აზროვნების ფართო მასშტაბი, თუ შეუმდგარი ქორეოგრაფიული წარმოდგენა
აზროვნების ფართო მასშტაბი, თუ შეუმდგარი ქორეოგრაფიული წარმოდგენა?
ელენე შალუტაშვილი
ფესტივალ GIFT-ის ფარგლებში რუსთაველის თეატრის სცენაზე ქეროლინ კარლსონის ,,სინქრონულობის გზაჯვარედინზე“ იქნა წარმოდგენილი. ამერიკელი ქორეოგრაფის შთაგონების წყარო კარლ გუსტავ იუნგის ნაშრომი, ,,სინქრონულობა“ გახდა. ვფიქრობ ქეროლინ კარლსონის მამოძრავებელი მოტივი შექმნას ვიზუალური პოეზია ძალზედ ამაღელვებელად და საინტერესოდ ჟღერს. მიუხედავად აზრის სიდიადისა, მიმაჩნია, რომ სწორედ მხოლოდ ვიზუალური ეფექტურობისკენ სწრაფვამ დააკარგვინა წარმოდგენას სიღრმე და კარლ გუსტავ იუნგის ნაშრომიც ზედაპირულად გააცოცხლა. იუნგის ნაშრომის აზრი, რომ არაფერი ხდება შემთხვევით და თითოეული ჩვენგანის სვლა ურთიერთშეთანხმებულია, წარმოდგენაში პირადად ჩემთვის არ ყოფილა მკაფიო. გარდა ამისა პასუხგაუცემელი დარჩა კითხვა მოცეკვავეთა ასინქრონული მოძრაობა წარმოდგენის ჩანაფიქრი იყო თუ მოცეკვავეების საგასტროლო მღელვარება. ინტერნეტ სივრცეში არსებული ინფორმაციის დაახმარებით გავიგე, რომ ეს წარმოდგენის ნაწილი ყოფილა. ვფიქრობ, როდესაც მაყურებელს მსგავსი კითხვა უჩნდება, ეს შემოქმედებითი გუნდის წარმატებად ვერ ჩაითვლება. გარდა ამისა ჩემთვის რთულია ვისაუბრო ქორეოდრამიდ მოვლენათა რიგზე, რადგან მასში არსებული სიმბოლოები და მეტაფორები ან ზედმეტად შეფარული იყო, ან ზედმეტად პლაკატური. სამი ქალისა და მამაკაცის არც თუ ისე მარტივი მოძრაობა რა თქმა უნდა ესთეტიკურად ასე თუ ისე სასიამოვნო სანახავი იყო, თუმცა პირადად ჩემზე მას ,,შთაბეჭდილება“ არ მოუხდენია.
ვფიქრობ ხელოვნება, განსაკუთრებით კი სასცენო ხელოვნება, ან აზრობრივად, ან ემოციურად უნდა იყოს შთამბეჭდავი (ყველაზე კარგ შემთხვევაში ორივე ერთად). რა თქმა უნდა გადაჭრით ვერაფერზე ვისაუბრებ და სავსებით ვუშვებ იმ ფაქტს, რომ წარმოდგენა პირადად ჩემთვის იყო გაუგებარი. შესაძლებელია ქეროლინ კარლსონის ესთეტიკური აზროვნება არ არის ყველა ტიპისა და გემოვნების მაყურებელზე გათვლილი. ვფიქრობ საკითხავია ,,სინქრონულობის გზაჯვარედინზე“ მასაზეა გათვლილი, თუ ,,მაღალ საზოგადოებაზე“.
ქართველი მაყურებელი არ არის განებივრებული ქორეოგრაფიული წარმოდგენებით. მიუხედავარ ამისა, ვფიქრობ, რომ ქართულ თეატრში მეტად ღრმა, ტექნიკურად დახვეწილი და ბევრად ესთეტიკური ქორეოდრამის ნახვაა შესაძლებელი. ეს რა თქმა უნდა ჩემი ძალზედ მიკერძოებული აზრია. კონკრეტული ქართველი თეატრმცოდნეების მიერ ნათქვამია, რომ საქართველო მეფის რუსეთისა და საბჭოთა კავშირის დროს თეატრალური იმპერიის პროვინცია იყო. ზოგადად მიმაჩნია, რომ ქართველ მაყურებელს (და არა მარტო მაყურებელს) უცხოური შემოქმედების ქართულზე მეტად დაფასება ახასიათებს. სწორედ ამან შეიძლება აქციოს ქართული თეატრი, ევროპული თეატრის პროვინციად.