ბრნოს თეატრალური სკოლების საერთაშორისო ფესტივალი
მარინა ხარატიშვილი
ბრნოს თეატრალური სკოლების საერთაშორისო ფესტივალი
ბრნოს თეატრალური სკოლების საერთაშორისო ფესტივალი წელს 28-ედ ჩატარდა. დღიდან დაარსებისა დღემდე ფესტივალში მსოფლიოს ოთხი კონტინენტის: - სამხრეთ ამერიკის და აფრიკის, აზიისა და ევროპის თეატრალურმა სკოლებმა მიიღეს მონაწილეობა. ვინ მოთვლის, რამდენი საინტერესო, ღირებული სტუდენტური თუ პედაგოგიური ნამუშევარი იყო წარმოდგენილი ფესტივალის სცენაზე ამ ხნის განმავლობაში. ჯერ მარტო უკანასკნელი 5 წლის მანძილზე წარმოდგენილ საფესტივალო რეპერტუარს რომ გადავავლოთ თვალი, ცხადი გახდება, რაოდენ მრავალფეროვანია იგი თემატური თუ ჟანრული, შინაარსისა თუ ფორმის თვალსაზრისით. ყოველი მორიგი ფესტივალის სცენაზე, როგორც წესი, წარმოდგენილია ხოლმე კლასიკაც და თანამედროვე რეპერტუარიც, სწავლების როგორც ტრადიციული მეთოდოლოგიის, ასევე მისი მოდერნული სახის პედაგოგიური თუ პროფესიული მიღწევები.
თავისი დანიშნულებითა და მიზნებით, ფესტივალს უდავოდ დიდი მნიშვნელობა აქვს თეატრალური სკოლების შემოქმედებითი სტიმულირებისათვის. იგი საშუალებას იძლევა საკმაოდ მძაფრი კონკურენციის გარემოში ყოველწლიურად, მივადევნოთ თვალი, გავეცნოთ ვითარებას და პროცესებს მონათესავე სკოლების სასწავლო-შემოქმედებით ცხოვრებასა და პედაგოგიურ საქმიანობას.
ბრნოს თეატრალური სკოლების საერთაშორისო ფესტივალმა წელს 11 ქვეყანას უმასპინძლა. ფესტივალზე ამჯერად 12 სამსახიობო სკოლა იყო წარმოდგენილი: ბრნოს იანეჩეკის სახელობის მუსიკისა და თეატრის აკადემია, პრაღის მუსიკის, პერფორმანსის და ხელოვნების აკადემია, ბრატისლავას პერფორმანსის აკადემია, ლიუბლიანას თეატრის, კინოს, რადიოს და ტელევიზიის აკადემია, ვარშავის ალექსანდრე ზელვეროვიჩის დრამატული ხელოვნების ნაციონალური აკადემია, ლუდვიგსბურგის ბადენ ვიურტერბერგის პერფორმანსის ხელოვნების აკადემია, გლაზგოს სამეფო კონსერვატორია, ლონდონის დრამატული ხელოვნების სამეფო აკადემია, კეიპტაუნის მოძრავი სურათებისა და პერფორმანსის სკოლა, თელ-ავივის იორამ ლოუვენშტეინის სამსახიობო სკოლა, იაროსლავის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი, ერევნის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტი. ნიშანდობლივია, რომ წლევანდელ ფესტივალზე კლასიკური რეპერტუარი მხოლოდ ორმა სკოლამ წარმოადგინა.
ყოველ წელს, როგორც წესი, ფესტივალის ორგანიზატორები ცდილობენ მოიწვიონ მათთვის საინტერესო, განსხვავებული ხედვისა და შემოქმედებითი ხელწერის, თვითმყოფადი ინდივიდუალობით გამორჩეული თეატრალური სკოლები. ასეთთა შორის იყო სამხრეთ აფრიკის - კეიპტაუნის, კოლუმბიის - მიდელენის, კავკასიის რეგიონიდან - საქართველო, სომხეთი და სხვა.
წლევანდელი საფესტივალო პროგრამის ჩარჩოებში ისევე, როგორც წინა წლებში, საკონკურსო პროგრამასთან ერთად, წარმოდგენილი იყო კონკურსგარეშე სპექტაკლები, პერფორმანსები, ჩატარდა მასტერკლასები, ვორქშოპები, გაიმართა ფესტივალის მონაწილეთა ტრადიციული დისკუსიები და საქმიანი შეხვედრები. ფესტივალმა საშუალება მოგვცა მის მონაწილეებს, გავცნობოდით ჩვენთვის უცნობ ან ნაკლებად ცნობილ სასწავლო მეთოდოლოგიებსა თუ ტექნოლოგიებს. როგორც წესი, ფესტივალზე წარმოდგენილი სკოლების უმეტესობამ გამძაფრებული ინტერესი გამოავლინა ვს. მეიერხოლდის ბიომექანიკის მეთოდისადმი. ფესტივალმა ცხადყო, რომ დრამატულ ხელოვნებაში ზოგადად გაზრდილია არავერბალური, ფიზიკური თეატრის, პანტომიმის, პლასტიკის ელემენტების წილი.
ფესტივალის მონაწილე სტუდენტ მსახიობთა შემოქმედებით მიღწევებში თვალნათლივ წარმოჩინდა, როგორც მსახიობის ოსტატობის პროფესიული უნარების, სამსახიობო ტექნიკის ფლობის (სასცენო მეტყველების, პლასტიკის, ვოკალის), ასევე პიროვნული ორგანიკის, უნიკალური შემოქმედებითი თვისებების, გამოკვეთილი ინტელექტუალური თუ ემოციური დიაპაზონი. ფესტივალზე წარმოდგენილი სკოლების ნამუშევრებში, იმავდროულად ცხადად გამოჩნდა, არა მხოლოდ სტუდენტთა სამსახიობო ოსტატობის ტექნიკის დახვეწაზე, არამედ მათი ინტელექტუალური საწყისის წინა პლანზე წარმოჩენაზე, მსახიობის, როგორც პიროვნების ჩამოყალიბებაზე, სასწავლო პროცესისადმი ინდივიდუალურ მიდგომაზე ორიენტირებულ პედაგოგთა მიღწევები. სხვა საკითხია, ყოველთვის ახერხებენ თუ არა ოსტატ-პედაგოგები სასწავლო პროცესში წარმატებული შედეგის მიღწევას, თუმცა მცდელობა სახეზეა.
ფესტივალის ჩარჩოებში თვალნათლივ წარმოჩინდა ცალკეული სამსახიობო სკოლის გამორჩეული შემოქმედებითი ხელწერა, რომელიც სცენაზე სტუდენტის ორგანული მოქმედების, სცენური სიმართლის მიღწევის აქტიურ დემონსტრირებას ახდენს, როდესაც აშკარად იკითხება მსახიობის ხელოვნების შემადგენელი ცალკეული კომპონენტების პროფესიული უნარების სრულყოფილად ფლობის და ოსტატურად გამოყენების პრაქტიკულად შეუზღუდავი შესაძლებლობები. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს ახალგაზრდები მზად არიან პროფესიულ სცენაზე ღირსეული მხატვრული სახეების შესაქმნელად.
წლევანდელი 28-ე ფესტივალის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა - მარინა ხარატიშვილმა, ასოცირებულმა პროფესორმა - ანდრო ენუქიძემ, ხოლო სტუდენტური ჟიურის შემადგენლობაში წელს პირველად მიწვეული იყო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი - თათა თავდიშვილი.
პროფესორმა ანდრო ენუქიძემ აღნიშნა: „ჩვენ რამდენიმე, მართლაც საინტერესო ნამუშევარი ვნახეთ. პირადად გამოვყოფდი თელ-ავივის სამსახიობო სკოლის სპექტაკლს „ტროას უკანასკნელი ქალები“. განსაკუთრებით მომეწონა მსახიობების აზროვნება ტრაგიკულ სტრუქტურაში და მათი დამაჯერებელი, ოსტატური, ორგანული მოქმედება ამ სტრუქტურაში.
გერმანელთა სპექტაკლში წარმოჩინდა მსახიობების მიერ სხეულის, ხმის, სამსახიობო ხელოვნების ძირითადი მოდულის შემადგენელი დისციპლინების ფანტასტიკური ფლობა, ჟანრების მონაცვლეობის და ამ პროცესში მსახიობთა მყისიერი ადაპტირების უნარი, სტილის ზუსტი შეგრძნება.
პოლონელებმა გვიჩვენეს პრაქტიკულად შეუზღუდავი ტემპერამენტი, ორგანულობა, სხეულის პლასტიკის თუ სასცენო მეტყველების დახვეწილი კონდიციები, ემოციურობასთან ერთად, მაღალი ინტელექტუალური საწყისი და კლასიკური გმირების ცოცხალი, თანამედროვე სახეების შექმნის უნარი.
ფესტივალმა თვალნათლივ დაგვანახა, რომ ეს სკოლები საგრძნობი პრიურიტეტით გამოირჩევიან. თვალსაჩინოა ევროპული სკოლების (დიდი ნაწილის) მაღალი ინტელექტუალური პოტენციალი. პროფესიული უნარ-ჩვევების და კონკრეტული მეთოდოლოგიის ფლობასთან ერთად, ისინი დრამატული სტრუქტურების თეორიული ცოდნის თამამ დემონსტრირებასაც ახდენენ.
ამ გადასახედიდან იკვეთება დასკვნა, რომ ქართულმა სამსახიობო სკოლამ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს მსახიობის ხელოვნების ძირითადი მოდულის დისციპლინების სწავლების საკითხს მეთოდოლოგიური თვალსაზრისით, უნდა გაუმჯობესდეს სტრუქტურალიზმის, როგორც დრამატული ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტის სწავლება. სხვადასხვა ჟანრების კანონიკური მოთხოვნების ფლობის და ჟანრული თავისებურებების გააზრებასთან ერთად, ეროვნული სამსახიობო სკოლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანად მსახიობის პიროვნული თვისებების თანხვედრის მიღწევა მესახება.
ჩემი აზრით, ფესტივალის რეპერტუარში ნაკლებად იყო წარმოდგენილი კლასიკა, რომელიც გაცილებით თვალნათლივ და სრულად წარმოაჩენდა ამა თუ იმ სკოლის პედაგოგიურ თუ შემოქმედებით მიღწევებს. ზოგადად თვითმყოფადი ეროვნული ფასეულობების მატარებელი დრამატურგიული მასალა, უფრო თვალსაჩინოდ წარმოაჩენს სამსახიობო სკოლის ძლიერ მხარეებს. ეს რომ ასეა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, როდესაც მიუხედავად იმისა, რომ კეიპტაუნის სამსახიობო სკოლის სპექტაკლი არანაირი განსაკუთრებული ღირებულებებით არ გამოირჩეოდა, ფესტივალის ორგანიზატორებმა კეიპტაუნელებს მისი მესამედ წარმოდგენის საშუალება მხოლოდ იმიტომ მისცეს, რომ ის საინტერესო, თვითმყოფად სანახაობას წარმოადგენდა“.
ბრნოს წლევანდელი ფესტივალის რეპერტუარიდან გამორჩეული შთაბეჭდილება დატოვა თელ-ავივის სამსახიობო სკოლის სპექტაკლმა, ხანოხ ლევინის „ტროას უკანასკნელი ქალები“, რომელიც ევრიპიდეს ცნობილი ტრაგედიის „ტროელი ქალები“ ს თანამედროვე გააზრებას წარმოადგენს (დამდგმელი რეჟისორი იცხაკ ხალილი, ოსტატობის პედაგოგი ლილახ სიგალი). რეჟისორი ეპოქას არ ცვლის. სპექტაკლის სიუჟეტი პელოპონესის ომის პერიოდში არსებულ ქვეყნის კრიზისულ მდგომარეობაზე მოგვითხრობს, გამძაფრებულადაა წარმოდგენილი უსამართლობისა და ძალადობის პირისპირ დარჩენილი ადამიანების საყოველთაო უბედურება, ომის დამანგრეველი ძალა, რომელიც ძალადობის, განადგურების, სხვისი დამორჩილებისა და სხვისთვის ტკივილის მინიჭების შესაძლებლობას იძლევა. სპექტაკლის მოქმედი პირები - ტროელი ქალები, უპირველესად, სისასტიკის წინაშე ღირსების გრძნობის შენარჩუნების მქონე გმირებად იქცევიან.
სადადგმო ჯგუფი შორს მიდის კლასიკური ტექსტიდან, რადგან ადაპტირებულ მასალას იყენებს, მაგრამ ამ მასალის გახსნას კლასიკური და ტრადიციული მეთოდებით ცდილობს. სპექტაკლში ყველაფერი აკადემიურ სტილს და პრინციპს ემყარება. ტრაგიკულ სტრუქტურაში მსახიობები პროფესიული ოსტატობით, საოცარი ენერგეტიკული პოტენციალისა და ემოციური მუხტის გამოვლენით, სახიერი სცენური ქმედების ვიზუალურ პარტიტურას ქმნიან. მთელი სპექტაკლის განმავლობაში მოქმედება წყლით დაფარული სცენის ზედაპირზე მიმდინარეობს, სადაც წყალი მეტყველი მეტაფორის მნიშვნელობას იძენს: წყალი, როგორც ქალური საწყისის, სიცოცხლის, განახლების, მიწიერი ცოდვებისგან განწმენდის სიმბოლო.
სპექტაკლი ებრაელი ხალხის ეროვნული იდენტობის დამახასიათებელი სულისკვეთებით არის გამსჭვალული, სადაც მოქმედი პერსონაჟები ტკივილიანი განცდით და მთელი გზნებით მოგვითხრობენ სიცოცხლეზე, ქალზე და მამაკაცზე, უსაზღვრო თავგანწირვაზე საკუთარი გენის გადასარჩენად. ამ სპექტაკლში ფესტივალის პრიზი, ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის, მიენიჭა ჰეკუბას პერსონაჟს. ეს პრიზი მსახიობმა გამორჩეული, დახვეწილი მხატვრული სახის შექმნისთვის დაიმსახურა.
ბრნოს თეატრალური სკოლების საერთაშორისო ფესტივალი უდავოდ მნიშვნელოვანი ფორუმია. მნიშვნელოვანია უპირველეს ყოვლისა მისი მონაწილე ახალგაზრდებისთვის, რომლებიც სცენაზე დამოუკიდებელი შემოქმედებითი ცხოვრების დასაწყებად ემზადებიან.
ეს ფესტივალი, თავისი ფორმატით, სამსახიობო სკოლების დღევანდელ დღეს, სკოლების სახეს წარმოაჩენს. ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია, როცა წლიდან წლამდე თვალყურს ადევნებ თეატრალური სკოლების შემოქმედებით საქმიანობას, მათ ძიებებს, წარმატებებს, პრობლემებს, სათქმელს, სათქმელის გამოხატვის საშუალებებსა და ხერხებს. ფესტივალი დიდ გამოცდილებას გვძენს, საშუალებას გვაძლევს აღმოვაჩინოთ საკუთარი თავი, დისტანციურად შევხედოთ პროცესებს, ობიექტურად შევაფასოთ როგორც ჩვენი მიღწევები, ასევე დასაძლევი ამოცანები, დავინახოთ სად უნდა გავამკაცროთ ჩვენი მოთხოვნები.
ქართულ სამსახიობო სკოლას უდავოდ აქვს თავისი ნიშა. იგი მყარ მეთოდოლოგიურ პრინციპს ემყარება. და მაინც, განვითარების რა ეტაპზე იმყოფება ჩვენი ეროვნული სამსახიობო სკოლა?
ფესტივალის ჩარჩოებში ძალზე მნიშვნელოვანია ის, თუ რა ხდება ყოველი სპექტაკლის წარმოდგენის შემდეგ. ფესტივალის მონაწილეები ეძებენ მონათესავე, მათ მსგავს ადამიანებს, ერთმორწმუნე კოლეგებს, რომლებიც პასუხს გასცემენ სხვადასხვა სკოლებიდან მომდინარე მენტალურად წარმოშობილ უამრავ შეკითხვას.
სწორედ ამიტომ, ბრნოს ფესტივალზე დაწყებული ურთიერთობები მოგვიანებით ფოთის საერთაშორისო ფესტივალზე გაგრძელდა. ისრაელის საშემსრულებლო ხელოვნების სტუდიის ხელმძღვანელმა იორამ ლოვენშტაინმა და სპექტაკლის „ტროელი ქალები“ დამდგმელმა რეჟისორმა, მონაწილეობა მიიღეს ფოთის ფესტივალის მუშაობაში. ფესტივალის ფარგლებში გამართული დისკუსიების შემდეგ გადაწყდა, რომ ისრაელის სამსახიობო სკოლა საქმიანი ვიზიტით ესტუმრებოდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს.
ა.წ. 24-28 ოქტომბერს ისრაელის საშემსრულებლო ხელოვნების სტუდიის ხელმძღვანელი იორამ ლოვენშტაინი და მსახიობის ხელოვნების ოსტატობის პედაგოგი ლილახ სიგალი საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ უნივერსიტეტში. სტუმრების ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა შედგა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ გოგი მარგველაშვილთან. შეხვედრაზე რამდენიმე საკითხი იყო განხილული. ინტერკულტურული ურთიერთობების ფარგლებში განისაზღვრა პრიორიტეტები. სტუმრებმა ინტერესი გამოხატეს თანამედროვე ქართველი დრამატურგების პიესების გაცვლის და მათი განხორციელების, თეტრალური სკოლების მეთოდოლოგიების გაცნობის, მასტერკლასების ჩატარების, სტუდენტური სპექტაკლების გაცვლის თაობაზე.
ინტერკულტურული თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მიზნით გადაწყდა მემორანდუმის გაფორმება, რომელიც უპირველეს ყოვლისა ითვალისწინებს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ისრაელის საშემსრულებლო ხელოვნების სტუდიის ერთობლივი კოპროდუქციის შექმნას, საწყის ეტაპზე ამ ორი სამსახიობო სკოლის ბაზაზე - სპეციალური პროექტის მიხედვით. ამ ტიპის პროექტის განხორციელება ახალი გამოწვევების წინაშე დააყენებს ორივე სამსახიობო სკოლას, მნიშვნელოვან, საჭირო გამოცდილებას შესძენს. თეატრი , როგორც ცოცხალი ორგანიზმი, მუდმივად განახლების პროცესშია. განახლების და ძიების პროცესშია თეატრალური პედაგოგიკაც. ამ პროექტის განხორციელება უდაოდ
წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ერთიანი შემოქმედებითი სივრცის შექმნისთვის.