top of page

აქ ვერ ნახავთ პათეტიკას

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

343596187_1240328130185067_4010207308476107567_n.jpeg

თამთა ქაჯაია

აქ ვერ ნახავთ პათეტიკას

საბა ასლამაზიშვილი ის ახალგაზრდა რეჟისორი გახლავთ, რომლის შემოქმედებას დიდი ვნებათაღელვა და ხმაური ყოველთვის ახლავს. ცხადია, ერთი მხარე აკრიტიკებს, მეორე მხარე - მისი შემოქმედებით მოხიბლულია. მის სპექტაკლებზე დაწერილი რეცენზიები რეკორდს ხსნის და ცირკის (სპექტაკლი „დონ ჟუანი“) არენას არ ტოვებს შეუვსებელს. ამის მიზეზი ცალსახაა, ის ქმნის კლასიკური დრამატურგიის, დამკვიდრებული ტრადიციების, სრულიად ახალ, გათანამედროვებულ ვერსიებს. დგამს ისეთ სპექტაკლებს, რომელიც ექსპერიმენტულ ხასიათს ატარებს. რაც, დროთა განმავლობაში, გამოცდილებასთან ერთად, პრაქტიკულ ცოდნად გარდაიქმნება და შესაძლოა, მომავალში მეთოდოლოგიადაც კი იქცეს. თუმცა ამას დრო გვაჩვენებს.

მისი ბოლო ნამუშევარი დავით კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი” გახლავთ, რომლის პრემიერა ილიაუნის თეატრში 12 აპრილს გაიმართა. გამონაკლისი არც ეს სპექტაკლი აღმოჩნდა. თეატრალური საზოგადოება კვლავ ალაპარაკდა. კრიტიკული და დადებითი შეფასებებიც მიიღო.

სცენა (სცენოგრაფი: მარიამ კალატოზიშვილი) ფერადი ბალიშებით არის გაწყობილი.  მსახიობები პერიოდულად ადგილს უცვლიან განლაგებას, თუმცა ეს გადაწყობა არაფრის მომცემი და უშედეგოა. ისევე, როგორც არაფრის მომცემია პელაგიას და დარისპანის მცდელობა, მოაწონონ თავიანთი ქალიშვილები ოსიკოს. მოცემულობა, კვლავ უცვლელია - ქალიშვილები გასათხოვრები რჩებიან.

„დარისპანის გასაჭირში“ მთავარ ფოკუსში მსახიობები არიან მოქცეულნი და მათ საშემსრულებლო ხელოვნებაზეა აგებული სპექტაკლის კონცეფციაც. ეს წარმოდგენა მაგალითია იმისა, თუ როგორ მუშაობს რეჟისორი მსახიობებთან, რაც სცენაზე მათ მოქნილობასა და როლის ტრანსფორმაციაშია ასახული. აქ ვერ ნახავთ პათეტიკურობას, ტრივიალურობას, შაბლონურობას თუ ემოციებისგან დაცლილ დიალოგს თუ მონოლოგს.

ლილი ხურითი ძალზედ ზომიერად, მაღალი სამსახიობო ოსტატობით ქმნის მართას მხატვრულ სახეს, რომელიც ორგანულად, ქვეცნობიერის მეშვეობით ბუნებრივად გადმოსცემს პერსონაჟის სათქმელს. მართა სიტუაციის ლავირებას ახერხებს პელაგიასა და დარისპანს შორის. ფრთხილად, ყველანაირი მანევრულობის გარეშე პრიორიტეტს ნატალიას ანიჭებს. სლავა ნათენაძე, ქმნის დარისპანის პერსონაჟს, რომლის ტრაგედია სევდანარევი  იუმორით არის გადმოცემული. ზუსტად იგივე მდგომარეობაშია პელაგიაც (მაია ხორნაული). სცენაზე ვხედავთ, მშობლებს, რომელთაც უყვართ ქალიშვილები, თუმცა გაჭირვებამ ისინი იმ ზომამდე მიიყვანა, რომ თავს არ ზოგავენ მათ სახლიდან გასაშვებად. როგორც პიესაში, ასევე სპექტაკლშიც ორგვაროვანი, ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობები გვიჩნდება მათ მიმართ.

მინდა გამოვყო  ნატალიას (ნინი ყიფშიძე) და კაროჟნას (მაშიკო თვალაბეიშვილი)  პერსონაჟები. ისინი თითქოს მხარს უბამენ მშობლების წამოწყებულ ავანტიურას და ერთი შეხედვით მორჩილი, ახალგაზრდა ქალები მშობლების მითითებებს ასრულებენ. თუმცა, ამავდროულად ვხედავთ, კაროჟნას (ფაქტობრივად ტექსტი არ აქვს), რომელსაც მთელი სპექტაკლის განმავლობაში, უმწიფდება პროტესტი. კაროჟნა თუ პროტესტს სიჩუმით და ტრაგიკული სახით გამოხატავს, ნატალია - ირონიით, დამყოლი შვილის როლის მორგებით ებრძვის დამკვიდრებულ ნორმებს. ერთი შეხედვით, მასში ვერანაირ წინააღმდეგობის გრძნობას ვერ ვხედავთ. ფინალში, ნატალიაც და კაროჟნაც ბედავენ თქვან, რომ არცერთს გათხოვება არ სურს. სცენაზე  ვხედავთ ორ ახალგაზრდა გოგონას, რომლებიც ქმნიან როგორც მორჩილ, ასევე დაუმორჩილებელი ქალის სახეებს რასაც ახალგაზრდები სრულყოფილად ართმევენ თავს.

ოსიკოს პერსონაჟი სპექტაკლში (თორნიკე კაკულია) სიმპათიური, ათლეტური აღნაგობის, მიმზიდველი მამაკაცია. მისი შემოსვლის სცენა ეფექტურია. რეჟისორმა მას ვიზუალური უპირატესობა მიანიჭა. მსახიობს პერსონაჟის ტექსტი ბოლომდე არ აქვს გათავისებული. კაკულია ზედაპირულად განასახიერებს ოსიკოს როლს - ცეკვით, მოძრაობით, ვიზუალური ეფექტით ახდენს მაყურებელზე ზემოქმედებას.

გროტესკულია ოსიკოსათვის თავის მოწონების სცენა, რომელიც მშობლების მონდომებასა და  ერთგვარ მუსიკალურ შეჯიბრში გადადის. მუსიკა (ნინო სიხარულიძე) რუსული რომანსებით დატვირთულია, რომლის ტექსტი სპექტაკლის ერთ-ერთი მთავარ ხაზს, უსიყვარულობას და ადამიანის მარტოსულობას უსვამს ხაზს.

დაბოლოს, ეს არის „ექსპრესიონიზმის მიმდევარი“ რეჟისორის ეკლექტური სპექტაკლი, სადაც დავინახეთ  მეცხრამეტე საუკუნის მწვავე საკითხები, როგორ ტრანსფორმირდა და მოერგო დღევანდელობას.

bottom of page