„ჩვენი კლასი“ სამეფო უბნის თეატრში
სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის
„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში
.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.
სოფო ნადიბაიძე
„ჩვენი კლასი“ სამეფო უბნის თეატრში
პოლონელი დრამატურგის - ტადეუშ სლობოდზიანეკის - პიესაში „ჩვენი კლასი“ ასახულია ათი (პოლონელი და ებრაელი) თანაკლასელის თავგადასავალი. ბოლშევიკური და ნაცისტური რეჟიმის დროს მათი მეგობრობა მტრობაში გადაიზრდება. პიესა ეხება 1930-იან წლებში პოლონეთში მცხოვრები ერთი კლასის ისტორიას . თანაკლასელები თავად მოგვითხრობენ „ფაშიზმამდე, ფაშიზმის დროსა და ფაშიზმის შემდგომ ვითარებას. შემდგომში ეს კლასი გადაიქცევა საზოგადოების პატარა „მოდელად“. პიესა ეპოქალურია, საინტერესოა პოლიტიკური, რელიგიური, სოციალური თვალსაზრისით, რადგან დრამატურგი პიესის სიუჟეტს ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით აგებს. სპექტაკლის გაანალიზებამდე, აუცილებელია იმ ფაქტებზე გამახვილდეს ყურადღება, რომლებიც პიესას უდევს საფუძვლად. ადგილობრივი ებრაელების მასობრივი გენოციდი ხომ მანამდე დაიწყო, ვიდრე საბჭოური და ნაცისტური რეჟიმი შეიჭრებოდა პოლონეთში. ებრაელები ერთადერთი სემიტური მოდგმის ხალხია, რომელმაც ანტიკურ ხანაშივე უარყო ელინისტური პრინციპები. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ მათ უგულებელყვეს რელიგიისადმი ლიბერალური მიდგომა. აუცილებლად ხაზგასასმელია, რომ იუდაიზმში არ არსებობდა ღმერთებისა და ქალღმერთების ანტიკურ-წარმართული პანთეონი, მათთვის - მონოთეისტებისათვის ღმერთი იყო ერთადერთი, შემოქმედი ყოველივესი და რჩეული ერის უზენაესი მსაჯული. ოდითგანვე ებრაელებსა და წარმართებს შორის სოციალური ურთიერთობა კონფლიქტური სიტუაციებით სრულდებოდა, ამიტომაც, როგორც ზოგიერთი მკვლევარი წერს, კაცობრიობას ებრაელები სძულდა, რადგან ისინი უცხო ღმერთის მიმართ შეუწყნარებელნი იყვნენ. შემდგომში კი ამან ებრაელების ხოცვა-ჟლეტა გამოიწვია და ეს ქმედება განიხილებოდა, როგორც საზოგადოების განწმენდა-გაჯანსაღების პროცესი.{1}
ტადეუშ სლობოდზიანეკის პიესა ერთ-ერთი პირველი ნაწარმოებია, რომელიც ეხმიანება იედვაბნეში მომხდარ სისასტიკეს. დრამატურგი ამბობდა: „მე ამ თხზულებით ვცდილობ აღმოვაჩინო ტრაგედიის მექანიზმი, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანზე“. მწერალმა პიესაში არსებული ისტორიები შეაგროვა ისტორიკოსებისა და ჟურნალისტების წიგნებიდან. ვფიქრობ, პიესაში არსებული რეალური მასალა დრამატურგიული სტრუქტურითაც საინტერესო და სცენაზე მარტივად ტრანსფორმირებადი რომ ყოფილიყო, ავტორმა წინასწარ გაუიოლა პიესის დამდგმელ რეჟისორებს საქმე და ტექსტშივე მიანიშნა იმაზე, თუ რომელ სცენაში როგორი გადაწყვეტის განხორციელება იყო შესაძლებელი. მაგალითად, დრამატურგი პერსონაჟებს წარსულში მომხდარ მოვლენებზე აწმყოში ალაპარაკებს, ასევე, პიესის ბოლოს პერსონაჟებს ეჩვენებათ გარდაცვლილი თანაკლასელები, რომლებიც მათ ახსენებენ წარსულში ჩადენილ შეცოდებებს. პიესის ფაბულა ასეთია: პოლონეთის პირველი მარშალი იუზეფ პილსუდსკი ყოველთვის „ცდილობდა, რომ პოლონეთი რუსეთის ბატონობისგან გაეთავისუფლებინა, მის დაბადებას დაემთხვა 1863 წლის აჯანყება, ამ პერიოდში რუსებმა სისხლით ჩააქრეს პოლონელთა ამბოხი, რამაც პოლონეთის მწუხარებასა და გლოვას მისცა დასაბამი. მკვლევარი მალხაზ მაცაბერიძე თავის წიგნში „ქართული ემიგრაციის თვალით“{2}
პილსუდსკის შესახებ წერს, რომ იგი იყო პოლონეთის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი პიროვნება, რომელსაც სოციალიზმი სამშობლოს გათავისუფლებისათვის ერთ-ერთ საშუალებადაც კი მიაჩნდა. პიესაშიც ისევე, როგორც პოლონეთის ავტონომიური მმართველობის ხანაში, ყველაფერი მაშინ შეიცვლება, როდესაც 1930-იან წლებში მარშალი პილსუდსკი გარდაიცვლება. სკოლის მოსწავლეების მშვიდობიან თანაცხოვრებას თავდაყირა დააყენებს ჯერ წითელი არმიის შემოსვლა, შემდეგ კი - ნაცისტების სასტიკი რეჟიმი. უაღრესად დაძაბული ვითარებისა და თვითგადარჩენის ინსტინქტიდან გამომდინარე, ადამიანები აქტიური ცხოვრების სხვადასხვა ფორმას ირჩევენ: თითოეული თანაკლასელი საკუთარი თავის გადარჩენაზე იწყებს ფიქრს, რამდენიმე პერსონაჟი ქმნის იატაკქვეშა ორგანიზაციას, ზოგიერთი კი, თანამშრომლობას იწყებს, როგორც შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატთან (НКВД), ისე ნაცისტებთანაც. თავდაპირველად, ებრაელებს პრივილეგირებული ურთიერთობა ჰქონდათ საბჭოთა ოკუპანტებთან. თუმცა ნაცისტების რეჟიმის დროიდან ებრაელების ბედი გადაწყვეტილი აღმოჩნდა, ცხადია, მათივე სავალალოდ: თანაკლასელები არსებული გარემოების მსხვერპლნი ხდებიან. იცვლება რეჟიმი და მეყსეულად იცვლება ახალგაზრდების იდეოლოგიაც, ისინი ერთმანეთს აწამებენ, აუპატიურებენ, კლავენ. ომის დასრულებისას, მასობრივი ხოცვა-ჟლეტის შემდეგ, გადარჩენილები საიდუმლო პოლიციას (SB) უერთდებიან და შურისძიებას იწყებენ. პიესის მნიშვნელოვანი ასპექტი არის ის, რომ ათი პერსონაჟიდან არც ერთი არ არის მთავარი, ათივე პერსონაჟის მხატვრული სახე თანაბრადაა აქცენტირებული. ტექსტში წარსულისა და აწმყოს მონაცვლეობა ქმნის პერსონაჟების ერთგვარ გაუცხოებას ისტორიისადმი, საზოგადოდ, რაც ქრონოლოგიური ჭრილის თვალსაზრისით, ზუსტი რაკურსითა და ობიექტურობით დაგვანახვებს იმდროინდელ ტრაგიკულ მოვლენებს.
2017 წლის 27 ოქტომბერს სამეფო უბნის თეატრის სცენაზე რეჟისორმა თემურ ჩხეიძემ მაყურებელს წარუდგინა ტადეუშ სლობოდზიანეკის პიესა „ჩვენი კლასი“, რომელშიც მონაწილეობდნენ: ნატალია გაბისონია (ზოსკა), ანა-მარია გურგენიშვილი, სოფიო ზერაგია (დორა), ანასტასია ჭანტურაია, ლიკა მაისურაძე (რახელკა), ნიკოლოზ გოგიძე (რისეკი), გიორგი რაზმაძე (მენახემი), ივა ქიმერიძე (იაკუბ კაცი), ბექა ხაჩიძე (ვლადეკი), ლევან სარალიძე (ჰენეკი). მსახიობებმა, ოთხი წლის განმავლობაში, სამსახიობო კურსი გაიარეს თემურ ჩხეიძესთან. ეს სპექტაკლი - თეატრალური უნივერსიტეტისა და სამეფო უბნის თეატრის თანამშრომლობის შედეგი - იყო ერთგვარი შემაჯამებელი წარმოდგენა, რომლის საფუძველზეც სტუდენტებს უნივერსიტეტში ნასწავლი თეორიული და პრაქტიკული ცოდნის სცენაზე გადმოტანის საშუალება მიეცათ. აღსანიშნავია ისიც, რომ თემურ ჩხეიძის კურსდამთავრებულებთან ერთად, სპექტაკლში მონაწილეობას იღებდნენ მსახიობები: გიგა დათიაშვილი (ზიგმუნდი), ნოდარ იაკობიშვილი (აბრამი). პიესის მთარგმნელი თამაზ გოდერძიშვილია. თარგმანი ცალსახად დამოუკიდებელი ღირსების, პროფესიონალური ტექსტია, რასაც მკითხველი წაკითხვისთანავე იგრძნობს. თამაზ გოდერძიშვილი კარგად ფლობს ენის გამომსახველობით უნარებს, მისი ფრაზები ტევადი და მოქნილია. მნიშვნელოვანია, რომ მისი ენა, მეტყველების დინამიკური სტილი იძლევა ტექსტის დრამატურგიული ტრანსფორმირებისა და ინტერპრეტირების საშუალებას. რეჟისორმა მინიმალური ჩარევით შეძლო ტექსტის ადაპტაცია. მან მხოლოდ იმ შემთხვევაში შეცვალა ტექსტი, როცა ამას სცენური ინტერპრეტაცია მოითხოვდა. თვალსაჩინოებისათვის მოვიყვან მწერალ ნინო ჩხიკვიშვილის შემჩნეულ რამდენიმე ნიმუშს: „სისულელეა, კასტეტი არა მქონია, გავბრაზდი, როცა დავინახე, როგორ გაეღიმა იმ დამპალს, რომელმაც ცოლი გამიუპატიურა, შვილი დამიწვა და მეგობარი მომიკლა“. აქ რეჟისორი ცვლის ზმნას: „გავბრაზდის“ ნაცვლად „გავცოფდი“-ო, ათქმევინებს პერსონაჟს და სრულებით იცვლება ხასიათი, ქმედება, დამოკიდებულება მეორე პერსონაჟისადმი“, ასევე მეორე წანაცვლება: ზიგმუნდი (გიგა დათიაშვილი) ჰყვება ვლადეკის (ბექა ხაჩიძე) ცხოვრებაზე: „ვლადეკი მსოფლიო ხალხთა უმწიკვლო და სამართლიან მსახურად რომ გამოაცხადეს, ამაში მეც მედო წილი. მაგრამ ოჯახური ცხოვრება ვერ ააწყო. წისქვილს, რომელსაც თითქოს უნდა გაემდიდრებინა, რიგიანად ვერ ამუშავებდა“. აი, აქ ერთ სიტყვას ჩაურთავს რეჟისორი - „წისქვილს, რომელსაც, თითქოს უნდა გაემდიდრებინა“ და სიტყვა „თითქოს“ მთლიანად ცვლის კონტექსტს, ვლადეკის ცხოვრებისადმი დამოკიდებულებას თვალსაჩინოს ხდის“.{3} რეჟისორისთვის ტექსტთან მუშაობის განმსაზღვრელი ფაქტორია თავად ტექსტის ავთენტურობა, მისი კონცეპტუალური და ფსიქოლოგიური სტატუსი და პოზიცია, რაც შემდგომში ქმნის როგორც ავტორისეული (დედნისეული), ისე თეატრალური წარმოდგენის დრო-სივრცის (ქრონოტოპის) სწორი აღქმის წინაპირობასა და სპექტაკლში მონაწილე მსახიობებთან შემოქმედებითი, კოლექტიური მუშაობის პროცესს. პიესა რეჟისორს აძლევს სცენური თხრობის მრავალფეროვან არჩევანს, მაგალითისთვის: პიესაში, ისევე, როგორც რეჟისორის ნამუშევარში, პერსონაჟები პირად ისტორიებს ჰყვებიან მესამე პირში ისე, რომ არც მაყურებელს კარგავენ და არც სცენაზე მდგარ პარტნიორს. სპექტაკლში არის რეჟისორის მიერ ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტაც, როცა მსახიობები მაყურებელთან კომუნიკაციის დასამყარებლად პირდაპირ მაყურებელს ელაპარაკებიან და მაყურებლის შეფასებებისა და იმპულსების სავარაუდო წინასწარი შეცნობით პასუხობენ თავიანთ დასმულ შეკითხვებს, რომლებიც, ცხადია, არ ისმის, მაგრამ აშკარად იგრძნობა. ვგულისხმობ, რომ ისინი შინაგანად არიან მატარებელნი საკუთარ კითხვებზე პასუხებისა, რომლებიც კერძოობითის ზღვარს სცდება და საყოველთაობის, ზოგადობის პარამეტრს იძენს. ასე მაგალითად, სპექტაკლის მთავარი ფრაზა, რომელსაც ყველა პერსონაჟი ამბობს, თუმცა მხოლოდ დორა და მარიანა გამოთქვამენ, გახლავთ: „ეს არის მთელი ჩემი ცხოვრება?“ - პიესაში პასუხგაუცემელია, რიტორიკულობის ველს არ სცილდება. ვფიქრობ, აღნიშნული ფრაზა ერთგვარი მწერლისეული ხრიკია, მკითხველისთვისაც შეგნებულად დატოვებული ღია სივრცე, ალბათობა, შესაძლებლობა ადამიანური საზრისისა და ყოფიერების ტრაგიზმის შესამეცნებლად. რეჟისორი ცდილობს სპექტაკლით ამოხსნას დილემა კერძოსა და საზოგადოს შორის, დასვას აქცენტები, პერსონაჟებისათვის არსობრივად მნიშვნელოვან შეკითხვას მოუხსნას დროითი დასაზღვრულობა და მაყურებლისათვის სწორი ორიენტირებისკენ წამბიძგებლად აქციოს. სპექტაკლში მსახიობები დიალოგს ნაკლებად იყენებენ, ისინი უფრო მონოლოგური სამეტყველო ფორმით ურთიერთობენ მაყურებელთან. ეს საგანგებოდ გათვლილი რეჟისორული გადაწყვეტაა, შემოქმედებითი რაკურსია, ვინაიდან ამით აქცენტირებულია, რომ სწორედაც მაყურებელია მოპასუხე ობიექტი. მიუხედავად იმისა, რომ პიესაში ათივე თანაკლასელი ერთ-ერთი პატარა ქალაქის - იედვაბნის - მცხოვრებია, ეს ის „კლასია“, რომელიც შემდგომში საზოგადოების მოდელად იქცევა. სპექტაკლში მსახიობები პარტერიდან მაყურებლის იმპულსებს, შემეცნებით განწყობას, თანამოაზრეობას გრძნობენ. რეჟისორი მონოლოგურ და დიალოგურ მეტყველებას ოსტატურად და სიმბოლურ-ალეგორიული კონტექსტის მინიშნებისათვის იყენებს, არ კარგავს მთავარ ღერძს, ვისზეც აგებს კიდეც სპექტაკლს. ეს ღერძი, ფუნდამენტი მსახიობისა და მაყურებლის ერთიანი, შინაგანი პასუხია არსებულ მოვლენებზე, რომელთაც სპექტაკლის დასაწყისიდან დასასრულამდე თანდათანობით თანაბრად იაზრებენ ორივენი, ესაა პასუხი იმ ავბედით კითხვაზე, პერსონაჟებმა რომ დასვეს. სპექტაკლი თითქოს ორ ნაწილად იყოფა. პირველი ნაწილი იწყება მაშინ, როდესაც თანაკლასელები მაყურებელს ეცნობიან, ხოლო მეორე ნაწილი - დორას დაწვის სცენის შემდეგ. რეჟისორმა ზუსტად დასვა წერტილი, თუ სად უნდა დამთავრებულიყო პირველი მოქმედება - დორას საბძელში დაწვით. ვფიქრობ, ტექსტი თავად გაძლევს საშუალებას, ორივე მოქმედება ცალკე, სრულ ნამუშევრად აქციო. ცხადია, ორივე მოქმედება ურთიერთგამომდინარეა, თუმცა პირველი მოქმედება ცალკე დრამატურგიული სტრუქტურით ვითარდება (დასაწყისი, განვითარება, კულმინაცია, დასასრული) და მეორე მოქმედებაც - ანალოგიურად. თითქოს ორივე ცალკე დამოუკიდებელი ნამუშევარია და ერთიანობაში ერთ დიდ სცენურ ტილოს ქმნის. სპექტაკლი იწყება იაკუბ კაცის (ივა ქიმერიძე) შემოსვლით. იგი შემოდის სივრცეში, სცენაზე ათვალიერებს ადგილს, თითქოს დიდი ხანია არ უნახავს „საკლასო ოთახი“, თუმცა მე პირველყოფილი ადამიანების საცხოვრისთან, გამოქვაბულთან გამიჩნდა ასოციაცია. სპექტაკლის დასაწყისში სცენოგრაფმა ელენე აფრიამაშვილმა ისეთი სასცენო გარემო შექმნა რეჟისორთან ერთად, რომ თავიდანვე მძიმე, უხეში ატმოსფერო მაყურებელს თითქოს ამზადებს უდიდესი ტრაგიკული ისტორიის კიდევ ერთხელ გასააზრებლად. სწორედ ეს ჩანს თავიდანვე, იმ გამომწვარ ტყავში, რომელიც, როგორც სცენაზეა დაკიდებული, ისე მაგიდაზე გადაფარებული. დრო-ჟამისგან იავარქმნილი, ცეცხლით შეტრუსული ეტრატის, წარსული ისტორიის მატიანის ანალოგია იკითხება. სცენაზე გამოჩნდებიან თანაკლასელები. ათივე ერთად სხდება გრძელ მაგიდასთან (მაგიდა გრძლივად დგას, შემოწყობილი სკამებით). უნებურად მიჩნდება ლეონარდო და ვინჩის ფრესკის „საიდუმლო სერობა“ ვიზუალური ასოციაცია. მსახიობები სახით მაყურებლისაკენ სხედან, სადღაც, უკიდეგანო სივრცეში იყურებიან და თითქოს თავიდანვე სვამენ კითხვას - ნამდვილად „ეს არის ჩვენი ცხოვრება?“. საინტერესოა მწერალ ნინო ჩხიკვიშვილის მოსაზრება სცენოგრაფიული გადაწყვეტის თვალსაზრისით. თავის წიგნში „ფსიქოლოგიური თეატრის დიდოსტატი“ ერთ-ერთ თავს, რომელშიც ყურადღება სპექტაკლ „ჩვენ კლასზეა“ გამახვილებული, ავტორი შემდეგნაირად დაასათაურებს: „როცა უფლის სკამი ცარიელია“. აქვე ისიც აღსანიშნავია, რომ ცარიელი სკამის მოპირდაპირე მხარეს, სპექტაკლში კიდევ ერთი ცარიელი სკამი დგას. რას უნდა ნიშნავდეს ეს? სავარაუდოდ იმას, რომ უფლის წინაშე ვერავის გაუბედავს დაჯდომა, ჯერ არ ყოფილა ადამიანი, რომელიც ღმერთს გაუტოლდებოდა.
სპექტაკლში, ისევე როგორც პიესაში ყველა ცოცხალია, არავინ კვდება. უფრო სწორად, თანაკლასელების ქვეცნობიერში არიან მოჩვენებითად ცოცხლები, ამიტომაც უკვე მკვდრები მოგვითხრობენ აწმყოში ავბედითი წარსულის შესახებ. თეატრალიზებული თამაშის ეს ხერხი სწორად გადმოსცა შემოქმედებითმა ჯგუფმა. ამ მეთოდით პერსონაჟები უფრო მეტად გამოკვეთენ გაუცხოებას არსებული მოვლენების მიმართ. წარმოსახული ფაქტების საფუძველზე, თითქოს ჩვენც, მაყურებლებს, მეტი ფიქრის საშუალებას გვაძლევენ, რათა მომხდარი ტრაგიკული, ანტიჰუმანური მოვლენები, როგორც იდეოლოგიური, ისე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, შესაბამისად ავწონ-დავწონოთ და ჰუმანური დასკვნები გამოვიტანოთ.
[1] OUR CLASS A play by Tadeusz Slobodzianek English Version by Ryan Craig READING AND STUDY GUIDE with historical, literary, and biblical references for individual reading and class discussion Prepared by Dr. Suzanne Free Historical consultant: Avi Ben-Hur Thanks to Dr. Michael Naragon for source materials on Neighbors. February 2013. Visit: https://classroomswithoutborders.net/files/ OurClass-ReadingStudyGuide.pdf; (20/02/2022).
[2] მაცაბერიძე, იუზეფ პილსუდსკი ქართული ემიგრაციის თვალით, 2019, გვ. 41-44
{3} ჩხიკვიშვილი, ფსიქოლოგიური თეატრის დიდოსტატი, 2018, გვ. 225.