top of page

ბუნკერი

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის

სამინისტროს მიერ.

316692996_5761707320587529_7058609227892645626_n.jpg

ანი ცერცვაძე

ბუნკერი

სპექტაკლი, რომელზეც ვისაუბრებ ეძღვენება სამშობლოს, რომელიც იბრძვის, იტანჯება, სტკივა და სამარადისო ღალატშია გაჭედილი. ეს არის ბუნკერიდან ამომავალი ქართული სიმყრალის მწარე აღსარება, ხოლო სამშობლოს სიმყრალით გაჟღენთილი მოქალაქე წარსულს ვერასდროს დაახწევს თავს. ამ უკანასკნელზე გვესაუბრება მიშა ჩარკვიანი ივა ფეზუაშვილის რომანის მიხედვით დადგმულ სპექტაკლზე „ბუნკერი“.

ჩარკვიანისეული მონოლოგები, სივრცე გარემო, ფერები თუ სხვა მრავალი გადმოსცემს იმ დაუსრულებ წრეს, რომელშიც 9 აპრილის დროინდელი საქართველო, სამწუხაროდ, დღემდე ჩათრეულია. შავი ქართულ რეალობაში ტრაგედიის მაუწყებელია, მისი პერსონაჟები კი უსასრულო ტრაგიზმში არიან გაჭედილები, რასაც მათი კოსტუმებიც მოწმობს. თითოეული მათგანი შავ სამოსშია გამოწყობილი და თითქოს მათი ვიზუალი ეხმიანები იმ სულიერ გასაჭირს, რომელსაც  ბრძოლა გამოუცხადეს ან შეიძლება აღარც იბრძვიან. ნუთუ იმედ დაკარგული, იპოვის მისი დაბრუნების გზას? ნუთუ ერთხელ დაცემული, მოიკრებს ძალას, რომ ხელახლა წამოდგეს და გააგრძელოს ბრძოლა სანამ წარსულის დამარცხებას არ ისწავლის? რა კურნავს დაღს, რომელსაც კომუნიზმი ჰქვია და აქვს თუ არა ბრძოლას აზრი. მიშა ჩარკვიანი ამ კითხვებზე პასუხს თითოეულ პერსონაჟში მისეულად ათავსებს და ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის დიდ სცენაზე წარმოგვიდგენს.

მილა(ბუბა გოგორიშვილი), მისი ქმარი, ოჯახის წევრები და მეგობრები იხსენებენ და გვიყვებიან თავიანთ ისტორიას. გვესაუბრებიან სირთულეებზე და ბრძოლაზე არა მარტო საკუთარ თავსა და ინტერესებთან, არამედ მათთვის უახლოეს ადამიანებთან. მიშა ჩარკვიანი იმ გასაჭირს რასაც „საბჭოელი ადამიანის ცხოვრება“ ჰქვია მილას, გენას, ზემასა და ლაზარესეული რეალობით გვაჩვენებს. ისინი არიან წარსულში გამომწყვდეული ადამიანები, რომლებიც მუდამ „გუშინდელ დღეს“ მისტირიან და არსებული რეალობის ავკარგიანობის ერთადერთი საზომი მათი განვლილი ცხოვრებაა.

მილა(ბუბა გოგორიშვილი) ქალია, რომელიც მუდამ თავის სურვილებსა და სწორ არჩევანს შორის ხელჩართულ ბრძოლაშია. აქვს თუ არა მას ბედნიერების უფლება, მაგრამ მის ძიებაში რამდენ ადამიანს დაანგრევს. ის ქალია, რომელსაც იყენებენ, სჭირდებათ და სურთ დაეუფლონ არა სულიერად, არამედ მატერიალურად, მორალურად და ხორციელად. თუმცა, ამავდროულად მილა მოღალატეა, მოღალატე ქმრის, მოღალატე საკუთარი თავისა და პრინციპების. კითხვა - მიზანი ამართლებს თუ არა საშუალებას ამ შემთხვევაშიც ორაზროვანია. ცხოვრებისგან მოყენებული ტკივილები ხანდახან შეცდომებისკენ გვიბიძგებს საკუთარი თავის გადარჩენის იმედით. აქვე მინდა ვისაუბრო ბუბა გოგორიშვილის შესრულებაზე. მისი დიქცია, რომელიც ხშირად გამაღიზიანებელია, თუმცა თითქოს ამ შემთხვევაში მას სრულად ჰყავს ამოცნობილი მილას პერსონაჟი. ცალსახად გათავისებული აქვს მისი ყოველი დარდი და ემოცია. თოთქოს მან ის გარდამტეხი ამოიცნო და გაითავისა, რაც, სამწუხაროდ, დღემდე უცვლელია მის, ამავე სცენაზე წარმოდგენილ ირინა არკადინას პერსონაჟში, სპექტაკლ „თოლიადან“.(და არც მისი სხვა როლები გამოირჩევა დიდი საშემსრულებლო ოსტატობით), რაც შეეხება, ზემას (ანასტასია ჭანტურაია) და ლაზარეს (გივიკო ბარათაშვილს) მათი რეალობაც თითქოს მშობლების საპირწონეა. დავით ბეშიტაიშვილი (გენა), ალექსანდრე ბეგალიშვილი (კაცი სამინისტროდან), გიგი ქარსელაძე (პითა), დევი ბიბილეიშვილი (ნუგო), გიგა დათიაშვილის (მამუკა) პერსონაჟები გრძელი, მძიმე და ემოციური მონოლოგებით პირველ პირში გვიყვებიან მათ ისტორიას. ერთგვარი აღსარება, რომელიც ხშირად წარმოდგენილია რეპის, რეჩიტატივის, სახით და მათ შორის განსაკუთრებით გამოირჩევა გივიკო ბარათაშვილი(ლაზარე). ისინი ხშირად საუბრობენ სტერეოტიპული და გადაცვეთილი ტექსტებით, თუმცა ქართული რეალობაც ხომ ესაა, დაუსრულებელი მუდმივი ჯაჭვი.

„თავად ბუნკერი, რომელიც რომანის მთავარი მეტაფორა და კონცეპტუალური ჭაა, სპექტაკლში პრაქტიკულად არ ჩანს...  ბუნკერს ანაზღაურებს ნაგვის შავი ცელოფნის ფუთები, რაც როგორც ესთეტიკური საგანი, ვერ არის ბუნკერის სიმძიმესთან ახლოს.“ - ამბობს კრიტიკოსი ვალერი ოთხოზორია. მე კი ვფირქობ, რომ „ბუნკერი“ გადმოცემულია არა საგანთა მაჩვნებელებით, არამედ იმ სიმყრალით, რომელიც დალექილია თითოეულ პერსონაჟში, რომელიც ცალსახად წარმოჩენილია მათ ყოველ მონოლოგში. არ ვფიქრობ, რომ ბუნკერის პირდაპირ პროპორციულად, საგნობრივად, წარმოდგენა სცენაზე მაყურებელის თვალსაწიერს გააფართოვებდა ან სურათის სიმძიმეს მეტად აღწერდა. ვფიქრობ, მიშა ჩარკვიანის იარაღი ამ შემთხვევაში იყო სიტყვა, განსხვავებით მისი სხვა სპექტაკლიდან, როგორიცაა - „ვკვდები როგორც ქვეყანა“, სადაც სცენოგრაფია იმავე დოზით არის დატვირთული, როგორც მონოლოგები.

ამასთან, მიხეილ ჩარკვიანი ზემასა და მილას პერსონაჟებით ეხმიანება პრობლემებს, რომლებსაც ქალები აწყდებიან, რა ფასი აქვთ მათ ხმას საზოგადოებასა და სოციუმში. იმ მენტალურ და ფსიქოლოგიურ ჭიდილზე საუბრობს, რომელთან ბრძოლაც უწევთ. მსხვერპლზე, რომელსაც ოჯახებისთვის იღებენ თავიანთი ცხოვრების ფასად. ქალობა, იმთავითვე მოიაზრებს პროფესიას, მოვალეობებსა და პასუხისმგებლობებს. მილა წარმოადგენს იმ ქალთა ხმას, რომლებსაც ჰქონდათ ოცნება, სიტყვა, რომელიც ეთქმით, სურვილი, რომელიც ებრძვით, მიზნები და აზრები, რომელთა არსებობაც აყალიბებს ინდივიდად, თუმცა მენტალიტეტმა, რომელიც საზოგადოებამ კულტურად შერაცხა ამის საშუალება მათ აღარ დაუტოვა.

თითქოს ჩარკვიანმა აიღო, ერთად შეკრიბა და ერთ დიდ შავ-ბნელ მთლიანობად აქცია კომუნისტური ბუნკერის ქართული სიმყრალე, რომელიც დღემდე გამჯდარია ჩვენი მიწის ღრმა ფესვებში და ყოველდღიურად სხვადასხვა  სახით ვაწყდებით ცხოვრებაში. ლაზარე, რომლის ინტერესი საკუთარი დედის მიმართ მატერიალური გვერდში დგომაა და ისიც კი არ ახსოვს, რომ დღეს მილას დაბადების დღეა. გენა, იმ ქმრის პროტოტიპად გვყავს წარმოდგენილი, რომელიც საკუთარ ტრაგიზმშია გამოკეტილი და გამუდმებით წარსულის ძიებაშია, რითიც ის როგორც ქმარი, მამა და მეგობარი უფასურდება. ზემა კი ადამიანია, რომელმაც ცხოვრების ყველა უსამართლობა მიიღო, გაიაზრა და მის ძალად აქცია. მიუხედავად იმისა, რომ მთელი თავისი ცხოვრება იმის მცდელობა იყო, რომ კაცი არ დასჭირვებოდა, სპექტაკლის დასასრულს სისუტემ ძლია და კაცი სამინისტროდან მისი უკანასკნელი იმედი გახდა.

გარდა ამისა, ათვისებული აქვს ახალი თეატრის მრავალფუნქციური სცენა. ვხედავთ წრიულად მოძრავ ტრენაჟორებს, რაც, ვფიქრობ დროს აცდენილი ობიექტია განსხვავებით „დესნა დვასგან“, რომელიც იმ დროინდელი საქართველოს სენტიმენტალური ალეგორიაა. ამასთან, აღსაღნიშნავია დავით ბეშიტაიშვილი, რომელიც ბუნკერს ხსნის და სიგარეტის ნამწვს აგდებს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს  ოთხმოცდაათიანების რეალობას ხაზს.

დასასრულს, მინდა აღვნიშნო, რომ სპექტაკლი გვიყვება ხალხზე, რომელსაც ბუნკერიდან ამომავალი სიმყრალე გუდავს და ეს სიმყრალე კი გადაეცემა თაობებს და იჟღინთება მათ ფესვებში. მიშა ჩარკვიანმა 9 აპრილის დროინდელი ქართული რეალობა შერწყა დღევანდელობასთან და წარმოადგინა საბჭოთა და დამოუკიდებელი საქართველოს მწარე ტრაგედია.

bottom of page