აპოკალიფსური ზმანება ანუ ადამი და ევა ფრონტის ხაზზე
სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის
„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში
.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.
გიორგი ცქიტიშვილი,
აპოკალიფსური ზმანება ანუ ადამი და ევა ფრონტის ხაზზე
ყოველგვარი პათეტიკისა თუ ჰეროიკის გარეშე, ერთი აზრი (თუ კითხვა) მიტრიალებს თავში. XXI საუკუნეში, ნუთუ ისევ ომზე უნდა ვსაუბრობდეთ? არადა, სამწუხაროდ, ეს ჩვენი დღევანდელი რეალობის ერთ-ერთი აქტუალური, მწვავე პრობლემაა. თითქოს, კაცობრიობა კარგა ხანია მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ომი მთელი სამყაროსთვისაა დამღუპველი. ის, ერთსა და იმავე დროს, დანაშაულიცაა და უბედურებაც. მას მოაქვს ნგრევა, სიკვდილი... გვაახლოებს სამყაროს აღსასრულთან...
რაღაც არაბუნებრივი, არაორგანულია ადამიანის, როგორც სულიერ-ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური მდგომარეობა საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრში. ეს ნამდვილად არ არის ჩვეულებრივი ყოფა... ამაზე ფიქრისკენ ძალაუნებურად მიბიძგა ლვოვის მარია ზანკოვეცკას სახელობის ეროვნული აკადემიური დრამატული თეატრის სპექტაკლმა „ცხოვრება P.S.“ (ავტორი - ვალერია ბურლაკოვა, სასცენო ვერსია - ოლღა ანენკო, რეჟისორი - ნაზარ პავლიკი, სცენოგრაფია - ნატალია ტარასენკო).
ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, რა თქმა უნდა, ყველა ჩვენგანს აღელვებს. განსაკუთრებით, საქართველოში!.. რადგან რუსეთის მხრიდან აგრესია, ოკუპაცია, იმპერიული პოლიტიკა არაერთხელ საკუთარ ტყავზე ვიწვნიეთ... ჩვენს თვალწინ გათამაშებული წარმოდგენა 8-9 წლის წინანდელ მოვლენებს ეხება და ის რეალურად მომხდარ ისტორიას ეფუძნება. ბუნებრივია, ეს კიდევ უფრო ზრდის განცდის სიმწვავეს.
ქალი ფრონტის წინა ხაზზე!.. ჩემი აზრით, უკვე ნონსენსია!.. მარიანა კუჩმას განსახიერებით, ლესია ემოციურად, მძაფრად განიცდის მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. რეჟისორი საკმაოდ რთულ ამოცანას აკისრებს მსახიობს. იგი აბსოლუტურად მარტოა მაყურებლის პირისპირ. მას არც სცენოგრაფია, მხატვრული განათება თუ მუსიკალური გაფორმება ეხმარება. ყოველივე ზემოაღნიშნული, სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორის ნებით, თითქმის სრულადაა ნიველირებული და მინიმუმამდეა დაყვანილი. სწორედ მსახიობმა მარია კუჩმამ უნდა მოძებნოს მაყურებლის გულისა და გონებისაკენ მიმავალი გზა. წინააღმდეგ შემთხვევაში წარმოდგენა არ შედგება! ამ, საკმაოდ სარისკო ნაბიჯს რეჟისორი ნაზარ პავლიკი შეგნებულად დგამს და ჩვენ ლესიას საკმაოდ ხანგრძლივი მონოლოგის მსმენელები ვხვდებით.
სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ უმთავრესად, რეჟისორი, მსახიობებთან ერთად ახერხებს სათქმელის, სატკივარის ჩვენამდე, მაყურებლამდე მოტანას. გვაიძულებს მოქმედი პირის დრამა, ტკივილი რეალურად განვიცადოთ. ამავე დროს, ამ ახალგაზრდა ქალის ბედნიერი წუთების მომსწრენიც ვხვდებით... თუმც, ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა ნაზარ პავლიკს მსახიობებისთვის შეეშველებინა უფრო მეტი დინამიკა, ქმედება, სახიერება, რაც სპექტაკლის ტემპო-რიტმს უდავოდ წაადგებოდა.