top of page

ამერიკული დრამატურგია და რობერტ სტურუას სათეატრო ენა

3a9a2cdd44ca.jpg

მარინე (მაკა) ვასაძე

ამერიკული დრამატურგია და რობერტ სტურუას სათეატრო ენა

 

დღეს, კულტურის ცოდნა, მსოფლიო კულტურის კონტექსტში საკუთარი ადგილის განსაზღვრა არის მნიშვნელოვანი. გასული საუკუნის 1960-იანი წლების მეორე ნახევრის სტუდენტურმა მოძრაობამ მთლიანად შეცვალა XX საუკუნის კულტურა, ახალი ფასეულობები შემოიტანა მსოფლიოში. იმავე პერიოდში საბჭოთა კავშირი ევროპაში ტანკებით შეიჭრა. მსოფლიო ორად გაიყო. საბჭოეთში მოღვაწე ხელოვანები, სხვა საზოგადოებრივ სივრცეში მოხვდნენ. ამათგან, სულ რამდენიმე ხელოვანი აღმოჩნდა, რომელსაც `ბრძოლა~ შეეძლო.

60-იან წლებში ქართულ ხელოვნებაში  ძალიან ძლიერი თაობა მოდის. ისინი პროტესტს თავიანთ შემოქმედებაში გამოხატავენ. ამ პერიოდში რუსთაველის თეატრში მოღვაწეობას იწყებს რობერტ სტურუა. თითქმის 60 წლის განმავლობაში, მან სამჯერ მიმართა ამერიკულ დრამატურგიას. აღსანიშნავია, რომ სამივე სპექტაკლი წარმატებული იყო. ამათგან ორი,  1965 წელს დადგმული არტურ მილერის `სეილემის პროცესი~ და 2013 წ. ტერენს მაკნელის `მასტერ კლასის~ მიხედვით განხორციელებული `მარია კალასი. მასტერ კლასი~, საეტაპო მნიშვნელობის სპექტაკლებად შეიძლება მივიჩნიოთ.

რობერტ სტურუა, სულ რაღაც 2 წლის მისული იყო რუსთაველის თეატრში და მხოლოდ 3 თუ 4 სპექტაკლი ჰქონდა დადგმული, როდესაც მილერის „სეილემის პროცესზე“ დაიწყო მუშაობა. შეიძლება ითქვას, იგი ჯერ კიდევ ახალბედა რეჟისორი გახლდათ. ამისდამიუხედავად, სპექტაკლმა ნათალად წარმოაჩინა სტურუას ჩამოყალიბებული, ორიგინალური სარეჟისორო ხელწერა, მხატვრული აზროვნების სიღრმე და მსოფლმხედველობა. ახალგაზრდა რეჟისორი ა. მილერის დრამატურგიული ნაწარმოებით დიდ თემებსა და პრობლემებს შეეჭიდა.

მაყურებელთა დარბაზს და სცენას მასიური რკინის ფარდა ჰყოფდა, რაც საბჭოთა კავშირის დანარჩენი სამყაროსგან `რკინის ფარდით~ გამოცალკევების ალეგორიად აღიქმებოდა. სამეულის _ ოლეგ ქოჩაკიძის, იური სლოვინსკის, ალექსანდრე ჩიკვაიძის სცენოგრაფია სარეჟისორო კონცეფციის ადეკვატურად გამოხატავდა სამყაროს - სადაც შიში, უვიცობა, ფანატიზმია გამეფებული, „კუდიანებზე“ ნადირობა კი ცხოვრების ნორმად ქცეული. სცენაზე განლაგებული, ხის უხეშ კოჭებზე დაკიდებული, სახრჩობელები მუდმივ შიშში ამყოფებდა სცენაზე მოქმედ ადამიან-პერსონაჟებს. რეჟისორი და მსახიობები სპექტაკლში დაძაბულ, გაუსაძლის ფსიქოლოგიურ ატმოსფეროს ქმნიდნენ. ბრწყინვალე სახეები შექმნეს (მაშინ უკვე სახელგანთქმულმა მსახიობებმა) სერგო ზაქარიაძემ - მოსამართლე დენფორტის, ზინა კვერენჩხილაძემ _ პერისის, ედიშერ მაღალაშვილმა _ ჯონ პროქტორის. აბიგაილის როლმა კი იზა გიგოშვილის მომავალი, წარმატებული სამსახიობო  კარიერა განსაზღვრა.

ფსიქოლოგიური წვდომის ოსტატობით გამოირჩეოდა რობერტ სტურუას სპექტაკლი  „სეილემის პროცესი“. წარმოდგენა ყველამ ერთხმად მიიღო. თავის დროზე დრამატურგმაც მოიწონა სტურუასეული დადგმა. „დარბაისლური წარმოდგენაა და არა სენტიმენტალური, როგორც ეს ზოგიერთ სცენაზე მინახავს. მომეწონა, ძალზე შთამბეჭდავია... მიზანსწრაფულია, ძლიერია მოქმედება, მთლიანი და მონოლითური“...[1]  _ ამბობს არტურ მილერი.  გამარჯვების შემდგომ თითქოს ლოგიკური უნდა ყოფილიყო მისი შემოქმედებითი გზის ამ სტილში გაგრძელება, მაგრამ რობერტ სტურუამ სულ სხვა გზა აირჩია. მან მიმართა ბრეხტის თეატრს, შეითვისა იგი და ამასთანავე დაუკავშირა ქართული ეროვნული თეატრალური კულტურის ტრადიციებს. „ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, რომელ თეატრალურ ესთეტიკასაც ეყრდნობოდა იგი ადრე. ის თეატრალური ესთეტიკა სტურუას არ მოუტანია. იგი მას დახვდა და ისიც ქმნიდა მის ფარგლებში. ამიტომ, არსებულის დათმობა მაშინ საკუთარი თავის პოვნას უდრიდა“.[2]  _ წერს დალი მუმლაძე. რეჟისორმა და შემოქმედებითმა კოლექტივმა შექმნეს სპექტაკლი, რომელიც მიმართული იყო ყოველგვარი ძალადობის, უმეცრების, სიყალბის წინააღმდეგ.

2006 წ. საქართველოში ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს შესახებ აქტიურად დაიწყეს ლაპარაკი. ალბათ, რეჟისორმა რ. ჩხაიძემ ამიტომაც გადაწყვიტა რუსთაველის თეატრში როუზის ტელეპიესა „12 განრისხებული მამაკაცი“ განეხორციელებინა. მოგვიანებით სპექტაკლის დადგმაში რობერტ სტურუა ჩაერთო. ეს, არც იყო გასაკვირი, ვინაიდან ნაწარმოებში ასახული პრობლემა - პიროვნული თავისუფლება და ჩინოვნიკური, სახელმწიფოებრივი დიქტატი, სტურუას შემოქმედების ერთ-ერთი მთავარი თემაა. ამასთანავე სიდნეი ლიუმეტის ამავესახელწოდების ფილმი სამოციანელთა შორის ძალიან პოპულარული იყო.

სხვადასხვა ხასიათის, მრწამსის, მსოფლმხედველობის ადამიანებს  საპასუხისმგებლო საქმე აკისრიათ - ახალგაზრდა კაცის მომავალი ბედის განსაზღვრა. ნაფიცმა მსაჯულებმა უნდა გადაწყვიტონ, დამნაშავეა თუ არა იგი საკუთარი მამის მკვლელობაში. მსახიობებმა: სოსო აბრამიშვილმა, ვანო გოგიტიძემ, დათო დარჩიამ, ზურა ინგოროყვამ, დავით კვარაცხელიამ, ირაკლი მაჭარაშვილმა, დავით პაპუაშვილმა, ტრისტან სარალიძემ, ბაჩო ჩაჩიბაიამ, თემიკო ჭიჭინაძემ, ლევან ხურციამ და მურმან ჯინორიამ შექმნეს განსხვავებული, მაგრამ ცხოვრებისეული, რეალისტური ტიპაჟები. დამდგმელმა რეჟისორებმა და შემოქმედებითმა დასმა როუზის პიესა ქართულ რეალობას მოარგეს. თემურ ნინუას სცენოგრაფია და ია საკანდელიძის მიერ შექმნილი სპექტაკლის მუსიკალური გაფორმება რეჟისორთა კონცეფციას უფრო ამძაფრებს. სცენა არ არის გადატვირთული დეკორაციით, გარემო რომელშიც პერონაჟები მოქმედებენ თანამედროვე ოფისს მოგვაგონებს. ამ საოფისე სივრცეში აღმოჩნდებიან ჩაკეტილები ნაფიცი მსაჯულები. მათი მსჯელობის, კამათის პროცესში მაყურებლის თვალწინ იკვეთება თითოეული პერსონაჟის ცხოვრება. ისინი ადამიანები არიან, განსხვავებული აზრებით, შეხედულებებით, მსოფლმხედველობით. ზოგი სასტიკი და დაუნდობელია, გაბოროტებულია და ყველაფერში ცუდის  დანახვისკენ არის მიდრეკილი. ზოგისთვის ყოყმანი, ორჭოფობაა დამახასიათებელი და გადაწყვეტილებას მიღება უჭირს - ხან, ერთ მხარეს იხრება და ხან, მეორე; ზოგიც პატიოსანი, გულისხმიერი ადამიანია. სახასიათო, განსხვავებული ტიპაჟები შექმნეს სპექტაკლში მონაწილე მსახიობებმა.

რეჯინალდ როუზის პიესაში და სიდნეი ლიუმეტის ფილმშიც პიროვნებისა და საზოგადოების დაპირისპირებაა ასახული. მოაზროვნე ადამიანი,  სხვადასხვა მიზეზით ცხოვრებისგან გაბოროტებული საზოგადოების გაადამიანურებას ცდილობს და საბოლოოდ გაიმარჯვებს კიდეც.  მსაჯულების განაჩენზეა დამოკიდებული, მკვლელობაში ეჭვმიტანილ ახალგაზრდას,  გამართლება ან სიკვდილით დასჯა. 11 მათგანი ძალიან იოლად გასწირავს მას. მხოლოდ მეთორმეტე მსაჯული, რომელიც თავიდან სულ ჩუმადაა, დანარჩენ მსაჯულებს აიძულებს, ჯერ თავიანთი განაჩენის სისწორეში ეჭვი შეიტანონ, საბოლოოდ კი გადაწყვეტილებას შეაცვლევინებს. არგუმენტების ჭიდილში იკვეთება თითოეული პერსონაჟის ხასიათი, ბუნება. სტურუასა და ჩხაიძის სპექტაკლში აქცენტების გადაადგილებით მთავარი დაპირისპირება სახელმწიფოსა და პიროვნებას, მართლმსაჯულებასა და პიროვნებას შორისაა. თუ ადამიანი - სახელმწიფოს მთავარი საზრუნავი, მთავარი ფასეულობა  არ არის, მაშინ ბოროტდება საზოგადოებაც.

ტერენს მაკნელის პიესას `მასტერ კლასს~ უკავშირდება თბილისში, კიდევ ერთი, ახალი სათეატრო სივრცის შექმნა. რობერტ სტურუას რუსთაველის თეატრიდან გაგდების შემდეგ (სანამ მას უკან დააბრუნებდნენ) ბიძინა ივანიშვილმა ახალი თეატრის შექმნა შესთავაზა. 2013 წლის 24 ივნისს „თეატრ ფაბრიკაში“ პრემიერა შედგა. რობერტ სტურუამ სპექტაკლი ამერიკელი დრამატურგის ნაწარმოების მიხედვით დადგა (თარგმანი მ. ანთაძის). პიესის სცენური ვერსია რობერტ სტურუას და ნინო კანტიძეს ეკუთვნით. სპექტაკლი ლეგენდად ქცეული საოპერო მომღერლის მარია კალასის ცხოვრების ბოლო წლებს ეძღვნება. პიესა და სპექტაკლი გენიალური მომღერლის ერთ დღეზე მოგვითხრობს, უფრო სწორად კი მის მიერ ჩატარებულ გაკვეთილზე კონსერვატორიის სტუდენტებისათვის. მომღერალი, მასტერ კლასის პარალელურად, განვლილი შემოქმედებითი თუ პირადი ცხოვრების დეტალებს იხსენებს. ამ დეტალებისაგან იქმნება მარია კალასის სახე, მისი ხასიათი. მთელი სპექტაკლი თითქოს ერთი ამოსუნთქვით მიდის, მაყურებელთა ინტერესი ერთი წუთით არ დუნდება. დაძაბული რიტმი, რომელიც რეჟისორმა და მსახიობებმა შესთავაზეს მაყურებელს არც ერთი წუთით არ ნელდება. მარია კალასის რთული, პერიპეტიებით აღსავსე ცხოვრება საათსა და ოც წუთში მაყურებლის თვალწინ ჩაივლის. ღიმილი, სიცილი, სევდა და ბოლოს კი ყელში მოწოლილი ცრემლები _ ეს ის გრძნობებია, რომელსაც მაყურებელი განიცდის ლელა ალიბეგაშვილის მარია კალასთან ერთად.

ტექსტის მონტაჟი რობერტ სტურუას სათეატრო ენის ერთ-ერთი უმთავრესი, დამახასიათებელი თავისებურებაა. ამ შემთხვევაში რეჟისორმა ტექსტი შეამოკლა, გააკეთა პატარ-პატარა კუპიურები, ჩართო ფრაზები, რომლებიც პიესაში არ არის. სპექტაკლი სულ რაღაც საათი და 20 წუთი გრძელდება, მაგრამ მიუხედავად ამისა, რეჟისორმა თითქმის არცერთი ეპიზოდი არ ამოიღო სპექტაკლიდან. რეჟისორმა მხოლოდ შეამოკლა პიესა და არაჩვეულებრივი კამერული სპექტაკლი შექმნა. ვგონებ, არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ ასეთი ტიპის სპექტაკლი კიდევ ერთი ახალი შტრიხია მის შემოქმედებაში. არანაირი რეჟისორული გამოგონებები, ეფექტები და ა. შ.. თავისუფლად შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის სამსახიობო თეატრის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი. რეჟისორმა სპექტაკლში არაჩვეულებრივი მსახიობთა ანსამბლი შექმნა. ეს ეხება, როგორც მთავარი როლის შემსრულებელ ლელა ალიბეგაშვილს, ასევე დავით დარჩიას, დავით უფლისაშვილს და რაც მთავარია ახალგაზრდა მსახიობებს: ქეთი სვანიძეს, ლელა ახალაიას, არჩილ გოგიტიძეს. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდებს შორის მხოლოდ არჩილ გოგიტიძეა პროფესიონალი მომღერალი. ქეთი სვანიძესა და ლელა ახალაიას კი სამსახიობო მონაცემების გარდა, არაჩვეულებრივი ვოკალი აღმოაჩნდათ. დრამატულ სპექტაკლს შიგადაშიგ ახალისებს კომედიური სიტუაციები. მარიას, პრიმადონას რთული ხასიათი სცენის მუშასთან ურთიერთობაში ვლინდება.

კამერული ტიპის სპექტაკლით რობერტ სტურუამ თავის პილისტილისტურ თეატრს კიდევ ერთი ახალი შტრიხი შემატა. თუმცა თანაგანცდა და პერსონაჟთა ხასიათის ფსიქოლოგიური წვდომით გადმოცემა, გროტესკითა და ფარსით შეზავებული მის თითქმის ყველა სპექტაკლში არსებობს. ეს იყო წარმოდგენა, სადაც სცენასა და დარბაზს შორის დისტანცია წაიშალა, ანუ მაყურებელიც ისევე ჩაერთო ქმედებაში, როგორც შემოქმედებითი ჯგუფი. სპექტაკლის ბოლოს ყოველ მაყურებელს თვალზე ცრემლი ედგა. ეს კი ნამდვიად შეიძლება ჩაითვალოს სპექტაკლის გამარჯვებად.

ამგვარად, `სეილემის პროცესი~ სტურუას პირველი სერიოზული რეჟისორული წარმატება იყო. იგი ამ სპექტაკლით იწყებს პროტესტის თეატრის დამკვიდრებას. 2006 წ.  რუსთაველის თეატრში, რ. ჩხაიძესთან ერთად დგამს რეჯინალდ როუზის `12 განრისხებულ მამაკაცს~. ნაწარმოების ძირითადი იდეა - ძალაუფლების და თავისუფალი ნების კონფლიქტი  სტურუას შემოქმედების წარმმართველი თემაა. `მარია კალასში~ რეჟისორი არ მიმართავს `კარნავალურობასა~ და `გაუცხოების ეფექტს~. აქ რეჟისორი და მსახიობები ადამიანთა სულიერ განცდებს გადმოსცემენ და მაყურებელში თანაგანცდას იწვევენ.

 

[1] რუსთაველის თეატრის მუზეუმის მასალებიდან. 

[2] ქართველიშვილი ვ. მუმლაძე დ. ლირის თეატრი. ვახტანგ ქართველიშვილი. თბ. „კენტავრი“. 2006. გვ. 318.

bottom of page