ჭადრების ჩიხი #8
სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის
„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.
ლელა ოჩიაური
ჭადრების ქუჩა N8
ფოტო: ნიკა ქორბუდიანი
კარჩაკეტილობის შემდეგ, უკვე მეორე თვეა, საქართველოს თეატრებში, ერთი-მეორის მიყოლებითა თუ პარალელურად, სპექტაკლების წარმოდგენა - ძველი რეპერტუარის განახლება, ახალებზე მუშაობა და უკვე მათი ჩვენებაც - დაიწყო.
მსახიობმა და რეჟისორმა გოჩა ხვიჩიამაც გუნდი შეკრა და სცენოგრაფ, დიზაინერ, მსახიობ და ქორეოგრაფ ტატო გელიაშვილთან, ტექნიკურ რეჟისორ ირაკლი ნავერიანთან და 4 მსახიობთან - მარინა ჯოხაძე (ვასო აბაშიძის მუსიკისა და დრამის თეატრის წამყვანი მსახიობი), თათია თათარაშვილი (ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის წამყვანი მსახიობი), ქეთი აბაშიძე და ზურა ხაფთანი (მარნეულის თეატრის წამყვანი - ახალგაზრდა, მაგრამ უკვე გამოცდილი მსახიობები, რომლებიც თვალსა და ხელშუა გაზარდნენ და სერიოზულ შედეგებს მიაღწიეს) ერთად მარნეულის მუნიციპლიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულ თეატრში „მარინა რევიას“ პრემიერა გამართა და სპექტაკლზე მოსახვედრად, პირველი ჩვენებიდანვე, მარნეულელი თუ თბილისელი მაყურებლის რიგები დააყენა.
და გადაჭარბებისა თუ შეღავათის გაწევის გარეშე ვიტყვი, რომ „მარინა რევია“, ალექს ჩიღვინაძის პიესაზე, ერთ-ერთი მიმზიდველი და გამორჩეული სპექტაკლია, რომელიც ბოლო პერიოდში არა მხოლოდ მარნეულში, არამედ ქართულ თეატრში დაიდგა, რამდენიმე სხვასთან ერთად. ამ სხვებს არ დავასახელებ და ამჯერად, არც პიესის უკვე დადგმულ ორ ვერსიას შევაფასებ, ასევე საინტერესო და განსხვავებული ვარიაციებით.
ერთ-ერთ გამორჩეულ და თავისთავად დრამატურგ ალექს ჩიღვინაძის ეს პიესა რატომღაც სახელწოდებიდანვე იწვევს ჩემ ემოციურ - სრულად გაუცნობიერებ და „უსაფუძვლო“ მიჯაჭვულობასა და შფოთს. მას შემდეგაც კი, რაც ამბის, მოვლენების, პრობლემის „საიდუმლო“ „ამოვხსენი“. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით მაინტერესებს, როგორ წაიკითხავენ და ამოხსნიან პიესას სხვები და რა, როგორი, რაზე მეტყველი აღმოჩნდება მათთვისა და შემდეგ მათი მაყურებლისთვის ახალი „მარინა რევია“.
მარნეულში კი ყველაფერი ასე იწყება და ვითარდება - კულტურის ცენტრის დარბაზში შესვლისას, კაპელდინერები გესალმებიან, გზას სამაყურებლო სივრცის საპირისპიროდ, სცენისკენ გითითებენ და მოგმართავენ - „მობრძანდით ჩვენი ჭადრების ქუჩის N8-ში“. უცნაური მიპატიჟებაა. იქ მოსახვედრად, კიბის რამდენიმე საფეხური უნდა აიარო, კარი უნდა გააღო და უცებ ვიღაცის ბინაში აღმოჩნდები. თვითონ უნდა მოძებნო ადგილი და სხვებთან ერთად ნახევარრკალზე მოთავსდე. მასპინძლები არ ჩანან. თუმცა იგრძნობა, რომ სახლში აშკარად ვიღაცაა - ტელევიზორში რომელიღაც თურქული სერიალი გადის. კულმინაციური დრამატული ეპიზოდით. ეს კადრები, ხმა ეკრანიდან და სიჩუმე გარშემო რატომღაც გაწუხებს.
გარემოს ათვალიერებ. ძალაუნებურად, ყველა დეტალი გაინტერესებს, ისევე, როგორც მაშინ, როდესაც ვინმესთან პირველად ხარ სტუმრად. თავს ისე გრძნობ, თითქოს ვიღაცის ბინაში, ოღონდ, უცხო ხალხთან ხარ. თუმცა, მეხსიერება ნაცნობ ასოციაციებს გთავაზობს. ასეთი ატმოსფერო (ტატო გელიაშვილი საამისოდ ყველანაირ პირობას ქმნის) როლს უკვე ასრულებს და მზად ხარ, თუ ფიზიკურად არა, მთელი გრძნობითა და განცდით ჩაერთო აქაურობის ბინადართა ცხოვრებაში.
ნელ-ნელა მათი ყოველდღიურობისა (გაღვიძება, დილის ტუალეტი, საუზმე, სხვა ყოფითი დეტალები) და ურთიერთობების მომსწრე ხდები. რთული და დაძაბული ურთიერთობების, ძალიან დრამატული და არაბანალური ისტორიის, ბევრ ხაზს რომ უყრის თავს. და შემდეგ, მალევე კიდევ უფრო რთულდება.
ჭადრების ქუჩა N8 - მარინა რევიას მისამართია.
არავინ იცის, სადაა ეს ქუჩა, რომელ ქალაქში, რომელ უბანში. ბევრია ასეთი ოჯახი, ასეთ ქუჩაზე, ასეთ ბინაში რომ ცხოვრობს. ქუჩაზე, სადაც სახლის წინ ორი დიდი ჭადარი დგას ან იდგა და მოჭრეს, როგორც ბევრი სხვა ხე. იქნებ ჩემი უბანია, იქნებ - სხვისი.
ბევრია ასეთი ბინა - იაფფასიანი, შელახული ხისა თუ ფანერის კარით შესასვლელში, ძველი ბუფეტით (30-40-იან წლებში ფუფუნების საგანი რომ იყო და დღეს - ანტიკვარულად ითვლება). მაგიდის ჭრელი ხავერდის ფოჩებიანი გადასაფარებლით, ტუმბოზე ჩამონტაჟებული ტორშერით (70-იანი წლების გამოძახილი), „ტრილაჟით“, ძველი ტახტით, ონკანი ემალის ძველი ნიჟარით, კედლის ძველმოდური საათითა და ლეონარდო და ვინჩის „მადონა ლიტას“ რეპროდუქციით ჩარჩოში (ოდესღაც, უამრავ ოჯახში რომ ეკიდა, ჟან-ეტიენ ლიოტარის „მეშოკოლადეს“ მსგავსად), კიდევ, უბრალო სამშვენისებით კედლებსა თუ ავეჯზე შემოწყობილით, ჩამოხეული შპალერით, ჩამონგრეული და რაღაც ძველმანშეტენილი ობმოკიდებული ჭერით, რომლის ნაპრალიდან წვიმის დროს, რა თქმა უნდა, წყალი ჩამოდის.
როდესაც ფანჯარას აღებენ, ჩიტების ჭიკჭიკი ისმის, ან ქუხილის ხმა და ღია ფანჯრიდან ჩანს, რომ კოკისპირულად წვიმს.
ყველაფერი ნაცნობია. ერთადაც და ცალ-ცალკეც. ისევე, როგორც სპექტაკლის ხაზები, პერსონაჟები, მათი თვისებები, საზოგადოებისა და დროის ნიშნებით. აქ ყველა დეტალს (დეკორაციაში, რეკვიზისა თუ კოსტუმში) მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს, ზუსტად და არა დაჟინებით რომ უსვამს ხაზს ყოფას, ამ თითქოს ყოფით და ამავე დროს, რთულ ფსიქოლოგიურ დრამაში, რომელიც თითქოს უნდა გამორიცხავდეს „საყოფაცხოვრებო“ ნიშნების სიუხვეს, მაგრამ ეს დეტალები, თვითონვე ტოვებენ მოხაზულ ჩარჩოებს და ნიშნებიდან განზოგადებულ მეტაფორებად და შემდეგ ერთად - სიმბოლოდ იქცევიან.
ეს ისტორია მარინა რევიას შინ დაბრუნებით იწყება. ციხიდან დაბრუნებით. 15 წლის შემდეგ.
ბინა, რომელშიც მარინა რევია ბრუნდება, თაობების წარსულს ატარებს და აერთიანებს, ხსოვნას ინახავს. როგორც სადღაც გადამალული საოჯახო ფოტოალბომი. მარინა რევიასთვის ეს - მისი სახლია - წარმოსახვითი და იმედისშემცველი თავშესაფარი, რომელიც 15 წლის წინ დატოვა და დაბრუნდა. 15 წლის უნახავ შვილებთან, ბოლოს სულ პატარები რომ ნახა, რძალთან და შვილიშვილთან, რომლებსაც არასდროს შეხვედრია.
გოჩა ხვიჩიას გადაწყვეტით, ასეთი ატმოსფეროს „გათვლა“, ერთგვარი ფსიქოლოგიური „ტესტის“ მომზადება და მაყურებლის იმავე სიბრტყეზე და ეპიცენტრში მოთავსება, სადაც მოქმედება ვითარდება, გაუცხოების იმ ბარიერს შლის, რომელიც მაყურებელსა და სპეტაკლის მონაწილეებს შორის შეიძლება ყოფილიყო. და აღარაა.
პერსონაჟები (ზოგჯერ გავიწყდება, რომ პერსონაჟები არიან, ამბავი „ნამდვილდება“ და მოუთმენლად ელოდები, რა მოხდება, მაშინაც კი, როდესაც თითქოს ყველაფერი იცი) მოვლენებით დატვირთულ, მუდმივად დაძაბულ და დაჭიმულ ამბავს წარმოადგენენ დ ბოლომდე, სანამ „სამშვიდობოს“ გავლენ, მუხტს არ აგდებენ.
მარინა ჯოხაძე, თათია თათარაშვილი, ქეთი აბაშიძე და ზურა ხაფთანი იმდენად ახლოს არიან მაყურებელთან, იმდენად უშუალოდ და გახსნილად მოქმედებენ (თუმცა, არც ერთი სიმართლეს ბოლომდე არ ამხელს), იმდენად ზუსტად გრძნობენ ატმოსფეროს და აქვთ „საჯარო მარტოობის“ უნარი, რომ ყველა მოცემულობაში გარწმუნებენ.
ისინი ისე ახლოს არიან, მათი სუნთქვაც შეიძლება გაიგონო. შეიძლება, არაფერი გამოგეპაროს, ემოციის ყოველი გრადაცია ზუსტად აღიქვა. შეგიძლია, ხელითაც შეეხო ან თვითონ იმდენად მოგიახლოვდნენ, კაბის კალთით გაგედონ. შეგიძლია ბავშვის ხელოვნური კვების ფხვნილის გრამებიც კი შეამოწმო და ჩვილის ტირილისა თუ ჭიჭყინის ხმაც ნამდვილივით მოგესმას ეტლიდან, ოჯახის წევრები აქეთ-იქით რომ დააგორებენ. იქვე ყავას ადუღებენ და ყიყლიყოებს წვავენ და ეს სურნელებიც ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრების დეტალებია, რომლებიც კონტექსტში მოცულობას იძენენ.
ეს პერსონაჟები - ერთი ოჯახის გაუცხოებული წევრები - ხშირად დუმან, ვიდრე ლაპარაკობენ და ეს დუმილი (განსაკუთრებით, ფინალისკენ) , ხანგრძლივი პაუზები, მოლოდინის სიჩუმე, რომელიც არავინ იცის, როდის აფეთქდება, ქმნის დაძაბული მოლოდინის, შინაგანი დაჭიმულობის, ფორიაქის, გამოუვალობის მწარე გრძნობას, რადგან არავინ იცის, არსებობს თუ არა და რა არის ამ სიტუაციიდან გამოსავალი.
კონტრასტი იმასთან, რაც ხდება, რაც ამ ადამიანებს შინაგანად აწუხებთ და დროდარდრო გარეთ გამოდის, ყოფით კონფლიქტში, ნერვულ მხიარულებაში, ფიზიკურ შეხლა-შემოხლაშიც ვლინდება. ემოციების ეს დინება, მიჯრით გასროლასავით, არც ერთ შემთხვევაშია ხელოვნური და ყალბი, როგორც ხშირად ხდება, როდესაც მსახიობებმა რისხვა, ბრაზი, მოკლედ, ემოცია უნდა გაითამაშონ.
მარინა ჯოხაძის მარინა რევია ჯერ ისევ ახალგაზრდა ქალია. სამი შვილის დედა, რომლებიდანაც ერთი - ყველაზე პატარა - დიდი ხანია აღარაა ცოცხალი (მისი საფლავი, როგორც შევიტყობთ, უყურადღებოდ მიტოვებული და მოუვლელია), ორი - უდედოდ და უმამოდ გაიზარდა. სწორედ ეს - მკვდარი შვილი და უდედოდ გაზრდილი და მაინც გადარჩენილი შვილები არიან მისი - ბედნიერებაც და „ჯვარიც და ეშაფოტიც“.
ცხადია, დრომ და პატიმრობაში გატარებულმა წლებმა, დარდმა და სიმარტოვემ მის მშვენიერ გარეგნობას კვალი დაატყო, მოხდენილი ფიგურა დარდმა მხრებში ოდნავ მოუხარა, გაუბედავ ნაბიჯებს (თითქოს ახლა იწყებს სიარულის სწავლას) მიაჩვია, უკონტაქტობამ და „ამოვარდნილობამ“ დროიდან და საზოგადოებიდან ქმედებისა და ურთიერთობების თავისუფლებას კვალი დაატყო. შეშინებული და დამფრთხალია. მორიდებული. იმედგაცრუებული. თავისუფლებაში და გაუცხოებულ გარემოში თითქოს უხერხულად გრძნობს თავს. ნაძალადევად მხიარულია. ნაძალადევად ენერგიული. ჯაჭვის გამთელებას ცდილობს. შვილებთან. გარესამყაროსთან.
ამ 15 წელწადში უზარმაზარი სიცარიელეა. განშორების, მარტოობის, მიუსაფრობის სიცარიელე და მაინც დაბრუნების იმედი. ოცნებების ასრულების შეუძლებლობის მიზეზი. და მარინა ჯოხაძე გრძნობების, სულიერი მდგომარეობის, შეგრძნებების, ყველა გრადაციას გადის, ჩუმი, შეხვედრის სიხარულიდან, შინაგანი წინააღმდეგობებიდან, უხმო და თავშეკავებული განცდიდან „არაადექვატურ“, უადგული, ექსპრესიულ ცეკვამდე, უმართავ ისტერიკამდე, მტკიცე და ცნობიერ გადაწყვეტილებამდე.
სახლში დასადგურებულ და შინდაბრუნებულ მარინა რევიას გამოჩენით კიდევ უფრო გაძლიერებულ სიცივეს, სიცარიელესა და დაძაბულობას მხოლოდ ახალი რძალი - ნატო - ავსებს და აცოცხლებს. აზრს სძენს. ერთადერთი სახასიათო, თითქოს სხვა სამყაროდან მოსული სახე სპექტაკლში, რომელსაც არაერთგვაროვანი ხერხებითა და მათი მუდმივი ცვალებადობით, ენერგიულად და დამაჯერებლად, იუმორისა და დრამატული ხაზების ერთობით ქმნის ახალგზრდა მსახიობი ქეთი აბაშიძე. განსხვავებული ადამიანი ამ პირქუშ და დაკომპლექსებულ ოჯახში, თითქოს პერსპექტივის გარეშე. ის, თითქოს ისეთივე მიუსაფარი და იმედგაცრუებულია, როგორც სხვები და ბევრი ადამიანი მის თაობაში. მასაც ჰქონდა მიუღწეველი მიზნები, ბავშვობის ტრავმები, მაგრამ ვერაფერი მოერია. ნატოს გულწრფელად და ნამდვილივით აღელვებს სერიალის პერსონაჟების ბედი, ბავშვივთ უხარია კლასელების ცოტა ხნით ნახვა, ლაღი და გულუბრყვილოა, დიდხანს რომ არ მიჰყვება არც წყენა და არც გაბრაზება, ხალისით სავსეა, არ ნებდება გარემოებებს და რაც მთავარია, რითაც ყველასგან განსხვავდება და უპირატესობა აქვს - მცირედისთვისაც მადლიერია, პირველსა და უპირობოდ შეუძლია შენდობა, თანაგრძნობა, თანადგომა და სიყვარული.
მარინა რევიას კიდევ ერთი შვილი ჰყავს - შოთა. ნატოს ქმარი, ნათიას ძმა და პატარა ბავშვის მზრუნველი მამა. ის ფეთქებადი, იმპულსური, მუდამ გაღიზიანებული, აგრესიული და ყველაფრით უკმაყოფილოა. უხეშიცაა, თავშეუკავებელიც, გაუწონასწორებელიც. თუმცა შემდეგ ირკვევა, რომ ეს მხოლოდ ნიღაბია. მხოლოდ „ფასადია“, რომლის მიღმაც ჯერ კიდევ ბავშვი, სითბოსა და დედის ალერსს მოკლებული ადამიანია, რომელიც ბავშვობიდან ცდილობს დაიცვას ნათია მოძალადეებისგან, რომელიც ზრუნავს შვილზე და არც მის მოვლას თაკილობს; რომელიც ეძებს ადგილს, რომელიც „წაართვეს“ და ვერ უპოვნია, რომელიც ამის გამოც კონფლიქტშია ყველასა და ყველაფერთან და პირველ რიგში, საკუთარ თავთან. ყველა სხვისთვის - სამყაროსთვის - ბრალის დამძიმებითა და საკუთარი „უდანაშაულობაში“ თავის დარწმუნებით. შოთა უპირისპირდება უსამართლობას და ესეცაა სპექტაკლის საფუძველიც, ყველა პრობლემის, თითოეულის დანგრეული ცხოვრების, უიღბლობის, უპერსპექტივობის მიზეზიცა და შედეგიც.
ახალგაზრდა მსახიობი ზურა ხაფთანი მისი თაობის ახალგაზრდების კრებით პორტრეტს ქმნის, ბევრის ბედს იზიარებს და პერსონაჟის სახეს დეტალებითა და ნიუანსებით ტვირთავს. ამ შტრიხებს მსახიობი ნელ-ნელა ხსნის, სხვადასხვა კუთხიდან უდგება გმირს და ფინალურ კულმინაციამდე დამაჯერებლდ მიჰყავს.
თათია თათარაშვილს ნათია პიესისა და სპექტაკლის აზრობრივი და წამყვანი ღერძია. ოჯახშიც ასეა. წარსულშიც და აწმყოშიც. მხოლოდ მან იცის ყველაფერი. მხოლოდ ის მოქმედებს, მუშაობს, ზრუნავს, აგრესიულიცაა, კონფლიქტურიც, ალერსიანიც, ცვალებადი, იმპულსური, ჭკვიანი და ამიტომაც, შეიძლება, ყველაზე ტრაგიკული.
ეს სახე აერთიანებს არა ერთი ახალგაზრდა ქალის ბედსა და თვისებებს, მათ შიშებს, დაუცველობას, არსებობისთვის ბრძოლის „თვითნასწავლობის“ მწარე გამოცდილებასა და სიამაყეს - როგორც საზოგადოების სახესა და მის მიმართ საყვედურს. განწირულობას.
ახალგაზრდა მსახიობი ამ რთული, მრავალშრიანი, მრავალწახნაგა როლით ადამიანის ზოგადი ფსიქოტიპის სიღრმეებში ჩავიდა და დახვეწილი, მდიდარი ხერხებით ააგო პერსონაჟის სახე, რომელმაც საიდუმლო მთელი ცხოვრება გაუთქმელად ატარა და რამაც მის ხასიათსაც და ნერვულ სისტემასაც კვალი დაატყო. ამისთვის კი იყენებს, როგორც ფიზიკურ ქმედებას (როგორ მოძრაობს, როგორ უჭირავს თავი, როგორ ცეკვავს, როგორ იქცევა ერთთან ან მეორესთან, როგორ ლაპარაკობს, რა ტერმინოლოგიით, რა მანერითა და სხვა და სხვა), განცდებისა და ემოციების ამოხეთქვის სხვადასხვა ტონალობას და ასევე უძრაობას, სიჩუმეს - ხანგრძლივსა და შინაგანად დამუხტულს (სიგიჟის ზღვრამდე მისულს) და მხოლოდ მის ანაბეჭდს გამომსახველ, მეტყველ თვალებში და სახეზე.
თუ პიესის შინაარსი არ იცი, ეს „დეტექტური“ ისტორია, რომლის კვანძიც მხოლოდ ფინალში იხსნება და ყველაფერს საპირისპიროდ აბრუნებს, როდესაც არათუ მაყურებლისთვის, პერსონაჟებისთვისაც ყველაფერი კიდევ უფრო ტრაგიკულო ხდება, ვიდრე შეიძლება ყოფილიყო, როდესაც „დამნაშავე“ მართლდება და დამნაშავე, ვითარებიდან გამომდინარე, აღარავინაა, განაჩენი კი დიდი ხანია გამოტანილია, გოჩა ხვიჩიას სპექტაკლის თითოეულ გმირს კიდევ ერთი და განსხვავებული განაჩენი გამოაქვს, ოღონდ საბრალდებოა ეს დასკვნა, თუ გამამართლებელი, სამართლიანი თუ უსამართლო, არავინ იცის. ჭადრების ქუჩის N8-ში აღარაფერი ჩანს.
P.S. გოჩა ხვიჩიამ „მარინა რევია“, როგორც დასაწყისშივე დავწერე, მარნეულის კულტურის ცენტრში დადგა და ამ დადგმით კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, მარნეულში თეატრის შექმნის სისწორესა და აუცილებლობაში. მარნეულში თეატრი, როგორც გამართული სტრუქტურა და ორგანიზაცია არაა. უბრალოდ, ყველა თეატრს უწოდებს. მარნეულში კულტურს ცენტრია, რომელიც ყოველთვის სავსეა ბავშვებითა და ახალგაზრდებით, რომელიც ნატო შავიშვილის ხელმძღვანელობით, აქტიურად მოქმედებს და მშვენივრად ასრულებს ფუნქციას, მუდამ დატვირთულია, ბევრ მნიშვნელოვან და საჭირო საქმეს აკეთებს. თეატრსაც უვლის, პატრონობს, ასულდგმულებს და თუ საჭირო გახდა, კიდევ უკეთესად მიხედავს, როდესაც ის დამოუკიდებელი იქნება.