top of page

ბეკეტისეული „აბსურდი“ სახალხო სამოედნო კარნავალური თეატრიდან „კამერულ თეატრამდე“

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

277819551_4959286404140656_7340463612459359683_n.jpeg

მარინე (მაკა) ვასაძე

ბეკეტისეული „აბსურდი“ სახალხო სამოედნო კარნავალური თეატრიდან „კამერულ თეატრამდე“

პროლოგი: არასდროს „მიტაცებდა“, ჰაიდეგერისა თუ იასპერსის დაფუძნებული ფილოსოფიური მიმდინარეობა - ეგზისტენციალიზმი, ანდა, სარტრის მიერ, საფრანგეთის იმ პერიოდის რეალობაზე (I მსოფლიო ომი, II მსოფლიო ომი - ოკუპირებული საფრანგეთის 2/3), ფილოსოფიასა თუ სახელოვნებო სივრცეში, მორგებული „ეგზისტენციალიზმი“ და შემდეგ, გენიოსი ალბერ კამიუს წინამძღვრობით „აბსურდის თეატრში“ გადასული „აბსურდი“. თუმცა, ყოველთვის ვაფასებდი მათ შემოქმედებას (ანუი, ნაწილობრივ ეგზისტენციალისტი, სარტრი, კამიუ, ჟენე, იონესკო, ბეკეტი, ადამოვი, ოლბი და სხვ.).

 

აბსურდის თეატრი: ეჟენ იონესკოს, სამუელ ბეკეტის, არტურ ადამოვის, ჟან ჟენესა და სხვათა შემოქმედებას მკვლევრები სხვადასხვაგვარად იხსენიებენ: აბსურდის თეატრი, პარადოქსის თეატრი და ანტიდრამა. ეპითეტების ეს მრავალფეროვნება ხაზს უსვამს დრამის ფორმის ახალ გლობალურ გადააზრებას. პიესას ჩამოსცილდა ჩვეული, ტრადიციული - ჟანრობრივი განსაზღვრულობა, სიუჟეტი, მოქმედებისა და პერსონაჟთა ხასიათების ფსიქოლოგიური განვითარება, დასრულება და ა. შ. მართალია, აბსურდისტებმა თავიანთ ნაწარმოებებში ასახული ძირითადი დებულებები ეგზისტენციალისტებისგან „ისესხეს“: ადამიანის იზოლირება გარე სამყაროსგან, ინდივიდუალიზმი და „ჩაკეტილობა“, არაკომუნიკაბელურობა, ადამიანებს შორის ურთიერთობის შეუძლებლობა... თუმცა, ე. წ. „აბსურდისტებმა“ ალბერ კამიუს შემოქმედებაში (ესეი-ები, წერილები, სტატიები და სხვ.) არსებული, „არჩევანის“ შემდეგ - „აქტის“ - განხორციელების აბსურდულობა, აქტიური ქმედებების უშინაარსობა, ბოროტების დაუმარცხებლობა, ადამიანის მიერ დასახული მიზნის მიუღწევადობა (და ა.შ), უფრო მეტად განავითარეს. და, რაც მთავარია, ეგზისტენციალისტებმა ვერ შექმნეს განსხვავებული ფორმა, „აბსურდისტებმა“ კი, დაარღვიეს პიესის (დრამატურგიული ნაწარმოების) სტრუქტურული აგებულება და მსოფლიოს სრულიად ახალი დრამატურგია შესთავაზეს. შეიძლება ითქვას, რომ ისინი ნამდვილი მეამბოხეები, „რევოლუციონერები“ იყვნენ. მარტინ ესლინის მოსაზრებით, „აბსურდის თეატრის“ ავტორებმა გაითავისეს და გამოიყენეს ყველა ის ჟანრი, ფორმა თუ ხერხი, რაც კი არსებობდა დრამატურგიის განვითარების ისტორიაში ანტიკური პერიოდიდან დაწყებული და შექმნეს საკუთარი, ორიგინალური ფორმა, რაც ვერ მოახერხეს ეგზისტენციალისტებმა.

 

ესლინი, წიგნში „აბსურდის თეატრი“, ხაზგასმით აღნიშნავს, იმისდა მიუხედავად, რომ: „აბსურდის თეატრის“ წარმომადგენლებმა შექმნეს მიმდინარეობა, ამ მიმდინარეობის დრამატურგები არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვიაზროთ, როგორც ერთი რომელიმე მიმართულების ან სკოლის წარმომადგენლებად. მათ ყოფიერების, არსებობისა და ისტორიის თავისებური, მათეული აღქმა აერთიანებთ. „შეკითხვაზე თქვენ „აბსურდის თეატრს“ მიეკუთვნებითო, განრისხებულები გიპასუხებენ, რომ არა, და, მართლებიც იქნებიან. ვინაიდან, თითოეული მათგანი საკუთარი მსოფლაღქმის გამოხატვის ფორმებს ეძებს“. სემუელ ბეკეტი: წარმოშობით ირლანდიელ - სემუელ ბეკეტს, მეოცე საუკუნის მწერალს, პროზაიკოსს, პოეტს, დრამატურგს, მიმდინარეობის - „აბსურდის თეატრი“ - ერთ-ერთ უდიდეს წარმომადგენელს, საერთაშორისო აღიარება დრამატურგიამ მოუტანა. სემუელ ბეკეტის დრამატურგიული ნაწარმოებები, ისევე, როგორც ყველა დიდი შემოქმედის, მრავალგვარი ინტერპრეტირების საშუალებას იძლევა. ამიტომაც, მისი პიესები დღესაც იდგმება ასეთი სიხშირით. განსაკუთრებით კი, „გოდოს მოლოდინი“, „თამაშის დასასრული“, „კრეპის უკანასკნელი ფირი“, „ბედნიერი დღეები“... „ბეკეტთან კომიკურ ტრაგიკულის ტრადიციული კატეგორიები, ისევე, როგორც დრამატურგიის კანონები დარღვეული და არეულია. ამბავი ქრება, დრო იყინება. ტრაგიკული და იმავდროულად სასაცილო პერსონაჟები, რომლებსაც დაბადებიდანვე არსებობის აუცილებლობა აქვთ მისჯილი, იდენტურობას, საკუთარ მე-ს კარგავენ და თითქოს თვითონაც იკარგებიან განწმენდილ, მინიმალისტურ მეტყველებაში“.

 

აბსურდის თეატრი საქართველოში: საქართველოში ე. წ. „აბსურდის თეატრით“ და სხვა მიმდინარეობებით დაინტერესება (პოსტდრამატურგია, ახალი ტექსტუალობები, სახეში მოხლილი დრამატურგია და ა. შ.), საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1990-იანი წლებიდან, იწყება, და, სხვასთან ერთად, ბეკეტის ზემოთ ჩამოთვლილი პიესები („გოდოს მოლოდინი“, „თამაშის დასასრული“, „კრეპის უკანასკნელი ფირი“, „ბედნიერი დღეები“) გამორჩეული ინტენსივობით იდგმება.

 

ბეკეტის ქართულად თარგმანის შესახებ: საქართველოში მთარგმნელობითი სკოლა საუკუნეების განმავლობაში (უცხო ენიდან - ქართულზე და ქართულიდან - უცხო ენაზე) ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მართალია, გვქონდა პერიოდები, როდესაც მთარგმნელობითი სკოლები კნინდებოდა. მაგალითად, გეორგიევსკის ტრაქტატის დარღვევის შემდეგ, „ბოროტების იმპერიის“ მარწუხებში ყოფნისას. წარმოშობით პროტესტანტი ირლანდიელი სემუელ სემუელ ბეკეტის დრამატურგიული ნაწარმოებების ქართულად თარგმანის ისტორია, ძირითადად მე-20 საუკუნის 80-90-იანი წლებიდან იწყება და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის პერიოდიდან (1991) მოყოლებული ვითარდება და იხვეწება. ფრანგული ენიდან თარგმნილი, თანამედროვე ფრანგულენოვანი დრამატურგთა პიესების, ერთ-ერთი საუკეთესო კრებულია - თანამედროვე ფრანგული თეატრი. არტურ ნოზისიელის, ანრი დანონის, იზაბელ დორეს, ადელ ჰაკიმისა და სემულ ბეკეტის პიესები, ორიგინალური ენიდან, ნათარგმნია: გიორგი ეკიზაშვილის, ქეთი კვანტალიანის, ირინა ღოღობერიძის (კრებულის შემდგენელი) მიერ. კრებულს ერთვის წინასიტყვაობა, კომენტარები, ჟან პიერ ტიბოდას ერთობ მნიშვნელოვანი, საინტერესო წერილი. კრებულის წინასიტყვაობაში ამოვიკითხავთ: „თითქოს გამართლდა გორდონ კრეგის წინასწარმეტყველება: „იმ დღეს, როდესაც რეჟისორი სიუჟეტის, ენის, მოძრაობისა და რიტმის ურთიერთშეკავშირებას შეძლებს, იგი ხელოვანი გახდება. დრამატურგი აღარ დაგვჭირდება და ჩვენი ხელოვნება დამოუკიდებელ ხელოვნებად იქცევა“. მაგრამ „მისი უდიდებულესობა სიტყვის“ მოტრფიალე ფრანგებმა პროფესიონალი დრამატურგები საბოლოოდ მაინც ვერ განდევნეს სცენიდან. საავტორო თეატრთან ერთად მათ ბულვარის თეატრიც შეინარჩუნეს და ახალი პოეტური თეატრიც შექმნეს“. კრებულში შესულია ფრანგულიდან თარგმნილი სემუელ ბეკეტის - ო, ეს ბედნიერი დღეები/ Oh Les Beaux Jours (თარგმანი ი. ღოღობერიძე). ცნობილია, რომ ბეკეტი ორ ენაზე ქმნიდა ნაწარმოებებს - ფრანგულად და ინგლისურად. ფრანგულად დაწერილ - ბედნიერ დღეებს - ო, ეს ბედნიერი დღეები უწოდა, ხოლო ინგლისურად კი - ბედნიერი დღეები (Oh Les Beaux Jours / Happy Days). ბეკეტის პიესების სხვადასხვა ენაზე თარგმნისას, ბეკეტისეული - სიტყვათა თამაში, ამა თუ იმ ენისთვის დამახასიათებელი ნიუანსებით გადადის.

 

გიორგი აფხაზავას ბეკეტი: რამდენიმე წლის წინ, თუმანიშვილის თეატრში, ახალგაზრდა რეჟისორმა გიორგი აფხაზავამ, ბეკეტის „გოდოს მოლოდინის“ საინტერესო ინტერპრეტირება განახორციელა. 2022 წლის მარტის ბოლოს, თავისსავე დაარსებულ - კამერულ თეატრში - მაყურებელს „ბედნიერი დღეების“ რეჟისორული ინტერპრეტაცია-კონცეფცია შესთავაზა (რეჟისორის ასისტენტი ლევან ბაქრაძე). რეჟისორმა სპექტაკლის დადგმისას, რატომღაც არ აიღო ქართულ ენაზე ფრანგულიდან პროფესიონალურად ნათარგმნი პიესა და რუსულად, კარგად ნათარგმნი ბეკეტის, ქართულად გადმოკეთებულ ვარიანტს დასჯერდა (ეს ჩემთვის გაუგებარია). წარმოდგენის მსვლელობისას, მსახიობთა უმეტესწილად ნინო გაჩეჩილაძის - ვინის - მეტყველებაში (ვინაიდან ვილის ისედაც ძალიან მწირად აქვს სალაპარაკო ტექსტი, - იპარებოდა რუსულის ე. წ. „კალკები“. ასევე, არასწორი (გრამატიკულად) ქართულით წარმოთქმული სიტყვები. სამწუხაროდ, ჩვენ სამეტყველო ენაში მომრავლებული, არა აქვს მნიშვნელობა მოღვაწეობის სფეროს: ჟურნალისტიკა, დებატები, საჯარო გამოსვლები თუ სხვ. (მაგალითად: არასწორია - მადლობა, ჩვენთაგანი და ა. შ.). თავიდანვე აღვნიშნავ, სპექტაკლი ბეკეტისეული ხელწერის და ე. წ. „სამოედნო თეატრის“ ფეერიული განწყობის ერთგვარი ნაზავია. ეს არის სპექტაკლი, რომელიც ზუსტად ესადაგება მკვლევრის, მეცნიერის - მარტინ ესლინის ზემოთ მოყვანილ მოსაზრება-დასკვნას, რომ აბსურდის თეატრი, ანტიკური პერიოდიდან დაწყებული, იყენებს ყველა ჟანრს, ფორმას, ხერხს. გიორგი აფხაზავამ 40-42 გვერდიანი ბეკეტის პიესა 7 გვერდამდე დაიყვანა, ტექსტი შეამოკლა-გადაამონტაჟა, დრამატურგიულ მასალაში ნახსენები ზოგიერთი პერსონაჟი (მაგალითად, მისტერ და მისის კუშები) სათამაშო მოედანზე გააცოცხლა. ამისდა მიუხედავად, ბეკეტის მთავარი სათქმელი დატოვა. გიორგი აფხაზავა - „ბედნიერი დღეების“ - თანაავტორად, უფრო სწორედ, რეჟისორ-ავტორად მოგვევლინა (პოსტ-პოსტმოდერნულ თეატრში მიმდინარე პროცესების ერთ-ერთი უმთავრესად დამახასიათებელი მოვლენა - ავტორ-დრამატურგს ანაცვლებს ავტორი - რეჟისორი). შემოკლება-კუპიურების წყალობით სპექტაკლი ერთ საათამდე გრძელდება, რაც ვფიქრობ, ჩვენი „აჩქარებული“ ინტერნეტ-ეპოქიდან თუ „აჩქარებულ დროიდან“ გამომდინარე, აბსოლუტურად მისაღებია, მითუმეტეს, რომ რეჟისორმა ეს „აჩქარება“ ოსტატურად განახორციელა. მახსოვს სტურუას „გოდოს მოლოდინი“ (რეჟისორის ერთ-ერთი შედევრი: ზაზა პაპუაშვილის, ლევან ბერიკაშვილის, გოგა გველესიანის და მიწვეული მსახიობის ამირან ამირანაშვილის მონაწილეობით) ერთ-ერთმა ჩემმა კოლეგამ ამგვარად შეაფასა: მეორე ნაწილი ბეკეტის პიესისა არ დაუდგამსო (მეტად პრიმიტიული, შეიძლება ითქვას, იუმორის მომგვრელი შეფასებაა, მეტი თუ არა. ანდა, 2-3 წლის წინ მის მიერვე დადგმული „თამაშის დასასრულზე“ გამოთქმული მოსაზრება, რომ მისი რეჟისორული ხელწერითაა დადგმულიო). ბეკეტის „ბედნიერი დღეები“ (მისი სხვა პიესების მსგავსად) - სამყაროში ადამიანის მიერ საკუთარი ადგილის ძიებაა. რატომ მოავლინა უფალმა (ღმერთმა, განგებამ, ბუნებამ, რაც გნებავთ, ის დავარქვათ) ამქვეყნად ადამიანი (გონიერი, მოაზროვნე არსება „ჰომოსაპიენსი“), თუკი სხვა არსებების მსგავსად, მაგალითად, (ამ შემთხვევაში) ჭიანჭველა, რომელიც ბეკეტთან, მთელი ცხოვრების განმავლობაში თვითგადარჩენის ინსტინქტით მუდმივად მოფუსფუსე არსების სიმბოლოა. აფხაზავას სპექტაკლში კი უფრო ხაზგასმულად, ადამიანი (ჰომოსაპიენსი) ღვთის მიერ თვის ხატად შექმნილი, ხელში გასრესს ჭიანჭველას, სპობს სიცოცხლეს. „თამაშის დასასრულში“ ბეკეტთან ამგვარი სიმბოლური არსება რწყილია, რომელსაც ადამიანები კლავენ და სხვ. სამყაროში „გადმოგდებული“, უგზო-უკვალოდ დაკარგული, მარტოსული, არსებობისა და ყოფიერების აზრს მოკლებული, საკუთარი ადგილის მაძიებელი და ვერ მიმგნები - ჰომოსაპიენსი, „ნიჰილისტი“ აბსურდისტების, მათ შორის, ბეკეტის შემოქმედების მთავარი იდეა, აზრი სათქმელია. ამ „დეპრესიული“ ძიებების მიუხედავად, ბეკეტი (სხვასთან ერთად) ყოველთვის იყენებს სარკაზმით გაჯერებულ იუმორს. ეს ხერხი მკითხველსა თუ მაყურებელს „უმსუბუქებს“ სამყაროს აბსურდული საზრისის აღქმას (კაფკას ნაწარმოებებისგან განსხვავებით). გიორგი აფხაზავამ ბეკეტისეული ტექსტის სასცენო ტექსტად ინტერპრეტირებისას, სარკაზმით გაჯერებული იუმორიდან, იუმორი დააწინაურა, სახალხო-სამოედნო სათეატრო „კარნავალური“ ხერხები შეურწყა და ფეერიული სანახაობა შექმნა.

 

მუსიკა: სარეჟისორო კონცეფციის წარმოჩენას გია ყანჩელის მუსიკა, თუ შეიძლება ასე ითქვას, „ნათელს ჰფენს“. კომპოზიტორის მიერ, სხვადასხვა პერიოდში შექმნილი, საკუთარ ნაწარმოებებში გამოუყენებელი მუსიკალური ფრაზები, გიორგი აფხაზავას სპექტაკლის სტილისტიკის განმსაზღვრელი, განწყობის შემქმნელია, ანუ, უმთავრესი კომპონენტია. რომ არა ყანჩელის მუსიკა, შესაძლოა წარმოდგენა არ შემდგარიყო. პირადად ჩემში, ფელინისეულ ფეერიასთან ასოციაციური შედარება-გრძნობები, სწორედ ამ მუსიკამ გამოიწვია.

 

მხატვრობა: აფხაზავას სპექტაკლში უდიდესი დატვირთვა აკისრია მხატვრობას. სოფო კიკაბიძის შექმნილი სცენოგრაფია - ბეკეტისეულია (რემარკების მიხედვით) შექმნილი, მაგრამ, რაც მთავარია, გათანამედროვებული, სიმბოლურ-მეტაფორული აქცენტებით გაცოცხლებული. მაგალითად, ქვიშის საათი, დრო და დრო ტელეეკრანზე სცენაზე მიმდინარე ქმედება-მოვლენების ასახვა, ეკრანის ციმციმი, უკანა ფონზე ქვიშიანი უდაბნო, ფინალში ვინის ქოლგით დაფარული მზე - სამყაროს დასასრული, და სხვ. მოკლედ, სცენოგრაფიაც ავტორისეულია და მუსიკის მსგავსად სპექტაკლის წარმატების განმსაზღვრელი კომპონენტი.

 

მსახიობები: პიესის მსგავსად, სპექტაკლის მთავარი მოქმედი პერსონაჟი ნინო გაჩეჩილაძის - ვინია. ვილი - ცოტნე მაისურაძე დამხმარე ტიპაჟია. ხოლო, „გაცოცხლებული“ მისტერ და მისის კუშები - (გიორგი თენაძე, ტატა მეცხოვრიშვილი) სახალხო-სამოედნო თეატრის კარნავალური ნიღბები არიან. სცენაზე მყოფი ოთხივე „მსახიობი“ ზუსტად მისდევს და ასრულებს რეჟისორის მიცემულ ამოცანას. განსაკუთრებით გამოვყოფ, ნინო გაჩეჩილაძის - ვინის, ტრაგი-ფარსულ პერსონაჟს (ადამიანს). ნინო გაჩეჩილაძე სამსახიობო ოსტატობით ძერწავს ვინის, როგორც სულიერ, ასევე ფიზიკურ მდგომარეობას. მეტყველებით, პლასტიკით, ჟესტიკულაციით, გრძნობათა ბუნებით, ფსიქოლოგიური ნიუანსების შერწყმით - ავითარებს და ქმნის მარტოსული ადამიანის სახეს. გაჩეჩილაძის ვინი - აფხაზავას სპექტაკლის ღერძია - ცხოვრების, სიცოცხლის საზრისს მოკლებული ადამიანის ფიქრების და გრძნობების გადმომცემი. სამყაროს აბსურდული ყოფის გამხმოვანებელი. რაც მთავარია, და, რაც, ბეკეტთანაც არის, სარეჟისორო კონცეფციის თანახმად, მსახიობის შესრულებაში ნათლად გამოისახება, რომ ყველაფრისდა მიუხედავად სიცოცხლე - ცხოვრება გრძელდება, რაც არ უნდა აბსურდული იყოს. ადამიანი ყოველთვის, დღიდან გაჩენისა, ეძებდა პასუხს კითხვებზე: ვინ ვარ, რისთვის გავჩნდი, საით მივდივარ...? ეს კითხვები მუდამ არსებობდა და მუდამ იარსებებს, მანამ სანამ დედამიწა ტრიალებს, სანამ ადამიანს აზროვნების, ფიქრის, გრძნობების გამოხატვის უნარი შენარჩუნებული ექნება (არ გარდაიქმნება რობოტად), სანამ იარსებებს რეალური და ირეალური სამყარო (ადამიანის ცნობიერებაში).

 

ეპილოგის მაგიერ: სამყაროს ჩემეული აღქმა. ყოველთვის, ყოველ დროსა თუ სივრცეში, მჯერა, მწამს - სიყვარულის, სიკეთის, მიტევების, თანალმობის, მეგობრობის... მწამდა და მწამს სიყვარული=სიკეთე გაიმარჯვებს ბოროტებაზე. რეალური თუ ირეალური სამყაროს, ამჯერად, საქართველოს მოქალაქეები - ენის, ეროვნების, რელიგიური მრწამსის განსხვავებულობის მიუხედავად, ჩვენი ქვეყნის სიყვარულით, მომავლის იმედით გავერთიანდებით; რაც, მთავარია, ჩვენში არსებული არქეტიპული კერპთაყვანისმცემლობა დაიძლევა და მუდამ გვემახსოვრება დიდი ილიას სიტყვები: „ენა, მამული, სარწმუნოება“. სიყვარული გაიმარჯვებს... მიუხედავად იმისა, რომ დღეს, 21-ე საუკუნეში კვლავ პასუხგაუცემელი რჩება ადამიანის მიერ დასმული კითხვები: ვინ ვარ, რატომ გავჩნდი, რა მსურს, საით მივდივარ...

 

ჩემეული მრწამსი: „ჰე, ღმერთო ერთო, შენ შეჰქმენ სახე ყოვლისა ტანისა! შენ დამიფარე, ძლევა მეც დათრგუნვად მე სატანისა, მომეც მიჯნურთა სურვილი, სიკვდიდმდე გასატანისა, ცოდვათა შესუბუქება, მუნ თანა წასატანისა“.

  1. მარტინ ჰაიდეგერი (Martin Heidegger); 1889-1976, გერმანელი ფილოსოფოსი, XX საუკუნის ეგზისტენციალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

  2. კარლ თეოდორ იასპერსი (Karl Theodor Jaspers); 1883-1969, გერმანელ-შვეიცარიელი ფსიქიატრი და ფილოსოფოსი; XX საუკუნის ეგზისტენციალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

  3. ჟან პოლ სარტრი, ფრანგი ფილოსოფოსი (სფეროები: ეგზისტენციალიზმი, ფენომენოლოგია, ფილოსოფიური მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე, სხვასთან ერთად, დიდი გავლენა იქონიეს -ფილოსოფოს-იდეალისტმა, ტრასცენდანტალური ფენომენოლოგიის ფუძემდებელმა,  ედმუნდ ჰუსერლმა; მარტი ჰაიდეგერმა, გერმანელი ფილოსოფოსი, წვლილი მიუძღვის ფენომენოლოგიის, ჰერმენავტიკის და ეგზისტენტციალიზმის განვითარება- დაფუძნებაში), მწერალი, დრამატურგი, ესეისტი,  პოლიტიკური მემარცხენე აქტივისტი, XX საუკუნეში სახელგანთქმული, როგორც ეგზისტენციალიზმის ერთ-ერთი თვალსაჩინო წამომადგენელი.  ფემინისტი, აქტივისტი, ფილოსოფოს-ეგზისტენციალისტი  სიმონა დე ბოვუარის „სამოქალაქო ქმარი.“

  4. ტერმინი „აბსურდის თეატრი“ მკვლევრის მარტინ ესლინის დაფუძნებულია.

  5. მარინე (მაკა) ვასაძის სალექციო კურსის რიდერიდან.

  6. მარტინ ესლინი - ტერმინის „აბსურდის თეატრი“ შემომტანი.

  7. Эсслин М. Театр абсурда. Изд. «Балтийские сезоны».  2010. Ст.4-6.

  8. https://avidreaders.ru/read-book/teatr-absurda.html  (ბოლოს გადამოწმებულია 08.04.22).

  9. (სტატიაში თარგმანი ყველგან ჩემია მ. ვ.).

  10. სემუელ ბეკეტი, სრულად Samuel Barclay Beckett - დაიბადა (13 აპრილი?, 1906, ფოქსროკი დუბლინის საგრაფო, ირლანდია - გარდაიცვალა 1989 წლის 22 დეკემბერს, პარიზი, საფრანგეთი) პროტესტანტულ ოჯახში. ავტორი, კრიტიკოსი და დრამატურგი, ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში (1969). წერდა, როგორც ფრანგულ, ასევე, ინგლისურ ენებზე და, ალბათ, ყველაზე ცნობილია თავისი პიესებით, განსაკუთრებით გოდოს მოლოდინში Waiting for Godot (1952).  Encyclopaedia Britannica, the Editors MMartin J. Esslin

  11. https://www.britannica.com/biography/Samuel-Beckett/Continuity-of-his-philosophical-explorations

  12. ღოღობერიძე ი., შემდგენელი, ერთ-ერთი მთარგმნელი. თანამედროვე ფრანგული თეატრი. გამ. „საარი“. 2005. გვ.199. ©ირინა ღოღობერიძე; შ.პ.ს. „საარი“.  

  13. ვგულისხმობ, როგორც ჰაგიოგრაფიული, ბიბლიური, ძველი თუ ახალი აღთქმის თარგმანებიდან მოყოლებული დღევანდელ დღემდე. (იხ. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ედიშერ ჭელიძის რადიო-სალექციო კურსი - საეკლესიო მწერლობის ჰაგიოგრაფიული ჟანრი.http://library.church.ge/index.php?option=com_content&view=article&id=765%3A2017-12-18-07-58-08&catid=54%3A2016-03-23-07-24-06&Itemid=73&lang=ka / ასევე, ბიბლიის გამოცემები სხვადასხვა ენაზე, გ. შატბერაშვილი, 1.1.58 ქართული ბიბლიის ისტორია. BIBLIA.GE Articles-paralles-context  http://biblia.ge/paralel/1526

  14. გეორგიევსკის ტრაქტატი 1783 - ხელშეკრულება რუსეთის იმპერიასა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის, დადებული 24 ივლისს (4 აგვისტოს) რუსულ ციხესიმაგრე გეორგიევსკში (ჩრდილოეთ კავკასია). ტრაქტატს ხელი მოაწერეს რუსეთის მხრიდან გენერალმა პავლე პოტიომკინმა, ქართლ-კახეთის, მხრიდან ივანე მუხრანბატონმა და გარსევან ჭავჭავაძემ. გეორგიევსკის ტრაქტატით რუსეთი აღიარებდა ქართლ-კახეთის სამეფოს ავტონომიას და ვალდებულებას იღებდა დახმარებოდა მას გარეშე მტრებთან ბრძოლაში. ქართლ-კახეთის მეფე, თავის მხრივ, აღიარებდა რუსეთის იმპერატორის უზენაესობას და აღუთქვამდა მას ერთგულებას; აღმოსავლეთ საქართველოს საგარეო ურთიერთობები უნდა შეჯერებულიყო რუსეთის ინტერესებთან. გ.ტ. „საუკუნოდ” დადებულ „მეგობრობის პირობად” ცხადდებოდა. მასში ცვილებების შეტანა შეიძლებოდა მხოლოდ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. მაგრამ ეს პირობები რუსეთის მხარემ არ შეასრულა. 1795 წელს დაუშვეს ირანის მბრძანებლის აღა-მაჰმად-ხანის თავდასხმა საქართველოზე, ხოლო შემდეგ, იმპერატორების პავლე I-ისა და ალექსანდრე I-ის 1800 და 1801 წლების. მანიფესტებით, გამოცხადდა ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმება და აღმოსავლეთ საქართველოს შეერთება რუსეთის იმპერიასთან. წყარო: ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი http://www.nplg.gov.ge/wikidict/index.php/%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98%E1%83%94%E1%83%95%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98_178

  15. თანამედროვე ფრანგული თეატრი, ღოღობერიძე ი., შემდგენელი, ერთ-ერთი მთარგმნელი. გამ. „საარი“. 2005. გვ.199. ©ირინა ღოღობერიძე; შ.პ.ს. „საარი“.  

  16. იქვე. გვ.4.

  17. გიორგი აფხაზავა, ახალგაზრდა რეჟისორი, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის, საშემსრულებლო ხელოვნების პედაგოგი-ლექტორი, თბილისში კიდევ ერთი ახალი, კერძო სათეატრო სივრცის - „კამერული თეატრი“ - შემქმნელი.

  18. სპექტაკლის საპრემიერო დღეები კერძო - კამერული თეატრის - ე. წ. „ოფიციალური“ გახსნაც გახლდათ.

  19. „ბედნიერი დღეები“ გიორგი აფხაზავას, რამდენიმე ხნის წინ, დადგმული აქვს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტშიც.

  20. მსოფლიოში, სამოედნო, სახალხო თეატრი - სათავეს ანტიკური თეატრიდან იღებს (არსებობს სხვა მოსაზრებებიც, მაგრამ ისინი მხოლოდ რიტუალური თეატრის არსებობას ეხება), შუა საუკუნეებიდან კი ახლებურ განვითარებას იძენს, აღორძინების ეპოქაში იტალიაში დაგვირგვინდა „კომედია დელ’არტე“-თი (პირველი პროფესიული თეატრი). საქათველოში შუასაუკუნეების ევროპასთან შედარებით ბევრად ადრე დაიწყო, ისევე როგორც ლიტერატურაში, „ვეფხისტყაოსანი მე-12 საუკუნეში იქმნება, უფრო ადრე ვიდრე დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედია“, ყველა რეგიონს თავისი სანახაობები ჰქონდა.  ჯანელიძე დ. ქართული თეატრის ისტორია, ხალხური საწყისები, გამ. „კენტავრი“. თბ. 2018 წ.

  21. ჩემეული მოსაზრება სტურუას „თამაშის დასასრულზე“ შეგიძლიათ იხილოთ ჟურ. თეატრში „ჩვენი დღეების აპოკალიფსისი “, 2020 #2

  22. „ბოროტსა სძლია კეთილმან არსება მისი გრძელია“ – („ვეფხისტყაოსანი“ შოთა რუსთაველი - 1370 (დ)), http://www.nplg.gov.ge/saskolo/index.php?a=term&d=18&t=23644 (ბოლოს გადამოწმებულია: 29.06.22)

  23. [1] 1878 წელს – აჭარის დედა–სამშობლოს ფარგლებში დაბრუნების შემდეგ, ქართველთა ერთ ნაწილში არსებობდა უარყოფითი და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება მუსლიმი ქართველებისადმი. ილია ჭავჭავაძემ თავისი ცნობილი ლოზუნგი – „მამული, ენა, სარწმუნოება '' ამის გამო შეცვალა ლოზუნგით – „მამული, ენა, ისტორია“ და შემდეგ სწორედ ასეთი შინაარსით ახმოვანებდა მას. დიდმა ილიამ ამ და სხვა მრავალი კეთილშობილური ნაბიჯით, ყველას მაგალითი უჩვენა – თუ როგორ აერიდებინათ მუსლიმი ქართველების გულისტკენა. https://intermedia.ge/სტატია/21196-რატომ-შეცვალა-ილია-ჭავჭავაძემ-თავისი-ცნობილი-ლოზუნგი-მამული-ენა-სარწმუ/85/ (გადამოწმებულია 29.04.22).

  24. შოთა რუსთაველი, ვეფხისტყაოსანი რუსთაველისა, გამოცემული გ.დ. ქართველიშვილის მიერ, ტფილისი, სტამბა „მარტიროსიანცისა“, 1888 წ. ხელახალი გამოცემა: გამომც: „საბჭოთა საქართველო“, თბ. 1988 წ. გვ.1.

bottom of page