top of page

 „ბრიყვთა ვახშამი“ ხულოს თეატრში

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

338536704_784140106109135_6478637628978788016_n.jpg

ნერონ აბულაძე

 „ბრიყვთა ვახშამი“ ხულოს თეატრში

ქართულმა სანახაობითმა კულტურამ რთული, წინააღმდეგობებით აღსავსე მრავალსაუკუნოვანი გზა გაიარა. ისტორიული განვითარების საწყისი ეტაპიდან, მარტივი პრიმიტიული ფორმებიდან კონცეპტუალურ-სინთეზურ სანახაობამდე განვლილი გზა საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი, განუყოფელი ნაწილია. პირველადი პრიმიტიული ფორმები ეტაპობრივად ბადებდა სხვადასხვა განშტოებას, მხატვრულ ტენდენციებს, რომლებშიც გარკვევით ირეკლებოდა ეპოქათა თავისებურებები. ხალხური სანახაობითი საწყისებიდან (ბერიკაობიდან, ყეენობიდან) მოყოლებული ქართულ თეატრს ყოველთვის გააჩნდა განსაკუთრებული მისია, რომელიც „თამაშის” ფენომენს, თვითტკბობის გარდა, სხვისთვის ჩვენების, ესთეტიკური აღზრდის, სწავლების ფუნქციას ანიჭებდა. ცხადია, ქართული თეატრის არსებობა წარმოუდგენელი იყო იმ თითოეული მოღვაწის გარეშე, რომლებიც დედაქალაქში, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქსა თუ რაიონში აცოცხლებდნენ თეატრალურ ხელოვნებას. ამ თვალსაზრისით ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა თეატრების არსებობას რეგიონებში, რომელთა შორის უმნიშვნელოვანესია აჭარა, სადაც თეატრალური ცხოვრება მეოცე საუკუნის დასაწყისში იღებს სათავეს. მეოცე საუკუნის ოცდაათიანი წლებიდან ბათუმის დრამატულ, თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრებთან ერთად ფუნქციონირებს ხულოს იუსუფ ზოიძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, რომელსაც დაარსებიდან 85 წელი შეუსრულდა.

 

თავისი ისტორიული არსებობისა და განვითარების მანძილზე ხულოს თეატრს ხელმძღვანელობდნენ ცნობილი ხელოვანები და რეჟისორები, რომელთა შემოქმედებაც დადგმის განსხვავებული, ინდივიდუალური ხელწერით გამოირჩეოდა და რაც თეატრის ისტორიის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. 2022 წლის ივლისის თვიდან თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად რეჟისორი თამაზ ბოლქვაძე დაინიშნა. ახალმა სამხატვრო ხელმძღვანელმა დროის მცირე მონაკვეთში შეძლო ადმინისტრაციულ – შემოქმედებითი პერსონალის გადახალისება და დასის ახალი ძალებით შევსება. რასაკვირველია ნებისმიერი ცვლილება მტკივნეულ პროცესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ის გამართლებულია თუკი თეატრის სამომავლო განვითარების აუცილებლობით არის განპირობებული. თანამედროვე საერთაშორისო კულტურული გამოწვევების ფონზე სარეპერტუარო პოლიტიკის ფორმირება და ზუსტი ორიენტირების განსაზღვრა ის აუცილებელი წინაპირობაა, რომლის გათვალისწინების გარეშეც შეუძლებელია თეატრის განვითარება. შესაბამისად თემატურად და ჟანრობრივად მრავალფეროვანი რეპერტუარის შექმნას მრავალმხრივი არტისტული პოტენციალის მქონე დასი ჭირდება. შემოქმედებითი შედეგი, რომელიც 27 მარტს, თეატრის საერთაშორისო დღეს თეატრალურმა საზოგადოებამ ვიხილეთ სრულად პასუხობს თანამედროვე მაყურებლის მხატვრულ გემოვნებასა და ესთეტიკურ მოთხოვნებს. ,,ბრიყვთა ვახშამი“ – ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელიც ახალმა სამხატვრო ხელმძღვანელმა ფრენსის ვებერის ლიტერატურული პირველწყაროს საფუძველზე განახორციელა. ცნობილი ფრანგი სცენარისტის, რეჟისორისა და პროდიუსერის შემოქმედება საყოველთაოდ ცნობილია. მისის სცენარები არაერთგზის აღნიშნულა ცეზარის პრესტიჟული ჯილდოთი, ხოლო 1980 წელს მიიღო ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო – ოსკარი ფილმის ,,Cage for wierdos” სცენარისთვის.

 

20210 წელს გადაღებულ ფილმს – ,,Le diner de cons” უდევს საფუძვლად სცენარი, რომელიც ქართულ თარგმანში ჟღერს როგორც – ,,სულელებთან ვახშამი“. სწორედ ამ ადაპტირებულ სცენარმა მიიქცია თამაზ ბოლქვაძის ყურადღება, რაც ხელმძღვანელობის საწყის ეტაპზე, ვფიქრობ საუკეთესო არჩევანი იყო. ერთის მხრივ ნაწარმოები კლასიკური, სიტუაციური კომედიის, ე.წ სიტკომის ჟანრს განეკუთვნება და შესაბამისად თანამედროვე მაყურებლის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს...მეორე მხრივ კი აღნიშნული ლიტერატურული პირველწყაროს სცენაზე განხორციელება დასისგან მაქსიმალური პროფესიული შესაძლებლობების გამოვლენას მითხოვს. როგორც რეჟისორის, ისე თითოეული მოქმედი მსახიობის უმთავრეს ამოცანას ჟანრის გრძნობა და თამაშის ხერხის ზუსტი განსაზღვრა წარმოადგენს. ლირიკულ – ფსიქოლოგიური სიტკომი მახვილგონივრული დიალოგებითა და მოვლენების მუდმივი ცვალებადობით გამოირჩევა.

 

ინტრიგები, სასაცილო დამთხვევები და მთელი რიგი გაუგებრობები სინქრონული თანმიმდევრობით ენაცვლება ერთმანეთს. მხიარული და თუნდაც მომხიბვლელი ამბავი არც ისე მარტივია, როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. მთავარი მოქმედი პერსონაჟი, წარმატებული გამომცემელი პიერ ბროშანი ყოველ ოთხშაბათს ეგრეთ წოდებულ სულელების ვახშამს მართავს. პრინციპი მარტივია, თითოეულ მეგობარს სტუმრად ,,ბრიყვი“ მოჰყავს და გამარჯვებულად ის ითვლება, ვისი ,,ბრიყვიც“ ყველაზე უარესია. პიერს ბროშანმა მორიგ ,,მსხვერპლად“ მოკრძალებული საგადასახადო მუშაკი, ფრანსუა პინიონი მოიწვია, რომელიც ასანთებისგან პატარა არქიტექტურული მოდელების დამზადებით გამოირჩევა და ამ გატაცებაზე საათობით საუბარი შეუძლია. მართალია ამჯერად მწვავე რადიკულიტის გამო პიერი ვახშამს აუქმებს, მაგრამ ვერ ასცდა ფრანსუა პინიონის სტუმრობას, რომელსაც თავის მინიატურულ მოდელებთან ერთან გაუგებრობებისა და უბედურებების მთელი წყება მოაქვს. ფრანსუა პინიონი ყოველ ჯერზე გულწრფელად ცდილობს სიტუაციის გამოსწორებას, თუმცა ყოველი მცდელობა კიდევ უფრო დიდი გაუგებრობის წინაპირობა ხდება.

 

სპექტაკლში შენარჩუნებულია მოქმედების ადგილისა და დროის ერთიანობის კლასიკური კანონი. ამბავი ერთ დღეს იწყება და სრულდება. წელის ტკივილისგან შეწუხებულ პიერს ცოლი შორდება, საგადასახადო ინსპექტორი მის ქონებაზე იწყებს ნადირობას და ეს თავზარდამცემი მოვლენათა წყება ისევ და ისევ ფრანსუა პინიონის გულუბრყვილო მცდელობების შედეგია, იმ ,,ბრიყვის“, რომელიც სწორედ ამ საღამოს საყოველთაო გართობის მთავარი ობიექტი უნდა ყოფილიყო. თუკი აფიშას გადავხედავთ, ცხადი ხდება რომ სპექტაკლის მხატვრობა და მუსიკალური გაფორმებაც თავად რეჟისორს ეკუთვნის. დადგმის კულტურის თვალსაზრისით თამაზ ბოლქვაძე სრულად ითავისებს კლასიკური კომედიის მხატვრულ პრინციპებს და მრავალფეროვან, სანახაობით მხატვრულ გადაწყვეტას გვთავაზობს. წარმოდგენა ორი მოქმედების განმავლობაში მიმდინარეობს და თამამად შეიძლება ითქვას, რომ მაყურებელი კარგავს დროის შეგრძნებას. მონაწილე შვიდი მსახიობიდან – (პიერ ბროშანი – ლაშა აბულაძე, კრისტინ ბროშანი – ნინო ქარცივაძე, ექიმი არსანბო – ედნარ ბოლქვაძე, ფრანსუა პინიონი – გიორგი გახარია, ჟუსტ ლებლანი – ანრი მუთიძე, ლუსიენ შევალი – გურამ თავართქილაძე, მარლენ სასორი – გვანცა ბეშკენაძე) ნაწილი თეატრის ძველი თანამშრომელია, ნაწილი კი ახლახანს შეუერთდა დასის შემადგენლობას. მოქმედების ცენტრში პიერ ბროსანისა და ფრანსუა პინიონის მხატვრული პერსონაჟები დგანან. სწორედ მათ ირგვლივ ვითარდება მოქმედება რა დროსაც ჩნდება, რომ თითოეული პერსონაჟი ერთმანეთთან უცნაური ძაფით არიან დაკავშირებულნი.

 

ლაშა აბულაძის პიერ ბროშანი აკვიატებული ვნებებისა და ჩვევების დასაკმაყოფილებლად ტრადიციადქცეულ ვახშმებს მართავს, თუმცა ფრანსუა პინიონის წყალობით ყველაფერი საპირისპიროდ ვითარდება და პიერიც წარმოუდგენლად კომიკური მოვლების ჯაჭვში გაიხლართება. მსახიობი ორი მოქმედების განმავლობაში სცენაზეა და ქმნის ფრანგი ბურჟუის ტიპურ, მაგრამ ამავე დროს გამორჩეულ მხატვრულ ხასიათს. რაც შეეხება გიორგი გახარიას ფრანსუა პინიონს, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ახალგაზრდა მსახიობი ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენა იყო. მსახიობმა შეძლო სულელური და ამავე დროს კონცენტრირებული გამომეტყველებით მიეპყრო მაყურებლის ყურადღება. ის ზედმიწევნითი სიზუსტით ითავისებს რეჟისორის მიერ დასახულ ამოცანას და ზედმეტი ხრიკების გარეშე ახერხებს თავისი გმირის ინდივიდუალური მახასიათებლების გამოვლენას. ფინალურ სცენაში გიორგი გახარიას ექსცენტრიული და ზედმეტად გულუბრყვილო ფრანსუა ამბობს, რომ ,,სანამ ვინმეს ბრიყვს უწოდებ, ორჯერ დაფიქრდი“, რა დროსაც იკვეთება დრამატურგიისა და შესაბამისად წარმოდგენის ძირითადი იდეა. სპექტაკლი ანსამბლურობით გამოირჩევა, თითოეული მსახიობი თავს ართმევს რეჟისორის დავალებას, მართალია გარკვეულ მონაკვეთებში ვხვდებით უტრირებულ, გადაჭარბებულ სცენებს, რაც მსგავსი ჟანრისთვის არის დამახასიათებელი, თუმცა საბოლოოდ რეზულტატი დამაკმაყოფილებელია. სცენური სივრცე თეთრისა და წითელი ფერის კონტრასტშია გადაწყვეტილი. წარმოდგენაც ორი პერსონაჟის, მათი დუეტის ირგვლივ ვითარდება. მხატვრული გაფორმების თვალსაზრისით წითლისა და თეთრის კონტრასტი სიმბოლურ დატვირთვას იძენს და იკითხება როგორც ორი საპირისპირო ,,ნიღაბი“ – წითელ და თეთრ ჯამბაზებს შორის მარადიული დაპირისპირების მეტაფორა.

 

ავანსცენაზე მინის მაგიდა და სავარძლებია განლაგებული. სცენის სიღრმეში კედლებზე იმპროვიზირებული ფერწერული ტილოებია გამოფენილი. მოქმედება მხოლოდ ერთ ლოკაციაში ვითარდება, რომელიც მდიდარი გამომცემლის მისაღებ ოთახს წარმოადგენს. სცენოგრაფია მაქსიმალურად რეალისტური, მყუდრო და დამაჯერებელია. ამ შემთხვევაში მხატვრისათვის მინიმალიზმი თვითმიზანი არ ყოფილა, არამედ სცენის ამგვარი გადაწყვეტა ლიტერატურული პირველწყაროს სპეციფიკით არის ნაკარნახევი და ორგანულად ერწყმის ნაწარმოების მხატვრულ პრინციპებს. საექსპოზიციო სცენიდანვე ჩნდებიან სპექტაკლის მოქმედი პერსონაჟები, რომლებიც თავიანთი ბიოგრაფიებითა და გამოცდილებით ჰარმონიულად ავსებენ სივრცეს და სადაც ნებისმიერი ბუტაფორიული დეტალი მხოლოდ დამხმარე საშუალებას წარმოადგენს. სპექტაკლის დასასრულს უნებურად ფიქრობ რომ წარმოდგენილი ამბის გმირები ჩვენი თანამედროვეები არიან. ისინი ჩვენს გვერდით ცხოვრობენ, უფრო მეტიც, იქნებ თავად ვართ პიერ ბროშენები და ფრანსუა პინიონები, ან მათი ცალკეული თვისებების, გრძნობათა ბინების მატარებელნი. როგორადაც არ უნდა გვინდოდეს ამის აღიარება, ფაქტია, რომ ხულოს თეატრში შედგა მაყურებლის წარმოდგენილ ამბავთან სრული იდენტიფიკაცია. და თუკი ამაზე ვთანხმდებით, მაშინ გასროლილი ტყვია მიზანშია, რეჟისორის კონცეფცია კი თანადროული, რომელმაც მარტივად მოიცვა ჩვენი ტვინის როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა ნახევარსფერო და საკუთარ მანკიერებებზე დაგვაფიქრა.

bottom of page