top of page

„ბრუნტეტი დაბრუნდა“

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

328259016_511218980934301_2618199599896528658_n.jpeg

მანანა კორძაია

„ბრუნტეტი დაბრუნდა“

წარმოგიდგენთ ჯგუფს, რომლის თავდადებული შრომით უდიდესი წარმატებით განხორციელდა ორიგინალური ფორმის მუსიკალურ - დრამატული სპექტაკლი თბილისში თეატრ „ხარაკისა“ და აბრეშუმის ფაბრიკის ხელოვნების სტუდიის სცენებზე (6-11.02. 2023).

მუსიკოსები: kordz & ანსამბლი Kluster 5 (ჰააგა, ნიდერლანდები), რეჟისორი: სანდრო კალანდაძე, მსახიობები:ანასტასია ჭანტურაია, ანანო მახარაძე, ნატალია გაბისონია, ბექა ხაჩიძე. გიორგი რაზმაძე, თემო რეხვიაშვილი; მხატვარი: ნანა კალანდაძე; ანიმაცია: ნანა კალანდაძე, კოკა კიტია; დრამატურგი: მარიამ მეღვინეთუხუცესი, გიორგი ჯამბურია; ქორეოგრაფი: ლანა ყავრელიშვილი, სანდრო კალანდაძე; ვიდეო: თამუნა ქარუმიძე; ოპერატორი: ლომერო ახვლედიანი; ანიმაცია ნანუკა კალანდაძე, კოკა კიტია; პროდიუსერი კოკა გოგოხია; ორგანიზატორი: Stockton • სტოქტონ  

 

წინათქმა

„ბრუნტეტი დაბრუნდა“ - ეს სათაურია ალექსანდრე კორძაიას იდეით განხორციელებული ბრეხტიანული სპექტაკლი-კარნავალისა, ზონგებითა და რეჩიტატივებით გააზრებული მულტიმედიური, სამგანზომილებიანი მუსიკალურ-თეატრალური წარმოდგენისა, ორიგინალური ავტობიოგრაფიული ფსიქოლოგიური ტესტისა, განუზომელი ინტერესი რომ აღძრა მაყურებელში ერთი კვირის მანძილზე გამართულ  ექვსივე ჩვენებისას.

ვფიქრობ, ამ ავტობიოგრაფიული მუსიკალურ-დრამატული პერფორმანსის ესთეტიკა და განვითარების სტრუქტურა ერთგვარი სიახლეა ჩვენს თეატრალურ სივრცეში. ცხადია, ავტობიოგრაფიულობის საკითხი არახალია ხელოვნებაში. მუსიკაშიც არც თუ იშვიათად ჩნდება, მაგრამ სხვადასხვა მეტაფორის სახით - მონოგრამა ბახთან, შუმანთან, შოსტაკოვიჩთან, მიძღვნა, ქვეტექსტი  ყანჩელის ბოლო პერიოდის საგუნდო კომპოზიციებში, და სხვ. ალექსანდრესთან ეს არაფრითაა შენიღბული. იგი რეალურ ისტორიას მოქმედებაში გარდასახული მუსიკალური კომპოზიციით აღწერს და ჩვეულ გარემოსთან განშორების იმ ნოსტალგიურ განცდებზე გვიამბობს, თან რომ ახლავს უცნობთან შეხვედრის შიშნარევი განცდა. მისი საფუძველი მუსიკალური თემა კი არა, ტემბრულად გააზრებული ბავშვის ლაპარაკია, ხმაა, გახსნილი როგორც მუსიკალური კომპოზიციის ინსპირაციის  „საუნდბლოკი“. შესაბამისად, სალაპარაკო ხმა მოქმედებს არა როგორც სიტყვიერი შინაარსის მატარებელი ფონემა, არამედ როგორც მუსიკალური ექსტაზის მასტიმულირებელი რეჩიტატიული ინტონაცია, რომელიც ლაიტმოტივის პრინციპით მსჭვალავს მთელ კომპოზიციას.       

 სპექტაკლის ავტორი, კომპოზიტორი და შემსრულებელი (მუსიკოსი, მსახიობი) ალექსანდრე კორძაიაა, ანუ „კორძი“, რა სახელითაც იცნობს მას ახალგაზრდობა. ის არის ამბის მთხრობელი რეჩიტატიულადაც და მუსიკალურადაც და ბრეხტისეული გაუცხოების პრინციპით წარმართავს ორივე ხაზს.

მისი ბავშვობა ჩვენში უმძიმეს 90-იანებს დაემთხვა. 5 წლის ხდებოდა, როცა გაიგო, რომ საცხოვრებლად შვეიცარიაში უნდა წავიდეს, სადაც დედა, მუსიკოსი თამრიკო კორძაია სწავლობდა. წასვლის წინ კი მამიდას მასთან აუდიო ინტერვიუ ჩაუწერია, რომელიც მოულოდნელად ახლახანს აღმოაჩინა. სწორედ ეს იქცა შემოქმედებით იმპულსად. მისი ინტერესი ინტერვიუში ხმის სიტუაციურმა, რამდენიმე შრიანმა ვარიაციებმა განაპირობეს, რომლებსაც ბადებს ბავშვურ ცნობიერებაში დაბადებული ფანტასტიკური სამყარო.

ბრუნტეტი ქვესკნელია, სადაც მიდის ბრძოლა  ცუდებს - მონსტრებს, მავნე მწერებს (ობობებს, რომლებისაც ეშინოდა) და კარგებს შორის. ბავშვის ცნობიერში დაბადებულ ამ გამოგონილ სამყაროში განვითარებული სიუჟეტი იმდენად „ინტელექტუალურია“ და მთლიანი დრამატურგიულად, ძნელად დასაჯერებელია, რომ 4 წლის ბავშვთან გვაქვს საქმე. ალბათ, ამან განაპირობა, რომ ორი ათეული წლის შემდეგ ეს ბავშვური გართობა ამოტივტივდა და იქცა მუსიკალური კომპოზიციის საფუძვლად 6 ინსტრუმენტისათვის (სექსტეტი-ვიოლინო, ჩელო, გიტარა, დასარტყამები, კლავიშები, ელექტრონიკა) რომელიც შესრულდა ჰოლანდიაში მუსიკალურ ფესტივალზე ალექსანდრეს კოლაბორაციით ჰოლანდიურ ჯგუფ Kluster 5-თან  (ჰააგა, ნიდერლანდები) და ალბომიც ჩაიწერა. ამ უმაღლესი რანგის ანსამბლის საშემსრულებლო ხარისხი იმდენად შთამბეჭდავი და, რაც მთავარია, ავტორის ჩანაფიქრთან იმდენად სრულყოფილად თავსებადი იყო, რომ ალექსანდრეს სხვა ჯგუფით ამ კომპოზიციის შესრულება უბრალოდ ვერც წარმოუდგენია.

ჰააგაში სერიოზული წარმატების მიუხედავად, ეს თემა ალექსანდრეს მოსვენებას მაინც არ აძლევდა. „სულ მქონდა სურვილი ამ კომპოზიციაზე  ჩემი ბავშვობის ვიზუალური მხარეც დამერთო“ - ამბობს ალექსანდრე. ეს აზრი აიტაცა კოკა გოგოხიამ და გადაწყდა მისი თეატრალური ვერსიის განხორციელება „ხარაკის“ ჯგუფთან Kluster 5-ის მონაწილეობით.

 

სპექტაკლი დაიდგა

უნებურად გვახსენდება საკმაოდ გაცვეთილი, მაგრამ მნიშვნელოვანი გამოთქმა - „ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ“. თეატრი ადრეული ასაკიდან იყო ალექსანდრეს გატაცება. სულ ამბობდა, „სპექტაკლისტი“ უნდა გამოვიდეო. კარადიდან გადმოყრილი ტანსაცმლის არჩევა, მათი სხვადასხვა კომბინაციები დიდ სიამოვნებას გვრიდა, რაც პოდიუმზე მოდების ჩვენების თამაშში გადაიზრდებოდა ხოლმე. მის ბავშვურ წარმოსახვით სამყაროზე ასევე მიგვანიშნებს ზღაპრების ციკლი ორი მეგობარი ბიჭის ისტორიებით, რომლებსაც ორი წლის მანძილზე, სერიული უწყვეტობის პრინციპით „თხზავდა“ ყოველ ღამე ძილის წინ. მაგრამ  მისი წარმოსახვითი სამყარო მთელი სიმძაფრით მაინც ინტერვიუში გაცხადდა. და აი, ბრუნტეტი დაბრუნდა კიდეც 20 წლის შემდეგ საქართველოში „გადმობარგებულ“ ალექსანდრესთან ერთად.

მუდმივი სტანდარტული კითხვა მასთან: „რატომ დაბრუნდი მაშინ, როცა ყველა გარბის აქედან?” არა და, რეჟისორი სანდრო კალანდაძეც ხომ დაბრუნდა! ესეც მნიშვნელოვანი იყო სპექტაკლის შინაგანი მუხტის მოძიებისას - წასვლა-მოსვლა ეს პირობითობაა! იქნებ არც წასულა ჩვენი გმირი, უბრალოდ გადაადგილდა?! ამ მუდმივ კითხვაზე კონკრეტული პასუხი სპექტაკლში არ არის. უფრო მუსიკაშია, სადაც დროდადრო ქართული რიტმების „ჩავლებაა“ შესაძლებელი, ან კიდევ ბებიდასთან უკანასკნელი შეხვედრა-გამოთხოვება, რითიც იწყება სპექტაკლი, ან .... ვარაუდი უამრავია, ფაქტი ერთი - დაბრუნდნენ საკუთარი ნებით, ყოველგვარი ძალადობისა და ზემოქმედების გარეშე. ჩემი ღრმა რწმენით კი იმ ქვეცნობიერით, რომელიც აშკარად იკითხება ამ წარმოდგენაში - პლანეტა ძალიან პატარაა და ერთიანი იმისათვის, რომ სადმეიდან სულ წახვიდე. თუ დაგჭირდა - წახვალ, თუ დაგჭირდა შენთან ჩამოვლენ, როგორც გვესტუმრა Kluster 5 ჰოლანდიიდან საქართველოში სპექტაკლში მონაწილეობისათვის.

ბიოგრაფიულ ფაქტებზე შექმნილმა ამ კომპოზიციამ თეატრში იგავი-ზღაპრის სახე მიიღო, რომელშიც გასული საუკუნის 90-ანების ძალადობრივ ფონზე აირეკლა 4 წლის ბავშვის რეალურიც, წარმოსახვითი სამყაროც და დღევანდელობაც. როგორც კორძი ამბობს, ეს არის ამბავი იმაზე „როგორ წავიყვანდი თან შვეიცარიაში ჩემს წარმოსახვით მეგობრებს და ამავე დროს, როგორ დავრჩებოდი საქართველოში“. მასში ბევრი წახნაგია, მაგრამ გამკვეთ ხაზად მაინც იკითხება ფსიქოლოგიური ქვეცნობიერის ზეგავლენა ბავშვის ფსიქიკაზე, რაც ცხოვრების ბოლომდე მიყვება.

ასეა...  როდესაც უფროსებს ჰგონიათ, რომ ბავშვი თავისთვის თამაშობს „თითბერის ჯარისკაცებით“ და ისტერიულად კამათობენ პოლიტიკაზე, თურმე ეს გაუცნობიერებლად ილექება მასში და განსაზღვრავს კიდეც უფროსებისთვის არხილვად ვექტორებს, მომავალში სრულიად მოულოდნელად რომ ამოქმედდებიან ხოლმე. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც - „ინტერვიურობანას“ გართობა-თამაშმა სახოვნად და დოკუმენტურად შემოგვინახა იმ პერიოდის პოლიტიკური დაძაბულობის აღქმის ბავშვური განცდები და რაც უმთავრესია - ხმა-ტემბრი, რომელმაც ნაწარმოებში მუსიკალური ფუნქცია შეიძინა, გამოვლინდა რა როგორც აკუსტიკურ - ინტონაციური ლაიტმოტივი, რომელიც კვეთს მთელ ნაწარმოებს. 

თეატრალურ ესთეტიკასთან შეხებამ ალექსანდრეს წინაშე ახალი სერიოზული ამოცანა წარმოშვა. თეატრს თავისი კანონები აქვს, რომელიც გულისხმობს მუსიკის, ხედვითი და ქმედებით-პლასტიკური შრეების ერთიანობას. უნდა მოძებნილიყო ბავშვის ხმის ალტერნატიული ახალი აკუსტიკური ელემენტი, რათა შექმნილიყო ინტონაციური კონტრასტი, რომელიც სპექტაკლს თეატრალურ-დრამატურგიულ კონტექსტში გაამთლიანებდა, ხაზს გაუსვამდა იმ სევდიან პასაჟებს, რომლებიც ბავშვის ლაიტინტონაციაში (მონათხრობში) გამოჩნდება და რეალურ განცდებზე მიგვანიშნებდნენ (დედის სასწავლებლად წასვლის განცდა, მასთან განშორების ტკივილი და სხვ.).

ამ ძიებებისას ალექსანდრეს ყურადღება მიიქცია სადღაც ამოკითხულმა აზრმა - რომ ადამიანს ყველაზე ადვილად ავიწყდება გარდაცვლილი ახლობლის ხმა. ამის გავლენით ფირზე ჩაიწერა თავისი ბებიდის სიცოცხლის ბოლო დღეების მოგონებები. დაუძლურებული ადამიანის თხრობისას სიტყვები ფაქტობრივად არ ისმის. ეს უფრო ჩუმი მოთქმაა, სევდიანი „ლუღლუღია“ - ანუ მახვილი გადატანილია არა ნათქვამის შინაარსზე, არამედ ღრმად სევდიან ინტონირებაზე. ამ ხერხით ჩემთვის დაიბადა  სპექტაკლის ახალი ლაიტსაუნდი, წარმოიშვა ახალი ემოციური ტემბრული შრე, რამაც ბავშვის მაღალ რეგისტრსა და მკვეთრ, ნათელ ჟღერადობასთან დაპირისპირებით შექმნა კონტრასტულ ინტონაციებზე აგებული მუსიკალური დრამა - ერთი მხრივ ბავშვის ენერგიული, მხიარული „ჭიკჭიკი“ და მეორე მხრივ, დაუძლურებული მოხუცის სევდიანი ღუღუნი, ანუ გზა სიცოცხლის საწყისიდან სასრულამდე, რაც კრავს მთელ წარმოდგენას.

ქვეყანა „ბრუნტეტი“, ჩემი აზრით,  ასოციაციაა სიტყვისა „ბუნკერი“, რომელიც 90-ანებში მუდმივად ისმოდა ყველგან - შინ თუ გარეთ. ბავშვმა გაიგო, რომ ბუნკერი სარდაფია, ანუ მიწისქვეშეთი, სადაც დიდი ბრძოლები მიდის და იქცა კიდეც მისი ზღაპრული ხილვების საფუძვლად, ბოროტებისა და სიკეთის დაპირისპირების ადგილად. ... ინტერვიუში იგი ამბობს: „ბრუნტეტი ძალიან ბნელი და თან ძალიან მხიარული ადგილია. საბნის ქვეშ უნდა შეხვიდე, გამოქვაბულში ჩახვიდე და გაცურო წყალში, საიდანაც ქვესკნელის სამყაროში გადიხარ. იქ კარგებიც არიან, კეთილებიც და ომიცაა“.

ეს „პოლიტიკური“ ნიუანსი არ გამორჩა არც პიესის ავტორებს და არც რეჟისორს, რამაც განაპირობა დასაწყისშივე  იმდროინდელი პოლიტიკურ-დოკუმენტური კადრების გამოჩენა ეკრანზე - ზვიად გამსახურდია, ედუარდ  შევარდნაძე, ჯაბა იოსელიანი, მიტინგები, შეტაკებები.

ასეა თუ ისე, ამ  ზღაპარი-იგავის აზრობრივი საყრდენი კეთილსა და ბოროტის ბრძოლაა, ლამაზი, ბავშვურად მხიარული და „დიდურად“ ღრმა, არაერთმნიშვნელოვანი.  სცენური დრამატურგიაც ამ კონტექსტში გაიაზრა რეჟისორმა. იდეის წარმოსაჩენად კი კვლავ ეკრანს მიმართა, სადაც ეს ბავშვური ფანტასმაგორია გაცოცხლებულია არა ღამის ეფექტით, არა ბნელი სიზმრის სახით, არამედ მზით გაბრწყინებულ ოთახში კედლებიდან ბავშვის საწოლისკენ მცოცავი ანიმაციური საშიში მწერებით და არსებებით, რათა ღამით „თავს დაესხან მსხვერპლს“.  სცენაზე კი მსახიობები (3 გოგო, 3 ბიჭი) ამ მონსტრთა ნიღბებით აცოცხლებენ ეკრანს პანტომიმურ-პლასტიკური საშუალებებით, საოცრად დახვეწილი. მკვეთრად სინქრონიზებული ანსამბლურობით. სწორედ ისინი არიან შუამავლები, რომლებიც ხან ნიღბებით, ხან რეალური სახეებით გვიწევენ მეგზურობას ნამდვილ და ზღაპრულ სამყაროს შორის მოგზაურობისას მთელი სპექტაკლის მანძილზე და ერთგვარ „დუბლს“ ქმნიან სცენაზე განთავსებულ მუსიკალურ სექსტეტთან.

მთავარ როლში კი თვით ალექსანდრეა, რომელიც ხან დირიჟორობს, ხან უკრავს, ხან თეატრალური ნიღბით მსახიობის ამპლუაში მოგვევლინება არტისტიზმის საკმაოდ მაღალ პროფესიულ დონეზე, საინტერესო პლასტიკითა და მეტყველებით.

ნათელია, რომ მსახიობთა სექსტეტი, რომელიც მუსიკალური კომპოზიციის გავლენით დაიბადა, არ არის შემთხვევითობა.  ამიტომაც, სხვადასხვა სცენურ ვარიაციაში  ბუნებრივად აღიქმება რეჟისორის მიერ მუსიკოსების უშუალო ჩართვა მოქმედებაში, რამაც, ერთი მხრივ, დინამიკა და ძლიერი ემოციური მუხტი შესძინა სპექტაკლს, ხოლო, მეორე მხრივ, მუსიკოსები, მსახიობებთან ერთად, აქცია სცენური განვითარების მნიშვნელოვან ფიგურებად.

და მართლაც, საოცარი ზემოქმედების მქონე აღმოჩნდა მათ მიერ შთამბეჭდავად, ღრმად და ემოციურად შესრულებული კორძის პარტიტურის ულამაზესი ლირიკული ეპიზოდები, ვირტუოზული სოლო - იმპროვიზაციები, მოულოდნელად რომ ჰკვეთენ ნათელ, ენერგიულ ანსამბლურ ჟღერადობას და ემოციურად ამზადებენ ფინალურ ეპიზოდში სიცოცხლის იმგვარ გასხივოსნებულ ზეიმს, ადგილიდან რომ წამოაყენებს და სკანდირებული ტაშის მონაწილედ აქცევს  ყველაზე თავშეკავებულ მაყურებელსაც  კი.

ფოტო „ჰარაკის“ ოფიციალური გვერდიდან

bottom of page