ბერნარდა ალბას სახლი
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის
სამინისტროს მიერ.
ლიზა წერეთელი
ბერნარდა ალბას სახლი
,,ბერნარდა ალბას სახლი’’ ფედერიკო გარსია ლორკამ მის მკვლელობამდე, ორი თვით ადრე დაწერა (1936). სპექტაკლის სიუჟეტი ვითარდება ახლად დაქვრივებული ბერნარდა ალბას სახლში, რომელიც მთლიანად აკონტროლებს მის ხუთ ქალიშვილს: ანგუსტიას, მაგდალენას, ამელიას, მარტირიოს და ადელას. მათთან ერთად სახლში ცხოვრობენ მოახლე და დედა, თუმცა რეჟისორ გიორგი კაშიას ვერსიაში ეს პერსონაჟი სრულიად ამოღებულია.
პარტერში შესვლისთანავე ყურადღებას იქცევს სცენა, რომელზეც უკვე განლაგებულები არიან მსახიობები. მუსიკა, განათება, გარემო და პონსიას (ელენე ქურთიშვილი) ესპანურად წაკითხული ტექსტი მძაფრ ემოციას იწვევს დარბაზში შესვლისთანავე და თითქოს მართლაც პანაშვიდზე აღმოჩნდი ისეთი შეგრძნება გაქვს.
აღსანიშნავია ისიც, რომ სცენოგრაფია იყო მინიმალისტური. მხატვარმა (ირიკო აბულაძე) გადაწყვიტა ნაკლებად გადატვირთულიყო სცენა დეკორაციით. შუაში განლაგებული კუბო სხვადასხვა დანიშნულების ხდება სპექტაკლის მსვლელობის დროს, ის ხან ოთახად გადაიქცევა, ხან თავისივე ფუნქციას ასრულებს.
მიუხედავად იმისა, რომ პეპე სცენაზე იშვიათად ჩნდება, მისი თითოეული გამოსვლა დიდ ინტერესს იწვევს მაყურებელში, რადგან არ ვიცით რას უნდა ველოდოთ მისგან .ვატო სანიკიძის პეპეს შესახებ, დასაწყისში დების საუბრიდან ვიგებთ, რომ ის ანგუსტიასს ირთავს ცოლად, თუმცა ცოტა ხანში აივანზე მისი და ადელას სასიყვარულო ურთიერთობას ვხედავთ.
ადელა და პეპე ერთადერთი არ არის, ვისი ურთიერთობაც მკაფიოდ ჩანს სპექტაკლში. ამელიას (ნინა შონია) და მოახლეს (მარიამ მღებრიშვილი) ინტიმური ურთიერთობა აქვთ, რამაც შესაძლოა მაყურებლის გაღიზიანება გამოიწვიოს, თუმცა ჩემის აზრით,სცენა ზომიერად არის დადგმული მითუმეტეს, რომ აივანზე გოგონების ცეკვა კიდევ უფრო მომხიბვლელს ხდის მას.
სპექტაკლში, ასევე გამორჩეულია და ლამაზი მაგდალენას (მაშიკო თვალაბეიშვილი) ესპანური თავისი მუსიკით და განათებით, რომელშიც მსახიობი მთელ თავის ემოციას დებს.
როგორც უკვე აღვნიშნე, სპექტაკლში ამოღებულია დედის პერსონაჟი, თუმცა ის არ არის მთლიანად დაკარგული. პიესაში, ბერნარდა დედამისს გამოკეტავს, აქ კი ამელიას. ნინა შონია შესანიშნავად გვაჩვენებს ამ პერსონაჟის გარდასახვას და ცვლილებას მას შემდეგ, რაც ბერნარდა მოახლეს გააგდებს,ხოლო ამელიას კი ჩაკეტავს.
სპექტაკლის განმავლობაში, პერსონაჟები იცვლიან ხასიათს. მაგალითად ადელა (ნინი ურუმაშვილი) თუ დასაწყისში გაცილებით ლაღი და დებთან შედარებით უფრო მხიარულია, რომელიც ყველანაირად ცდილობს ბედნიერება იპოვოს, სპექტაკლის ბოლოს კი ყველაზე ტრაგიკული პიროვნება აღმოჩნდება. ფინალურ ეპიზოდში (ვგულისხმობ სიკვდილის სცენას), ადელა ლიმონს იწურავს სახეზე და თავს იკლავს. იმ ემოციამ, რომელსაც ნინი ურუმაშვილი ამ დროს გამოხატავს, შეუძლებელია გულგრილი დატოვოს მაყურებელი და თანაგრძნობა არ გაუჩინოს პერსონაჟის მიმართ.
ლიმონს, საკმაოდ დიდი მნიშვნელობა მიანიჭა რეჟისორმა, ის არაერთხელ არის, როგორც ნახსენები, ასევე ნაჩვენები პერსონაჟების მიერ, რაც ერთი შეხედვით თითქოს გადაჭარბებული ჩანს, თუმცა რეალურად თუ დავაკვირდებით ის თავისუფლების სიმბოლოა სპექტაკლში. ხოლო თავისუფლებისთვის ბრძოლა მოგეხსენებათ, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა იმ ,,ციხეში’’ სადაც დები არიან ,,გამომწყვდეულები’’.
ისეთი მკაცრი ადამიანის დაუმორჩილებლობა, როგორიც ბერნარდაა მარტივად, რომ ვთქვათ არ არის ადვილი.ის ატმოსფერო, რომელიც სახლში ტრიალებს სწორედ მან შექმნა და საკუთარი ქალიშვილები თავის მარიონეტებად აქცია. ბერნარდა ამბობს: ,,ქალს ნემსი და ძაფი, კაცს ცხენი და მათრახი.’’ ამ სიტყვებზე ხუთივე ერთდროულად იწყებს ქარგვას და მთელი სპექტაკლის განმავლობაში,თოჯინებივით გაუჩერებლად ასრულებენ დედის ბრძანებას. ქალი, რომელიც საკუთარ შვილებსაც კი არ ინდობს მისგან ყველაფერია მოსალოდნელი. სწორედ ასეთ ქალად გვიხატავს ზეინაბ დვალიშვილი ბერნარდას. მიუხედავად იმისა,რომ რამდენიმე სცენაში მისი ემოცია ხელოვნური მეჩვენა, მაინც ვთვლი, რომ ამას ხელი არ შეუშლია იმ ფაქტისთვის, მაყურებელს დაენახა თუ რამდენად სასტიკია ეს ქალი ყველა მისი გარშემომყოფის მიმართ.
ბერნარდას რთულ ხასიათს ყველაზე მეტად ვერ ეგუება ელენე ქურთიშვილის პონსია . ის დასაწყისში მაქსიმალურად ცდილობს არ გამოხატოს მის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება. თუმცა ყველას მოთმინებას აქვს საზღვარი. დიდი ხნის ურთიერთობის შემდეგ, ის თავს ვეღარ აკონტროლებს და წყობიდან გამოდის. ამ სცენაში ელენე ქურთიშვილის გარდასახვა წყნარი მოახლიდან სახედაკარგულ ადამიანამდე მართლაც გასაოცარია.
უფროს დას - ანგუსტიას მსახიობი სალომე ჭაფოძე თამაშობს, რომელმაც კარგად გაართვა თავი მის როლს და გვაჩვენა მისი განსაკუთრებული თვისებები, რაც ამ პერსონაჟს დებისგან განასხვავებს. ის ხშირად გარიყულია მათგან და თანამედროვე ენაზე, რომ ვთქვათ ,,ბულინგის’’ მსხვერპლია, ხან ერთი დისგან, ხან კი მეორის.
რაც შეეხება ანუკა შარიას პერსონაჟ მარტირიოს - ის უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პერსონაჟია თავისი ხასიათითა და ქცევებით. ფინალურ სცენაში ის საკუთარ დედად გარდაისახება და იგივე ტექსტს იმეორებს, რასაც ბერნარდა სპექტაკლის დასაწყისში. ამ ქმედებით, რეჟისორმა გვაჩვენა, რომ ყველაფერი ერთ წრეზე მიდის და ერთი და იგივე მეორდება. ისე აგრძელებენ ცხოვრებას, თითქოს მათ სახლში არაფერი მომხდარა და ყველაფერი ისეა როგორც უნდა იყოს. ვფიქრობ,რომ ანუკა შარიას უსაზღვრო ნიჭი გაკვირვებულს დატოვებს მაყურებელი და მასში უამრავ ემოციას გამოიწვევს.
საბოლოოდ ვიტყოდი, რომ ბერნარდა ალბას სახლი ის სპექტაკლია, რომელიც ერთხელ მაინც უნდა ნახო. სპექტაკლში ყველაფერი კარგად იყო შესრულებული მუსიკის,განათების, ქორეოგრაფიის, მსახიობთა ოსტატობისა და მთელი შემოქმედებითი ჯგუფის ერთობლივი მუშაობით.