდ მცხოვრები ადამიანებიც ფარისევლები არიან, ყველა ფარისეველია, მათ შორის ის, ვინც ამის წინააღმდეგ ილაშქრებს“ - ვკითხულობთ ილიაუნის თეატრში ახლახან განხორციელებულ, ქეთევან სამხარაძის სპექტაკლის „მიზანთროპი“ანოტაციაში. ეს ის შემთხვევაა, როცა ანოტაციის შინაარსი თანხვედრაშია სპექტაკლის კონცეფციასთან. ყველაფერი ცხადი და ნათელია, თუ რისი ჩვენება და რაზე საუბარი სურს რეჟისორს.
იმის მიუხედავად, რომ სპექტაკლი ჟან ბატისტ მოლიერის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით დაიდგა, დიდად არ სცდება ავტორის სამყაროს - მასში, სიუჟეტის ერთგულების გარდა, იგრძნობა მოლიერისეული ატმოსფერო, იუმორი, სატირა, სათეატრო ხერხებიც კი. ჟანრიც კი, რაც ახალგაზრდა რეჟისორის მნიშვნელოვან მიღწევად მიმაჩნია, ვინაიდან, თანამედროვე ქართულ თეატრში მოლიერის პიესებს დგამენ არა როგორც კლასიკურ კომედიებს, რომელიც ინტერაქტივსაც გულისხმობს, არამედ, როგორც დრამას.
რეჟისორთა უმრავლესობა პიესებში შექმნილ სიტუაციებს, სცენური ინტერპრეტაციების დროს ასერიოზულებენ და მთავარ მომხიბვლელობას - იუმორისტულ-სატირულ ხასიათს უკარგავენ. ამ მხრივ, უიშვიათესი გამონაკლისი იყო დავით დოიაშვილის „ტარტიუფი“, ვასო აბაშიძის მუსიკისა და დრამის თეატრში, რომელშიც განვითარებულ მოვლენებს თან სდევდა იუმორი, იქმნებოდა კომიკური სიტუაცია.
კომიკურ ატმოსფეროში მიმდინარეობს მოქმედება და იქმნება გროტესკული სიტუაციები ქეთევან სამხარაძის „მიზანთროპშიც“. მსახიობებიც ზუსტად გრძნობენ ჟანრს და მათი უმრავლესობა წარმატებით ართმევს თავს რეჟისორის მიერ დაკისრებულ ამოცანას.
ქეთევან სამხარაძე სპექტაკლის დასრულებამდე ინარჩუნებს ირონიულობას, ამხელს და დასცინის საზოგადოებას, რომლის წევრიც თავად არის. ის ხშირად თვითკრიტიკულიცაა და თვითირონიულიც. ეს დამოკიდებულება, პირველ რიგში, ალცესტის (თორნიკე ნუკრაძე) ფრაზებში ვლინდება, რომელიც პირდაპირ ამხელს თვალთმაქც საზოგადოებას და თავად აღიარებს საკუთარ ფარისევლობას.
გარემო, რომელშიც მოქმედება ვითარდება, თანამედროვეა. უფრო სწორად, მოქმედება დღეს და ახლა მიმდინარეობს, რასაც ადასტურებს არა მხოლოდ სივრცე, რომელსაც სცენოგრაფი თამარ სამხარაძე ქმნის, არამედ წარწერები ფერწერულ ტილოზე, რომელიც ხატოვან გამოთქმებად ჩამოყალიბდა ჩვენს უახლოეს წარსულში, მათ შორის, პოლიტიკოსების გამონათქვამები, რომლებიც „გაჰიტდა“და ამასთანავე დაცინვის ობიექტად იქცა.
სცენა მდიდრის (შეძლებულის) ბინას მოგაგონებთ, სადაც პიესის მოქმედი გმირები იკრიბებიან. რომ არა მათი სახელები, იფიქრებდით, რომ თანამედროვე ქართველი ავტორის პიესას უცქერთ. ტექსტზე, რომელიც კარგად არის ადაპტირებული (კარგად ადაპტირებულში ვგულისხმობ ენის სიმარტივეს, მაქსიმალურ სიახლოვეს თანამედროვე ქართულთან და სიტყვის ქმედითობას), რეჟისორის მიერ შეთხზული ტექსტის კუპიურებით არის მორთულ-მოკაზმული, რომლებიც ისეა მიმოფანტული პიესაში, რომ საზღვარი მოლიერისა და ქეთევან სამხარაძის ტექსტს შორის თითქმის შეუმჩნეველია. ახალგაზრდა რეჟისორი „თემურ ჩხეიძის სახელოსნოში“ სწავლობს დრამატურგიის ხელოვნებას, პარალელურად კი, ილიაუნის სამაგისტრო პროგრამაზე „ცოცხალი თეატრის ხელოვნება: დადგმა და თამაში“, რეჟისურაში ბაკალავრიატში მიღებულ განათლებას აღრმავებს (პროგრამის ხელმძღვანელი ვანო ხუციშვილი). „მიზანთროპი“ მისი სამაგისტრო ნამუშევარია და ილიაუნის, ზემოაღნიშნული სამაგისტრო პროგრამის პირველი პროდუქტი, შედეგი, რომელიც საფუძვლიანი განხილვის საშუალებასაც იძლევა და იმსახურებს კიდეც.
სცენოგრაფი თამარ სამხარაძე (იგია პოსტერის ავტორიც), ქმნის არა მდიდრულ, ასე ვთქვათ, არისტოკრატულ სივრცეს, არამედ „ტრენდულს“, როგორიც თანამედროვე კლუბებსა თუ აგარაკებზე გვხვდება. ამ საზოგადოებას თითქოს სურს დაამტკიცოს (უპირველეს ყოვლისა), რომ განსაკუთრებულია, მნიშვნელოვანი, გავლენიანი. მათი სიმდიდრე უფრო ტანისამოსში ვლინდება. შესაძლოა, ამიტომაც შექმნა ჯაბა ქურთიშვილმა ასეთი კოსტუმები, რომლებიც დროსა და ეპოქაში „გაჭედილი“ მეჩვენება. შესაძლოა, მხატვარმა მსახიობები ამგვარად კოსტუმირებული წვეულებისთვის შემოსა, მაგრამ მეორე მოქმედებაშიც, წვეულების შემდეგაც, მსახიობებს ისევე აცვიათ (ელენე ქურთიშვილის სელიმენას გარდა). ვფიქრობ, კოსტუმები სტილისტურად აღრეულია და ხშირ შემთხვევაში, არ შეესაბამება ატმოსფეროს (მსახიობთა ჩაცმულობაში შავი დომინირებს. იშვიათად ვხვდებით წითელ და თეთრ დეტალებს).
კოსტუმები მოდის ჩვენებისთვის განკუთვნილი კოლექციას მომაგონებს, მაგრამ სათეატრო სცენაზე ისინი ზუსტად ისეთ ფუნქციას იძენენ, როგორც თამარ კვესიტაძის ტექნიკურად მოუხერხებელი და სცენისთვის არაორგანული, მაგრამ ვიზუალურად შთამბეჭდავი კოსტუმები დავით დოიაშვილის სპექტაკლში „ქეთო და კოტე“. კოსტუმი გარდა იმისა, რომ უნდა გამოხატავდეს პერსონაჟის ხასიათს (გარკვეულ შემთხვევაში ეპოქასაც), უნდა იყოს კომფორტული და მოხერხებული მსახიობისთვის.
სპექტაკლის ქორეოგრაფიულ პარტიტურაზე Archprincess-მა იმუშავა, ხოლო სასცენო მოძრაობაზე - გიორგი ტიელიძემ. ვფიქრობ, მათ, რეჟისორთან ერთად, სამუშაო დასასრულებელი აქვთ, განსაკუთრებით, პირველი და მეორე მოქმედების დასაწყისში. დარბაზში შესვლისას მაყურებელს ელენე ქურთიშვილი და ნინა ყიფშიძე სცენაზე ხვდებიან. ისინი, ფაქტობრივად, უმოქმედოდ, ამოცანის გარეშე არიან და ამიტომაც მაყურებლის ყურადღება არა მათკენ, არამედ საკუთარი სმარტოფონებისკენაა მიმართული. თუკი მაყურებელს, დარბაზში შესვლისთანავე, მსახიობი სცენაზე ხვდება, ეს ნიშნავს, რომ სპექტაკლი დაიწყო. პერსონაჟის უმოქმედობით კი (უმიზნო, ამოცანის გარეშე წინ და უკან სიარულით) სცენა „კვდება“ და ეს ხერხიც ფუნქციას, რეჟისორის მიზანს (შექმნას წინასწარი განწყობა ან ატმოსფერო) კარგავს.
ქეთევან სამხარაძემ, როგორც რეჟისორმა, რამდენიმე ამოცანა დაისახა მიზნად: ა). ტექსტის ადაპტაცია (სიტყვათა ქმედითობა, ახალი კუპიურების თანხვედრა მოლიერის ტექსტთან); ბ). მოლიერის სამყარო (მოქმედება გადმოიტანა ჩვენს დროში, ისე რომ, არ დაკარგა ავტორისეული სატირა, მწარე იუმორი და ირონია); გ). იმუშავა გუნდთან, სხვადასხვა სფეროს არტისტებთან (შეიქმნა ერთიანი კონცეფცია); დ). წარმოდგენა დატვირთა პარალელური სცენებით (მოქმედება ერთდროულად მიმდინარეობს სცენაზე, კულისებში, სცენის თავზე, ე.წ. ხიდზე); ე). შექმნა ანსამბლი (მსახიობები ერთ მუშტად შეკრული, ერთმანეთთან შეთამაშებულნი არიან).
ქეთევან სამხარაძე ამხელს არა მხოლოდ თვალთმაქც საზოგადოებას, არამედ ორმაგ სტანდარტებს, ყველა იმ მანკიერ თვისებას, რომლებსაც ყოველდღიურობაში ვაწყდებით. სცენაზე ვუცქერთ ადამიანებს, რომელთა უმრავლესობას ღირებულებები არ გააჩნია, მათი მიზანი მხოლოდ კეთილდღეობისა და გავლენების მოპოვებაა, სიყვარულიც დაცლილიაგულწრფელი გრძნობებისგან და მეგობრობა - მით უფრო.
ესაა გართობაზე ორიენტირებული ხალხი, რომელიც გართობაშიც თვალთმაქცობს (ეპიზოდი, როცა გიორგი გელაშვილის ფილინტი ფარულად იღებს ნარკოტიკს და შემდეგ უახლოეს მეგობრებთანაც კი უარყოფს ფაქტს).
ამ სამყაროში განსხვავებული აზრი კატეგორიულად მიუღებელი და განსხვავებული შეხედულებები საკუთარი კარიერის განადგურების ტოლფასია, ამიტომაცაა, რომ სიმართლის სანაცვლოდ, პერსონაჟები ფარისევლობაში ცხოვრებას ირჩევენ, იმის მიუხედავად, რომ კარგად იციან, სადაა სიმართლე, რა არის სწორი. თუ კეთილდღეობა გსურს, მაშინ უნდა გაითვალისწინო, რომ შენი სიმართლე და განსხვავებული მოსაზრება არავის სჭირდება - ისჯება.
ქეთევან სამხარაძის „მიზანთროპში“ ყველას ყველაფერი აინტერესებს, ყველა ყველას საქმეში ცხვირს ჰყოფს, პირადი სივრცე აღარავის აქვს დარჩენილი.
გარკვეული სცენებმა, როცა პერსონაჟები ორონტის ყალბად აქებენ და ხოტბას ასხამენ, იმიტომ, რომ ასეა საჭირო, თავისა და ადგილის გადასარჩენად, საკუთარი თავი -კრიტიკოსი - მომაგონეს, აღტაცებულ რეცენზიებს რომ ვუწერდი გარკვეულ რეჟისორებს (სხვისკენ ხელის გაშვერას სჯობს, თვითლუსტრაცია მოვახდინო).
ნიკა ჯაფარიძის ორონტი კი იმ ხელოვანს ჰგავს, რომელიც მტკიცედაა დარწმუნებული, რომ რაღაც განსაკუთრებულსა და მნიშვნელოვანს ქმნის. ასეთი ხელოვანები, რომლებიც გარშემო მრავლად არიან, კრიტიკულ აზრს არა თუ ითვალისწინებენ, არამედ მასთან პოლემიკაშიც შედიან. მეტიც - ისინი კრიტიკოსებს გაუნათლებლებსა და არაკომპეტენტურებს უწოდებენ.
ქეთევან სამხარაძე სპექტაკლში LGBTQ თემის ადგილსა და გარეგნულად ლიბერალური, ე.წ friendly საზოგადოების დამოკიდებულებასაც აჩვენებს. საზოგადოების, რომელთა წრეებში ქვიარ ადამიანები მიღებული არიან (რაც გარეგნულად ჩანს), თუმცა მათ მიმართ ყველას ერთნაირი დამოკიდებულება არ აქვს. მათი მოჩვენებითი და ზედაპირული მიმღებლობაც გაუაზრებელი და ისეთივე ყალბია, როგორც მათი მეგობრობა და სიყვარული.
მსახიობები სპექტაკლში მანერულად და უტრირებულად თამაშობენ. ეს, სპექტაკლის გადაწყვეტიდან გამომდინარე, გასაკვირი არცაა, რადგან ჩვენი საზოგადოება სავსეა მანერული და ყალბი ადამიანებით, რომლებიც გრძნობებს გადაჭარბებულად გამოხატავენ, ფარისევლობენ, მოჩვენებითად უყვართ, ცალყბად ტირიან, ნიღბებს ირგებენ და ეს სტანდარტია.
რეჟისორი აჩვენებს ხელოვანთა ჩაკეტილ, ელიტარულ წრესაც, რომლის წარმომადგენლებიც გავლენებით ხდებიან პოპულარულები, თუმცა ღირებულს ვერაფერს ქმნიან. ამ წრეში არ უყვართ სიმართლე, რადგანაც ის არავის სჭირდება, ამიტომაც ყველაფერი სიყალბეს ეფუძნება.
მოლიერს „ამოფარებული“ რეჟისორი ამხელს და წარმოადგენს სრულიად ქართულ საზოგადოებას - თავისი სიტუაციებით, ლექსიკით, ინტონაციებითაც კი.
ქეთევან სამხარაძე ეხმიანება გენდერის პრობლემებსაც, განსაკუთრებით აღელვებს ქალის ბედი და ადგილი საზოგადოებაში. ეს საკითხები მისთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ქალ პერსონაჟთა მონოლოგები მიტინგსაც ემსგავსება. შესაძლოა, ეს ხერხი რეჟისორის მორიგი კომიკურ-ირონიული პასაჟია, როცა გაშარჟებულია ქალის ტკივილი, მაგრამ ერთმანეთზე მიჯრით მიყოლებული მონოლოგები, რომლებსაც მსახიობები ოსტატურად წარმოთქვამენ, მაინც აფერხებს სიუჟეტის განვითარებას.
ვფიქრობ, გარკვეული ეპიზოდები საკმაოდ გაწელილია. ეს განსაკუთრებით ეხება პირველი მოქმედების დასაწყისს, ხოლო მეორე მოქმედებაში ქრება ის ტემპო-რიტმი, რომელიც პირველ მოქმედებაში იყო. ასევე გრძელი და გაწელილი მომეჩვენა ცეკვის ეპიზოდები, რომლებსაც სპექტაკლიდან „კლუბში“ გადავყავართ, რაც სიუჟეტის დინამიკურობას აფერხებს, მაყურებლის მობილიზებას ანელებს და განწყობასაც ცვლის. არაფერს აძლევს სპექტაკლს პოდიუმის სცენა, რომელშიც ერთმანეტს სამი მუსიკალური თემა ენაცვლება. იმის გარდა, რომ დიდხანს გრძელდება, არც აზრობრივადაა დატვირთული და მოვლენების გამეორებაა. ასევე გრძელია და შესაბამისად, გაწელილი, ჯგუფური სექსის სცენა.
აზრობრივად და თხრობის თვალსაზრისით, გამეორების პრინციპს ეფუძნება ორონტის - ნიკა ჯაფარიძის პერფორმანსი, ისევე, როგორც მისი - გაცხარებული და შეურაცხყოფილი -გასვლა სცენიდან, რომელიც ხანგრძლივი პაუზებითაა გაჯერებული. რეჟისორს თითქოს სურს ორონტიმ არ აჩვენოს, რომ შეურაცხყოფილია, მაგრამ ამ ყველაფრის დემონსტრირება ზედმეტად დიდხანს გრძელდება და სპექტაკლის დინამიკას აგდებს. ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთ ნახსენები მომენტები საგრძნობლად აფერხებენ სიუჟეტის განვითარებას, სპექტაკლის ტემპო-რიტმს.
დაბოლოს. ერთ-ერთი ღირსება, რაც ქეთევან სამხარაძის „მიზანთროპში“ თვალშისაცემია - მსახიობთა გუნდია, რომლებმაც მოახერხეს სცენაზე ანსამბლურობის შექმნა. ისინი, კარგ სცენურ პარტნიორობასთან ერთად, პროფესიულ დახვეწილობას ამჟღავნებენ. ანსამბლურობა იმაშიც გამოვლინდა, რომ სპექტაკლის მუსიკალურ გაფორმებაში შემოქმედებითი გუნდის ყველა წევრი მონაწილეობდა. მათ გააზრებული აქვთ პერსონაჟები, რომლებსაც ქმნიან. თორნიკე ნუკრაძე (ალცესტი) ყველაზე დადებით, მაგრამ უფხო „გმირად“ გამოიყურება, მის მიმართ კეთილგანწყობას გარეგნობასთან ერთად, პერსონაჟის ქცევებიც იწვევს, რომელიც ცდილობს უბრალოდ, არ იფარისევლოს, მაგრამ ცხოვრება მნიშვნელოვან გაკვეთილს უტარებს და საზოგადოების ისეთ ნაწილად აქცევს, როგორიც უმრავლესობაა. მსახიობი ამ მეტამორფოზისა თუ დაფარული ვნებების გამოვლენის პროცესს ხატავს.
სუმბურულ, ქარაფშუტა და უშინაარსო ქალს ასახიერებს ანა ლევენეცი, რომელიც იძულებულია, ანგარიში გაუწიოს საზოგადოებას, რომლის წევრიცაა. ის ყველაფერს ხედავს, მაგრამ თავს იკატუნებს, შეგუებული და შეჩვეულია მოცემულობას, რომელშიც ცხოვრობს.
სიკო და ნიკოს, ან ბობჩინსკისა და დობჩინკის გვანან გოდვინ თუდების (კლიტანდრი) და ალექსანდრე კაკულიას (აკასტი) პერსონაჟები, რომლებიც ერთფეროვან საზოგადოებას თავიანთი გარეგნული თავისთავადობითაც აფერადებენ, არსობრივად კი ზუსტად ისეთები არიან, როგორც ამ საზოგადოების უმრავლესობა.
განსხვავებულ მხატვრულ სახეს ქმნის ნიკა ჯაფარიძე (ორონტი) - უნიჭო, ამპარტავანი, საკუთარ შემოქმედებით რესურსში ზედმეტად დარწმუნებული, მაგრამ გავლენიანი ხელოვანის გროტესკულ ტიპაჟს. ის, გარკვეული თვალსაზრისით, ლორდ ვოლდემორსაც მოგაგონებთ „ჰარი პოტერიდან“. გრიმი მას ცივ, საშიშ, კომპლექსებიან, მანერულ და ხელოვნურ პერსონაჟად წარმოაჩენს.
თვალთმაქცებსა და ფარისეველთა შორის გიორგი გელაშვილის ფილინტი ყველაზე პოზიტიური ადამიანია. მსახიობი მას გამჭრიახ და გონიერ, დიპლომატ პერსონაჟად წარმოაჩენს, ამ გზით მისი გმირი თვითგადარჩენის რეფლექსით აღიჭურვება.
ამ არტისტულ ნაკრებში, მაინც გამორჩეულად ელენე ქურთიშვილი (სელიმენა) და ნინა ყიფშიძე (არსინოა) გამოიყურებიან. ელენე ქურთიშვილი რთული ბუნების, თვისებების ქალს, რომელიც ხასიათის მრავალ თვისებას ავლენს.
ნინა ყიფშიძი არსინოას - ცბიერი და არამზადა ქალს, რომელიც თავის ნამდვილ სახეს, ფიქრებსა და შეხედულებებს მუდმივად ნიღბავს, თუმცა კონკრეტულ დროსა და სიტუაციაში თავდაცვის მიზნით, თავდასხმაზე გადადის.
აღწერით ძნელია გადმოვცე, თუ როგორ ასრულებენ ელენე ქურთიშვილი და ნინა ყიფშიძე პირველი აქტის ბოლო მომენტებს, მაგრამ შეფასება შემიძლია. ვფიქრობ, მათი სცენური დუეტი, შესრულების თვალსაზრისით, იმდენად შთამბეჭდავია, ეფექტური, მოულოდნელი და ემოციური სიზუსტით აწყობილი, რომ წონის სპექტაკლის მინუსებს. ამავე განწყობითა და ხარისხით გრძელდება მომდევნო ეპიზოდი, რომელსაც ნინა ყიფშიძე და თორნიკე ნუკრაძე ასრულებენ. ნინა ყიფშიძე, რომელსაც სპექტაკლში ფაქტობრივად მეორეხარისხოვანი როლი ერგო, იქცა ყველაზე დასამახსოვრებელ პერსონაჟად. მსახიობი მაშინაც მუშაობს, როცა მეორე პლანზეა, მხოლოდ ფონს ქმნის, მაგრამ მისი ქმედება ეფუძნება პერსონაჟის ხასიათის გამოვლენას.
სპექტაკლის პროდიუსერია ანა ამაშუკელი, ტექნიკური რეჟისორები არიან: ნათია სამადაშვილი და ლენი ფანჯავიძე. სპექტაკლში გამოყენებული სამაგიდო თამაში Dring Deck სპეციალურად, სპექტაკლისთვის შექმნა, სამაგიდო თამაშების გილდია გუნდის მიერ. სპექტაკლი დაიდგა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის „ცოცხალი თეატრის ხელოვნება: დადგმა და თამაში“ ფარგლებში.
ქეთევან სამხარაძის „მიზანთროპი“ თანამედროვე სპექტაკლია, რომელიც ეხმიანება და ასახავს ელიტური წრის მის ფასეულობებსა და მისწრაფებებს. ეს საზოგადოება რეალურია და მართლაც არსებობს.
ფოტოები თიკუ კობიაშვილის