top of page

ამ ბოლო დროს, როგორ ბრძანდებით, ხელმწიფისშვილო?..

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

თეატრი - სინდიდის მამხილებელი

ლელა ოჩიაური

ამ ბოლო დროს, როგორ ბრძანდებით, ხელმწიფისშვილო?..

/პირველი სახელდახელო მონახაზი /

უილიამ შექსპირის „ჰამლეტი“ მსოფლიოში ალბათ იმდენჯერ დაიდგა და იმდენმა დადგა, რამდენი  ათწლეულიც გავიდა მისი შექმნიდან და რამდენი თეატრიც ყოფილა და არსებობს. დანიის უფლისწულის ამბავი საქართველოშიც უყვართ (1858 წლის პირველი თარგმანიდან) და საკმაოდ ხშირადაც წარმოადგენენ ხოლმე. განსაკუთრებით, ბოლო წლებში. მათგან, ზოგმა „იცის“, რაზე და რატომ დგამს ამ, „ჟამთა სიავის ამსახველ ტრაგედიას“, ზოგი უბრალოდ, დგამს.

ახლა,  „წესს დავარღვევ“ და არც მათ  ჩამოვთვლი. არც შექსპირს „დავახასიათებ“ და არც მის პიესას განვიხილავ, რომელიღაც ლექსიკონსა თუ ენციკლოპედიაში ნაპოვნი ინფორმაციით. პირდაპირ „ჰარაკის“ „ჰამლეტზე“ გადავალ, სანდრო კალანდაძის რეჟისურით, რომლითაც თეატრალურმა კომპანიამ, სახელგავარდნილი „ჰას“ შემდეგ, დანაპირები, რომ  - „ჰა“ „ჰამლეტად“ იქცეოდა - სწორედ ამ ბოლო დროს აასრულა. ყურადღება პირდაპირ მივმართავ რეჟისორის სპექტაკლზე, რომელმაც აშკარად იცის, რატომ, რისთვის, ვიზე, როგორზე, რაზე დგამს „ჰამლეტს“, ლელა სამნიაშვილის ახალი თარგმანითა და მარიამ მეგვინიტეს ვრცელი და ორგანული ტექსტების ჩანართებით, რა „ენაზე“ ამეტყველებს პერსონაჟებს. და სპექტაკლში მონაწილე მსახიობებმაც „ზუსტად იციან“, ვის თამაშობენ, როგორებს, რა ამოძრავებთ, რა აქვთ და რა სურთ  მათ განსახიერებულ სახეებს და რა შეიძლება დაემართოს ყველას, ვინც უღალატებს, ვინც იძალადებს, ვინც სხვის „ტერიტორიაზე გადავა“ და უსამართლობას, „ხმების წართმევას“ გაბედავს.

„ჰამლეტში“ (რომელიც გიორგი ყოლბაიას, ივა ქიმერიძის, ლიზი ტყეშელაშვილისა  და თემო რეხვიაშვილის მონაწილეობით დაიდგა) ფაქტობრივად არაფერია შეცვლილი. სარეჟისორო შემოკლება-ადაპტაციას არ ვგულისხმობ. ყველა ცენტრალური პერსონაჟიც ადგილზეა, ფორტინბრასის გარდა, რომელსაც სხვები, ბუნებრივია, რამდენჯერმე და განგაშის ნიშნით ახსენებენ. მოვლენები, პიესის „მსვლელობის“ მიხედვით მიჰყვებიან ერთმანეთს. სამაგიეროდ რადიკალურად და კარდინალურად შეიცვალა ყველა და დღევანდელობას მოარგო, მის სახეებად, განსახიერებლად, წარმომადგენლებად აქცია.

სწორედ, ამ ბოლო დროს, რადგან, რეალობასთან ახლო შეხება  და თანადროულობა, ბუნებრივი გარემო და სინამდვილის გამომხატველი პრობლემები, ის, თუ რა შეემთხვა საზოგადოებას და სადამდე მიიყვანა ეს საზოგადოებმა ძალაუფლებისა და გავლენის მოპოვების უმართავმა ვნებამ; თუ სადამდე მიიყვანა ხელისუფალი ძალაუფლებამ და როგორ გაისმის „მკვდრების ხმა“ სამყაროს ხმაურსა და მდუმარებაში,  ისედაც იყო სანდრო კალანდაძის „ჰამლეტის“ განუყოფელი ნაწილი. ამჯერად, ამ ბოლო დროს, ეს კავშირი კიდევ უფრო დავიწროვდა, შემჭიდროვდა და ყველაფერი გაამთლიანა.

„ჰამლეტი“, პირდაპირ გავაცხადებ, ინტელექტუალის დადგმული „ინტელექტუალური“ სპექტაკლია. მრავალი შრითა და სიღრმეებით, რასაც ქმნის, პირველ რიგში, რეჟისორის ამოცანა და მიზანი - რატომ და რაზე დადგა „ჰამლეტი“, მისი კონცეფცია და ხელწერის თავისებურება. მხატვრული გადაწყვეტის თავისებურება და უჩვეულობა. ფორმები და ტექსტები, არა ერთი ღია და შეფარული ციტატით.  ინტერტექსტებით, რომლების გაშიფვრა ხელაღებითა და ფსევდოცოდნით,  პრეტენზიით  შეუძლებელია. და თუ ანალიზს მაინც ვეცდებით, ტრადიციული ჩარჩოდოკუმენტითა და ზედაპირულად,  ჩიხში შევალთ. როგორც თავად ჰამლეტი და საპყრობილედ ქცეული... დანია.

აქ ასევე არსებითი და მნიშვნელოვანია არაორდინალური და „ნასესხები“,  ასოციაციურად „შეთხზული“ თუ ციტირებული და „იმიტირებული“ ტექსტების ჩანართები, სხვადასხვა პერსონაჟისთვის, მარიამ მეგვინიტეს ავტორობით, რომელიც, პირველ ჯერზე, ჯერ კიდევ „ჰამლეტამდე“, „ჰათი“ ვნახეთ, თან გაფრთხილებით, რომ ასე აღარ დარჩებოდა და „ჰა“ სახეს იცვლიდა. ასეც მოხდა, თუმცა ასეთ სახეცვლილებას, დარწმუნებული ვარ, ყველაზე გახსნილი ფანტაზიის პატრონიც კი ვერ წარმოიდგენდა. როგორც ვერ წარმოიდგენდნენ, ჰამლეტის მიწვევით, მოხეტიალე „აქტორის“, „ტრაგიკოსის ქალაქიდან“ გამართულ წარმოდგენაზე დამსწრე სამეფო კარის წარმომადგენლები და მათთან მიახლოებული პირები. რომლებიც, ნამდვილთან ერთად, ასეთივე მაყურებლად იქცევიან - გერტრუდა და კლავდიუსი. პოლონიუსიც, მათთან ერთად.

იმ სახელგანთქმულ ეპიზოდს კი, რომელიც შექსპირთან - „გონზაგოს მკვლელობითაა“ წარმოდგენილი და „სათაგურის“ სახელითაა ცნობილი, სანდრო კალანდაძის სპექტაკლში სწორედ - „ჰა“ ანაცვლებს, სპექტაკლის ერთ-ერთი უძლიერესი ეპიზოდი და უკვე ახალ ფორმატში, ანანო მახარაძის, ვიტყოდი, ვირტუოზული შესრულებით, ყოველგვარი გაზვიადების გარეშე. სამსახიობო ოსტატობის ბრწყინვალებით, მანერით, რომელიც არავის და არაფერს ჰგავს და ამ ეპიზოდის სრულიად უნიკალური ჩართულობა შექსპირის ტექსტში.

„ჰამლეტში“ რამდენიმე ათეული და გამორჩეული - რეჟისორულად და გამორჩეულ  ხარისხში შესრულებული სამსახიობო სცენაა - ძირითადი და მეორე როლებით, რომლებსაც არც ერთი „გამოსვლა“ არ ჩაუგდიათ, მაშინაც კი, თითქოს, ერთი შეხედვით, განსაკუთრებულს არაფერს აკეთებენ, როდესაც „ქოროდ“ იქცევიან და მაშინ, როდესაც მთავარი „პარტიის“ შესრულებაზე გადადიან.

ანა ნიკოლაშვილი - გერტრუდა - ლამაზი, სექსუალური, ექსცენტრიკული  ქალია. თითქოს სიყვარულის უნარიც აქვს და სურვილიც - უყვარდეს და დაიცვას შვილი, მაგრამ, ისევე, როგორც დანარჩენები, უსიტყვოდ და შეიძლება, არც თუ არასასურვილით, ემორჩილება კლავდიუსს. მსახიობი ზუსტად და გონივრულად ავლებს ხაზებს პერსონაჟის ორბუნებოვნების დახვეწილად შესაქმნელად.

ლაშა ლაშხის კლავდიუსი, რომელსაც, ფაქტობრივად მიჰყავს პროცესები და ყველასა და ყველაფერს მართავს, ისეთ თვისებებს  ავლენს,  ხასიათის ისეთი თავისებურებები  აქვს, რომ შეიძლება დღევანდელი, მოქმედი პოლიტიკოსებს კრებით სახედ მივიღოთ. ცბიერი, გაქნილი, არც თუ ისე ჭკვიანი, ყველაფერზე წამსვლელი კაცი, რომელიც ყველას გზიდან იცილებს მიზნის მისაღწევად.  

გიორგი გიორგანაშვილი - პოლონიუსი - ერთ-ერთი გამორჩეული და  უკიდურესად ინდივიდუალური სახეა, რომელოც, სხვა პერსონაჟებისგან განსხვავებით, არავის ჰგავს. ესაა მსახიობის შეთხზული, გამოგონილი, გამორჩეული თვისებებით მდიდარი გმირი,  რომელიც ისევე „მერყეობს“ მიწიერი - ხორციელი  არსების განსხვავებული კატეგორიის ზღვარზე, როგორც მამის აჩრდილის „ყოფნა-არყოფნა“.

ირაკლი ჩხიკვაძის  მამის აჩრდილი - ხან აჩრდილია, ხან ადამიანი და ხან, შეიძლება ითქვას, აჩრდილად ქცეული ადამიანი, რომელიც ხან ენერგიითა და ძალით ივსება და მალევე, ძალას კარგავს. მსახიობი პერსონაჟის სახეს არაერთი ნიუანსის გამოყენებით ქმნის და სიცოცხალით სავსე, თანამედროვეების არაერთმახასიათებლიან, შუა ასაკის „მამების“ თაობის, ტიპურ სახედ ყალიბდება.  

გიგი რეხვიაშვილის ლაერტესი - ცოცხალი, ენერგიული, სადღაც ისტერიულიც კი და დაუნდობელი ახალგაზრდა   კაცია, რომელიც დასავით მართული ხდება და შემდეგ დაუნდობელ შურისმაძიებლად იქცევა. ამ გარდასახვას მსახიობი ნაბიჯ-ნაბიჯ და ბუნებრივად ახდენს.  

ლაერტესის მსგავსად, ირაკლი სირბილაშვილი და სანდრო კალანდაძე (თავად რეჟისორი, რომელმაც ამ ჯერზე - შაკო მირიანაშვილი შეცვალა) გილდსტრენიც და როზენკრანციცშ - ისეთივე ახალგაზრდები არიან, როგორიც ჩვენს გარშემო ბევრია, მაგრამ არა მათი საუკეთესო ნაწილი. ისინი, რადიკალურად თითქოს განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მაგრან ანალოგიურად მოქმედებენ და თითქოს არც აქვს მნიშვნელობა, რომელი რომელია, რადგან მათი პიროვნული „კუთვნილება“ მაინც არაფერს შეცვლის.

მხოლოდ გიორგი წერეთლის ჰორაციოა - დაღუპვის პირას მდგომ თუ უკვე დაღუპულ მთელ ამ სამეფოში - ცოცხალი, ჯანსაღი, ერთგული და თანამდგომი. ნათელი პიროვნების ნათელ და მდიდრულ ფერებში შექმნილი სახე. ის თითქოს სულ განზეა, სულ დამკვირვებელია, არაფერში ერევა, მაგრამ  გვერდითაა. მშვიდად, ღირესულად უჭირავს თავი და ასეც იქცევა. და ზუსტად ისიც იცის, რომ „ბევრი რამ არის ამქვეყნად“...

როგორც მსახიობები ამბობენ ხოლმე - ყველა ოცნებობდა ან ოცნებობს ჰამლეტობაზე. არ ვიცი, ასე იყო თუ არა, ბექა ხაჩიძისა და მით უმეტეს, ანანო მახარაძის (რაც უცნაურიც იქნებოდა) შემთხვევაში, მაგრამ თუ ეს ასე იყო,  მათი ოცნება მშვენიერ რეალობად იქცა.

ბექა ხაჩიძის ნიჰილისტი და ზოგადად გულგრილი ჰამლეტი, ახალგაზრდა და ინფანტილურიც კი, აღარაა ის „ჰამლეტი“, როგორსაც მიჩვეულები ვართ, პიესის სხვა ვერსიებისა და სხვათა შორის, თვით შექსპირის მიხედვითაც. რადგან სამყარო აღარაა „ისეთი“. და ბექა ხაჩიძე ძალდაუტანებლად და „ძალადობის“ გარეშე გვარწმუნებს, რომ დღეს ჰამლეტი სწორედ ასეთია. იგი, თითქოს ნელ-ნელა იწყებს გამოფხიზლებასა და მამისგან „დაკისრებული“ როლის მექანიკურად, მოვალეობის მოხდის მიზნით, შესრულებას. რასაც, საბოლოოდ მაინც ვერ ასრულებს. დაუცველი და უმწეო, გაუწონასწორებელი და ემოციურად სახიჩარი, ტრაგედიაზე რეაგირებს როგორც ბავშვი, რომელსაც უპირობოდ და უგულოდ შეუძლია ყველას და მათ შორის, პირველ რიგში, ანასტასია ჭანტურაიას - სხვების შურისძიების იარრდ ქცეული ოფელიას გულისტკენა და მორალურად განადგურება.

ანასტასია ჭანტურაია, რომელსაც სხვა თეატრებშიც სხვადასხვა ტიპისა და ხასიათის პერსონაჟებს წარმატებით და ინტენსიურად ასრულებს, ოფელიას ფაქიზი და დახვეწილი, უკიდურესად ნატიფი ხერხებით ქმნის. ის თითქოს მექანიკური თოჯინაა, ან მარიონეტი, მამისა და იგივე, ჰამლეტის, ან, იგივე ლაერტის ხელში, მორჩილი და უღონო, სიკვდილამდეც თითქოს უსიცოცხლო და არაამქვეყნიური, და თან მსახიობი, „გარწმუნებს“, რომ ყველა ქალზე უბედურია.  

აი, ანანო მახარაძის, ჰამლეტად გარდასახული ჰამლეტი  ცოცხალია, ქმედითი, თავხედიც კი, ენერგიული. მაგრამ თითქოს „აქტორობას“ აგრძელებს, ისეთს „თამაშობს“, როგორიც წარმოსახვაში „უნდა“ ან შეიძლება ჰამლეტი იყოს. კოსტუმიც (აი, მსგავსი, შექსპირს ერთ ცნობილ პორტრეტზე რომ მოსავს) ისეთი აცვია და შავი ხავერდის მოკლე, დაბალბუფებიანი შარვალი და  და სადღაც ხევში გაუჩინარებული  ჰამლეტის როლსა და ვალდებულებას „ასრულებს“, ესტაფეტასავით - ჰორაციოს ტექსტის კარნახით და სწორედ ის იქცევა ტრაგედიის მსხვერპლად. 

სამმოქმედებიანი და თითქმის ოთხსაათიანი სპექტაკლი ორ ძირითად სივრცეში მინდინარეობს. ამ სივრცეს ყველგან ავსებს და ენერგიით მუხტავს ანი ზაქარეიშვილის მუსიკა. გამოიყენება, როგორც აკვიატება და შფოთსა და დაძაბულობას იწვევს მაყურებელში.

სცენოგრაფი თამრი ოხიკიანი ორივე სივრცეში ქმნის განსხავებულ და ამავე დროს, ურთიერთანარეკლურ გარემოს. მოქმედება ერთი დარბაზიდან მეორეში გადადის და შემდეგ, ისევ პირველში ბრუნდება. პირველი და მესამე მოქმედების სცენები  არასათეატრო  დარბაზის (ყოფილი მარნის) მთელ სიგრძეზე და იმის იქითაც იშლება. კამერა  მონიტორებზე ასახავს ადგილებს, რომლებიც დარბაზიდან, ბუნებრივია არ ჩანს და სადაც მოქმედება ფრაგმენტულად გრძელდება.

მარიამ კალანდაძის კამერა გადის -  შენობის ტალანებში, გაუვლის სადღაც მიმავალ ვიწრო კიბეებს, ბარს, საპირფარეშოებს, ქუჩას, დერეფნებს.  ცხადში - დროდადრო ჭერში, განათებულ გამჭვირვალე იატაკიან ზედა სართულზე ჩანს, ალბათ, ენეოთეკა, ღვინის ბოთლების რიგებით, და ბოლოს კი, გაჭრილი საფლავი, რომელშიც ოფელიას ასაფლავებენ და შემდეგ ჰამლეტსაც, ლაერტთან ლაზერის სხივებით შერკინების შემდეგ.

ბოლო მოქმედებაში, ამბავი სასაფლაოზე მიმდინარეობს. გაჭრლი საფლავის ახლოს, მიწის გროვაა (ალბათ საფლავიდან ამოღებული) რომელშიც შავად შეღებილი თავის ქალები და ქვიშაში ჩაფლული სათამაშო ნიჩაბია, თოჯინა, სათვალე, კიდევ რაღაც ნივთები და რომელიღაც გვერდზე გადაშლილი პიესის („ჰამლეტის“)  აკინძული ნაბეჭდი ფურცლები ყრია. აქეთ-იქით მიკროფონებია, რომლებსაც მსახიობები პირდაპირი და სხვა დანიშნულებითაც იყენებენ.

აქ ყველაფერი ელავს და ანათებს. ფინალამდე. როდესაც ყველა შავად იმოსება. მსახიობების უკიდურესად ექსპტრავაგანტური კოსტუმები და მორთულობა, ბრჭყვიალა, გამჭვირვალე,  და ფერადოვანი. ხელოვნური ქსოვილებისა და ასეთივე, დეტალებით შემკული, სრულიად გამოუსადგარი მეფის ამალისთვისაც და სხვა რეალობაშიც. მაგალითად, მამის აჩრდილს კოსტუმიდან, გზადაგზა ვერცხლისფერი ფარფლები - ნაწილები სცვივა,  ჰამლეტი და ოფელია ბაფთებითა და თვლებით შემკულ აირწინაღებს იკეთებენ, გერტრუდა პოლონიუსის მკვლელობის წინ, ჰამლეტს მანათობელი ნიღბით ევლინება...

 „ჰარაკის“ სამაყურებლო დარბაზში - სხვა რეალობაა. სწორედ იქ მზადდება ფინალი და გარემოც, პირველისგან კონტრაპუნქტულად განსხვავებულია. მოქმედების ადგილად სამი მხრიდან შემოსაზღვრული მიკროსცენა იქცა - რომელიც დედოფლის,  წითელ თეთრეულში გახვეული ბუდუარიცაა და ქალაქის ნანგრევებში მოყოლილი,  ასეთივე ნანგრევები, რაღაც შენობის ნაშთი. ნგრევისა და განადგურების კვალი ყველა დეტალში იხსნება.

ბევრ ამბავსა და პასაჟზე, ბევრ „ფაქტზე“, რაც სპექტაკლში ხდება, მაყურებელი რომ არ  „დავასპოილერო“ გაჩუმება სჯობს. მოულოდნელობის ეფექტი  მოვლენებში ჩართვის, ორიენტაციისა და მათი, ჩანაფიქრის გასაშიფრად, მნიშვნელოვანია და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამბის თავისთავადად განვითარების  არცოდნა სჯობს. ესაა სარეჟისორო ხერხი, სპექტაკლის მთლიანი სტრუქტურისა და დეტალების არსებითი ნაწილი და ამდენად ბევრ რამეს, მრავალწერტილად დავტოვებ. 

„უნდა აღსრულდეს!“ - ხშირად იმეორებენ ამ სიტყვებს. ოღონდ აღსრულებას ყველასთვის სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს. უფრო ზუსტად - ჰამლეტისა და ყველა დანარჩენისთვის. რადგან დროთა კავშირი ისევ დაირღვა და არავინ იცის,  ამჯერად ვის არგუნა წყეულმა ბედმა მისი შეკვრა.

მას შემდეგ, რაც „ჰამლეტი“ პირველად უჩვენეს, ალბათ, ერთი თვის წინათ, რაღაცეები შეიცვალა. როგორც ყოველთვის იცლება ბევრი რამ, დროსთან ერთად. საზოგადოებას მოლოდინები  (და არა იმედი) გაუცრუვდა და საზოგადებამ კიდევ ერთხელ ამოიღო ხმა. საზოგადოებას გარეთ - ქვეყანაში - კვლავ უწევს დროთა დარღვეული კავშირის შეკვრა. მაგრამ საკუთარი სურვილით და არა ბედის ძალის განგებით. ხმა - „ჰას“ ეპიზოდის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია. სათქმელი.  ისევე, როგორც მთელი სპექტაკლის - რეფრენი - ჰა! - რომელსაც დასაწყისიდან ფინალამდე, სხვადასხვა ტონალობასა და ტემბრით, სიხშირითა და მოდულაციით, სხვადასხვა და განსხვავებული მოძრაობებითა და ჟესტებით, ოღონდ ერთად წარმოთქვამენ „როლებიდან პერიოდულად გასული“ მოქმედი გმირები,

სპექტაკლში არა ერთ ფუნდამენტურთან ერთად, „ამ ბოლო დროის“ სხვა ნიშნებიც ჩართეს -  შავწრიანი თეთრი ფურცლები (რომლების წარმომავლობასაც, მნიშვნელობასაც და დატვირთვასაც ახსნა არ სჭირდება); რეპლიკები - ჰორაციოსი - მოქმედებებს შორის (თუნდაც იმ დროს, როდესაც ჰამლეტი მეორე მოქმედების ბოლოს „ჰარაკს“ ტოვებს, სრულიად ცარიელი ქუჩის გავლით, უნივერსიტეტის ბაღში შედის და გმირთა მოედნამდე სრულ სიბნელეში მიიკვლევს გზას, აქა-იქ გამომკრთალი და მას ადევნებული კამერის შუქზე, რასაც მაყურებელი მონიტორზე ხედავს - ჰორაციომ მაყურებელი „გააფრთხილა“, რასაც სხვა შემთხვევაში არ აკეთებს, რომ ეს კადრები სხვა დროსაა გადაღებული, რადგან იმ დროს გარეთ სხვა რეალობაა); მსახიობების იმპროვიზებულ ტექსტებში შიგადაშიგ ჩართული ფრაზები, რომლებსაც გარე რეალობასთან აქვთ პირდაპირი კავშირი და ცხადია, ირიბი, თუმცა არსობრივი, უშუალოდ სპექტაკლთანაც, მის ფუძისეულ დიალოგებსა და მონოლოგებთან და ჩანართებთან.   

„ჰამლეტის“ მთელმა შემოქმედებითმა ჯგუფმა და მთელმა „ჰარაკმა“  სპექტაკლის დასრულების შემდეგ გრძელი, მართლა მდინარესავით დენადი პლაკატი, აქციების ცნობილი სლოგანით - „ვერ შეაჩერებ ხალხის მდინარეს, ქვეყნის გულიდან გამომდინარეს“ - გაშალეს და მაყურებელი გარეთ, იქვე, რამდენიმე მეტრში მიმდინარე, აქციაზე დაპატიჟეს. და თვითონაც, მსვლელობით, ამ წარწერიანი გაშლილი პლაკატით, საპროტესტო აქციის მონაწილეებს  შეუერთდნენ.

P.S. სანდრო კალანდაძისა და „ჰარაკელების“ „ჰამლეტზე“ (რომელიც ვიწრო ჩარჩოებში აშკარად ვერ ეტევა და პიესის მსგავსად, არა ერთ მნიშვნელოვან „კონტენტს“ მოიცავს) საფიქრალიც, სალაპარაკოც და გასარკვევიც,  ბევრია. მაგრამ ზუსტად ამ დღეებში, „ამ ბოლო დროს“, ალბათ, როგორც არასდროს, თეატრმა ყველაზე ცოცხლად და პირდაპირ გამოხატა ის, რაც გარეთ - ქვეყანაში ხდება და ამით, თავისი უპირველესი და უმთავრესი ფუნქცია და დანიშნულება აღასრულა. ამდენად, ამ ჯერზე, მოკლე ტექსტით (რეზიუმესავით) შემოვიფარგლები (არა იმ დრომდე, როდესაც „ჩადგება ქარი და ღრუბელნიც დაწყნარდებიან“, ან სანამ „ცასა და მიწას მყუდროება არ მოეფინება“), რადგან არ მინდა ცოცხალი რეაგირების დაგვიანება, რადგან არ მინდა, რომ დრო, რომლის კავშირებიც ისედაც ხშირად ირღვევა, არ მინდა ხელიდან გავუშვა.

ჰა!!!

ფოტო: გიორგი ყოლბაია

bottom of page