top of page

ბრბო ანადგურებს განსხვავებულებს

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

9B0867B5-1451-4ECF-ABCA-F370B5C8D26E.JPG

ანასტასია ჩერნეცოვა

სტუდენტი

 

ბრბო ანადგურებს განსხვავებულებს

 

ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრი მაყურებელს ძირითადად რუსული კლასიკის მიხედვით დადგმულ სპექტაკლებს სთავაზობს, ამჯერად 2022 წლის 18 თებერვალს თეატრის მთავარმა რეჟისორმა გიორგი მარგველაშვილმა დიდ სცენაზე წარმოგვიდგინა თანამედროვე პოლონელი დრამატურგის - ინგმარ ვილკვისტის „ჰელვერის ღამე“.

ინგმარ ვილკვისტის (ნამდვილი გვარ-სახელი: იაროსლავ სვერჟიჩი) პიესები ხშირად იდგმება, როგორც ევროპაში, ისე აშშ-ში. ქართულ სცენაზეც „ჰელვერის ღამე“ არაერთხელ დადგმულა. პოლონელი თეატრის კრიტიკოსი რომან პავლოვსკი ვილკვისტზე ამბობს: „საკმარისია წაიკითხო რამდენიმე გვერდი, რათა დარწმუნდე იმაში, რომ დრამატურგის ფსევდონიმი - მხატვრული გზის შეგნებული არჩევანია. გზის, რომელიც საუკუნის წინ გაიარა ჰენრიკ იბსენმა, აუგუსტ სტრინდბერგმა…“.

 

ინგმარ ვილკვისტის პიესა და გიორგი მარგველაშვილის სპექტაკლი ეხება სხვადასხვა სახის პრობლემას, მაგრამ მთავარი არის - ბრბოს მიერ განსხვავებული ადამიანების მოსპობის სურვილი. მართალია, დღეს საკონცენტრაციო ბანაკები არ გვაქვს და სხვადასხვა რასის წარმომადგენლებს თუ შშმ პირებს გაზის კამერაში არ ათავსებენ, მაგრამ დამეთანხმებით, რომ ხშირად იმ ადამიანების უფლებები ირღვევა, რომლებიც სხვებს არ ჰგვანან, არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანი, თუ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის წარმომადგენელი.

 

 აღსანიშნავია, რომ მაყურებელი არა დარბაზიდან, არამედ სცენაზე განლაგებული პარტერიდან უყურებს სპექტაკლს. მსგავს ხერხს რეჟისორი მიმართავს გრიბოედოვის თეატრის მცირე სცენაზე დადგმულ კიდევ ერთ სპექტაკლში - „შეშლილის წერილები“, სადაც ნახევრად დაშლილ სცენაზე დაახლოებით 6-8 მაყურებელია, დანარჩენი კი დარბაზში. ბუნებრივია, იბადება კითხვა - რატომ უნდა იყოს მაყურებელი სცენაზე? ვფიქრობ, რეჟისორს სურს, რომ თითოეულმა ჩვენგანმა უფრო კარგად შეიგრძნოს და აღიქვას მოცემული ამბავი.

 

 წარმოდგენა ნატურალისტური ხერხებითაა დადგმული, რაც დამახასიათებელია გიორგი მარგველაშვილის სპექტაკლებისთვის. ამის თვალსაჩინო მაგალითია გრიბოედოვის თეატრის სცენაზე 2014 წელს დადგმული ა. ვამპილოვის ნაწარმოების მიხედვით „უფროსი ვაჟი“ და თავისუფალი თეატრის სცენაზე საინტერესოდ ინტერპრეტირებული „სამანიშვილის დედი(ს)ნაცვალი“, სადაც პერსონაჟები საუბრობენ არა იმერული დიალექტით, არამედ თანამედროვე ქართულით და იქცევიან ისე, როგორც დღეს და ჭამდნენ იმას, რასაც დღეს მივირთმევთ. პატარა ცვლილებების მიუხედავად „ჰელვერის ღამეში“ ისეთი სცენოგრაფიაა, როგორც პიესაში - ღარიბულ-მეშჩანური სამზარეულო XlX-XX საუკუნის 30-იანი წლების სტილში (მხატვარი - შოთა ბაგალიშვილი), პერსონაჟები დაბალი კლასის ადამიანების სამოსში გვევლინებიან, გვხვდება ყოფითი დიალოგები, ამასთანავე ჰელვერი და კარლა (ბექა მეძმარიშვილი და ირინა მეღვინეთუხუცესი) რეალურად ჭამენ და სვამენ, იბანენ ხელ-პირს. ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში რეჟისორს სურს, რომ მოცემული ამბავი მაყურებლებისთვის მაქსიმალურად რეალისტური იყოს.

 

მსახიობი ირინა მეღვინეთუხუცესი გრიბოედოვის თეატრის ბევრ სპექტაკლში განასახიერებს ტრაგიკული ქალის როლს, მაგრამ მის მიერ შექმნილი გმირები საერთოდ არ ჰგვანან ერთმანეთს, რაც მეტყველებს არტისტის პროფესიონალიზმზე. კარლას პერსონაჟზე ერთგვაროვნად ვერ ვისაუბრებთ, რადგან მან ერთი მხრივ ქმართან ურთიერთობის გადასარჩენად მიაგდო საკუთარი ავადმყოფი შვილი, მეორე მხრივ კი აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანის, ჰელვერის დედობილი გახდა. ირინა მეღვინეთუხუცესის პერსონაჟი მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების რაღაც ნაწილს ეცოდება, ებრალება, რაღაც ნაწილი კი წმინდანად აღიქვამს აუტისტ ჰელვერზე მეურვეობის გამო, იგი ღირსეულად ატარებს, მძიმე ჯვარს, დიდ სიყვარულს, მზრუნველობას იჩენს ჰელვერის მიმართ, რადგან სწორედ ჰელვერი არის მისთვის სიცოცხლის დამბრუნებელი. მსახიობის შესრულებაში სიყალბის ნატამალიც არაა, იგი არაჩვეულებრივად გადმოსცემს კარლას ნერვიულობას, თავშეკავებულობას, მოთმინებას, დაბნეულობას, სასოწარკვეთას, სინანულს, შიშს, სიყვარულს, ბრაზს.

 

ახალგაზრდა მსახიობი ბექა მეძმარიშვილი ჰელვერის როლის შემსრულებელია, მას ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე გამოსდის ფსიქიკურად დაავადებული ადამიანის როლის შესრულება. არტისტი საუბრის მანერით, მიმიკით-ჟესტებითა და მოძრაობით გამოხატავს თავისი გმირის მიამიტურ, მომენტებში კი აგრესიულ ბუნებას. ჰელვერის ოცნება ჯარისკაცობაა, ამაზე მეტყველებს ის, რომ პატარაობიდანვე აგროვებდა სათამაშო ჯარისკაცებს და ასევე, მისი „ამხანაგის“ ჰილბერტის სიტყვები: „კიდევ გამოვა შენგან ჯარისკაცი, გამოვა კიდევ“. აღსანიშნავია ისიც, რომ ბექა მეძმარიშვილი გარდასახვის საკმაოდ კარგი უნარით გამოირჩევა, იგი დასაწყისში ნაცისტური იდეებით მოწამლული ადამიანის როლში გვევლინება, რომელიც ფსიქიკურ თუ ფიზიკურ ზეწოლას ახდენს კარლაზე, შემდგომ კი გულჩვილ, მეოცნებე, ტკივილით აღსავსე პიროვნებად, რომელსაც მთელი გულით უყვარს თავისი მეურვე. ყოველივე როგორც მოქმედებაში, ისე მის სიტყვებში ჩანს: „იმიტომ რომ შენ… არ ხარ დედაჩემი… და არც ისეთი… ცოლი… მაგრამ შენ ცოტათი დედაჩემი ხარ. ცოტათი კი ასეთი…იმიტომ რომ ახლა ცოტათი ვიცინი და ცოტათი ვტირი, ეს ნიშნავს იმას, რომ მე შენ ძალიან… ძალიან შენ ჰელვერს…“.

 

 არაერთმა კრიტიკოსმა აღნიშნა და მეც მათ დავეთანხმები იმაში, რომ მსახიობები ირინა მეღვინეთუხუცესი და ბექა მეძმარიშვილი მოცემულ სპექტაკლში გამოირჩევიან როგორც კარგი სამსახიობო შესრულებით, ასევე არანაკლებ შესანიშნავი პარტნიორობის უნარით.

 

 ბოლოსკენ გასაგები ხდება, რომ ნაცისტების მიერ ჰელვერის განადგურება გარდაუვალია, ამის გამო კარლა იღებს რადიკალურ გადაწყვეტილებას - უმტკივნეულოდ კლავს თავის შვილობილს მედიკამენტებით. ვინაა იგი, გადამრჩენელი თუ მკვლელი? დიახ, მკვლელია, მაგრამ დრამატურგისა და რეჟისორის მიერ არჩეული ასეთი ფინალი არის იმისათვის, რომ დაგვანახონ, თუ რაოდენ საშინელია ბრბო, როგორ ანადგურებს განსხვავებულ ადამიანებს და რა გიჟური გადაწყვეტილებების მიღებას აიძულებს მათ, ან მათ ახლობლებს.

 

 თუ გადავხედავთ ისტორიას, ვიპოვით მსგავს საშინელ ფაქტებს, მაგალითად - ცნობილმა მსახიობმა იოახიმ გოტშალკმა საკონცენტრაციო ბანაკში რომ არ მოხვედრილიყვნენ, ცოლ-შვილთან ერთად ბუნებრივი აირით სიკვდილი აირჩია.

 

გიორგი მარგველაშვილის სპექტაკლში ჩართული არც ერთი მუსიკალური ნაწარმოები არაა შემთხვევით შერჩეული (სპექტაკლის მუსიკალური გაფორმება რეჟისორს ეკუთვნის), მაგალითად - ფინალში კარლა (ირინა მეღვინეთუხუცესი) ბარბაცით მიდის კედელთან გიორა ფეიდმანის „შალომ ალეიხემის“ ფონზე და კედელთან მისული მაღლა წევს ორივე ხელს, გასაგები ხდება რომ კარლას კლავენ და ასე მთავრდება სპექტაკლი. რატომ აირჩია რეჟისორმა ებრაელი კლარნეტისტის მუსიკალური ნაწარმოები ფინალური სცენისთვის? „შალომ ალეიხემ“ ივრითიდან ითარგმნება - მშვიდობა თქვენ! ჩემი აზრით, ამით გიორგი მარგველაშვილი ყველას მშვიდობიანობისაკენ მოგვიწოდებს გარშემო არსებული სიბოროტისა და აგრესიის მიუხედავად.

ფოტოები: იური მეჩითოვი

bottom of page