ცოლქმრული ცხოვრების სცენები დილის ხუთ საათზე
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში
.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.
დავით ბუხრიკიძე
ცოლქმრული ცხოვრების სცენები დილის ხუთ საათზე
ერთ-ერთი საუკეთესო თანამედროვე რუსი დრამატურგის, ივან ვირიპაევის კომედიის, „მზის ხაზის“ მსოფლიო პრემიერა რამდენიმე წლის წინ, მოსკოვში, მეიერჰოლდის ცენტრში გაიმართა. მას შემდეგ რამდენჯერმე დაიდგა ევროპის თეატრებშიც. საქართველოში ვირიპაევის ტექსტის ათვისება პირველად ახალგაზრდა რეჟისორმა, გეგა გაგნიძემ სცადა, რომლის თარგმანიც და რეჟისორული ინტერპრეტაციაც ერთგვარ მოგზაურობად, ან აღმოჩენად შეიძლება მივიჩნიოთ ბერგმანის (ლამის არქეტიპული სატელევიზიო ფილმი „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“, 1972) კლიშეების დასანგრევად. უფრო ზუსტად, რეჟისორმა კლასიკური ცოლქმრული დრამა თანამედროვე აბსურდამდე და ფსიქო-ფიზიკურ სიშლეგემდე დაიყვანა.
ბარბარა (ნატალია გაბისონია) და ვერნერი (გიორგი შარვაშიძე) შვიდწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, კოხტა და გრაფიკული დიზაინით გამორჩეულ სამზარეულოში, დილის ხუთ საათზე კამათს სრულიად ბანალური მიზეზით იწყებენ. ურთიერთბრალდებისა და სიბრაზის ზვავი ისე აგორდება, რომ ერთ საათის შემდეგ (სწორედ ამდენი ხანი გრძელდება სპექტაკლი) ის ქვეშ მოიყოლებს ცოლსაც და ქმარსაც; ხოლო სამზარეულო თავისი ყველა ატრიბუტებით - ჭურჭლით დაწყებული, მაგიდით, სკამებითა და მაცივრით დამთავრებული, ლამის ბრძოლის ველად გადაიქცევა.
გასაგებია, რომ ვერავითარ „დადებითი შედეგს“, რაზეც ბარბარა სპექტაკლის დასაწყისში საუბრობს, ცოლ-ქმარი ვერ მიაღწევს და მთელი მათი ძალისხმევა საბოლოოდ განადგურდება. მანამდე კი მათი საუბრიდან არაერთ უცნაურ და ეგსიტენციურ ამბავს გავიგებთ, თუმცა ოჯახური კამათის კონკრეტული მიზეზი ბოლომდე მაინც გაუგებარი რჩება... სესხის გარდაუვალი დაფარვის თარიღისა და მათი უშვილობის გარდა. ან შესაძლოა, ამ მიზეზების გარკვევა დრამატურგის მთავარი მიზანი არც ყოფილა.
ვირიპაევის ტექსტიც და მისი ქართული ვერსიაც ისეთი თამამი და ესკაპისტური გამოხდომებითაა გაზავებული, ისეთი ირონიით და არანორმატიული ლექსიკური მარაგითაა გაჯერებული (საყოველთაო „ყლეოთი“ დაწყებული, „მოტ..ული ციყვოთი“ დამთავრებული), რომ მაყურებელი მალევე ერთვება ამ ვირტუოზულად აგებულ ცოლქმრულ დიალოგში, რომელიც გამორიცხავს ნაცნობ ბერგმანულ ფსიქოლოგიურ გარჩევებსა და„გრძნობების ჭეშმარიტებას“.
ბარბარსა და ვერნერის ურთიერთობა, მათი აბსურდული ზრახვები და ლაპარაკის უპიროვნებო, ხელოვნური მანერა მიანიშნებს ურთიერთობის პრობლემაზე არა მხოლოდ ოჯახში, არამედ ზოგადად, თანამედროვე საზოგადოებაში. ცოლ-ქმარი დიდი ხანია საერთო ენას ვერ პოულობს და ურთიერთგაგების ყოველი მცდელობა კატასტროფით მთავრდება. რუსული ლიტერატურისათვის ასე ნაცნობი და მტანჯველი კითხვები - „ვინ არის დამნაშავე“ და „რა ვაკეთოთ?“, ათონელის ქუჩაზე მდებარე თეატრში დაახლოებით ასე ითარგმნება: რატომ უნდა გაარკვიონ ურთიერთობა ცოლ-ქმარმა საქმე დილის ხუთ საათზე? რატომ არ ესმით მათ ერთმანეთის; ან თუ ესმით, რატომ ვერ იტანენ ერთმანეთს?
გეგა გაგნიძის „მზის ხაზი“ კარგად აწყობილი მექანიზმის ძრავას წააგავს. მასში სიტყვა მოქმედების ტოლფასია, რაც მხოლოდ სიტუაციური თამაშს არ ნიშნავს; არც ცოლ-ქმრული ცხოვრებისთვის დამახასიათებელ ბიპოლარული სირთულითა და ურთიერთობით აწყობილ სისტემას. ეს უფრო თეატრალური დიალოგის ჯაჭვური რეაქცია, რომელშიც იმედგაცრუებული გმირები ხშირად ახსენებენ ფილოსოფიურ ტერმინებს, ცნობილ გვარებს, თანამედროვე სატელევიზიო დრამის გმირებივით მახვილსიტყვაობენ და ახალ სიტყვებს იგონებენ... მაგრამ ეს დაუსრულებელი „ვერბალური ფარიკაობა“ (ხმლითაც და რაპირითაც) მხოლოდ ხელის შემშლელია და ის ამომავალი „მზის ხაზიც“, რომელიც ბარბარას თქმით,“მძინარე ვერნერის სხეულზე გადის“, სინამდვილეში მხოლოდ მათ ურთიერთობაში შემორჩენილი გრძნობის გახსენებაა.
დაუსრულებელ ჩხუბსა და კამათში ერთი საათი გადის. ისინი თითქოს წრეზე დადიან - სრული გაუგებრობიდან ერთმანეთთან დაახლოების მცდელობამდე. თუმცა საათის ციფერბლატი სპექტაკლის ბოლოს ისევ დილის ხუთს უჩვენებს. დროის ეს „გაშეშება“ გაჩერებული ურთიერთობის გაყინვასაც აღნიშნავს. ის ეყრდნობა სადისტური სინაზისა და მაზოხისტური სისასტიკის უცნაურ ერთობლიობას, რომელიც ბარბარასა და ვერნერის გარდა, უამრავი ცოლ-ქმარის ცხოვრებას ადრე თუ გვიან, ცხადად თუ ფარულად მაინც თავის დაღს ასვამს.
ნატალია გაბისონიასა და გიორგი შარვაშიძის ბრწყინვალე, ლამის ფეერიული და სარკასტული თამაში მათსავე თვითირონიულობასაც აღნიშნავს. ამ თამაშს უცნაურად, მაგრამ ზუსტად კვებავს სწორედ რეალური ცოლ-ქმრული ურთიერთობა და გამოცდილება. ისინიც რამდენიმე წელია ერთად ცხოვრობენ და ბარბარსა და ვერნერისგან განსხვავებით, თეატრისა და როლებისგან ალბათ იმდენად გადაღლილები არიან, რომ დილის ხუთ საათზე ერთმანეთს საქმეებს არ ურჩევენ....აუცილებლად უნდა აღინიშნოს მარიამ ძმანაშვილის ძალიან ზუსტი და ერთგვარად ნატურალისტური სცენოგრაფია და მხატვრობა. ასევე, კომპოზიტორ ნოე კვირკველიას ირონიული ელეგანტურობით მოწოდებული და გაბნეული მუსიკალური ფრაზები.
ბარბარსა და ვერნერის თვალსასეირო, მახვილგონივრულ და აბსურდულ დუელში გეგა გაგნიძე ზოგადად ევროპული ცივილიზაციის კრიზისსაც ხედავს, რადგან გმირების ჰიპერტროფიული „მეს“-ს სამყარო, ეგოცენტრიზმი, შეუვალობა და ამპარტავნება ზუსტად აჩვენებს თანამედროვე ადამიანის გამოუვალობის შეგრძნებას და ეგოიზმის დამაკნინებელ თუ დამცინავ ჰერმეტულობას... და ვინ იცის, იქნებ ბერგმანის ფილმის გმირების (ამ როლებს ლივ ულმანი და ერლანდ იოზეფსონი თამაშობენ) ფსიქოლოგიური თუ დახვეწილად ნაწვალები წიაღსვლები მაყურებლისთვის ისევ სანატრელი გახდეს სცენაზე. თუმცა, ამისთვის მას ჩეხოვის, იბსენისა და სტრინდბერგის აჩრდილები უფრო დასჭირდებოდა.