„არა ომს!“
სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის
„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.
გიორგი ყაჯრიშვილი
„არა ომს!“
ფოთის რეგიონული საერთაშორისო ფესტივალი ერთ-ერთი გამორჩეული ფესტივალია განსაკუთრებული პროგრამით და სტუმრებს მიმართ კეთილგანწყობით და მზრუნველობით. ეს პატარა გუნდი (ნინელი ჭანკვეტაძე, თენგიზ ხუხია, ნანა თუთბერიძე, ბექა ჯუმუტია, შიო აბრახამია), რომელიც ამ ფესტივალს ქმნის, ყოველთვის ცდილობს მიმდინარე ფესტივალი განსხვავებული იყოს წინამორბედისგან - რასაკვირველია ათასი სიურპრიზებითა და აღმოჩენებით.
ასე მოხდა წელსაც: პროგრამა დევიზით „არა ომს“ შეირჩა და სამწუხაროდ, ფესტივალის გახსნის წარმოდგენა - თამარ ფხაკაძის „ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“ (რეჟისორი გიორგი შალუტაშვილი) ახალციხის პროფესიულ სახელმწიფო თეატრმა ვერ წარმოედგინა, თეატრის დასში გავრცელებული კოვიდ ინფექციის გამო. მის სანაცვლოდ ვიხილეთ შესანიშნავი კონცერტი ფოთისა ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული და სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული თეატრების მსახიობების შესრულებით.
ფესტივალის მეორე დღეს ორი სპექტაკლი გაიმართა: დათა თავაძის „დედაომი“ (რეჟისორი საბა ასლამაზიშვილი) ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული და ჟან ბატისტ მოლიერის „ჰარპაგონი“ (ინსცენირების ავტორი და რეჟისორი ვახტანგ ნიკოლავა) მისი „ძუნწის“ მიხედვით სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული თეატრების დადგები.
საბა ასლამაზიშვილი ახალგაზრდა რეჟისორია, რომელიც ჯერ კიდევ საკუთარი ხელწერის ძიებაში, ამას აღნიშნავს სათეატრო კრიტიკა და მის ყოველ დადგმულ სპექტაკლს უამრავი რეცენზიით ეხმაურება. ოზურგეთის თეატრში განხორციელებული წარმოდგენა ცალკე მოვლენად უნდა განვიხილოთ: - მე ვფიქრობ, რომ რეჟისორმა დათა თავაძის პიესის დადგმისათვის ის ხერხი აირჩია, რითაც სამეფო უბნის თეატრი გამოირჩევა სხვა თეატრებიდან და სადაც თვით პიესის ავტორი მოღვაწეობს. ეს ხერხი თუ რეჟისორული სტილი დიდი ხანია მკვიდრდება სამეფო უბნის თეატრში, როდესაც ე.წ. არისტოტელესეული კათარსისი უკანა პლანზე გადადის და მთავარი აქცენტი კეთდება იმაზე თუ რა უნდა განიცადოს მაყურებელმა უშუალოდ სპექტაკლის ყურების დროს, რა ზემოქმედება უნდა მოახდინოს რეჟისორმა და მსახიობებმა აქ და ახლა. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, წარმოდგენა გათვლილია „შოკის“ ეფექტზე:
ოზურგეთში დადგმული წარმოდგენა ეს არის დრამა-აქცია ომზე და მის ტრაგიკულ შედეგებზე. თეთრი დარბაზის სიღრმეში შუშაბანდი მოჩანს (სცენოგრაფი თამარ ოხიკიანი), რომლის კედელზე ახალგაზრდა მამაკაცის მთელი გარდერობია ჩამოკიდებული, სუფთა, მოვლილი, დაუთოებული პერანგები, შარვლები და პიჯაკები ჰკიდია - ეს ზინას შვილის ტანისამოსია. ზინა (თამარ მდინარაძე), მანანა (შორენა გვეტაძე) და თინა (ციცი ბუცხრიკიძე) მაყურებელს წინაშე ზურგით დგანან - მათი მოლოდინი იმდენად ხანგრძლივია, რომ ზინა გონებას კარგავს და ეცემა: „მანანა: დაეცა.“ იატაკზე გართხმული ზინა (თამარ მდინარაძე) პირველი რეპლიკის მერე „ჭიშკარი რატომ დაკეტეს?“ ... წამოიჭრება და გამალებით ოთახში მიმობნეული ტანსაცმლის შეგროვებას იწყებს და შუშაბანდში გააქვს. თინა, რომელიც დაუკითხავად შემოიჭრება მათ ცხოვრებაში, მისი შვილის შეყვარებული ყოფილა, თანაც ფეხმძიმედაა. მანანა და ზინა თინას შუაში მოიქცევენ და მკაცრად ელაპარაკებიან, ირაკლის, ზინას შვილის შესახებ ეკითხებიან. „სხვა დედა მონახე“ ასკვნის ზინა - თავიდან იგი ვერ იღებს მისთვის უცხო ადამიანს, რომელიც მის სახლში აღმოჩნდა - სამივე მხოლოდ ომზე ლაპარაკობს; „ომი მართმევს ყველაფერს, რაც მიყვარს... - რა ემართება ჩემს ცხოვრებას...“ მოთქვამს ზინა.
ისინი ჯერ-ჯერით ჰყვებიან ომის საშინელებაზე, დევნილობაზე, შიმშილზე, პენსიაზე, რომელიც მხოლოდ ზინას ეკუთვნის, კალიებზე, ჭრიჭინაზე, ცდილობენ საუბარი სხვადასხვა თემაზე გადაიტანონ, თუმცა იგრძნობა, რომ სამივე მათგანში საშინელი შიშის შეგრძნება სუფევს, რომელიც მაყურებელსაც გადმოედება. მსახიობებთან ახლოს განლაგებული მაყურებელი ცოცხლად აღიქვამს თითოეული მათგანის განცდას და თანაუგრძნობს მათ. დრო გადის ... ზინა თანდათან ეგუება თინას იქ ყოფნას, მაგრამ მაინც არ მოსწონს, ეჭვიანობს, მიუახლოვდება: „შეხედე კაცს ჰგავს.“ ზინა ტირის, მწარედ განიცდის შვილის დაკარგვას, მანანა კაბის ზურგს გაუხსნის, მასაჟს უკეთებს, ამშვიდებს. დრო გადის, უეცარი სტუმარი კურიერი (ნიკა ძნელაძე) ოდნავ შეცვლის მათ ყოველდღიურ ყოფას, მას კონვერტით ფული მოაქვს, თანხა, რომელიც შეცდომით თუ შეგნებულად პენსიაზე გაცილებით მეტია, თანხა რომელსაც სულ მალე მოაკითხავს და კურიერისთვის საბედისწერო გახდება. გარეთ კი ომი მძვინვარებს და მოუხედავად ამისა ორივეს თინას და მანანას ამ სახლიდან გაქცევა სურს, ხოლო ზინას მარტო დარჩენის ეშინია. მოგვიანებით თინას უჩნდება თბილი გრძნობა ზინას მიმართ, განსაკუთრებულ ზრუნვას იჩენს მის მიმართ, კარებს უკეტავს, გასაღებს უმალავს, რომ ღამით გარეთ არ გაიპაროს და რაიმე უბედურება არ შეემთხვეს. ზინას ტანსაცმელს ხდის, სველი პირსახოცით ზურგს უზელს. ზინა დროს იხელთებს და შვილთან სექსის თაობაზე ესაუბრო და თანაც ვნებიანად კრუსუნებს, თითქოს მას ჰქონდეს სექსი მამაკაცთან, საკუთარი ქმრის შესახებ უყვება. ვნებიანი სცენა დიდხანს გრძელდება; დიდი დრო გადის ... მათთან კურიერი მოდის. თინას მამაკაცი დიდი ხანია არ უნახავს, შუშაბანდში შერბის ტანსაცმელს იცვლის, შეყვარებულის პიჯაკსა და შარვალს ჩაიცვამს და კურიერზე ძალადობს, სურვილის ასრულებას სთხოვს: „აქედან უნდა წამიყვანო. შეგიძლია? უნდა დამეხმარო. დრო გადის ... თინას ლობიოს პარკები შემოაქვს იატაკზე ყრის და გარჩევას იწყებს, მისი ყველა მოძრაობა ზედმეტად იმპულსურია, ნერვიული, იატაკზე ყველგან ლობიოა მიმობნეული, კედელზე აკრულ მანანას ლობიოს ესვრის, ზინას კალთაში ჩაისვამს და ძალით აჭმევს ლობიოს უმ მარცვლებს, ზინას გული ერევა, ლობიოს გადმოყრის, ისევ ომზე საუბრობენ, მიცვალებულებზე, მათ დაკრძალვაზე.
პიესის პერსონაჟების ხშირი არაადეკვატური ქმედებები იმ გარემოებიდან გამომდინარეა, რაც გარეთ თუ შიგნით სუფევს: ზინას ხან უყვარს თინა, ხან კი ეზიზღება, მოსვლისთანავე ჯერ სახლიდან გააგდებს, მერე დააბრუნებს, როცა გაიგებს რომ მუცელი მოეშალა ხელიც კი არ აუკანკალდება, ისე ჩამოაცმევს თავზე ცელოფნის პარკს და გაგუდავს. თინა, რომელიც ირაკლიმ დედამისთან გამოაგზავნა კალიებითა და ჭრიჭინებით ერთობა, კურიერს ცოლად მოყვანას სთხოვს, მოგვიანებით კი მათთან დაბრუნებულს კლავს და საკუთარი ხელით ჯერ ტანსაცმელს შემოაფლეთს შემდეგ კი ნაჭერ-ნაჭერ აკუწავს - „ამის ხორცი რამდენიმე თვე გვეყოფა“. მანანა, რომელიც ზინასთან თითქოს მოსავლელად დადის, ერთგვარი მედიატორია თინასა და ზინას შორის, ცდილობს ზინას მშობლიური გრძნობა გაუღვიძოს, თინა მოაწონოს, შეაბრალოს. ერთგვარი დამკვირვებელია იმ მოვლენების, რაც გარეთ თუ შიგნით ამ დახურულ სივრცეში ხდება. პერიოდულად ცდილობს თავი დააღწიოს თავის „მოვალეობას“, მაგრამ შორს არ მიდის, არც უშვებენ და არც აქვს სურვილი ისინი მიატოვოს. ზინა გაოცებულია თინას სისასტიკით, თუ როგორ მოკლა კურიერი. ხვდება, რომ თინა მონსტრად გადაიქცა მას კი თინას მოკვლისა და თვითმკვლელობის გარდა სხვა გზა არ დარჩენია: ყველა დასასრულის დასაწყისი ვარ... და ყველა ომი მე ვარ... ყველა დახოცილი ჯარისკაცი ვარ და მათი დედაც მე ვარ...“ მანანა კი შემაღლებული ადგილიდან დედისადმი გამოგზავნილი ირაკლის წერილს გვიკითხავს: ...ახლა ვხვდები, რომ ომი უდიდესი პატივია ქვეყნისთვის, რადგან ისე არაფერი არ აერთებს ხალს, ისე არაფერი ამეგობრებს, როგორც საერთო უბედურება. ...დაუმთავრებელი ომი, გაყინული კონფლიქტი, ყოველ ნაბიჯზე გარანტირებული თავდასხმა და გაუთავებლად ომის მდგომარეობაში ყოფნა ხალხის გაერთიანების გარანტია... ვატყობ, კიდევ დიდხანს მომიწევს აქ დარჩენა...“ შემდეგ კი თავდავიწყებით იწყებს ცეკვავს, მისი ცეკვა სამყაროს სიმბოლო აღიქმება, ძალის ან ენერგიის გათავისუფლების, თავისუფლებისა და გამარჯვებისკენ ლტოლვის სიმბოლოდ.
იმავე საღამოს კი სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიულ თეატრის გადაჭედილ დარბაზში, სადაც ყველა ბილეთი გაყიდული იყო შედგა ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის ვახტანგ ნიკოლავას მიერ განხორციელებული წარმოდგენა „ჰარპაგონი, ჟან ბატისტ მოლიერის „ძუნწის“ მიხედვით. ახალგაზრდა რეჟისორმა ძალიან სარისკო დადგმა განახორციელა - კლასიკა, კოსტუმიზირებული, ისიც მოლიერი თეატრში, რომლის დასთან არასდროს უმუშავია და სადაც წლებია ახალი სპექტაკლი არ დადგმულა. და აქვე არ შეძლება არ აღინიშნოს, რომ ეს თამამი ნაბიჯი წარმატებული აღმოჩნდა. ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული თეატრის ორი მსახიობის - ანა ანდღულაძით და ირაკლი კვერღელიძით, ასევე ალექსანდრე გრიბოედოვის თეატრის მსახიობით სოფი ჩალაშვილით გაძლიერებულმა შემოქმედებით ჯგუფმა (მხატვარი აივენგო ჭელიძე, მუსიკალური გაფორმება ირაკლი ადამია და ქორეოგრაფი დავით მეტრეველი) გვაჩვენა წარმოდგენა, რომელიც სრულად პასუხობს მოლიერის დროინდელ ეპოქას, სასცენო კოსტიუმებით, ცეკვა-პლასტიკით, პარიკებით და თუნდაც განწყობით, რომელიც სუფევდა სცენაზე. აივენგო ჭელიძის სცენოგრაფია იმდენად მარტივი და ფუნქციურია - მოვერცხლისფერო - მომწვანო უკანა პლანით, მასში სამი კარებით, სავარძლებითა და შანდლებით ავანსცენაზე ორგანულად ჯდება და ძალიან ეხმარებათ მსახიობებს. კოსტუმიზირებულ სპექტაკლში ძალიან მნიშვნელოვანია თუ როგორ ატარებენ მსახიობები სხვადასხვა ეპოქის ისტორიულ კოსტიუმებს. აქაც სენაკის თეატრის და სხვა თეატრის მსახიობებმა დიდი ოსტატობა გამოავლინეს. საყურადღებოა, რომ ამ კოსტიუმების ესკიზებიც ერთ ერთი მონაწილის სოფი ჩალაშვილის შექმნილია. შეფერილობაში ლიმონისფერ-თეთრი ფერი სჭარბობს, მხოლოდ ჰარპაგონს, ვალერის და ლაფლეშს აცვიათ მუქი ფერის სამოსი. ხოლო ანსელმას სცენური კოსტიუმი მართლაც რომ ბრწყინავს სცენაზე. ფრანგი კომედიოგრაფის ეს დრამატული ნაწარმოები რთული თხზულებაა დიდი გრძელი მონოლოგებითა და ბევრი პერსონაჟებით და როგორც ამ დრამატურგს სჩვევია მთავარი ამბავი, თუ გნებავთ კვანძის გახსნა პიესის ბოლოშია ხოლმე გადატანილი. აქაც დრამატული თხზულების კითხვისას ექსპოზიციური ნაწილია ცოტა დამღლელია და ყოველთვის ეს არსებობს საფრთხე, რომ სპექტაკლის ეს ნაწილი მოსაწყენი არ გახდეს მაყურებლისთვის თანაც ჟანრობრივი თვალსაზრისით კომედიური ელემენტები და სატირა-იუმორიც მხოლოდ მეორე ნაწილში იჩენს თავს. ვახტანგ ნიკოლავამ ნამდვილად თავი გაართვა ამ ერთგვარ „მახეებს“ ოსტატურად შეამოკლა პირველი მოქმედებს გრძელი მონოლოგები და წარმოდგენის ტექსტი და ამბის თხრობის თვალსაზრისით სრულყოფილი გამოვიდა.
სპექტაკლის პირველი ნაწილი გამოირჩევა დიალოგების პრინციპით, როცა სცენაზე ორი პერსონაჟი დგას: ჰარპაგონი და ვალერი, და და ძმა, მამა და ქალიშვილი, მამა და ვაჟიშვილი. ეს სცენა დიალოგები მონაცვლეობდა და ნელ-ნელა მივყევდით იმ ძირითად ინტრიგასთან როცა შვილების გათხოვება-დაქორწინება უნდა გახდეს ჰარპაგონის საზრუნავი და არა საკუთარი ქორწინება. ამ ყველაფერს თან სდევს ჰარპაგომის ხასიათის მძიმე თვისება - სიძუნწე და გაუთავებელი შიში, რომ ვინმე გაიგებს მის მიერ სათითაოდ დათვლილი და შემოწმებული ლუიდორების 10 000 ფრანკის ოდენობით დამალული ფულის არსებობას ან უფრო მეტიც, ვიღაც ამ ფულის მოიპარავს. რაც მოხდება კიდეც. ირაკლი ადამიას ჰარპაგონი ზუსტად ასეთი კაცია. უკვე სამოც წელს მიღწეულს მხოლოდ ერთი საზრუნავი აქვს: რაც შეიძლება ნაკლები ფული დახარჯონ ოჯახის წევრებმა. ამ მხრივ განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია სცენა მოსამსახურეებთან - თუ როგორ უნდა მოიქცნენ ისინი სტუმრების მიღების დროს, რომ მათ უფრო ნაკლები დალიონ და უფრო ნაკლები მიირთვან.
სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული თეატრი ხშირად სტუმრობს ფოთის რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალს. ამჯერად, მათ წარმოადგინეს ჯონ ბოინტონ პრისტლის პიესის „ინსპექტორის ზარის“ მიხედვით დავით საყვარელიძის მიერ დადგმული „სტუმარი“ ამ თეატრის შესანიშნავი მსახიობების მონაწილეობით. დეტექტიური დრამატურგიული ჟანრი დომინირებს ამ ინგლისელი ავტორს შემოქმედებაში, თუნდაც „სახიფათო მოსახვევი“, რომელზეც რამდენიმე ტელესპექტაკლი და სერიალიც კი შეიქმნა. ამ პიესაშიც მაყურებელი დაძაბული უცქერის მოქმედების განვითარებას. მსახიობების (ბადრი ბეგალიშვილი, ლილი ხურითი, ნატია ჩიკვილაძე, გიორგი ყორღანაშვილი, ნიკოლოზ წერედიანი, მერაბ ყოლბაია, ნათია ბუნტური) და რეჟისორის მიერ დრამატული ტექსტის თავისებური ინტერპრეტაცია (გადმოქართულება და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ეპოქაში გადმოტანა) და დეტექტიურ-გამოძიებითი დაძაბულობა მთელი წარმოდგენის განმავლობაში შენარჩუნებულია. პიესას დადებითი პერსონაჟი თითქმის არ ჰყავს, თუ არ ჩავთვლით თვით გამომძიებელს (მერაბ ყოლბაია), რომელიც ამ შემთხვევაში მხოლოდ სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებს. მისი ედიშერ ციმაკურიძე ადამიანია, რომელმაც გულთან მიიტანა დაღუპული ახალგაზრდა ქალის ტრაგედია და მისი „გამოძიება“ იმდენად მხოლოდ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება არაა, ვიდრე შურისძიება იმ ადამიანებზე, რომლებმაც ყველამ ერთად „შექმნეს“ ეს ტრაგედია. გააუბედურეს ახალგაზრდა მშრომელი, პატიოსანი და ეთილი ადამიანი და თვითმკვლელობამდე მიიყვანეს. მისთვის სიმართლის დადგენა არაა მთავარი, ვინაიდან მისთვის ეს სიმართლე თავისთავად ცნობილია. არამედ ის, რომ ამ ოჯახის ყველა წევრს და შემომატებულ სასიძოს დაანახოს ვინ ვინ არის, თვალი აუხილოს მათ და ნიღაბი ახადოს მათი ფარისევლობას და სიმხდალეს, სხვა ადამიანის მიმართ უყურადღებობა და რაც მთავარია, სხვის გაჭირვების და უბედურების გაუზიარებლობას. ოჯახის უფროსები ელიზბარ ფორაქიშვილი (ბადრი ბეგალიშვილი) და ნანო ფორაქიშვილი (ლილი ხურითი) ამპარტავანი, საკუთარ თავში დაჯერებული ადამიანები არიან, არისტოკრატიულობაზე პრეტენზიით. რეჟისორმა სრულიად შეგნებულად ამბავი გადმოიტანა ქართულ სინამდვილეში, არა მხოლოდ იმით, რომ ამ პერსონაჟებს ქართული სახელები აქვთ, არამედ თვით გარემოც ქართულია, ქართული სნობიზმით, ამპარტავნობითა და სადღაც მედიდურობითაც კი.
ფესტივალის ერთ-ერთი საინტერესო მონაწილე გახლდათ ფერეიდნელი ქართველი აჰმად იოსილიანი (იოსელიანი), რომელმაც ქართულ ენაზე წარმოადგინა თავისი მონოსპექტაკლი, ქაღალდის თეატრი ბავშვებისათვის „მაშელოუ“ (ავტორი და რეჟისორი ალბერტ ბიგჯონი), რომელთანაც იქ ირანში სპექტაკლების თამაში აკრძალული აქვთ, თუ შესაბამის ცენზურას არ გაივლიან. ამიტომ, ისინი იძულებულნი არიან მხოლოდ საზღვარგარეთის ფესტივალში მიიღონ მონაწილეობა საკუთარი ხარჯით. სპექტაკლი აფრიკელ ლომზე, რომელიც ამერიკაშიც კი ჩავიდა, მაგრამ საკუთარი იდენტობას მხოლოდ ისევ სამშობლოში თუ დაიბრუნებს.
ამერიკელი დრამატურგის ტენესი უილიამსის პიესები თავისებური სირთულით და სისასტიკით გამოირჩევა და მასში წამოჭრილი პრობლემები ისე შორსაა ქართულისგან, როგორც ამერიკაა შორს. რასაკვირველია ამ კლასიკოსი დრამატურგის დრამატული თხზულებები მსახიობური შესრულების უნიკალურ შანსს იძლევა და ერთგვარად „ადგილს“ არ უტოვებს რეჟისორებს თავისუფლებისათვის და რეჟისორული ხელოვნების ოსტატობის გამოვლენისთვის. გრძელი მონოლოგები და დიალოგები, ზუსტად გაწერილი რემარკები და თითქმის ავადმყოფი პერსონაჟები - ალკოჰოლიკები, სექსისტები, სექსუალურები, მეძავები და ფსიქიკურად აშლილები ან მემკვიდრეობის მოსაპოვებლად ან ოჯახში უპირატესობის ან გავლენის მოსაპოვებლად ებრძვიან ერთმანეთს და ხშირად ისეთ სისასტიკეს სჩადიან, რომ მათი საქციელი ნამდვილ გაკვირვებას იწვევს. და ეს „უარყოფითი“ პერსონაჟები ერთმანეთს ებრძვიან, ეტაკება მათი მსოფლმხედველობა, ლაფს ასხამენ ერთმანეთს, აწვალებენ და უკიდურეს ზომამდეც კი მიჰყავთ.
„ტრამვაი სურვილი“, „ტატუირებული ვარდი“, შუშის სამხეცე“, „კატა გავარვარებულ თუნუქის სახურავზე“, „ახალგაზრდობის ტკბილხმიანი ჩიტი“, „ორფეოსი ჯოჯოხეთში ეშვება“, „იგუანას ღამე“, „კამინო რეალი“ ხშირად იდგმებოდა ქართულ თეატრში. აი, „ტოკიოს სასტუმრო ბარში“ კი პირველად იდგმება ჩვენთან. მისი რეჟისორი თათა პოპიაშვილი, რომელმაც ეს წარმოდგენა ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულ დრამატულ თეატრში განახორციელა (სცენოგრაფი ბარბარა ასლამაზი). მირიამი - ნიარა ჭიჭინაძე უკვე ხანშიშესული ქალია, რომელიც ყოველნაირად ცდილობს თავიდან მოიცილოს ავადმყოფი პარკინსონიანი მეუღლე მხატვარი მარკი (ზურაბ დონდოლაძე), რომელსაც ზღვარგადასული ლოთობისგან ყველანაირი შეგრძნებები დაკარგული აქვს. მირიამი ძალზე უცნაური ქალია, ჩანთის საწამლავს დაატარებს, ამ ერთადერთ აბზე ლაპარაკობს სიკვდილი რომ მოაქვს (და სრულიად შესაძლებელია რომ ეს სწორედ ის აბია, ქმარს რომ დაალევინებს მორიგი შეტევის დროს), სამაგიეროდ არ აძლევს მოსვენებას ახალგაზრდა ბარმენს (ირაკლი კვერღელიძე) გამუდმებით სექსუალურად ძალადობს მასზე და ამას არც მალავს. პირიქით, მისი ქცევები გამიზნული და მიზანდასახულია. მხოლოდ მარკის სიკვდილის მერე მიხვდება რომ „ეს კაცი ძლიერ ჰყვარებია“, არის თუ არა ამაში სიმართლე მართლაც ძნელი დასაჯერებელია, თუ მხოლოდ მარტო დარჩენის შიში ათქმევინებს ამას მირიან-ნიარა ჭიჭინაძეს.
ფესტივალის კიდევ ერთი სტუმარი იყო ერევნის თეატრი „ფორმა“ - მათი სპექტაკლი არავერბალური ქმედებაა მუსიკის, პლასტიკის და ცეკვის ერთგვარი შერწყმით, სადაც ამბის თხრობა, სიუჟეტის განვითარება ერთ ლოგიკას ექვემდებარება. სცენის მარცხენა კუთხეში დიდი ობობის მსგავსი რამ ჰკიდია, რომლის სხეული ეკრანია და მასზე ლამაზ ფერებში ამ ამბის განვითარება აღიბეჭდება, მისი საცეცებიდან კი ხან წყალი იღვრება - ეს ინტერნეტის ქსელია, რომლის არსებობა არ არსებობაზე დამოკიდებულია პერსონაჟთა განწყობა, ხასიათი და თუ გნებავთ ერთმანეთთა ურთიერთობაც კი.
სცენაზე ოთხი თეთრი სკამი დგას, რომელზედაც ამ ბაღის მეეზოვეს ჩასძინებია. დანარჩენი ოთხი მონაწილე მიუხედავად იმისა, რომ თავი ყველას მობილურ ტელეფონშია ჩარგული მეეზოვისა და ახალგაზრდა გოგოს სიყვარულის უნებლიე მოწმენი ხდებიან. ცოცხალი იუმორით, როგორც ეს პანტომიმის თეატრშია შესაძლებელი. სპექტაკლის შემოქმედი ჯგუფი (ავტორი, რეჟისორი, მუსიკალური გამფორმებელი და ქორეოგრაფი ჰაიკ ისრაელიანი: მსახიობები: სარგის რუსტუმიანი, ანაიტ იენოკიანი, ინესა არზაკანციანი, დიანა ჰაირაპეტიანი) გვიჩვენებენ თუ როგორ თანდათან კარგავს საზოგადოება პირად ღია ურთიერთობას და უშუალო კომუნიკაციის უნარს. მობილური ტელეფონი ხდება ინსტრუმენტი და ატრიბუტი ადამიანთა ურთიერთობის.
ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიულ დრამატულმა თეატრმა ფოთში ჩამოიტანა მოწვეული რეჟისორის ელენე მაცხონაშვილის სპექტაკლი ნოდარ დუმბაძის „ნუ გააღვიძებ“, რომელმაც ოზურგეთის ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალზე საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპეციალური პრემია დაიმსახურა. ინსცენირების ავტორი, მუსიკალური გამფორმებელიც თვით რეჟისორია, მხატვარი ნათია ბერაძე. ეს არის ძალიან ნაღვლიანი, გულისამაჩუყებელი ისტორია ნოდარისა და ნათელას სიყვარულზე. ნოდარა - გიორგი გლოველი, ნათელა - ნანა ისიანი და მთელი დასი „სარკით“ – „ცა რომ სარკე“ იყოს გვიყვება ომზე და იმ საშინელებაზე, რაც მან გურიის ამ პატარა სოფელში დაატრიალა.
ორი სპექტაკლი, რომელიც ცალსახად ფესტივალის დევიზს ეხმიანება იყო ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის წარმოდგენა კახა ცხომაიას „შეჭრა“ (რეჟისორი ლაშა შეროზია) და ალიტუსის საქალაქო თეატრის (ლიეტუა) პაველ არიეს „მოქალაქის დღიურები“ (რეჟისორი, მხატვარი სტას ჟირკოვი, კოსტუმების დიზაინერი ალმა პურვინაიტე, მუსიკალური გაფორმება ბოდგან ლისენკო).
პირველი აფხაზეთის ომის შემდეგ უსახლკაროდ დარჩენილი ახალგაზრდა ქალის ისტორიაა (მსახიობი მარინა ბურდული), რომელიც იძულებულია მიტოვებული თეატრის შენობას შეაფაროს თავი. კიტა ცხომაიას პიესა რეალურ ისტორიას ეყრდნობა და ზოგადად დევნილ ადამიანთა ტრაგედიას ასახვას, რომელთან მხოლოდ ისღა დარჩენიათ თვითონვე გამონახონ გამოსავალი გამოუვალი მდგომარეობიდან თავის გადასარჩენად.
მეორე წარმოდგენა პაველ არიემ უკრაინის ომის პირველ თოთხმეტ დღეს მიუძღვნა - მონოსპექტაკლის პერსონაჟი პაველია (ვაიდას პრასპალიაუსკასი), თეატრის მსახიობი, რომელიც კიევში დარჩა და ერთ სახლში იმალება. გამუდმებით ურეკავს დედას ლვოვში, რომლის ბედიც საკუთარზე მეტად აწუხებს. მძიმე თოთხმეტი დღეს, დაბომბვა, ომის საშინელებები და ამ ყველაფერში უფერულდება იმ სპექტაკლის პრემიერის მოლოდინი, რომელსაც „ოდისევსი სახლში დაბრუნება“ უნდა ექვას. ვ ერ დაბრუნდება პაველი ვინაიდან არსად წასულა, ან რომ დაბრუნდეს აღარც მაყურებელია კიევში და სამყაროს ის აღარაა რაც ომამდე იყო.
თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის კომპოზიცია ზაირა არსენიშვილის რომანის „ვაჰ, სოფელოს“ მიხედვითაა შექმნილი - ავტორი და შემსრულებელ ვანო ხუნაშვილია. თელავის თეატრის დასის მსახიობებთან ერთად იგი წარმოგვიდგენს ქალაქ თელავის 1924 წლის თებერვლის ტრაგიკულ ამბებს „სისხლიანი ქორწილის“ სახელი, როდესაც კომუნისტებმა არა მხოლოდ კულაკობა იმსხვერპლეს, არამედ იმ დღეს მიმდინარე ქორწილის მონაწილე ყველა სტუმარ-მასპინძელი დახვრიტეს, და „გიგოს გორაზე“ ერთ ორმოში ჩაყარეს. ლიტერატურული კომპოზიციას ფესტივალის სტუმრების გარდა ფოთის თეატრალებიც უხვად ესწრებოდნენ.
და ბოლოს - ფოთის თეატრის კიდევ ერთი პრემიერა - გიორგი შერვაშიძის დრამა „ათას ერთი“, რომელიც რეჟისორმა კობა სხილაძემ განახორციელა - მისტიკურ-აბსურდისტულ ხასიათს ატარებს: პიესა თუმანიშვილის ფონდის „ახალი ქართული პიესა“ 2021 წლის ნომინანტია და მისი დადგმის ინიციატორიც ნინელი ჭანკვეტაძე იყო. ფოთის თეატრმა სულ რამდენიმე დღეში დადგა ეს წარმოდგენა (სცენოგრაფი სერგო ხაზალია, მუსიკალური გაფორმება ვეკო პირმისაშვილი). სპექტაკლი რწმენაზე, ღმერთის სიყვარულზე, მოვალეობაზე, პასუხისმგებლობაზე. ხიდზე გადასვლას რამდენიმე ადამიანი ცდილობს,მაგრამ კანონი უმკაცრესია - ყველა მათგანმა უარი უნდა თქვას რაღაც საკუთარზე და რაც მთავარია საკუთარ სინდისზე - ხიდის მესვეურთა (გია სურმავა) ამოცანაა ნიღაბი ახადონ თითოეულ მათგანს და ხატზე ფეხის დაბიჯებით „სულიც წაწყმინდონ“ - ამ გზით მოიპოვონ მათზე ძალაუფლება, დაამცირონ, ფეხით გათელონ მათი რწმენა. (ჯანო იზორია, მარიკა ბუკია, შოთა სასანია), მხოლოდ ერთი მოხუცი დედაკაცი (ჩიტო პატარაძე) წინ აღუდგება მათ ამ შეურაცხყოფ შეთავაზებას. თუ სხვები ამ დილემას ნებდებიან და თმობენ საკრალურს, მოხუცი ქალისთვის, ობლების პატრონისთვის ხატზე ფეხის დაბიჯება სიკვდილის ტოლფასია.
ფესტივალი დასრულდა, დასრულდა ტრადიციული სიურპრიზით: ვანო იანტბელიძის მიერ დაფუძნებული რეზო ინანიშვილის სახელობის პრიზი „ალალე“ გადაეცა ფოთის თეატრის ახალგაზრდა მსახიობ ირაკლი კვერღელიძე როლებისათვის კლეანტი (ჟან ბატისტ მოლიერის „ჰარპაგონი“ და ბარმენი ტენესი უილიამსის „ტოკიოს სასტუმროს ბარი“).
ფოტო: ირინა აბჟანდაძე