ბერი არსენის ცხოვრება ბოლნისის თეატრში...
სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის
„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში
.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.
ნერონ აბულაძე
ბერი არსენის ცხოვრება ბოლნისის თეატრში...
წლების წინ, სტუდენტობისას, თემურ ჩხეიძეს ერთ-ერთი საგაზეთო ინტერვიუს ჩაწერის დროს ვკითხე, თუ რატომ მოხსნა მარჯანიშვილის თეატრის რეპერტუარიდან გახმაურებული სპექტაკლი - ,,ჯაყოს ხიზნები“. - მაყურებელი ჯაყოს უფრო თანაუგრძნობდა ვიდრე თეიმურაზ ხევისთავს და მსახიობებსაც უხერხული მდგომარეობა ექმნებოდათო - მიპასუხა დიდმა რეჟისორმა, რომელიც მალევე შეელია, ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, გამორჩეული მხატვრული ღირებულების წარმოდგენას, რადგან საზოგადოდ გამეფებული აგრესიისა და კრიმინალური მენტალიტეტის ერთგვარი იდეალიზაციის ფონზე სპექტაკლისადმი მაყურებლის დამოკიდებულება აღარ შეესაბამებოდა რეჟისორის მხატვრულ ჩანაფიქრს.
ქართულ თეატრში მრავლად ვხვდებით მსგავს პრეცედენტებს და ისეთ ფაქტებსაც, როცა სრულიად განსხვავებული ესთეტიკისა და მსოფლმხედველობის რეჟისორები არაერთგზის უბრუნდებიან ათეული წლების წინ დადგმულ თავიანთ სპექტაკლებს და მაყურებელს იდენტური, ან განსხვავებული რედაქციით წარუდგენენ. სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როდესაც ბოლნისის მუნიციპალურ თეატრზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ლაშა ნოზაძის სპექტაკლს - დიმიტრი მალიაგინის ,,კრიტი“. რეჟისორმა წარმოდგენა ბოლნისის მუნიციპალური თეატრის სცენაზე პირველად 15 წლის წინ განახორციელა და დღეს, ჩვენს თანამედროვეობაში განვითარებული მოვლენების, გამოწვევებისა თუ რთული სოციალური კონტექსტების გათვალისწინებით, საჭიროდ მიიჩნია სპექტაკლის აღდგენა და მაყურებლისთვის უცვლელი რედაქციით შეთავაზება.
თუკი სცენაზე წარმოდგენილი ამბის მიმართ მაყურებლის დამოკიდებულებით ვიმსჯელებთ თამამად შეიძლება ითქვას, რომ სპექტაკლს დღემდე არ დაუკარგავს აქტუალობა. საპრემიერო ჩვენებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ 21 -ე საუკუნეში თეატრის სტატუსი თუ გეოგრაფიული მდებარეობა ნაკლებად და ხშირ შემთხვევაში საერთოდ აღარ განსაზღვრავს შემოქმედებით ხარისხს. კრიტი - ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელიც რეჟისორმა ცნობილი მწერლის, დიმიტრი მალიაგინის ლიტერატურული პირველწყაროს - ,,ბერი არსენის ცხოვრება“ - საფუძველზე განახორციელა. ამ შემთხვევაში პიესა რეჟისორისათვის მხოლოდ ინსპირაციის წყაროს წარმოადგენს, რადგან გარდა ზოგადი ქარგისა, წარმოდგენას ორიგინალურ ტექსტთან საერთო არაფერი აქვს. შესაბამისად, მალიაგინისეული ორიგინალის ცალკეული მოტივების ინსპირაციით ლაშა ნოზაძემ შექმნა სრულიად ახალი დრამატურგია. მოქმედება მთავარი გმირის, ბერი არსენის ირგვლივ ვითარდება. პიესა ბიბლიური სიუჟეტის ერთგვარ ალუზიას წარმოადგენს, სადაც ავტორი მხოლოდ ცალკეული მინიშნებებით არ იფარგლება და მოქმედების განვითარების პარალელურად, ციტატების სახით, ბიბლიის ფუნდამენტურ პოსტულატებზე აკეთებს აქცენტს. ბერ არსენთან მისული ახალგაზრდა კაცი დაუყოვნებლივ ზიარებას ითხოვს, რა დროსაც ბერი განუმარტავს, რომ ზიარება აღსარების შემდეგაა შესაძლებელი, ხოლო გამონაკლისი მხოლოდ მომაკვდავი ადამიანის შემთხვევაში დაიშვება. მალევე ცნობილი ხდება, რომ ახალგაზრდა კაცს თვითმკვლელობა აქვს გადაწყვეტილი, რადგან, ახლახან, მკვლელობა ჩაიდინა და კონკრეტული ადამიანების სიცოცხლის ხელყოფა სიამოვნებას ანიჭებს. ბერი ამაოდ ცდილობს შუბლზე იარაღ მიბჯენილი ახალგაზრდა კაცის დაშოშმინებას, სთხოვს მისცეს იარაღი, თუმცა ამ შეხლა-შემოხლის დროს ისმის გასროლის ხმა და კაცი ფეხმოცელილი ვარდება იატაკზე. მომდევნო ეპიზოდში მოქმედება სასჯელაღსრულების დაწესებულების დახშულ სივრცეში, ე.წ კრიტში ინაცვლებს.
ერთი შეხედვით, პიესა თავისი მხატვრული სტრუქტურით და შესაბამისად სპექტაკლიც განცდის, ფსიქოლოგიურად მართალი თეატრის პრინციპებს ემყარება, თუმცა პერსონაჟების უმრავლესობა სახე -სიმბოლოების სახით არის წარმოდგენილი. აქ ვხვდებით ქვესკნელის ბნელი ძალებისა თუ სიკვდილის საბოლოო ნავსაყუდრელის - კუბოს მხატვრულ პერსონაჟებს. მთელი სპექტაკლი შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც ბერი არსენის მძაფრი, დრამატული კოლიზიებით გაჯერებული მონოლოგი, სადაც პერსონაჟი საკუთარ თავში ებრძვის ბოროტს, მიმართავს რეფლექსიის აქტს და დასასრულს კაცთმოყვარეობის, მაღალზნეობრივი კატეგორიებისა და რწმენის მარადიულობის იდეას გამოხატავს. ბერ არსენს ახალგაზრდა კაცის მკვლელობაში ედება ბრალი და საბოლოო განაჩენს კრიტის დახშულ სივრცეში ელოდება. საკმარისია პატიმარმა უარყოს ფაქტი, თქვას, რომ არაფერი დაუნახავს და უმალვე თავისუფალი იქნება. ადვოკატის ასეთ შეთავაზებას ბერი არ თანხმდება. არც სხვადასხვა ფორმით შემოსილი დემონებისა თუ ლუციფერების დაჟინებულ მოთხოვნებს ასრულებს...აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რეჟისორი ქვესკნელის ბნელ ძალებს ტრადიციული ეშმაკის სახით არ წარმოგვიდგენს. სატანა, როგორც ღმერთის მარადიული მოქიშპე ადამიანებში ბოროტებას ბადებს.
შუა საუკუნეების შეძახილი, რომ ეშმაკი ყველგანაა ადამიანთა ცნობიერებაში ფუნდამენტურად აღიბეჭდა და შეიქმნა ეშმაკის ერთგვარი ,,სიტყვიერი პორტრეტი“, რაც გულისხმობს ღმერთის, როგორც სიკეთის განმასახიერებლის საპირისპირო, დამანგრეველ ძალას. სხვადასხვა რელიგიებში, მითებსა თუ მხატვრულ ლიტერატურაში ვხვდებით ეშმაკებს მოკაუჭებული ცხვირით, წაწვეტებული, ცხოველისებური ყურებით, რქებითა და კუდით. თუმცა, როგორც მწერალი ზაზა აბზიანიძე ეშმაკის სიმბოლიკის განმარტებისას აღნიშნავს ,, არც ერთ სხვა რელიგიაში ბოროტება არ ყოფილა პერსონიფიცირებული იმგვარი ექსპრესიით, როგორც ქრისტიანობაში. შეიძლება ითქვას, რომ ,,სატანას პორტრეტი“ - ესაა თავისებური ,,კონცენტრატი“ იმ ნეგატიური სიმბოლიკისა, რომელიც ყველა წინარე რელიგიაში არსებობდა“. შესაბამისად ლაშა ნოზაძემ მიზანმიმართულად უარი თქვა სატანის ე.წ ,,ტრადიციულ პორტრეტზე“. სპექტაკლში ისინი ჩვეულებრივი ადამიანის სახით არიან წარმოდგენილნი, რომლებიც, ერთმანეთის მონაცვლეობით თეთრი და შავი ფერის კოსტიუმებით იმოსებიან. მსახიობები - (გია ღვინერია, ლეონტი შიოშვილი) მწყობრი სიზუსტით მიყვებიან რეჟისორის ჩანაფიქრს, რაც ბნელი ძალების მრავალსახეობას, მაქსიმალურ განზოგადებას გულისხმობს. ისინი დროგამოშვებით, გარკვეულ ეპიზოდებში კი ერთად ჩნდებიან და ბერ არსენს არსებული სიტუაციიდან თავის დაღწევის სხვადასხვა ,,საშუალებებს“ სთავაზობენ. მსახიობები რეჟისორის მითითებით თამაშის სხვადასხვა ხერხს მიმართავენ და გარდასახვის დამაჯერებელი მხატვრული ხარისხით გამოირჩევიან. ერთიან სამსახიობო ანსამბლში თავიანთი შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმოაჩინეს ბექა შეყილაძემ - ადვოკატი და ალექსანდრე ჩალაძემ - ახალგაზრდა კაცი. წარმოდგენის საექსპოზიციო ნაწილის დასრულებისას, მალევე ვეცნობით კუბოს მხატვრულ პერსონაჟს, რომელიც პერსონიფიცირებული სახითაა წარმოდგენილი. მსახიობ სოსო ელიზბარაშვილს კარგად იცნობს ქართველი მაყურებელი. ამ შემთხვევაშიც მსახიობის მიერ შექმნილი მხატვრული პერსონაჟი მკვეთრი, ინდივიდუალური მახასიათებლებით გამოირჩევა. მას ბერი არსენის სიკვდილი დაავალეს, დროდ კი მხოლოდ ორი დღე განუსაზღვრეს.
მიზანსცენათა პარალელური მონაცვლეობის კვალდაკვალ იცვლება პერსონაჟის პოზიცია, ფინალურ სცენაში კი ბერი არსენის ძალისხმევით ღვთისმოსავ, კეთილ ადამიანად გადაიქცევა. მსახიობს ყოფნის შესაბამისი არტისტული პოტენციალი ერთ გმირში გააერთიანოს ბოროტისა და კეთილის მარადიული საწყისები. როგორც აღვნიშნეთ მოქმედება მთავარი მოქმედი გმირის, ბერი არსენის ირგვლივ ვითარდება. მალხაზ ბეშიძე მსახიობთა იმ კატეგორიას განეკუთვნება, რომელიც მაქსიმალური პასუხისმგებლობითა და პროფესიული კეთილსინდისიერებით ასრულებს მისადმი დაკისრებულ მარტივ თუ რთულ ამოცანას. მთელი წარმოდგენის მიმდინარეობის მანძილზე არ ტოვებს სცენას, არ ეძლევა მცირედი დროც კი შესასვენებლად...თავისი გმირის მიერ წარმოთქმული ნებისმიერი ფრაზა შესაბამისია სცენაზე ფიზიკური მოქმედებისა, სადაც მსახიობი სრულყოფილად გადმოსცემს პერსონაჟის განცდებს, ფიქრებსა და სულიერ რაობას. მსახიობი ბოლომდე ითავისებს ბერის სულიერ ცხოვრებას, რაც იდენტურად აისახა ფიზიკურ ქმედებაში, მოძრაობასა და მეტყველებაში. დასასრულს რწმენა იმარჯვებს ბოროტებაზე. ბერი არ გატყდა, არ უარყო საკუთარ თავში ღმერთი და აღესრულა როგორც წმინდანი. სპექტაკლის მხატვრული გაფორმება - (ნუგზარ გიორგაძე) რეჟისორის კონცეფციის ორგანული ნაწილია. სცენაზე აღმართულია რუხი ფერის უზარმაზარი კონსტრუქცია, რომელიც ორ ნაწილად იყოფა. მოქმედება ძირითადად ბერი არსენის საკანში ვითარდება, საკნის მაღლა კი დამატებითი სივრცეა განთავსებული. ეს ორი ლოკაცია ერთმანეთთან აღმავალი კიბით არის დაკავშირებული. ასევე ათვისებულია ავანსცენის დაბლა განთავსებული სივრცეც ე.წ ორმო.
სიუჟეტური მიმდინარეობის შესაბამისად მიზანსცენების თანმიმდევრული მონაცვლეობა აღნიშნულ სივრცეებზეა გადანაწილებული. მხატვარი მაქსიმალურ თეატრალურ პირობითობას მიმართავს კოსტიუმების შექმნის დროსაც, რაც ძირითადად თეთრისა და შავი ფერის, როგორც სიკეთისა და ბოროტების მარადიული ჭიდილის კონტრასტულ გადაწყვეტაში გამოიხატა. გასაკვირი არ არის, რომ ლაშა ნოზაძის, როგორც რეჟისორისა და მუსიკოსის, სპექტაკლები ყოველთვის დახვეწილი, გემოვნებიანი მუსიკალური გაფორმებით გამოირჩევა. ,,კრიტის“ განხორციელებისას რეჟისორმა საჭიროდ არ მიიჩნია მიემართა მუსიკალური დრამატურგიისათვის, როგორც ეს ,,ჰამლეტის“ შემთხვევაში გააკეთა. რეჟისორის ეს გადაწყვეტილება სავსებით გასაგებია, რადგან აქ მთავარი ,,სიუჟეტის სიმძიმეა“, ხოლო მუსიკალური გაფორმება - (ცნობილი კლასიკური თუ თანამედროვე მუსიკალური ფრაგმენტების ერთობლიობა - ე.წ ,,კომპილაცია“) ერთგვარ ფონს წარმოადგენს და გამიზნულია სასურველი ატმოსფეროს შესაქმნელად. სპექტაკლის აღდგენა თეატრის 80 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებული აქტივობების შემადგენელ, მნიშვნელოვან ნაწილად შეგვიძლია მივიჩნიოთ. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რეჟისორმა ორი მსახიობი - (სოსო ელიზბარაშვილი, ლეონტი შიოშვილი) - რუსთავის თეატრიდან მოიწვია და ამ გზით საფუძველი ჩაუყარა თეატრებს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივას.
ამდენად, სპექტაკლს - ,,კრიტი“ , როგორც ერთობლივ კოლაბორაციას, ბოლნისთან ერთად რუსთავის თეატრის მაყურებელიც იხილავს. საპრემიერო ჩვენების შემდეგ რეჟისორისა და აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის შემოქმედებითი ჯგუფის მიერ მომზადდა ტელესპექტაკლი, რომლის ტელე პრემიერასაც სრულიად საქართველოს - (და არამარტო) მაყურებელი ივნისის თვის დასაწყისში იხილავს.