ცხელი ზაფხულის თეატრალური შთაბეჭდილებები
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში
.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.
მანანა თევზაძე
ცხელი ზაფხულის თეატრალური შთაბეჭდილებები
მართლაც ძალიან ცხელი ზაფხული გამოდგა წლევანდელი ზაფხული, მცხუნვარე და ემოციურად მძიმე...
რაც შეეხება თეატრალურ შთაბეჭდილებებს, პირადად ჩემთვის, საინტერესო და მრავლისმთქმელია, რადგან ჭიათურისა და ზესტაფონის სახელმწიფო თეატრების საგასტროლო სპექტაკლების ნახვის შესაძლებლობა მომეცა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმ ჭეშმარიტ ამბავში, რომ ქართული თეატრი სწორედ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში არსებული სამსახიობო ძალებით ღონივრობდა. რამდენი ნიჭიერი არტისტი იდგა იმ დღეებში რუსთაველის, მარჯანიშვილის და ახალი თეატრების სცენებზე, რამდენი კარგი, ძალიან კარგი სპექტაკლი ვიხილეთ და დარწმუნებული ვარ, ამ ტრადიციულად თეატრალური ქალაქების მაყურებელიც კმაყოფილი იქნება თავისი თეატრების რეპერტუარით.
ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის თეატრმა 2023 წლის 18 ივლისს მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე წარმოადგინა სპექტაკლი სახელწოდებით „ფიროსმანი“. დამდგმელმა რეჟისორმა დავით ჩხარტიშვილმა ვადიმ კოროსტილოვის ცნობილი პიესის საკუთარი ვერსია შესთავაზა მაყურებელს. სცენოგრაფია ნინო კიტიას ეკუთვნის, რომლის ნამუშევარს კიდევ ერთხელ შევხვდი წელს, ამჯერად უკვე ზუგდიდის თეატრში და ეტყობა, მხატვარი საკმაოდ ნაყოფიერად მუშაობს თეატრში.
სცენაზე, დახურული ფარდის წინ, კვარტიანი ბოთლები, ამოყირავებული ოთხფეხა და სამფეხა სკამებია მიმოფანტული. ფიროსმანის მეეზოვემ ცოცხით ოდნავ მოხვეტა იქაურობა, მერე მიიმალა და ფარდაც აიწია, გამოჩნდა ლურჯ ბურუსში ჩაძირული სცენა, ასეთივე კვარტიან ბოთლებში ანთებული სანთლები რკალავენ იქაურობას, სცენის შუაში ზევით აღმავალი კიბე, კიბეზე - კაცი საკვოიაჟით ხელში. უკანა ფარდაზე - თითქოს ნაჩხაპნიაო, დიდი, მუქი ფერის აბსტრაქტული ლაქა. სცენის კუთხეში მიგდებულ ტომარასთან კიდევ ერთი კიბე დგას, ჩვეულებრივი ორფეხა სამღებრო კიბე. სიმაღლიდან ჩამოშვებული ორი სანათი - ძველთბილისური ქუჩის ფარანია... სცენის ეს დეკორატიული ატრიბუტები შემდეგში პერიოდულად თამაშდება კიდეც, მოქმედებაში ერთვება, ცოცხლდება... სპექტაკლი მხატვარზეა და აქა-იქ მისი შემოქმედებიდანაც გვხვდება რეპლიკები...
ამ ლურჯ ბურუსში გახვეული შემოვიდა სცენაზე ნიკო ფიროსმანი. უკანა ფარდაზე მცირე პროჟექტორით ამონათებულმა მისმა ჩრდილმა თითქოს იმთავითვე მიმანიშნა პიროვნების გაორებაზე, მის განცდებზე; მსახიობის ხმამ, პირველმა რეპლიკებმა, პირველმა შეძახილებმა, ფიროსმანის შემსრულებელი არტისტის ხმის მოდულაციებმა საგონებელში ჩამაგდო, თითქოს გაცოცხლდაო ათეული წლების წინ რუსთავის თეატრის სცენაზე გიგა ლორთქიფანიძის მიერ დადგმული სპექტაკლი ფიროსმანზე და ამ გმირის შემსრულებელი ოთარ მეღვინეთუხუცესი. ეს ორი მსახიობი გარეგნულად არ ჰგავს ერთმანეთს, მაგრამ ხმის კილოთი და ინტონაციებით იმდენად, რომ სპექტაკლი თავისუფლად შეიძლება ოთარ მეღვინეთუხუცესის ხსოვნასაც მიეძღვნას. ვისაც ახსოვს რუსთავის თეატრის სპექტაკლი, ამ მსგავსებას ადვილად იგრძნობს.
სხვა მხრივ, ჭიათურის თეატრის სპექტაკლი სრულიად სხვა ნაწარმოებია, ჟანრობრივად, ალბათ უფრო ფანტაზიის სფეროს განეკუთვნება, ცალკეული სცენების რეჟისორული გადაწყვეტით კი, რეალიზმისა და სიმბოლიზმის ზღვარზეა. თუნდაც სანახაობრივად რად ღირს ორი მხატვრის შეჯიბრის, პლასტიკური მოძრაობებით შეკრული სცენა, როდესაც კიბეზე მდგარი ორი შემომქმედი ფუნჯით ხატავს კოსმიურ სივრცეში... ნიკო ფიროსმანის შემოქმედება ხომ ჩვენთვის, ქართველებისათვის, ქართული ხალხური სიმღერის ტოლფასია!..
და იქვე, სიმღერით შემოდიან მოქეიფე თავადები...
სცენები ისე რბილად, ლამაზად გადადიან ერთმანეთში, რომ გრძნობ მათ შინაგან რიტმს... და იქვე გრძელდება ნიკოს ზმანებები - მოქეიფე თავადები ეჩხუბებიან მხატვარს...
ნეტავ იმ თავადებს თუ მოსწონდათ საკუთარი თავი ფიროსმანის ნახატებში?
სპექტაკლში მოთხრობილი მხატვრის ამბავი ალბათ ყველა მხატვრისათვის ნაცნობი პრობლემაა - ხელოვნება თუ ფული? ხელოვნება თუ ყოფა? რომელი რომელსა სჯობს? და საერთოდ, ეს მარადიული კითხვა და პრობლემაა: - მე მხატვარი ვარ, ხატვა მწყურია!.. მე უკეთ ვიცი, როგორ უნდა დავხატო!.. და რეალობასა და ფანტაზიას შორის ჭიდილი: - ყანწში ღვინო დახატა თუ არ დახატა ნიკალამ? და მღერის ამ ჯიბრში გამარჯვებული ნიკალა, რადგან ღვინო მართლაც ასხია თავადების ყანწებში... ო, რა ძნელია, მარადიული წამის აღმოჩენა და მისი დაფიქსირება! რა საშინელი სიტყვებია მეთევზის მიერ ნათქვამი: - დროს უნდა მოერგო!..
უნდა გითხრათ, რომ სცენიდან გაჟღერებული პიესის ახალ ვარიანტში მელოდრამატული შენაკადები ამოღებულია და დრამატურგია თითქმის მხოლოდ ბიოგრაფიულ ქარგაზე გამართული. მოქმედება სწრაფად, რიტმულად ვითარდება, რაც რეჟისორის დამსახურებაა და მომწონს. მშვენიერია ნიკოსა და აქტრისა მარგარიტას შეხვედრის მუსიკალურ-ქორეოგრაფიულად გათამაშებული სცენა ვარდისფურცლების წვიმაში და მახსენდება 1969 წელს, პარიზში, ნიკო ფიროსმანის გამოფენაზე მისული მარგარიტა დე სევრეს ფოტო „აქტრისა მარგარიტას“ პორტრეტთან...
მოულოდნელი იყო გოგონას შემოსვლა სცენაზე საჰაერო ბუშტით და უფრო მოულოდნელი ამ ბუშტის გასკდომა - ნუთუ ყველა ოცნება, ფიქრი, აზრი ჰაერში ნიავდება? და მხოლოდ მეეზოვის მიერ მიწოდებული ბოთლიდან შესმული ღვინოა დედის რძესავით შესარგები?
ქაღალდის თეთრ ზოლებად ჩამოშვებულ ეკრანზე მკრთალად ჩნდებიან ნიკო ფიროსმანის ნახატები, მერე იფხრიწება ეს ქაღალდები, თითქოს სისხლის წვეთები ესხმებათო... ლურჯი ფერიც ერევა საერთო სისხლისფერს და ღამდება მხატვრის ცხოვრება... მართლაც კარგია ნინო კიტიას ნამუშევარი ამ სპექტაკლში, მაგრამ რამდენადაც ვიცი, რეჟისორის იდეები გადამწყვეტია ხოლმე სპექტაკლზე მუშაობისას.
არ შემიძლია არ ვთქვა მსახიობების შესახებ: ისინი ორგანულად მოქმედებენ სცენაზე, კარგი ხმა და დიქცია აქვთ, მხოლოდ ზოგჯერ ავიწყდებათ, რომ სცენასა და მაყურებელთა დარბაზს შორის საკმაო მანძილია და მათი ლაპარაკი პარტერის ბოლო მწკრივსაც უნდა ესმოდეს.
ამ ერთი სპექტაკლით შემიძლია საერთო დასკვნა გამოვიტანო, რომ ძალიან კარგი დასი ჰყავს ჭიათურის თეატრს, რომ შესანიშნავები არიან: გიორგი ჩაჩანიძე, ანდრო ბარათაშვილი,კოტე კახიშვილი, ამირან ნასყიდაშვილი, გელა მოდებაძე, გია კენჭოშვილი და რა თქმა უნდა, თამუნა ჯაჯანაშვილი... მათ შემოქმედებით წინსვლას ხელს არ დააკლებს სამხატვრო ხელმძღვანელი დავით ნიკოლაძე და ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია ყოველთვის თეატრის მხარში იდგება. წარმატებას ვუსურვებ მათ ყველას და საუკეთესოს იმედს ვიტოვებ...