ჩვენ, ჩვენი შვილები და სხვანაირი თეატრი
კახა ჯამბურია
ჩვენ, ჩვენი შვილები და სხვანაირი თეატრი
სპექტაკლს ეწოდება „ბერსერკები II. მზიანი მხარე“ და ძირითადად ქეთი ნიჟარაძის პროზას ეყრდნობა, თუმცა დავით წერედიანის ლექსები და თარგმანებიც არის გამოყენებული, ჰაინერ მიულერის „ჰორაციელიც“ და, თქვენ წარმოიდგინეთ, ეგნატე ნინოშვილის ტექსტის ნაწყვეტიც. დანარჩენ წიაღსვლებზე ახლა აღარაფერს ვიტყვი, რადგან მნიშვნელოვანი ჯერ იმის გარკვევაა, საერთოდ რას ნიშნავს ეს სათაური? „მზიანი მხარე“ ქეთი ნიჟარაძის მოთხრობების კრებულს ეწოდება, მაგრამ მაინც გაუგებარი რჩება ეს ორი რამ: რამ გამოიწვია ინტერესი ქეთი ნიჟარაძის პროზის მიმართ და რას ნიშნავს „ბერსერკები“.
კარგად მახსოვს ის პერიოდი, ქეთი ნიჟარაძის „ავტოპორტრეტი“ რომ დაიბეჭდა - პერიოდი, როცა გაუთავებლად ისმოდა იდიოტური ტერმინები: „პერესტროიკა“ და „გლასნოსტ“. კომუნისტები ცდილობდნენ ხალხის დარწმუნებას, ჩვენ შევიცვალეთ, დემოკრატები და ლიბერალები გავხდით, ამიტომ ნუღარ გეშინიათო. მაგრამ მსგავსი სისულელეების არავის სჯეროდა, იწყებოდა ეროვნული მოძრაობა, რომელიც ერთადერთ და უმთავრეს ღირებულებად ეროვნულ თავისუფლებას აცხადებდა და ყველაფერი დანარჩენი (პიროვნული თავისუფლების ჩათვლით) მეორე ან მეასეხარისხოვნად მიიჩნეოდა. სწორედ ამ ეროვნული აღტყინებისა
და ეიფორიის ხანაში (მუხრან მაჭავარიანის 1832 წლის ციკლი რომ უმაღლეს პოეზიად გვესახებოდა) გამოქვეყნდა ქეთი ნიჟარაძის სრულიად არასტანდარტული და არატრადიციული პროზა, რომელიც არამც და არამც არ იწვევდა ესთეტიკურ ტკბობას ან ეროვნული თავისთავადობის შეგრძნებით გამოწვეულ აღფრთოვანებას. სულაც პირიქით - იგი იწვევდა გულისტკივილს, რადგან მარტოსული ქალის ტრაგიკულ და ნევროტულ სულიერ სამყაროში გვახედებდა; იმედგაცრუებას, რადგან არანაირი ეროვნული იდეოლოგია (მიჩვეულები რომ ვიყავით) იქ არ ფიგურირებდა; გაღიზიანებას, რადგან კომფორტის ზონიდან გამოვყავდით და არავითარი ჰეროიკული ან ამაღლებული (როგორც მაშინ გვესმოდა) იქ არც კი გამოკრთოდა. და მაინც: ერთხელ წაკითხული არ გავიწყდებოდა, არ ვიცი, რატომ. შთაბეჭდილება აშკარად არ იყო სასიამოვნო - თითქოს ისეთი რამე შეიტყვე, რის ცოდნაც არ გინდოდა, მაგრამ ახლა უკვე ასე იოლად ვეღარ ამოიგდებდი თავიდან. მაშინ ნამდვილად ვერ ვიაზრებდი, დღეს კი ჩემთვის სრულიად ნათელია: ქეთი ნიჟარაძემ ისევე გაასწრო თავის დროს, როგორც ეს ნამდვილი ხელოვანების შემთხვევაში ხშირად ხდება ხოლმე, ჩვენი საზოგადოება კი მზად არ აღმოჩნდა ამ მხატვრული სიმართლისთვის თვალის გასასწორებლად. აი, ჩვენმა შვილებმა კი ყველაფერი ძალიან ადეკვატურად და ემოციურად აღიქვეს - ისინი ჩვენზე უკეთ ჩასწვდნენ მწერლის სათქმელს და აღმოჩნდა, რომ სწორედ ამ მომავალი თაობებისთვის წერდა ქეთი ნიჟარაძე.
მაგრამ ბერსერკები? რა შუაშია ქეთი ნიჟარაძე და ჩრდილო ევროპულ მითოლოგიაში გავრცელებული „სხვაგვარი“ მეომრის სახე? ისინი ხომ დაუმარცხებელი და რაღაც უცნაური მეომრები (თუ საერთოდ რაღაც უჩვეულო არსებები) იყვნენ?
ადამიანის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი შიშია - შიში სიკვდილის, ტკივილის, მარტო დარჩენის, შეურაცხყოფის, დამცირებისა და ა. შ. ბერსერკი კი ის მითური პერსონაჟია, რომელსაც შიშის ყოველგვარი გამოვლინება იმდენად აქვს დაძლეული, რომ ეს გრძნობა საერთოდ ატროფირებული აქვს. ასე რომ, თუ ძალიან გავამარტივებთ, შეიძლება ითქვას, რომ ბერსერკები არიან არსებები შიშის განცდის გარეშე. და რა კავშირშია ეს დღევანდელ თეატრთან? ამ ახალგაზრდებსაც ამაყად და კატეგორიულად უნდათ გვითხრან, რომ არავითარი სიმართლის თქმის არ ეშინიათ? სხვათა შორის, ჩემს ახალგაზრდობაში პოპულარული იყო ედვარდ ოლბის პიესა „ვის ეშინია ვირჯინია ვულფის?“ (Who's Afraid of Virginia Woolf?), რომელიც არაერთხელ დადგმულა მსოფლიოს სხვადასხვა სცენაზე. აი, ქეთი ნიჟარაძის პროზა კი პირველად ვიხილეთ ქართულ თეატრში და, ცოტა ხელის შეწყობა თუ ექნება ამ შესანიშნავ დასს, მაშინ სხვა ქვეყნებმაც უნდა ნახონ, რადგან თემები, რომლებსაც სპექტაკლი ეხება, დღეს ყველგან ისეთი აქტუალურია, როგორც არასდროს ყოფილა (ყოველ შემთხვევაში, მაშინ მაინც - იმ შორეულ 1987 წელს, როდესაც „ავტოპორტრეტი“ გამოქვეყნდა და მკითხველი გაოგნებული დატოვა).
მაგრამ, ცხადია, მარტო თემატიკაში არ არის საქმე, ანუ მხოლოდ იმის გამო არ მინდა სპექტაკლზე საუბარი, რომ ქეთი ნიჟარაძის პროზა არის ესოდენ მართალი, ემოციური და ტკივილით დატვირთული. მე მინდა სცენაზე გამოსულ ახალ თაობაზე ვილაპარაკო.
საკუთარი თავის ქება ნამდვილად ცუდი ტონია და, რაკი შვილის ქებაც თითქმის იგივეა, ამ სპექტაკლის რეჟისორსა და რეჟისურაზე მე არაფერს ვიტყვი (იქნებ როდესმე სხვამ თქვას), მაგრამ არაფრით არ შემიძლია არ ვილაპარაკო იმ ახალგაზრდებზე, რომლებმაც ეს ურთულესი სცენები ბრწყინვალედ ითამაშეს. უკვე ნანახი მქონდა „ბერსერკები I. მისია“ - ჰაინერ მიულერის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი და ამიტომ ძალიან უცხო და მოულოდნელი არ ყოფილა ის, რაც „ქალაქის თეატრში“ დამხვდა, მაგრამ ყოველგვარ მოლოდინს კი გადააჭარბა მსახიობების ოსტატობამ. უნდა ჩამოვთვალო მსახიობები, რომლებსაც, იმ მითოლოგიური პერსონაჟების არ იყოს, ყოველგვარი შიშის გრძნობა დაუძლევიათ და სცენაზე, ერთი შეხედვით, შეუძლებელ ეფექტს აღწევენ: სოფიკო გვიმრაძე, ნინი იაშვილი, ბექა ხაჩიძე, მათე ხიდეშელი, მარიამ გაბუნია, გვანცა ენუქიძე, ეთო ალექსაშვილი, თემო რეხვიაშვილი და ირაკლი ჩხიკვაძე.
ადამიანებს მაინცდამაინც არ უყვართ თანამედროვეების ქება (სადღეგრძელოები არ მაქვს მხედველობაში) და სულ მაქვს იმის გაცდა, რომ ჭეშმარიტი ხელოვანისთვის სათანადო დაფასების გარეშე ძალიან ძნელია მუდმივად მოტივირებული და მომართული იყოს. ამიტომაც აუცილებელია აზრის გაზიარება, განსჯა, დისკუსია და, როცა საჭიროა, გულწრფელი ქებაც. მე ვალდებულად ვგრძნობ თავს, ვუთხრა ამ ლამაზ და ნიჭიერ ახალგაზრდებს: მე, როგორც ერთი რიგითი მაყურებელი, აღფრთოვანებული ვარ თქვენი ოსტატობით, ემოციურობით და მხატვრული სიმართლის თქმის თავგანწირვით (მარტო ოლბის კი არა, თავად ვირჯინია ვულფსაც რომ შეშურდებოდა) და, თუმცა ყველა მსახიობი განსაცვიფრებლად დამაჯერებელი და შთამბეჭდავია, მაინც უნდა არაკორექტულად მოვიქცე და უნდა გამოვყო: მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ბრწყინვალე თეატრალური მსახიობის თამაში მინახავს, მაინც გაოგნებული ვუყურებდი ბექას გარდასახვას, ჩემი აზრით, „ტუტსის“ როლის შემსრულებელ დასტინ ჰოფმანსაც რომ გააკვირვებდა. ჩემი თხოვნაა: გადაჭარბებაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ ნამდვილი საოცრება იყო ნინი იაშვილისა და სოფიკო გვიმრაძის მიერ შესრულებული როლები. და უსამართლობა იქნებოდა საგანგებოდ რომ არ აღგვენიშნა მათე ხიდეშელისა გვანცა ენუქიძის მიერ ბრწყინვალედ შესრულებული საკმაოდ სასაცილო სცენა, მარიამ გაბუნიას და ეთო ალექსაშვილის თამაში, ირაკლი ჩხიკვაძის მიერ წაკითხული მონოლოგი (მიულერის „ჰორაციელიდან“), თემო რეხვიაშვილი კი თურმე სიცხიანი თამაშობდა და მაინც ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი სახე შექმნა... და ახლა მივხვდი, რომ ყველა მსახიობი ჩამომითვლია... რა გასაკვირია - ყველანი ძალიან კარგები არიან და ცოცხალი მუსიკაც თავისას აკეთებს - მაყურებელს განწირულებისა და გამოუვალობის განცდას უქმნის. დიახ, ასეთი იყო ის რეალობა, რომელშიც ცხოვრობდა ქეთი ნიჟარაძე და განსაცვიფრებელი ის არის, რომ ჩვენ, მისი თაობის წარმომადგენლებმა ეს ნამდვილად ვერ გავიგეთ და ვერ აღვიქვით ისე, როგორც ამ განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულმა მსახიობებმა, თუმცა ზოგი არც ყოფილა პროფესიონალი, რასაც ვერ იფიქრებდა კაცი. დიდი მადლობა ყველას, ვინც ხელოვნების ეს დღესასწაული შექმნა...