top of page

ნოდარ დუმბაძის სახელობის
მეოთხე საერთაშორისო ფესტივალის შეჯამება

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

361608768_312808327760148_1026625281751232077_n.jpeg

ანასტასია ჩერნეცოვა

ნოდარ დუმბაძის სახელობის მეოთხე საერთაშორისო ფესტივალის შეჯამება

ნოდარ დუმბაძის მეოთხე საერთაშორისო თეატრალურ  ფესტივალზე ვიხილეთ ოცდახუთი ქართული და უცხოური სპექტაკლი . მნიშვნელოვანია ის,რომ ფესტივალს ესტუმრა ექვსი ქვეყანა : აზერბაიჯანი , ესპანეთი, ყაზახეთი,  უკრაინა, პორტუგალია და უზბეკეთი.

 

აღსანიშნავია,ის რომ ფესტივალის ნიშა ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებისა და ქართული მწერლობის პოპულარიზაციაა. შესაბამისად , გასაკვირი არაა ,რომ  შვიდი  უცხო ქვეყნის თეატრიდან ,ხუთს წარმოდგენილი ჰქონდა ქართულ კლასიკურ და თანამედროვე ლიტერატურაზე აგებული სპექტაკლი.  ფესტივალი სიმბოლურად გაიხსნა  ნოდარ დუმბაძის  სახელობის მოზარდ   მაყურებელთა სახელმწიფო  პროფესიული თეატრის  პრემიერით - „ავი მუსაიფი“. ნოდარ დუმბაძის შვილიშვილის, ნოდარ მაჭარაშვილის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით. სპექტაკლის რეჟისორი , მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი - დიმიტრი ხვთისიაშვილი გახლავთ .

ფესტივალის  მეორე დღეს  ვუყურეთ აზერბაიჯანის სახელმწიფო აკადემიური ეროვნული დრამატული თეატრის სპექტაკლი „წერილი ნაძვებს“, გოდერძი ჩოხეხელის ამავე მოთხრობის მიხედვით.მნიშვნელოვანია ის,რომ აზერბაიჯანელი ძმები,რომლებიც განსხვავებული კულტურისა და რელიგიის წარმომადგენლები არიან, სპექტაკლში იყენებენ ქართულ საეკლესიო საგალობლებს , ქართულ ხალხურ მუსიკას. მგონია,რომ ესაა უდიდესი პატივისცემის გამოხატულება ქართველებისადმი. აღსანიშნავია ისიც,რომ მსახიობების გარკვეულ ნაწილს აზერბაიჯანული ეროვნული სამოსი ეცვათ  . აღნიშნული გადაწყვეტით ,მხატვარ სამირა ჰასანოვას სურს იმის თქმა,რომ ჩვენი ქვეყნის კულტურები განსხვავების მიუხედავად,ენათესავებიან ერთმანეთს. გოდერძი ჩოხელის მოთხრობა და აზერბაიჯანის ეროვნული თეატრის სპექტაკლი ერთგვარი იგავია იმაზე,რომ ბუნება და ადამიანი განუყოფელია . ელშან რუსტამოვის ბერი არის ადამიანი , რომელსაც აქვს უზარმაზარი გული და მისთვის ნაძვი ისეთივე ცოცხალი არსებაა ,როგორც ადამიანი.ამიტომაც იგი მზადაა საკუთარი სიცოცხლე შესწიროს იმისათვის,რომ ნაძვმა იხაროს.შესაძლოა, სპექტაკლი არ გამოირჩევა მაღალმხატვრულობით, მაგრამ,როგორც უკვე აღვნიშნე, იგრძნობა უზარმაზარი პატივისცემა ქართველებისადმი .ასევე  ,მსურს აღვნიშნო ის,რომ ნიგარ გულაჰმადოვას დადგმა გამოირჩევა ანსამბლურობით.ნიგარ გულაჰმადოვას სპექტაკლმა „წერილი ნაძვებს“ დაჯილდოვდა  ქართული მწერლობის საუკეთესო სცენური ინტერპრეტაციისთვის.

მეორე უცხოური სპექტაკლი გახლავთ  ესპანეთის   Travía Teatro-ს „მოგზაურობა პანიკიაზე“ .  სპექტაკლი ერთგვარი  კომედია დელ არტეა ესპანური აქცენტებით. აღნიშნული დადგმის მთავარი ღირსება ისაა,რომ მსახიობები - დანიელ მარტოსი,ანა ცოზარი, ამანდა რეკაჩა, იესუს ბერნალი და კარმენ მარინი საოცარი არტისტულობით გამოირჩევიან.  არტისტები თავდაუზოგავად თამაშობდნენ, თანაც გარდასახვის შესაშური უნარით გამოირჩეოდნენ ,მშვენივრად ცეკვავდნენ ,მღეროდნენ . მოკლედ რომ ვთქვათ ,აღნიშნული სპექტაკლის ყურება ერთი დიდი სიამოვნება გახლდათ.

სპექტალმა გვამოგზაურა ესპანეთის ოქროს ხანაში,გვაგრძნობინა იქაური ატმოსფერო,გაგვიცოცხლა მიგელ დე სერვანტესის, ფრანსისკო დე კევედოს ლუის კინონეს დე ბენავენტეს, აუგუსტინ დე როხასი და სხვათა ტექსტები. მოგზაურობისას ვიხილეთ სხვადასხვა ნიღბები,ტიპაჟები,ხოლო დასასრულს მსახიოებებმა გაიკეთეს სამედიცინო ნიღბები, რაც,ბუნებრივია, პანდემიურ ეპოქაში დაბრუნებას გამოხატავდა. „მთელი სამყარო თეატრია“- ტყუილად არ უთქვამს შექსპირს.ჩვენ, ხომ ამ სპექტაკლის მსახიობებივით ყოველღიურად სხვადასხვა ნიღბებს ვირგებთ. ხოლო, სამედიცინო ნიღბებიც,ჩვენი ცხოვრების,ერთგვარი სპექტაკლის, განუყოფელ ნაწილად იქცა და საბედნიეროდ, წარსულს ჩაბარდა.

ფესტივალის მეხუთე დღე  გამოირჩეოდა  ქართულ ლიტერატურაზე აგებული ორი  ყაზახური  სპექტაკლით  - კუდუს კუჟამიაროვის სახელობის იუგურული  მუსიკალური კომედიის სახელმწიფო აკადემიური თეატრის „ომობანა“(რეჟისორი- გაუხარ ადაი), ბასა ჯანიკაშვილის ამავე სახელწოდების პიესის საფუძველზე   და საბიტ მუკანოვის  სახელობის  ყაზახეთის სახელმწიფო მუსიკალური დრამატული თეატრის სპექტაკლი „ კუკარაჩა“ (რეჟისორი - ბარზუ აბდურაზაკოვი ) ,ნოდარ დუმბაძის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით .

დავიწყოთ საუბარი „ომობანაზე“. პირველ რიგში , სასიხარულოა ის,რომ ჩვენი ყაზახელი მეგობრები ინტერესდებიან და დგამენ თანამედროვე ქართულ პიესებს .რეჟისორმა , გაუხარ ადაიმ , ქართული პიეისა არავერბალურ ენაზე აალაპარაკა . აქვე ვიტყვი იმასაც ,რომ რეჟისორის გადაწყვეტით, არაა ხაზგასმული ის, რომ მოქმედება საქართველოში ხდება, მან განაზოგადა მოცემული ამბავი . ამასთანავე , გაუხარ ადაიმ ამბავს დრამატული ტონები შესძინა და დაცალა ყოველგვარი კომიკური ელემენტებისგან . სხეულის ენასთან ორგანულად იყო შერწყმული ყაზახური ეროვნული მუსიკალური ინსტრუმენტებით შესრულებული მუასიკა,რომელიც მაყურებელზე დიდ ემოციურ გავლენას ახდენდა .  ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე „ომობანა“  საუკეთესო რეჟისორულ ნამუშევრად დასახელდა .

ფესტივალზე წარმოდგენილი სპექტაკლებიდან, რვა  ნოდარ დუმბაძის შემოქმედებაზეა აგებული .მათ შორის მსურს გამოვყო  ბარზუ აბდურაზაკოვის  „კუკარაჩა“.

ყაზახურ თეატრში ნოდარ დუმბაძის შემოქმედება ძალზე პოპულარულია ,მაგრამ „კუკარაჩა“ პირველად სწორედ, საბიტ მუკანოვის სახელობის თეატრმა დადგა .რეჟისორ , ბარზუ აბდურაზაკოვის სპექტაკლში მოქმედება ხდება არა საქართველოში ,არამედ ყაზახეთში. მსგავსი გადაწყვეტით რეჟისორი ხაზს უსვამს იმას, რომ ქართული ამბავი ყაზახელებისთვისაც ძალზე მნიშვნელოვანია . ამასთანავე , ყაზახურ ყაიდაზე აწყობილი „კუკარაჩა“ გვიჩვენებს უცხო ქვეყნის ხელოვანის ქართული მწერლობისთავისებურ ხედვას ,ინტერპრეტაციას და არა ტექსტის „ ქოფი ფეისთს“.მსახიობებმა დარბაზში მყოფ ხალხს მცირე შესავალი გაუკეთეს იმასთან დაკავშირებით,თუ როგორ უყვართ ნოდარ დუმბაძე და მისი შემოქმედება. სპექტაკლის მსვლელობისას კი ვხვდებოდი,რომ მათ სიტყვები ჰაერში არ ისროლეს,რადგან თავდაუზოგავად და დიდი სიყვარულით თამაშობდნენ .რეჟისორმა მურტალოს პერსონაჟი სცენაზე არ გამოიყვანა. მასზე ინგა (ჯ. ნასიროვა) გვესაუბრებოდა .ამასთანავე , მინდა ვთქვა,რომ ინგასა და კუკარაჩას (ე. კენჟებეკოვ) ხაზი მიჩქმალული იყო და აქცენტი იყო გაკეთებული მოზარდების ცხოვრებაზე . სპექტაკლი დაჯილდოვდა  ნოდარ დუმბაძის საუკეთესო  სცენური ინტერპრეტაციისთვის .

მომდევნო დღეებში ფესტივალზე  წარმოდგენილი იყო  კიდევ ოთხი უცხო ქვეყნის სპექტაკლი,მათ შორის ორი კოპროდუქციული ნამუშევარი.

ფესტივალის მეშვიდე დღეს მუკოლა კულეშის სახელობის ხერსონის აკადემიურმა -მუსიკალურ -დრამატულმა თეატრმა წარმოადგინა „იუდა“, სერგეი პავლიუკის საავტორო სპექტაკლი. სახელწოდებიდან გამომდინარე მიხვდებოდით იმას,რომ სპექტაკლი არაა დადგმული ქართული ლიტერატურული ნაწარმოების  მიხედვით, მაგრამ მგონია,რომ ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო  თეატრალურმა ფესტივალმა ხერსონის თეატრის მოწვევით  ,დევნილ  უკრაინელ ხელოვანებს  მხარი დაუჭირა  და საკუთარი შესაძლებლობების გამომჟღავნების საშუალება მისცა .

მნიშვნელოვანია ვახსენოთ ბრაგის თეატრალური კომპანიის სპექტაკლი „ცის კარი“,რომელიც ქართველმა რეჟისორმა - ელენე მაცხონაშვილმა დადგა . აღნიშნული დადგმა ნოდარ დუმბაძის შემოქმედებასა და ცხოვრებაზე გვიყვება თოჯინური და დრამატული თეატრის ენით . სასიხარულოა ის,რომ ქართველი და პორტუგალიელი ხელოვანების თანამშრომლობა შედგა.

ბრაგის თეატრალურმა კომპანიამ კიდევ ერთი სპექტაკლი წარმოადგინა - „მაგიდა, ადგილი სადაც“,რომლის რეჟისორი  და ერთ-ერთი სცენოგრაფი რუი მადეირა გახლავთ.

ფესტივალის კიდევ ერთი კოპროდუქციაა კაშკადარინის მუსიკალურ- დრამატულ თეატრში დადგმული „ჰელადოს“. რეჟისორი კახა გოგიძეა .  ფაქტია, ელენე მაცხონაშვილისა და კახა გოგიძის ნამუშევრები ნოდარ დუმბაძის შემოქმედებას პოპულარიზაციას უწევენ  საქართველოს ფარგლებს გარეთ.

მოგეხსენებათ, ფესტივალი საერთაშორისო მასშტაბისაა , შესაბამისად ,მგონია,რომ აუცილებელია ქართულსა და უცხოურ სპექტაკლებს ჰქონდეთ  ინგლისური  სუბტიტრები, რადგან  სპექტაკლების უმეტეს ნაწილში მთავარი აქცენტი გაკეთებულია  ვერბალურ ნაწილზე.

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ნოდარ დუმბაძის  ნაწარმოების  რვა ინტერპრეტაცია. მათ შორის უნდა აღვნიშნოთ საქარართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდიის „მოდინანახე“  სპექტაკლი „ თეთრი ბაირაღები“,რომელიც ჩოხატაურის კულტურის სასახლეში ვიხილეთ.

სპექტაკლის რეჟისორი გახლავთ ნუგზარ ბუცხრიკიძე.აღნიშნული სპექტაკლი ტექნიკური უნივერსიტეტის სცენიდან 52 წლის მანძილზე არ ჩამოდის და წარმატებებს აღწევს როგორც ადგილობრივ,ისე საერთაშორისო ფესტივალებზე .როგორც ჩანს , ტექნიკური უნივერსიტეტის დასს განსაკუთრებულად უყვარს ნოდარ დუმბაძის შემოქმედება, ამაზე მეტყველებს ის ფაქტი,რომ მათ რეპერტუარში „ თეთრი ბაირაღების გარდა „მე ვხედავ მზეს “ არის . „თეთრ ბაირაღებში“ სხვადასხვა თაობის მსახიობები თამაშობენ და რაც მთავარია, თითოეულ შემსრულებლს პარტნიორობის გაწევის უნარი გააჩნია. აღსანიშნავია ზაზა ნაკაშიძის შემსრულებელი - გუგა ჩარგეიშვილი,რომელიც სცენური გულწრფელობითგამოირჩევა. ყოველივე ჩანს,როგორც აღნიშნულ სპექტაკლში, ისე „მე ვხედავ მზეში“,სადაც იგი სოსოიას როლს ასრულებს .

„თეთრი ბაირაღები“ თბილისის სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატულმა თეატრმაც წარმოადგინა. აღსანიშნავია,რომ ახმეტელის თეატრის რეპერტუარში „ თეთრი ბაირაღები“ არაა ერთადერთი დუმბაძის მიხედვით დადგმული სპექტაკლი. თეატრის ერთ-ერთი პოპულარული სპექტაკლი ,სწორედ „ჰელადოსია“.მარიკა კვაჭაძის სცენოგრაფია ციხისათვის დამახასითებელ ატმოსფეროს ქმნის - ნაცრისფერი ,უსიცოცხლო კედლები, ორსართულიანი საწოლები და სცენის ზედა ნაწილში - დაკითხვის ოთახი . აღსანიშნავია ის,რომ რეჟისორი ზედმიწევნით მიჰყვება ტექსტს და არანაირი სიახლე არ შეაქვს თავის დადგმაში. მგონია,რომ ინტერპრეტირებით დუმბაძის ტექსტი ახლებურად აჟღერდებოდა და მეტ აქტუალობას შეიძენდა და მაყურებელს მოდუნებისბ საშუალებას არ მისცემდა.

დუმბაძის ქართული ინტერპრეტაციებიდან აღსანიშნავია ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის „ბოშები“ და სენაკის აკაკი ხორავას სახელობის  პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის “ HELLADOS -გაკვეთილი“ .

„ბოშების“   რეჟისორი და ინსცენირების ავტორი კობა სხილაძე გახლავთ.ამ სპექტაკლში დაინახავთ ცელქ, გიჟმაჟ, გულუბრყვილო და მეოცნებე პერსონაჟებს,რომლებსაც უყვართ ცხოვრება . ამ თვისებებით განსაკუთრებულად გამოირჩევა ნოდარიკო (კოტე კახიშვილი) . აღნიშნულ სპექტაკლში მსახიობები  მაქსიმალურად იხარჯებიან , მთელი გულით თამაშობენ, მღერიან და ცეკვავენ . ამასთანავე , სპექტაკლი ისეთი დინამიკურია,რომ მოდუნების საშუალებას არ მოგცემთ.მაგრამ , აქვე ვიტყვი იმას,რომ სპექტაკლი მაყურებელს არაფერ ახალს არ სთავაზობს .

სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრისა და დიმიტრი ჯაიანის სახელობის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურის ცენტრის

ერთობლივი თეატრალური სტუდიის მოსწავლეებმა ჩოხატაურის კულტურის სასახლეში წარმოგვიდგინეს ნოდარ დუმბაძის მოთხრობის მიხედვით შექმნილისპექტაკლი - „HELLADOS - გაკვეთილი“. დადგმის რეჟისორი , სენაკის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი- ვახტანგ ნიკოლავაა. სპექტაკლის სახელწოდებიდანვე ,გასაგები ხდება,რომ აღნიშნულ სპექტაკლში  გამოყენებული იქნება  პრინციპი - „ თეატრი თეატრში“,ამაში ვგულისხმობ იმას,რომ რეჟისორი ქართულის გაკვეთილზე „აცოცხლებს“ დუმბაძის მოთხრობას .სპექტაკლში ბევრი სხვადასხვა ასაკის ბავშვი იღებს მონაწილეობას. მათიმრავალრიცხოვნობის მიუხედავად , თითოეულ მათგანს ეძლევა გარკვეული ამოცანა და არც ერთი მათგანის როლი არაა მიჩქმალული . პირიქით, რეჟისორმა წინ წამოწია რამდენიმე ბავშვის მუსიკალური ნიჭიც კი , და ვიოლინოზე დააკვრევინა ,ხოლო ეს ნიჭი ორგანულად შეაზავა სიუჟეტთან . ვფიქრობ,რომ მოზარდებთან ნოდარ დუმბაძის „HELLADOS-ის“ დადგმა ძალზე ლოგიკურია,რადგან სტუდიის მოსწავლეთა უმეტესი ნაწილი იანგულისა და ჯემალას ასაკშია , შესაბამისად , მათთვის განსაკუთრებულად აქტუალური იქნება მოთხრობაში წამოჭრილ საკითხებზე მუშაობა.რაული კიკალეიშვილის ჯემალი და ცოტნე კაციას იანგული გამოირჩევიან სცენური გულწრფელობითა და პარტნიორობის გაწევის უნარით. ორივე მოსწავლეს მაქსიმალურად გათავისებული აქვს თავისი პერსონაჟის გრძნობათა ბუნება . ასევე მსურს გამოვყო,ასაკით გაცილებით უმცროსი მსახიობები - რომან ტყებუჩავა და მანუჩარ დგებუაძე. ისინი სპექტაკლს განსხვავებულ ელფერსა და სიხალისეს სძენდნენ. რომან ტყებუჩავა პატარა ჩოკინას როლს ასრულებდა და გულიანად გასძახოდა -„იიააა“ და მაყურებელს საკუთარ თავს ამახსოვრებდა თავისი ხმით, მიხვრა-მოხვრებითა და მზერით. . მანუჩარ დგებუაძე კი, „ძველი ბიჭის“, პეტიას განასახიერებდა . მოზარდმა თავისი პერსონაჟის ბუნება ჩააქსოვა ხმაში , მიმიკასა და მოძრაობაში. მოზარდების შესრულებამ დადგმას თავისებური სენტიმენტალურობა შესძინა . „HELLADOS-მა“ ყველა თაობის მაყურებელს შეახსენა ის ,თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მეგობრობა, პატივისცემა და სამშობლოს სიყვარული.

ზემოთ უკვე მოგახსენეთ ის,რომ ელენე მაცხონაშვილმა წარმოგვიდგინა კოპროდუქციული ნამუშევარი „ცის კარი“. უნდა ვახსენოთ ისიც, რომ მან ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულ სახალხო თეატრში დადგა  „ინტერვიუ სარკეში“. რომელიც ეხება  ნოდარ დუმბაძის ბიოგრაფიას. სპექტაკლში დაკარგულია ზღვარი მწერლის ცხოვრებასა და მის შემოქმედებას შორის, რადგან მისი ნაწარმოები სწორედ საკუთარი ცხოვრების ანარეკლია.

სპექტაკლის მხატვრობა თავად რეჟისორს ეკუთვნის. ელენე მაცხონაშვილმა შექმნა პირქუში ატმოსფერო, რაც გამოიხატება შავი ფერის დომინირებაში როგორც  დეკორაციაში, ისე მსახიობთა ჩაცმულობაში. ამასთანავე, ის მაქსიმალურ მინიმალიზმს მიმართავს, თუმცა სცენოგრაფია მოქმედია. ყოველივე გამოიხატება თუნდაც იმაში, რომ უბრალო ფიწლები და ნიჩბები სხვადასხვა ფუნქციას ასრულებენ, მაგალითად: მატარებლის, სახლის, ხმლების და ა. შ. ვასო ბუბუტეიშვილის განსახიერებული ნოდარ დუმბაძე ტრაგიკული ბედის მიუხედავად გულუბრყვილო და უშუალო მამაკაცია, რომელიც , ცხოვრობს  საკუთარ შემოქმედებაში და არა პირიქით. შესაბამისად, ელენე მაცხონაშვილმა ტყუილად არ უწოდა სპექტაკლს «ინტერვიუ სარკეში». სარკე ხომ თვითშეცნობის სიმბოლოა. აქედან გამომდინარე, რეჟისორის/ინსცენირების ავტორის გადაწყვეტით სარკე  ლიტერატურულ სამყაროში ცხოვრების სიმბოლოა.

 

დანარჩენი მსახიობები (ქეთევან კუკულავა, ნინო სიხარულიძე, გიორგი სიხარულიძე , გია ხვინჩიაშვილი, თამუნა ხვინჩიაშვილი , შოთა ყაჭეიშვილი , ვახო ჩხარტიშვილი , მარიკა ასათიანი და თეა კეჭაყმაძე) მეორეხარისხოვან როლებს ასრულებენ.  ისინი ნაკლებად საუბრობენ, უფრო მეტად არავერბალური ენით მეტყველებენ , მაგრამ ქმნიან ერთიან ანსამბლს.

მოგეხსენებათ, ფესტივალზე არა მარტო დუმბაძის, არამედ სხვა  ქართველი ავტორების დადგმები წარმოადგინეს .მათ შორის აღსანიშნავია დავით კლდიაშვილის პროზის ინტერპრეტაციები - მიხეილ თუმანიშვილის ლეგენდარული  „ბაკულას ღორები ( ფესტივალის სტუმარი) , გიორგი კავილაძის „ სამანიშვილის დედინაცვალი“ და გიორგი მარგველაშვილის  „სამანიშვილის დედი(ს)ნაცვალი“.

ფესტივალს ესტუმრა თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი  და წარმოადგინა „ბაკულას ღორები“  . აღნიშნული სპექტაკლი თეატრის ერთგვარი სავიზიტო ბარათია . ორმოცდახუთ წელზე მეტია სპექტაკლი ცოცხლობს და მაყურებელს უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს . ვფიქრობ, დადგმის ხანგრძლივ სცენურ სიცოცხლეს განაპირობეს ,როგორც საოცარი სამსახიობო ანსამბლი, ისე წამოჭრილი თემების აქტუალობა .სპექტაკლის მხატვრული ენა პირობითია ამაზე მეტყველებს თუნდაც გივი ცერაძის სცენოგრაფია- კოსტიუმების მხატვრობა . მსახიობების შექმნილი პერსონაჟები კარიკატურულები არიან. მსგავსი გამომსახველობითი ხერხით შემოქმედებითი ჯგუფი მწვავედ წარმოაჩენს პერსონაჟთა გრძნობათა ბუნებას , სპექტაკლში წამოჭრილ პრობლემატიკას.იცით „ბაკულას ღორები“ დღსაც რატომაა ძალზე აქტუალური? XXl საუკუნის საქართველოში კვლავ „ ფული ყველა კანონს თავის ნებაზე ატარებს“ , კვლავ „უპატრონოები“ და მესიის მოლოდინში გახლავართ . ე.წ. დანოსების თემაც ხომ ჩვეულებრივ მოვლენად გვექცა . რუსეთი დღესაც თამამად გვეუბნება,როგორც პაატა ბარათაშვილის ვასილ ივანოვიჩი - „ ზა ვაშუ როდინუ, ზა ნაშუ გრუზიუ“ ( გაუმარჯოს თქვენს სამშობლოს , ჩვენს საქართველოს“).

ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა წარმოადგინა „სამანიშვილის დედინაცვალი“.რეჟისორმა გიორგი კავილაძემდა მხატვარმა - ანანო დოლიძემ შეგვიქმნეს კლდიაშვილის დროინდელი იმერული ატმოსფერო. სპექტაკლის დასაწყისში სცენაზე გამოდის ზურაბ აბესაძე,მთხრობელის რანგში, გვიკითხავს მოთხრობის სათაურს და რამდენიმე წინადადებას . მგონია,რომ მსგავსი რეჟისორული გადაწყვეტა მოძველებულია და არაფერ ახალს და მნიშვნელოვანს არ სძენს სპექტაკლს . აქვე ვიტყვი იმას, რომ სპექტაკლში რამდენიმე მსახიობი ორ როლს ასრულებს , მაგ. ზურაბ აბესაძე მთხრობელის გარდა, არისტო ქვაშავიძეცაა. ბადრი ტაბატაძე ბეკინაცაა და ჯიმშერიც, თემურ კიკნაველიძე კი ვექილსა და კირილეს განასახიერებს .

ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში ასევე წარმოდგენილი იყო თავისუფალი თეატრის „სამანიშვილის დედი(ს)ნაცვალი“,რომლის რეჟისორი გიორგი მარგველაშვილია. სპექტაკლი გამოირჩევა იმით,რომ  გიორგი მარგველაშვილმა და ინსცენირების ავტორმა  - ალექსანდრე ქოქრაშვილმა კლდიაშვილის ტექსტი  დღევანდელიბას მოარგეს. ყოველივე ხაზს უსვამს იმას ,რომ კლდიაშვილის შემოქმედება დღესაც  ძალზე აქტუალურია. სპექტაკლი გამოირჩევა არა მარტო რეჟისორული გადაწყვეტებით, არამედ სამსახიობო ანსამბლითაც.   ვფიქრობ, აღნიშნულმა სპექტაკლმა დამსახურებულად აიღო გრან-პრი,რადგან სპექტაკლის ყველა კომპონენტი ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს და გვიჩვენებს იმას,თუ როგორ შეიძლება მოარგო ქართული კლასიკა თანამედროვეობას.

ამასთანავე, ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ნოდარ მაჭარაშვილის პროზის ინტერპრეტაციები . როგორც ზემოთ მოგახსენეთ, პირველი იყო დიმიტრი ხვთისიაშვილის „ავი მუსაიფი“. აღნიშნულ სპექტაკლში მონაწილე მსახიობმა ,თამარ მამულაშვილმა ,საუკეთესო ქალი მსახიობის ნომინაციაში გაიმარჯვა .  ნიკოლოზ ფაიქრიძეს კი მაყურებლის რჩეული მსახიობის პრიზი გადაეცა . ასევე , მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი  დიმიტრი ხცთისიაშვილი დაჯილდოვდა თანამედროვე მწერლობის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის.  ნოდარ მაჭარაშვილის პროზის კიდევ ერთი ინტერპრეტაცია  „ქეიფი სოლოლაკში“ გახლდათ, რომლის რეჟისორი , ერისთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ნიკოლოზ ჰაინე- შველიძეა.რეჟისორი ასახავს კოტე აფხაზის ცხოვრების სხვადასხვა მონაკვეთებს . მაყურებელი თვალს ადევნებს როგორც მის ყმაწვილკაცობას  (თორნიკე ბასიშვილი), ისე ზრდასრულობას (ზვიად   პაპუშვილი).  ნოდარ დუმბაძის მეოთხე საერთაშორისო ფესტივალზე  კოტე აფხაზის როლის შემსრულებელი - ზვიად  პაპუაშვილი  საუკეთესო მამაკაც მსახიობად დაასახელეს .

ფესტივალის საკონკურსო  პროგრამიდან მსურს გამოვყო მარიამ სიხარულიძის სპექტაკლი „ ვანო და ნიკო“ . „ვანო და ნიკოში“ დრამატული თეატრის , თითებისა და ჩრდილების თეატრის ელემენტებია,ამასთანავე რეჟისორი გამოსახულების პროეცირებასაც მიმართავს . აღნიშნულ სპექტაკლში ჩანს ის,რომ რეჟისორს უყვარს მაქსიმალურად სინთეზური სპექტაკლების დადგმა. აღსანიაშნავია ისიც ,რომ მარიამ სიხარულიძე პროფესიით დრამატული თეატრის რეჟისორია,მაგრამ სასიხარულოა ,რომ იგი საკუთარი თავი თეატრის სხვა სახეობაში მოსინჯა . მან მშვენივრად აითვისა უსულო საგნები და სულიერება შესძინა ქუთაისი თოჯინების პროფესიული თეატრის შემოქმედებით ჯგუფთან ერთად .

„ვანო და ნიკოში“ არაერთი მნიშვნელოვანი თემაა წინ წამოწეული -ეგზისტენციალური კრიზისი, ახალგაზრდების უპერსპექტიობა, სიღარიბე , გაორება და ა.შ. მსახიობ აბელ სოსელიას მაქსიმალურად ჰქონდა გათავისებული თავისი როლი და დიდ ზეგავლენას ახდენდა მაყურებელზე თავისი სამსახიობო შესრულებით. საერთოდ, სპექტაკლში ყველა კომპონენტს თანაბარი მნიშვნელობა გააჩნდა და არაფერი არ იყო მიჩქმალული.

სპექტაკლის სცენოგრაფმა - ვახტანგ ქორიძემ  ასახა ვანოს/ნიკოს შინაგანი და გარეგანი სამყარო . აქვე მოგახსენებთ იმასაც,რომ ნოდარ დუმბაძის ფესტივალზე ,ვახტანგ ქორიძის აღნიშნულმა მხატვრობამ გაიმარჯვა ნომინაციაში- საუკეთესო სცენოგრაფია.

დმანისის ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის პროფესიულმა  სახელმწიფო თეატრმა წარმოადგინა „ჩემო კალამო ანუ ჩვენი გოლგოთა“.სპექტაკლის რეჟისორი გიორგი სიხარულიძეა . აღნიშნული დადგმა არის ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების ერთგვარი ანალიზი .დმანისის თეატრის დასის ახალგაზრდა წევრები გამოირჩევიან მრავალმხრივობით . მათ არაერთ სპექტაკლში დაინახავთ თუ როგორი არტისტულები და მუსიკალურები არიან ისინი. გამონაკლისს არც „ჩემო კალამო“ წარმოადგენს . აღსანიშნავია ისიც,რომ სპექტაკლში თავად რეჟისორიც მონაწილეობს და გვატკბობს თავისი შესანიშნავი ხმით. „ჩემო კალამო“ გამოირჩევა არა მხოლოდ სინთეზურობით,არამედ ანსამბლურობითაც .თანაც, სპექტაკლში მოწვეული მსახიობებიც არიან- გია აბესალაშვილი, კოტე მჟავია და ნიკა კახელი .ამით იმის თქმა მსურს,რომ მსახიობები სხვა თეატრის არტისტებთან მუშაობისასაც არ კარგავენ ნიშას და ქმნიან ანსამბლურ დადგმას . საერთოდ, დმანისის თეატრი გამოირჩევა კოპროდუქციული ნამუშევრებით.

სპეციალური პრიზი საუკეთესო დებიუტისთვის მიიღო პაატა გულიაშვილის სპექტაკლმა - „ჩუმად რეპეტიციაა“ . პაატა გულიაშვილმა  და პიესის/ინსცენირების ავტორმა თემურ ხუნაშვილმა მიმართეს პრინციპს „თეატრითეატრში“ . სიუჟეტის მიხედვით, შემოქმედებითი ჯგუფი მუშაობს რევაზ ინანიშვილის ნაწარმოების მიხედვით- „ ჩემი წყალ-ჭალის ხმები“ და „ალალე“ დადგმული სპექტაკლების აღდგენაზე. სპექტაკლში ნაჩვენებია ის, თუ როგორ ტარდება სამაგიდო რეპეტიციები ,როგორი ატმოსფეროა თეატრის კულისებში, რა დამოკიდებულება აქვთ მსახიობებს მუშაობისადმი .რეჟისორი მიმართავს გამოსახულებისპროეცირებას ,ოღონდ გაუგებარია რისთვის, რადგან „ლაივ სტრიმით“ ვხედავთ მაყურებელთა დარბაზში მსხდომ საკუთარ თავებს და მეტ არაფერს.არა და, სპექტაკლის ანოტაციაში წერია, რომ წარმოდგენა ვიდეო კადრების ფონზე იქნებოდა . მეგონა , რომ ვიდეო-კადრებში იგულისხმება ,თუნდაც ძველი სპექტაკლების კადრები .

ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობა მიიღო მოძრაობის თეატრმაც  იოსებ ბაკურაძის სპექტაკლით „ასტიგმატისტები“.ესაა მუნჯი კინოს ესთეტიკაზე აგებული სპექტაკლი. სპექტაკლი გამოირჩევა არა მხოლოდ რეჟისორული გადაწყვეტებებითა და სამსახიობო შესრულებით,არამედ მუსიკითაც, რაც დიდი იშვიათობაა ქართული თეატრის სცენაზე .

ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი ფესტივალს ესტუმრა ავთანდილ ვარსიმაშვილის სპექტაკლით „არ დაიდარდო“ . ესაა გიორგი დანელიას ამავე სახელწოდების ფილმზე აგებული სპექტაკლი. აღნიშნული დადგმა ეძღვნება ,როგორც თავად რეჟისორს, ისე რეზო გაბრიაძესა და გია ყაანჩელს .

ფესტივალის სტუმრებიდან აღსანიშნავია ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი,რომელმაც წარმოგვიდგინა დავით დოიაშვილის ყველაზე პოპულარული სპექტაკლი „შეყრა“. მოგეხსენებათ, აღნიშნულ სპექტაკლზე თბილისში   ბილეთების  შოვნა შეუძლებელია. წარმომიდგენია, თუ როგორ გაუხარდა ოზურგეთელ მაყურებელს , როცა ფესტივალის აფიშაზე „შეყრა“ იხილა.

საბოლოო ჯამში, მინდა  ვთქვა,რომ ნოდარ დუმბაძის სახელობის მეოთხე  საერთაშორისო ფესტივალის პროგრამა საკმაოდ ჭრელი  და მრავალფეროვანი იყო.  ფესტივალმა დაგვანახა ის, თუ როგორ სცემენ პატივს ქართულ მწერლობას უცხო ქვეყნის წარმომადგენლები და როგორია ქართული თეატრი დღეს . ახალ შემოქმედებით იდეებსა და წარმატებას ვუსურვებ ფესტივალსა და მის გუნდს .

bottom of page