top of page

ჩუმად! ჩუმად! არავინ იტიროს!

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის

სამინისტროს მიერ.

418667309_1204172237223434_4039094598827099844_n.jpg

ლუკა კალატოზიშვილი

ჩუმად! ჩუმად! არავინ იტიროს!

უახლოეს წარსულში მეორედ ვნახე სპექტაკლი „ბერნარდა ალბას სახლი“. ერთი გიორგი კაშიას რეჟისორობით, მეორე კი მაია დობორჯგინიძისა. პირველ მათგანზე ჩემი აზრი უკვე მოგახსენეთ, ახლა კი, ვეცდები მაია დობორჯგინიძის დადგმა მიმოვიხილო, რომელიც ჯერ დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრის სცენაზე დაიდგა, ახლა სპექტაკლს თავისუფალ თეატრში წარმოადგენენ.

პირველად, სპექტაკლი 2 წლის წინ ვნახე, რომელიც სტუდენტების საკურსო ნამუშევარი გახლდათ. საშინლად უკმაყოფილო დავრჩი, მაგრამ ახლა, თავისუფალ თეატრში ნანახმა წარმოდგენამ ნამდვილად შემიცვალა აზრი მის რეჟისორზეც და მონაწილეებზეც.

ერთი-ორი სიტყვით გიორგი კაშიასა და მაია დობორჯგინიძის სპექტაკლებს შორის მსგავსება-განსხვავებებზე მოგახსენებთ და შემდეგ უშუალოდ ამ დადგმის განხილვას ვეცდები.

 

მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლების ფუნდამენტური სტრუქტურა და კონცეფციაც რადიკალურად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, ბევრ მსგავს მინი-ეპიზოდსაც ვხვდებით. მაგალითად, ტექსტს მიღმა ჩამატებული თამაშები, სიმღერით მოყოლილი სცენა, სიგიჟის ზღვარზე მყოფი პერსონაჟები და სხვა. თუმცა, მაგალითისთვის, ამ უკანასკნელს რომ შევეხოთ, გიორგი კაშიასთან ეს სიგიჟე უფრო ფიქციურია, მაია დობორჯგინიძესთან კი სრულიად რაციონალური და ადამიანური. ზოგადად, ამბის წარმოდგენის მეთოდიკა ერთმანეთის ანტიპოდია. თავისუფალ თეატრში მოყოლილი ამბავი მიწიურ ადამიანებს გვაჩვენებს მიწიური ტკივილებით, გიორგი კაშია კი ხშირ შემთხვევაში არაორდინალური გამოხატვის ხერხებს გვთავაზობს. წინა რეცენზიაში ვამბობ: „ალბათ ამ პიესის განხორციელების დროს რეჟისორის მთავარი მიზანია მაყურებელმა მსახიობებს თანაუგრძნოს ამბის მსვლელობის პროცესში.“ ამ შემთხვევაში კი არა მხოლოდ მსახიობები, არამედ პერსონაჟებიც იწვევენ მაყურებელში ემპათიას.

სპექტაკლებს დეკორაციაც საკმაოდ განსხვავებული აქვთ, თუმცა, სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ გიორგი კაშიას იმის საშუალება არ ჰქონია, „თავის ნებაზე“ გაემართა სცენის ვიზუალური მხარე. ამიტომ, მისი სპექტაკლი მწირი, მაგრამ საინტერესო გადაწყვეტებით ყვება ამბავს, მაია დობორჯგინიძე კი, უფრო მდიდრულ ყოფას წარმოგვიდგენს. პიესის მიხედვით, მეორე ვერსია უფრო მისაღებია, მაგრამ თავისთავად დეკორაციით დიდად ვერ მოვიხიბლე. სამაგიეროდ, მაია დობორჯგინიძეს ძალიან კარგად აქვს განაწილებული პერსონაჟთა სცენაზე ყოფნა-არყოფნა და ტექსტების თანმიმდევრობა. იგი ნაკლებად მიყვება პიესას და ამბის გადანაცვლებული თხრობით ისეთ დეტალებს უსვამს ხაზს, რომელიც რიგით მკითხველს მარტივად გამოეპარებოდა. გარდა ამისა, იგი პროდუქტიულად იყენებს ყოველდღიურ აქტივობებს ოჯახურ ცხოვრებაში და ამით ბევრად უფრო ბუნებრივს ხდის მსახიობთა კომუნიკაციას. კოსტიუმებიც საკმაოდ მისაღები იყო. სპექტაკლი მუსიკალურადაც გემოვნებით იყო გაფორმებული. გიორგი ჯიქია მაყურებლისთვის ისედაც მგრძნობიარე სცენებს კიდევ უფრო მგრძნობიარეს ხდის და ახერხებს, რომ ამ ეფექტს რეალობის გარომანტიზების გარეშე მიაღწიოს.

გიორგი კაშიას ბერნარდას დედის, მარია-ხოსეფას, პერსონაჟი ამოღებული აქვს მაშინ, როდესაც მაია დობორჯგინიძე ამ როლს მანანა სურმავას ანდობს. მანანა სურმავა დიდი ოსტატობით ასრულებს გიჟი მოხუცის როლს. ხშირად, იგი მონოლოგებით საუბრობს. ფიზიკისა და ლაპარაკის მანერის დაბალანსებული გამოხატულებით მანანა სურმავა მაყურებელზე გულისამაჩუყებლად მოქმედებს. საგულისხმოა მის მიერ წარმოთქმულ ფრაზაზე, „არცერთი მაინც არ გათხოვდება. არცერთი… არცერთი…“ დების რეაქცია. ამ დადგმაში სწორედ მარია-ხოსეფა გამოხატავს თავისუფლებისკენ სწრაფვას; გადაულახავ სურვილს, თავი დააღწიოს ბერნარდას მარწუხებს და პატარა გოგოსავით გაინებივროს სუფთა ჰაერზე. ამის გამო აბამენ კიდეც მას. იგი ოთახში გამოკეტილი და ფიზიკურ სამყაროში გაჭედილი სულია, რომელსაც საკუთარი სხეულიც კი ბოჭავს. მსახიობს თავისი ტკივილი მაყურებლის გულამდე მოაქვს. მინდა გამოვყო მარტირიოსთან გამოყენებული მარტივი, მაგრამ ეფექტური ჟესტიც. ის ამბობს: „შენ მე გცნობ სახეზე, მარტირიო“ ხელით კი შვილიშვილის დეფექტიან სხეულზე მიანიშნებს.

სპექტაკლში მთავარ როლს ლილი ხურითი ასრულებს. მან თავის დროზე (2 წლის წინ, როცა სპექტაკლი ვნახე) ძალიან რთული ამოცანა დაუსახა თავს და თავის დროზე მე ვერ გავიგე, რატომ. მაგრამ ახლა გასაგებია, რის მიღწევა სურდა მსახიობს. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ თუ ამ სირთულეს მაშინ იგი ფაქტობრივად მარტო უმკლავდებოდა, ახლა ყველა ერთად „თამაშობდა“ ბერნარდას. მისი საუბრის მნიშვნელობა დანარჩენი პერსონაჟების ყურადღებით კიდევ უფრო მძაფრად აღიქმებოდა. მისი მეტყველების მანერა ჩემს ყურს ცოტა ეხამუშა, მაგრამ როდესაც მსახიობი უსიტყვოდ ასრულებდა ამოცანებს, ნათლად ჩანდა არტისტის ტექნიკური ოსტატობა. მაგალითად, მომენტი, როდესაც ბერნარდა ამბობს: „სიჩუმით ვტკბები“, ლილი ხურითი მართლა ტკბება სიჩუმით. რეჟისორულად საინტერესოდ იყო გადაწყვეტილი ქმრის „გამოტირების“ სცენაც, სადაც ბერნარდა პირველად რჩება მარტო და განსვენებულ მეუღლეს „აცილებს“. მიუხედავად იმისა, რომ ეპიზოდი მომეწონა, პერსონაჟის კონკრეტული დამოკიდებულება გარდაცვლილი ქმრის მიმართ ჩემთვის გაუგებარი დარჩა. გულიანად გამეცინა პეპეს სურათის გათამაშებაზე, რომელიც ბერნარდას ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უჭირავს ხელში. როდესაც გაიგებს, რომ ეს მამაკაცი მისი არაერთი შვილის ტრფობის ობიექტია, სათვალეს იკეთებს და სურათს უყურებს. ცდილობს, აღმოაჩინოს, რა ნახეს მასში გოგოებმა.

ახლა დებზეც ვისაუბროთ. ანგუსტიასის როლს ფიქრია ნიქაბაძე ასრულებს. იგი ყოველთვის ემიჯნება ნახევარდებს, ყოველთვის ცალკეა. სულ აწუხებს ზედმეტობის განცდა და ამიტომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პეპეს სახით გაჩენილი შანსი, დატოვოს აქაურობა. ამ განცალკევებაში კი მას დიდად „ეხმარება“ უფროსი ნახევარდა, მაგდალენა.

მაგდალენას როლში სალომე ჭულუხაძე გვევლინება და მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის მისი რიგი სცენები გაუგებარი იყო (სცენური მეტაფორები ზოგან არ იკითხება), მსახიობი ნამდვილად კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. იგი ზომიერების ფარგლებში წარმოგვიდგენს თავისუფალ, ბიჭურ გოგოს, რომლის ქმედებებიც იწვევს კითხვას, რამდენად დალაგებულია პერსონაჟი. არადა, ყველაზე ადეკვატურ აზრებს სწორედ ის გამოთქვამს. უბრალოდ, მის ირგვლივ შექმნილი რეალობა იმდენად ერთფეროვანი და ამავდროულად დაუჯერებელია, რომ სხვა გზა არ აქვს და ცხოვრების მიმართ ირჩევს დამოკიდებულებას, „სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს“. ამის გამო, მისი ქმედებებიცა და რეპლიკებიც ხშირად ცინიკური და დამცინავია, მაგრამ კრიტიკულ მომენტებში ის ყოველთვის სიმართლისა და სიკეთის მხარეს ირჩევს. ძალიან მომეწონა მსახიობის აქტიური მდგომარეობა ეპიზოდში, სადაც მთავარი მოქმედება ავანსცენაზე, ბერნარდასა და ანგუსტიასს შორის მიმდინარეობს. ეს შენიშვნა ერთგვარად ირონიულია, რადგან ამ სცენის ძირითად მონაკვეთში მას ძინავს, თუმცა ჩაძინების მომენტამდე და გაღვიძების წამიდან, იგი ძალიან დამაჯერებლად ათამაშებს მოვლენებს.

კარგი იყო მარტირიოც. ლიზა რუხაძე მინიმალისტური ხერხებით ასრულებს მახინჯი და კუზიანი გოგოს როლს. იგი მუდმივად დაძაბულს ამყოფებს პერსონაჟებსაც და მაყურებელსაც. დასაწყისში იგი ხაზს უსვამს თავის კუზიანობას კისრის მიდამოს „დამასაჟებით“, მაგრამ ეს ჟესტი სპექტაკლის განმავლობაში იკარგება. სამაგიეროდ, არ იკარგება ბედისგან დაჩაგრულობის მუდმივი შეგრძნება. აღსანიშნავია, სცენაზე მისი მოსმენის უნარიც, რაც საბოლოო ჯამში სწორ, მიზეზშედეგობრივ ქმედებებს იწვევს. მაგალითად, მაგდალენა კედელზე ცარცით დაწერს: “ა+პ=<3” (რისთვისაც დიდი კომპლიმენტი რეჟისორს), მარტირიო კი მის წაშლას ცდილობს, რადგან პეპე მისთვისაც სასურველი მამაკაცია. ეს კიდევ უფრო ნათლად ჩანს მაშინ, როდესაც იგი ადელას უკან უბრუნებს ნასროლ თაიგულს - მარტირიო ხვდება, რომ უმცროსმა დამ საჩუქარი პეპესგან მიიღო და მის მიმართაც პროტესტს გამოხატავს. ხოლო ანგუსტიასის მისამართით ნათქვამი ფრაზით, „რა უცნაურია. ერთ დღეს ფანჯარასთან მოდის, მეორე დღეს კი ცოლობას გთხოვს“, აშკარად მიანიშნებს რომ პეპე დიდი ხანია ბერნარდას ეზოს სტუმარია.

არც ნუკა ქევხიშვილმა გაართვა ურიგოდ თავი დაკისრებულ მოვალეობას. ის კეთილ, უწყინარ გოგოს თამაშობს, ვისგანაც შორსაა ტკივილი და სიმძიმე, ოჯახის სხვა წევრებისგან განსხვავებით. რა თქმა უნდა, მასაც აქვს დარდები. მაგალითისთვის სცენა, სადაც ამელია ცარცით „კლასობანას“ ხატავს და იხსენებს იმ დროს, როდესაც უფრო მხიარული იყო. ამ ეპიზოდზე ვიტყოდი, რომ მინიმალური სასცენო მოძრაობის ხარჯზე რეჟისორი და მსახიობი მაქსიმალურ შედეგს აღწევენ. ჩემი აზრით, თუ ამელიას რაიმე სიმძიმე აწუხებს, ეს ბავშვობის ნოსტალგიითაა გამოწვეული.

ანკა დიდმანიძეც ერთ-ერთი იმ მსახიობთაგანია, ვინც თეატრალურ უნივერსიტეტშიც და თავისუფალ თეატრში განხორციელებულ დადგმაშიც მონაწილეობს. ვერ ვიტყვი, რომ მისი ხაზი ბოლომდე გამართულია, თუმცა პონსიას როლის შემსრულებელს საკმაოდ დახვეწილი აქვს თამაშის ტექნიკური მხარე. ტექნიკის საშუალებით კი, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს პერსონაჟს მთლიანობა აკლია, კონკრეტულ სცენებში იგი საკმაოდ დამაჯერებელია.

მეორე მოსამსახურეს ნინო ლომიძე თამაშობს. იგი კოსტიუმითაც და შინაგანი მდგომარეობითაც განსხვავდება დანარჩენი პერსონაჟებისგან. ის ოჯახური პერიპეტიებისგან გამოყოფილია და რეჟისორის ძალიან კონკრეტულ დავალებებს ასრულებს. ვერ ვიტყვი, რომ ამას უხარისხოდ აკეთებს, მაგრამ პერსონაჟის სპექტაკლში „განაწილება“ მასზე არც ბევრის თქმის საშუალებას მაძლევს.

ახლა კი უნდა გადავიდე სპექტაკლებს შორის მთავარი განსხვავების შემქმნელის, ნინი კვირიკაშვილის ადელაზე. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ რეჟისორებს (გიორგი კაშია და მაია დობორჯგინიძე) რადიკალურად განსხვავებული ამოცანები ჰქონდათ გაცემული ადელას შემსრულებლებისთვის. ეს დიდწილად იმან განაპირობა, რომ თუ გიორგი კაშიას შემთხვევაში პეპე რაღაც მომენტში დების წარმოსახვის ნაყოფიც კი მეგონა, მაია დობორჯგინიძის პეპე ძალიან, ძალიან რეალურია. ამიტომ ბევრად უფრო ადამიანური და ბევრად უფრო გასაგები ხდება ნინი კვირიკაშვილისეული ადელას ტკივილიც. მას გაგიჟებით უყვარს პეპე. არამხოლოდ - იგი დარწმუნებულია ვაჟის სიყვარულშიც და მისთვის ტრაგედიაა შექმნილი მდგომარეობა. არ შეიძლება, ასეთი სიყვარული მატერიალური მოცემულობებისა და უაზრო პრინციპების მსხვერპლი გახდეს. ადელა იმდენად ბავშვური, იმდენად ნამდვილია თავის სიყვარულში, რომ რიგ შემთხვევებში, მისთვის სხვების ამორალური ქმედებებიც გასაგები ხდება. ნინი კვირიკაშვილი კი იმდენად ნამდვილია ამ სიყვარულის გამოხატვაში, რომ მის შემხედვარე ყველა ბიჭს ენდომებოდა ასე ყვარებოდათ. ზუსტად ამ მიზეზით, მაყურებელი ყველაზე მეტად სწორედ ადელას თანაუგრძნობს. ასევე ძალიან ემოციურია ადელასა და მარია-ხოსეფას სცენა. მანანა სურმავა ისე ალაგებს სიტყვებს, ისეთ პაუზებს აკეთებს, რომ შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ერთ დროს ისიც ადელას ბედს იზიარებდა. მასაც ადელასავით უყვარდა. ამას ადელაც ხვდება და ბებიას მთელი გულით თანაუგრძნობს, რადგან ამხელა სიყვარული ასეთ დასასრულს არ იმსახურებს.

მაია დობორჯგინიძეს აქტივში უნდა ჩავუწეროთ ბოლო სცენაც, სადაც ლილი ხურითი არა მხოლოდ პერსონაჟებს, არამედ მაყურებელსაც მიმართავს: „ჩუმად! ჩუმად, არავინ იტიროს.“ რა თქმა უნდა, ამ დროს დარბაზში სლუკუნის ხმა იმატებს.

საბოლოოდ, თუ გიორგი კაშიას სპექტაკლში დასაფასებელი იყო რეჟისორის მუშაობა იმიტომ, რომ არაორდინალურად გამოხატულ სცენებს მსახიობები აბსოლუტური ნდობით მოეკიდნენ, მაია დობორჯგინიძის შემთხვევაში ეს ნდობა უფრო რაციონალურია. თუ იქ ყველას თავისი სიგიჟე ჰქონდა, აქ ყველას თავისი სიმართლე აქვს. აშკარაა, რომ უფრო გამოცდილ რეჟისორს უფრო კონკრეტული პასუხები აქვს მსახიობებისთვის დასახულ ამოცანებთან დაკავშირებით. აშკარაა, რომ ამ შემთხვევაში ურთიერთობების ღრმა ფსიქოლოგიურ ანალიზთან გვაქვს საქმე, რაც ხანგრძლივ მუშაობას მოითხოვს, რაც ძალიან დასაფასებელია და რაც, საბოლოო ჯამში, რეჟისორს დაუფასდა კიდეც.

bottom of page