top of page

„ანდერძი“ ზუგდიდის თეატრში

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

სპექტაკლის პრემიერა ზუგდიდში

გიორგი ყაჯრიშვილი

„ანდერძი“ ზუგდიდის თეატრში

 

ანდრია ვაჭრიძე საკმაოდ მოთხოვნადი მსახიობია: - ილიაუნის, გოგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალური, მესხეთის (ახალციხის) პროფესიულ დრამატული თეატრები და დამოუკიდებელი კოლექტივები ხშირად სწორედ მასზე აგებენ რეპერტუარს. ილიაუნის ჰუმანიტარ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამსახიობო ჯგუფის იმ თაობის მიღებულთა შორის იგი ერთ-ერთი საუკეთესო სტუდენტი იყო. კარგი საშემსრულებლო სკოლის გავლა წარმატების საწინდარი უნდა ხდებოდეს: ზოგი იყენებს ამას, ზოგიც ვერა, მაგრამ ნიჭი მაინც ყველაზე უმთავრესია და აუცილებლად იჩენს თავს. სწორედ ნიჭიერებამ და შრომისმოყვარეობამ აქცია ანდრია ვაჭრიძე ისეთად, როგორიც ის დღესაა. შალვა დადიანის სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო პროფესიულ დრამატული თეატრის ამ ცოტა ხნის წინანდელ პრემიერაზე კი იგი სულ სხვა, დრამატურგის ამპლუით მოგვევლინა.

მონოდრამის ფესტივალის გამარჯვებული პიესა „ანდერძი“ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რეჟისორმა გიორგი კაშიამ ამ სცენაზე წარმოსადგენად გადააკეთა, ორი პერსონაჟი (მსახიობები სალომე ბუღაძე, კობა მატკავა) შემოიყვანა და მთავარ გმირს საშუალება მისცა მონოლოგის ნაცვლად დიალოგიც გაემართა დამატებულ პერსონაჟებთან. პიესა ავტობიოგრაფიულია და ავტორის ცხოვრების ერთ-ერთ მთავარ მონაკვეთზე მოგვითხრობს: ახალი და ძველი თაობების ურთიერთობას. თემა თავისთავად არახალია და იგი გასული საუკუნის იმ დროს ეხება, რაც ძალიან აქტუალურად დადგა საკითხი სოფლიდან ადგილობრივი მოსახლეობის გადინების, საკუთარი კერის მიტოვების და ახლომდებარე ქალაქებში გადმოსახლების შესახებ. მხატვრული ფილმიც გვინახავს ამ პრობლემაზე და პიესებიც შექმნილა: ნიკოლოზ სანიშვილის „ისინი ჩამოვიდნენ მთიდან“, ინგა გარუჩავას და პეტრე ხოტიანოვსკის „სახლის ანგელოზები“ (გურანდა გაბუნიას საბენეფისო სპექტაკლი, რეჟისორი მედეა კუჭუხიძე, მარჯანიშვილის თეატრი), ოტია იოსელიანის „სანამ ურემი გადაბრუნდება“ სხვადასხვა თეატრებში და სხვ.

სპექტაკლი  „ანდერძი“ იმ სახლის გაყიდვის ეპიზოდიდან იწყება, რაც მთელი ცხოვრების ტკივილად გაჰყვება მთავარ გმირს (მსახიობი გიგა აბულაძე). სპექტაკლის მხატვარ ანა ბერიშვილმა იმერეთის სოფლის გარემო შექმნა, ეზო, სადაც ყველა ის ნივთია განლაგებული, რასაც ყველა სოფლის ეზოში შეხვდებით და მთხრობელს ბაბუას პროფესიით ნალბანდს თავის საქმიანობაში სჭირდებოდა, აქვეა ცხენი უნაგირის. ანა ბერიშვილი არ იყენებს ბუტაფორიას, ყველა ეს ნივთი ნამდვილია და ეთნოგრაფიულ განწყობას იწვევს მაყურებელში, რომელიც იქვე სცენაზეა განთავსებული. ეს რეჟისორ გიორგი კაშიას საყვარელი ხერხია, რასაც ის ხშირად მიმართავდა აქამდეც დადგმულ სპექტაკლებში: დავით კლდიაშვილის „ირინეს ბედნიერება“ რუსთავის თეატრში, გარსია ლორკას „ბერნარდა ალბას სახლი“ სასწავლო თეატრში. უკანა პლანზე ოთახში შემოსასვლელი კარია, კედელზე ასევე საოჯახო და სამეურნეო ნივთებით, მრგვალი მაგიდა და ტანსაცმლის საკიდი ასრულებს კომპოზიციას. სახლი ძველია და საკმაოდ შელახული: - ჭერიდან წყალიც კი ჩამოდის ალაგ-ალაგ. მთავარი როლის შემსრულებელი ანუ ამბის მთხრობელი გიგა აბულაძე ჯერ კიდევ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტია, მაგრამ უკვე გიორგი კაშიას რამდენიმე სპექტაკლში („ირინეს ბედნიერება“, „შოი“ მესხეთის თეატრში) მონაწილეობდა. მისი მონოლოგი მძაფრი და გულისშემძვრელია. შვილიშვილი, რომელმაც ვერ შეძლო ბაბუის ანდერძის შესრულება; ჯერ ვერც ნალბანდი გახდა, ვერც ძირძველი კერა შეინარჩუნა და უფრო მეტიც, (აქ პიესის ავტორი ძალიან ამძაფრებს სიუჟეტს), ბაბუის დატოვებული ინსტრუმენტების ყუთის შესანახი ადგილიც კი არ გააჩნია. ის ორმოცი წუთი როცა სპექტაკლი მიმდინარეობს ბაბუასა და შვილიშვილის ურთიერთობას ეძღვნება, რასაც თავისთავად მოგონებებიც ახლავს, ქალიშვილი - კარებში რომ გამოჩნდება რამდენიმე წამით (მსახიობი სალომე ბუღაძე), რომელიც პირველსავე დანახვისთანავე მოეწონა, მაგრამ მისი ცოლი მაინც ვერ გახდა, ვერავის გაუნაწილა ბაბუის დატოვებული ნივთები, ცხენის უნაგირი, რაც ნამდვილად აღარავის სჭირდება, საოჯახო ინვენტარი ან ნალბანდის ინსტრუმენტები, რადგან აქ ხარებიც კი აღარავის ჰყავს.

მსახიობს თანაბრად მიჰყავს თავისი მონოლოგი, ზომიერად, ემოციურად, მაგრამ სენტიმენტალურ მელოდრამაში არ გადაჰყავს. ტექსტი და ემოცია ძალიან ჰგავს ნოდარ დუმბაძის პროზას, რომელსაც ვერ კითხულობ და ვერ ისმენ ცრემლის გარეშე (ერთ-ერთი მაყურებლის პატარა შვილმა, რომელიც სპექტაკლს ესწრებოდა, ხმამაღალი ქვითინიც კი ამოუშვა!). ეს გულწრფელობა, ზომიერად გადმოცემული სევდა და გულისტკივილი ის მთავარი მუხტია, რაც ამ სპექტაკლიდან მოდის.

bottom of page