top of page

ჩაშლილი თუ გამართლებული ინტერაქცია?

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

323539065_696739332000793_572746645432200026_n.jpg

ანი ცხვედაძე

ჩაშლილი თუ გამართლებული ინტერაქცია?

ქართულ სცენაზე ინტერაქციის გაგება ოდნავ რთულ საქმესთან არის დაკავშირებული... საკმარისია საშემსრულებლო ხელოვნებაზე ბოლო ათწლეულის მონაკვეთზე დაკვირვება, რომ თამამ თვალსაჩინო ფაქტად მივიჩნიოთ, ბოლომდე ვერ განხორციელებული ინტერაქტივის მაგალითები, ან მიზნამდე ვერ მიყვანილი ინტერაქტივის მცდელობები...
საბოლოო ჯამში, ან ძალიან ინერტული, უსიცოცხლო, ძალაგამოცლილი და უადგილოა ინტერაქციული ჩართვები სპექტაკლებსა და „პერფორმანსებში“, ან კიდევ ზედმეტად აგრესიული, გადაჭარბებული და თქვენ წარმოიდგინეთ შეურაცხმყოფელიც კი...


ამ <შეურაცხმყოფელზე> რაც დრო გადის, სულ ერთი მაგალითი მახსენდება „ახალი დრამის ფესტივალიდან“ (10.09.2019) - თავის თავში აბსოლუტურად უწყინარი წარმოდგენა როგორ იქცა (შესაძლოა უნებლიე) ზღვარგადასულ პერსონალურ ზეწოლად პერფორმერის მხრიდან კონკრეტულ მაყურებელზე...


რატომღაც ჰგონიათ, რომ (ფორუმ თეატრის მიმეზისია ან ‘რაღაც მაგდაგვარი’) ინტერაქტივის გამოხატვის ფორმები, შემხებლობითი თუ არა-შემხებლობითი ინტერაქციულობა ყველა ხაზს უნდა კვეთდეს მაყურებელთან კომუნიკაციაში... ამ დროს არ უნდა დაგავიწყდეს, რომ მაყურებელი, როგორი სუპერ-ავანგარდისტი რეფორმატორიც არ უნდა იყო, არ არის მსახიობი და შენი ‘თამაშისა და თუ მაინცდამაინც პერსონაჟად გარდასახვის’ საყურებლად არის მოსული, და არა იმისთვის, რომ თავად გახდეს აქტორი, თუნდაც წარმოდგენის ნომინალური’ წარმმართველი; მაყურებელი - პირველ რიგში არის დამკვირვებელი და უმთავრესი მიზეზი იმისა, რომ ყოველი ამბავი გაითამაშო მისთვის(!).

ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩემი დაკვირვების ობიექტია პაატა ციკოლიას „მედეა s01e06“; პიესის ავტორი და რეჟისორი პაატა ციკოლია, მონაწილეობენ: გია ბურჯანაძე, ეკა დემეტრაძე, სანდრო სამხარაძე.


უმთავრესად აღვნიშნოთ, რომ სპექტაკლი იმ დღეს ვნახე, როცა „წინასაახალწლო აჟიოტაჟის“ გამო, ქალაქის ისედაც ინფრასტრუქტურული დისკომფორტი მეტად გაამწვავა სატრანსპორტო კოლაფსმა და გადაჭარბებულმა ხალხმრავლობამ „ნაძვის ხის“ სანახავად რომ მიიჩქაროდნენ. შესაბამისად, ვგრძნობდი, რომ რთული იქნებოდა საზოგადოებრივი ფუნქციონირების ინვოლუციის გზაზე - კონკრეტულ სანახაობას სრულად მიეჩქმალა დისკომფორტული შეგრძნებები.

პაატა ციკოლიას პერფორმანსული სტილის წარმოდგენის მთავარი ლაიტმოტივი ჩემი აზრით, გარდა იმ იდეოლოგიური ხაზისა, რასაც დადგმის ავტორი და დრამატურგი ტექსტით დემონსტრირებს არის, ჭარბი ინტერაქტიურობის მიღწევის მცდელობა.


ოთხი მოცეკვავე ქორეოგრაფიული ჩანართებით ანაცვლებს და მიჰყვება მედეას ციკოლიასეულ ვერსიას, რაც ალბათ, რეჟისორის აზრით, სრულიადაც აუცილებელი ენერგეტიკული მუხტის შემომტანი იყო... ამის უფლება ცხადია რეჟისორს აქვს, ისევე, როგორც დრამატურგ-ავტორს აქვს სრული უფლება, როგორი დეკონსტრუქციული ტექსტიც თავად სურს, თუნდაც პროფანაციული, ასევე კულტივაციური მითების დამანგრეველი - შექმნას.  

თუმცა აქვე ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ საერთოდ არ ვიზიარებ ავტორისა და რეჟისორის ზემო ხსენებული ნაწარმოების/დადგმის შესახებ ადამიანთა გარკვეული ნაწილის სკეფსისს - რომლის მიხედვით, თითქოს კოლხი მედეას არქეტიპისა და ბერძნული მითის დესაკრალიზაციას აქვს ადგილი, მიმაჩნია, რომ ამგვარი ნეგატიური მიდგომა ამ ნაწარმოების მიმართ - გარდა იმისა, რომ დაუსაბუთებელია, ცალსახად ღიმილისმომგვრელიცაა.
ასევე ყველა ავტორს უფლება აქვს, სანახაობის დროს გამოყენებული სითხე ახლო პერიმეტრში მოასხას მსახიობის დახმარებით, ისროლოს ცომის გუნდები აქეთ-იქით (ამ ყველაფერს ამ წარმოდგენაში ადგილი არ ჰქონია!).


მაგრამ, არცერთ ავტორს უფლება არ აქვს, სითხე, ცომი, მსახიობის ბევრნაირი ემოციებისგან გამოწვეული (უკაცრავად და) ნერწყვები მაყურებელს შეახოს, იმიტომ, რომ ეს არაეთიკური და ამავე დროს არაჰიგიენურია - წერტილი.

ასევე ყველა ავტორს აქვს უფლება საკუთარი სიბრაზისა თუ პროტესტის რეალიზაცია მოახდინოს თავისი სანახაობით, მაგრამ მას ნაკლები უფლება აქვს, უფრო სწორად, უფლება არ აქვს მაყურებელს ირიბად და სინამდვილეში ძალიან ცხადად - შეურაცხყოფა მიაყენოს, უხერხულობაში ჩააგდოს და შეაშინოს. აი, ამის უფლება არცერთ ავტორს არ აქვს...(!)

სანდრო სამხარაძე (ბატონი თემურ ჩხეიძის სტუდენტი), რომელიც 2019 წლიდან გამოჩნდა ‘ავანსცენაზე’ ჯერ კიდევ თეატრალურ უნივერსიტეტში, ერთ-ერთი ახალგაზრდა პერსპექტიული რეჟისორის გეგა გაგნიძის საკურსო სპექტაკლ „ბალიშის კაცუნაში“ - არის შესანიშნავი ‘მასალა’, როგორც მსახიობი უნივერსალი, არა მონოტონური და მრავალმხრივ დრეკადი - ერთგვარი ქარიზმის მქონეც.


პირადად მე სანდრო სამხარაძის თამაშის მანერის პროფესიონალურ ხელწერას მივუსადაგებდი - დიდებული ხელოვანის ენტონი პერკინსის სამსახიობო ოსტატობას.
მედეაში, მისი ერთი შეხედვით ეგზალტაციანარევი თან აპათიურ-ღიმილიანი გამომეტყველება უარყოფით დამოკიდებულებას არ იწვევს დამსწრე მაყურებელში, არამედ პირიქით, კეთილგანვეწყობით კიდეც წარმოდგენის ექსპოზიციურ ნაწილში, და როდესაც ძალიან მშვიდად, ამავდროულად მოულოდნელად აღმოჩნდება რამდენიმე წუთით ჩემს გვერდით - მის მოცინარე-უწყინარ მზერას ღიმილითვე ვპასუხობ.


ამ სახის არა-აგრესიული ინტერაქცია, ჩემი დაკვირვებით გაცილებით მომგებიანი, გადამდები და შედეგიანია, პრაქტიკულად რენტაბელურად მოქმედებს მაყურებელზეც და სანახაობის სტრუქტურაზეც...


მაგრამ, როცა სანდრო სამხარაძის პრინცი აბსირტო სცენიდან პარტერში დამცინავ ტონალობაში მიმართავს მაყურებელს - რომელიც ძალიან ფრთხილად, ხმამაღალი პრეტენზიის გარეშე ტოვებს სპექტაკლს, ვფიქრობ, მაინცდამაინც ეთიკური ვერ არის ამ „რანგის“ იმპროვიზაცია-სპონტანურობით გამოხატული კომუნიცირების მცდელობა <აუდიტორიასთან>.


და კვლავ პრინც აბსირტოს ინიციატივა კონკრეტულ მაყურებელთან, რომ ‘ლაივი ჩართოს’, „ჩართე ლაივი“, მართლა, მართლა ჩართე“... ამ სიტყვების მერე სანდროს გმირი მომენტალურად ბრუნდება სცენისკენ და არ ინტერესდება, იქნებ და მართლა ჩართო ლაივი მაყურებელმა?!. სიმულაციური ინტერაქტივია, დაახლოებით იმგვარი, როგორც „ინტერაქცია ინტერაქციისთვის“ ანუ „ხელოვნება ხელოვნებისთვის“ აბსტრაჰირებულ კონტექსტში, როცა უმიზნობის ფეტიშს აქვს ადგილი.

მართებულია, უხილავი და მოკრძალებული ხაზი არსებობდეს მოქმედი გმირის - როლის მიხედვით ‘სითავხედესა’ და ამ ‘თავხედურ სითამამეში’ მაყურებლის ირიბი და ბუკვალური ჩართვის მცდელობის ასპექტში...


„ინტერაქტიურობა“ - მაინცდამაინც უხეშობის დემონსტრაციულობა არ არის - სხვა რეჟისორების მაგალითებზეც!

ყველაზე გამართლებული ინტერაქციული კომუნიკაცია მაყურებელთან პირველ რიგში არის - ცოცხალი ხელოვნების უმნიშვნელოვანესი კომპონენტის, თავად მაყურებლის ზედმიწევნითი კონცენტრაციულობა - ნებისმიერი სანახაობის <დაწყების წამიდან დასასრულამდე>.

ფოტო: Khatu Psuturi Art


 

bottom of page