„წითლები არავის დაინდობენ“
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის
სამინისტროს მიერ.
ლაშა ჩხარტიშვილი
„წითლები არავის დაინდობენ“
უახლესი ქართული თეატრის სცენაზე იშვიათად ვხვდებით ისტორიული ჟანრის პიესებს. ოზურგეთის დრამატულმა თეატრმა ბოლო წლებში კი საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან ეპიზოდებს რამდენიმე სპექტაკლი მიუძღვნა. მათ შორისაა, მონუმენტური და მემორიალური სპექტაკლი „ექვთიმე“, რომელიც საქართველოს ეროვნული გმირის, „მეჭურჭლეთუხუცესად“ წოდებულის და წმინდანად შერაცხილის - ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ასახავს. დამდგმელი ჯგუფი ერთი გმირის ცხოვრების ჩვენებით, გვიამობობს ეპოქაზე, პიროვნებებზე, ეროვნულ გმირებზე, მათ მიერ გადალახულ თუ გადაულახავ სირთულეებზე, სულიერ ტანჯვასა თუ აღმაფრენაზე, ემიგრაციით გამოწვეულ სევდაზე, წინააღმდეგობებზე...
სპექტაკლში, რომლის დადგმის ხელმძღვანელი ვასილ ჩიგოგიძეა, ხოლო ინსცენირების ავტორი და რეჟისორი გოჩა კაპანაძე, დასმული XX საუკუნის დასაწყისის პრობლემები, XXI საუკუნის დასაწყისშიც აქტუალურია. გოჩა კაპანაძე ისტორიული მოვლენების თხრობისას არ წყვეტს კავშირს, ერთგვარ ბმას თანამედროვეობასთან. ეს კორელაცია სპექტაკლის მსვლელობისას მუდმივად არსებობს სპექტაკლში გაცოცხლებულ ფაქტებში, მოვლენებში, მონოლოგებსა და დიალოგებში. გოჩა კაპანაძე ურთულესი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა, ვინაიდან მის სპექტაკლს საფუძვლად არ უდევს დრამატურგია. ფაქტობრივად მან შექმნა სრულიად ახალი პიესა. ისტორიული დოკუმენტები, მოგონებები და ფაქტები, რეჟისორმა აქცია მხატვრულ მასალად, რომელმაც შექმნა ახალი მხატვრული რეალობა. გოჩა კაპანაძე ტექსტზე მუშაობისას დაეყრდნო ნათელა ვაჩნაძის, იოსებ მეგრელიძის, ელიზბარ უბილავას წყაროებს, ემიგრაციაში მყოფთა მოგონებებს და კ. გვარჯალაძის 1936 წელს, პარიზში გამოცემულ წიგნს „საქართველოს მთავრობა ემიგრაციაში“.
გოჩა კაპანაძისთვის სირთულეს წარმოადგენდა არა მხოლოდ პიესის არარსებობა, არამედ კონფლიქტის შექმნა, რის გარეშეც წარმოუდგენელია მხატვრული ნაწარმოები. კონფლიქტი სპექტაკლში „ექვთიმე“ ორგვარად გვევლინება: პირველ ნაწილში ერთმანეთს უპირისპირდება ორი სიმართლე, ხოლო მეორე ნაწილში კეთილი და ბოროტი. სპექტაკლის აგების ასეთი სტრუქტურა ორიგინალურია და საინტერესოც. დამდგმელი ჯგუფისთვის ასევე გამოწვევას წარმოადგენდა მუშაობა წმინდანად შერაცხილის მხატვრული სახის შექმნა, მისი ადამიანური თვისებების, სიძლიერისა და სისუსტეების წარმოჩენა. დამდგმელი ჯგუფი ექვთიმეს როლის შემსრულებელ გიორგი დოლიძესთან ერთად, ერთი მხრივ სიფრთხილით, ხოლო მეორე მხრივ, რაციონალურად მოეკიდა ამ გამოწვევას.
სპექტაკლის ჟანრი დამდგმელმა ჯგუფმა განსაზღვრა, როგორც მხატვრულ-დოკუმენტურ ფანტასმაგორია. ოზურგეთის თეატრის სცენაზე მხატვრულად ცოცხლდება ისტორიული ფაქტები. ეპიცენტრში ექვთიმე (გიორგი დოლიძე) დგას, რომლის გარშემოც ვითარდება მოქმედება - ემიგრაციაში გამგზავრებიდან მის გარდაცვალებამდე. მისია საქართველოს განძის გადარჩენაა. მიუხედავად იმისა, რომ ექვთიმესა და სხვა გამორჩეულ ქართველებს ერთმანეთთან ბევრ საკითხზე უთანხმოება აქვთ, მათ აერთიანებთ ბრძოლის ჟინი რუსეთის, როგორც ოკუპანტი სახელმწიფოს მიმართ. მათ კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ რუსეთმა დაასამარა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა. სიმტკიცეს იჩენს გიორგი დოლიძის განსახიერებული ექვთიმე განძის გადარჩენაშიც, მიუხედავად არაერთი მაცდური წინადადებისა, თანაც იმ ფონზე, როცა ის უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობდა.
დამდგმელი ჯგუფის მიზანია მაყურებელს მოუთხროს სულით გაუტეხელი, უდრეკი, პრინციპების და ღირებულებების ერთგული გმირის შესახებ. სპექტაკლში არა ერთ ამაღელვებელ, ემოციურ, მეტაფორულ მიზანსცენას შეხვდებით, რომელიც სიმბოლურად გადმოსცემს იმ სულიერ და ფიზიკურ მდგომარეობას, რაც ემიგრაციაში და ემიგრაციიდან დაბრუნებულმა ექვთიმე თაყაიშვილმა გამოიარა მეუღლესთან ნინა პოლტორაცკაიასთან ერთად. სპექტაკლში ექვთიმეს მეუღლის როლს თამარ მდინარაძე ასრულებს, რომელიც პერსონაჟისადმი განსაკუთრებული მოწიწებით ხატავს უანგარო, ერთგული, მგრძნობიარე და ფაქიზი ქალის მხატვრულ სახეს. მათი ისყვარულის ისტორია ლეგენდადაა ქცეული და ეს ლეგენდა ნინას გარდაცვალებისწინა სცენაში. რეჟისორმა ეს ეპიზოდი ორიგინალურად და რომანტიკულად გააცოცხლა. ექვთიმე და ნინა ვალს ცეკვავენ, თან ქმარი საყვარელ მეუღლეს სიყვარულს უხსნის. ეს ეპიზოდი იმდენად ემოციურია, რომ მაყურებელი აღტაცებას ტაშით გამოხატავს.
მოვლენები სპექტაკლში არაერთგვაროვნად ვითარდება. გმირობის, სიმამაცის, თავდადების გვერდით მაყურებელი ხედავს ზოგიერთი ცნობილი მოღვაწის მანკიერ თვისებებსაც - ერთმანეთის მიუღებლობასა და გაუტანლობას, ერთმანეთს შორის დაპირისპირებას, უთანხმოებას, ურთიერთბრალდებებს და ადამიანურ სისუსტეებს. ამაღელვებელი ეპიზოდია, როცა ქაქუცა ჩოლოყაშვილის (ლევან საღინაძე) სიცოცხლის გადასარჩენად ემიგრაციაში მყოფი ლევილის ქართველობას ნოე ჟორდანიას ცოლი - ინა კორენევა, რომელსაც მსახიობი შორენა გვეტაძე სახასიათო პერსონაჟად ხატავს, მოუწოდებს დასახმარებლად. ის სამაჯურს და საყურეს მოიხსნის და გაშლილ ცხვირსახოცში ჩადებს, შემდეგ ცხვირსახოცში გახვეულ სამკაულებს სხვებს გადასცემს, რათა ვისაც რისი საშუალება აქვს, იმით დაეხმაროს თანამემამულეს, რითაც მკურნალობის ხარჯების დაფარვას შეძლებენ. არანაკლებ ამაღელვებელი და შთამბეჭდავია ეპიზოდი, როცა ყუთებში ჩალაგებულ განძს ექვთიმე ზურგზე შემოიდგამს, როგორც ქრისტე ჯვარს და სამშობლოში აბრუნებს. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ექვთიმე - გიორგი დოლიძის საფინალო მონოლოგი - ლოცვა სამშობლოსადმი და ფინალური სცენა. ამაღელვებელი ლოცვის წარმოთქმის შემდეგ სცენის სიღრმეში უზარმაზარი ხახულის კარედი ჯერ ნათდება, ხოლო შემდეგ იღება და მისკენ მიმავალი ექვთიმე ნათელში ქრება.
სპექტაკლის მასშტაბს და მონუმენტურობას ხელს უწყობს ლომგულ მურუსიძის მასშტაბური სცენოგრაფია, რომელიც პირობითია, მეტაფორული და მეტყველი. სცენაზე მუდმივად და შეუმჩნევლად იცვლება დრო და სივრცე, სცენოგრაფია კი სპექტაკლში განვითარებულ მოვლენებს ფეხდაფეხ მიყვება. სცენოგრაფიაში ორგანულად იწერება ქეთი ციციშვილის მიერ შექმნილი კოსტიუმები, რომელიც ეპოქის შესაბამისია და პერსონაჟთა ხასიათსაც გამოხატავს.
გოჩა კაპანაძის სპექტაკლს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მომავალი თაობის მაყურებლისთვის, რომლისთვისაც ფუნდამენტურია ეროვნული, სახელმწიფოებრივი ღირებულებები და ფასეულობები. „ექვთიმე“ ერთი მხრივ, აცნობს საქართველოს ისტორიის გამორჩეული ეტაპის პერიპეტიებს, მეორე მხრივ, სახიერად აჩვენებს ეროვნულ გმირებს, რომელთაც განსაკუთრებული სიმამაცე, ხასიათის სიმტკიცე და გონივრულობა გამოამჟღავნეს. ამ თვისებებით დამუხტვა კი ყველაზე მეტად მომავალ თაობას სჭირდება, რომლის მისიაც დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველოს განვითარებაა.
„წითლები არავის დაინდობენ“ - აფრთხილებს ექვთიმე თანამემამულეებს და თავადაც იწვნია მათი დაუნდობლობა, როცა მას ემიგრაციიდან დაბრუნებულს უკიდურესად დამამცირებელი დაკითხვა მოუწყვეს და იმ პერიოდის შინაგან საქმეთა მინისტრმა რუხაძემ (ირაკლი ვადაჭკორია) მას ქურდ-ბაცაცა უწოდა. შეურაცხყოფილი ექვთიმე აღშფოთებას ვერ მალავს და აღელვებული მოუთხრობს ბოლშევიკ რუხაძეს ტანჯვით გამოვლილ გზაზე. ეს ეპიზოდი ნათლად წარმოაჩენს საბჭოთა სისტემის დაუნდობლობას.
ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა გურიის ისტორიის გამორჩეულ პერიოდებს, რომელიც საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი ეპიზოდებიცაა, სამი სპექტაკლი მიუძღვნა. პირველი სპექტაკლი „გურიის უკანასკნელი დედოფალი“ გოჩა კაპანაძემ დადგა, შემდეგ „რესპუბლიკა გურია“ არავერბალური ფორმით ნიკა საბაშვილმა განახორციელა. ხოლო მესამე სპექტაკლის „ექვთიმე“ დადგმის ხელმძღვანელი ვასილ ჩიგოგიძეა, ხოლო ინსცენირების ავტორი და რეჟისორი გოჩა კაპანაძე. ასე შეიქმნა ტრილოგია, რომლის იდეის ავტორიც ოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვასილ ჩიგოგიძეა. სამივე სპექტაკლი დიდი პოპულარობით სარგებლობს სხვადასხვა ასაკის, მსოფლმხედველობის და ინტერესების მაყურებელში, ვინაიდან ის არა მხოლოდ ჩვენს ისტორიას ასახავს, არამედ მოგვითხრობს თანამედროვეობაზეც.
ფოტოები ოზურგეთის თეატრის Facebook გვერდიდან