და დავინახავთ ალმასებით მოჭედილ ცას?..
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში
.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.
ლელა ოჩიაური
და დავინახავთ ალმასებით მოჭედილ ცას?..
ყოველთვის, როდესაც ანტონ ჩეხოვის პიესების დადგმებს (ნებისმიერს და სადაც) აანალიზებენ, პირველ რიგში, აზუსტებენ, შენარჩუნებულია თუ არა სპექტაკლში ავტორის (ჩეხოვის) „სული“ და მისეული ატმოსფერო (რატომღაც განსაკუთრებით, სწორედ ჩეხოვთან დაკავშირებით). ამის თაობაზე, ყველას მაინც ალბათ საკუთარი მყარი (იქნებ, არამყარიც) ვერსია აქვს (როგორც რეჟისორს, ისე, კრიტიკოსს), მაგრამ, ვინმემ დანამდვილებით იცის, რომელია „ეს“ სული და „მისი“ ატმოსფერო?! მე, პირადად, არა.
არც ის ვიცი, ზუსტად „ჩაავლო“, თუ არა ამ ყველაფერს ნიკოლოზ ჩიკვაიძემ, გრიბოედოვის თეატრში, დადგმულ „ძია ვანიაში“, მაგრამ ფაქტია, რომ ანტონ ჩეხოვის ამ პიესის (რომლის ათეულობით დადგმა და ათეულობით ეკრანიზაცია არსებობს და რომელიც არაერთგვარი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა, ერთი შეხედვით „ჩაკეტილობის“ მიუხედავად) -საკუთარი, არაორდინალური ვერსია შექმნა და „ამ“ ვერსიაზე, სადადგმო ჯგუფთან ერთად: სცენოგრაფი - ელიზაბეთ ჭიჭინაძე, მუსიკალური გამფორმებელი - ნინა კალატოზი, ქორეოგრაფი - თინათინ ქოიავა, რეჟისორის თანაშემწე - დინა ბალაკირევა; მოქმედი პირნი და შემსრულებლები - ალექსანდრ სერებრიაკოვი - გადამდგარი პროფესორი - არჩილ ბარათაშვილი; მისი ცოლი - ელენა ანდრეევნა - სოფიო ლომჯარია; სონია/სოფია სერებრიაკოვა - სერებრიაკოვის შვილი პირველი ქორწინებიდან - ნინა კალატოზი; ივან ვოინიცკი/ძია ვანია - სერებრიაკოვის პირველი, გარდაცვლილი ცოლის ძმა - მიხეილ არჯევანიძე; მიხეილ ასტროვი - ექიმი - ვლადიმერ ნოვოსარდოვი; მარია ვოინიცკაია - სერებრიაკოვის პირველი ცოლისა და ივან ვოინიცკის დედა - ირინა კვიჟინაძე; ძიძა - კარინა ყენია (ამ საზოგადოებას პიესიდან მხოლოდ ილია ტელეგინი - რომელიც სპექტაკლის დასაწყისა და ბოლოში, პიესისგან განსხვავებით, გიტარაზე, ბუნებრივია, არ უკრავს და მუშა/მოსამსახურე „გამოეტიშნენ“) საფუძვლიანად და სიღრმისეულად იმუშავა. მკაფიო და ზუსტად გამოკვეთილი სათქმელითა და პოზიციით. „სცენები სოფლის ცხოვრებიდან, ოთხ მოქმედებად“ - ორ აქტად წარმოადგინა, და სამყაროს ნგრევის, ადამიანების განწირულობისა და მიუსაფრობის შთამბეჭდავი სურათი „ასახა“.
ნიკოლოზ ჩიკვაიძეს აქვს საკუთარი ვერსია, როგორც პიესის ყველა პერსონაჟს აქვს პირადი შეხედულება - საკუთარ თავზე, ცხოვრებაზე, ცხოვრების წესზე, სიცოცხლის არსზე, ერთმანეთზე, წარსულზე, აწყოზე, მომავალზე. და რომლის ჩანაფიქრი და ამოცანაა - სამუდამოდ დაკარგული ფასეულობების მიზეზების ძიება.
მოქმედება, აქაც, როგორც პიესაში, ვოინიცკების ყოფილ საგვარეულო და სერებრიაკოვის პირად საკუთრებაში გადასულ მამულში, „შემოუსავლიან ადგილში“ ხდება, რომლის გაყიდვის სურვილი, პროფესორს, მოვლენების ლოგიკიდან და პრობლემის არსიდან გამომდინარე, ყველას წინააღმდეგ და გასაწირად, „ბუნებრივად“ უჩნდება. ამ ფაქტს სპექტაკლში განსაკუთრებული მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს.
სამოქმედო არე - მიტოვებულს, დაცარიელებულ სამყაროს გავს, თუმცა მთლიანად და მჭიდროდაა შევსებული დეკორაციის ობიექტებით. აქ ადამიანები ცხოვრობენ - სადღაც პროვინციის წიაღში, ყველასგან მივიწყებული მამულში, დანგრევის პირს მისულ სახლში, რომელსაც მობინადრეები „ღარიბი ნათესავებივით“ შეკედლებიან და უღიმღამო ყოველდღიურობაში იძირებიან. ყველა და ყველაფერი - შავ-თეთრ, რუხ ტონალობაშია, სამოსიც, რეკვიზიტიცა და დეკორაციაც და ესეც, როგორ მიმზიდველად და გემოვნებიანადაც უნდა ჩანდეს, უიმედობის, გამოუვალობის ანაბეჭდია და სევდასა და შფოთს იწვევს.
აქ, ამ სახლში და მიმდებარედ, გარემომცველ ბუნებაშიც ყველაფერი დანგრეული, მიწაში ჩაფლული და დამტვრეულია - პიანინო, კარადა, კომოდი... სახლში, რომლის „ინტერიერი“ სწორედ ასეთი ძველი, ნაწილობრივ წყობიდან გამოსული და პირველადმდგომარეობა და პირველადფუნქცია დაკარგული ავეჯითაა სავსე. აქ სხვანაირად ვერ მოხვდები, აიწონა-დაიწონასავით მერყევ მოჩარჩოებულ ზღურბლს თუ არ გადააბიჯე, რომელზეც შემსვლელ-გამსვლელები წონასწორობას ან თვითონ, ძლივს იცავენ, ან სხვისი დახმარებით, ასევე, ძლივს. აქვეა რკინის, ასევე, უსაყრდენო, „საჰაერო“ კიბე და საქანელა, რომელსაც საყრდენი ბუნებრივად არ აქვს და სიმყარეს ვერ ინარჩუნებს. იატაკზე მომჭკნარმცენარიანი ქოთანი დგას და ხელსაწყოები, რაღაც საგნები, ნაგავი ყრია. ყველაფერი ერთმანეთშია არეული. ერთმანეთშია შეჭრილი, დაფერდებულია, მიწაში ნახევრად ჩაფლული. დაკარგულია საზღვრები სივრცეებსა და შიდა სათავსოებს შორის.
დარღვეული და გავრცობილია - მოქმედების ადგილისა და დროის საზღვრები (რაც კიდევ ბევრი ვერსიის შექმნის შესძლებლობას იძლევა), რომლის ერთადერთი მატერიალური ნიშანი (არც სამოსი, არც ვარცხნილობა, არც აქსესუარები, არც რეკვიზიტი) - კომპიუტერია, თავის მაგიდიანად, საპროექციო აპარატი და პროექცია (გამოსახულება, რომელიც შიდა სივრცეს არღვევს და მთელ სცენას ეფინება, მოიცავს), ბუნების კატასტროფის ამსახველი, ცუდი, უხარისხო, ფოკუსდაკარგული გამოსახულებით, რომელიც განადგურებულ ბუნებას, გამხმარ ბალახს და გამხმარ, დალეწილი, გაჩეხილ ხეებს აღბეჭდავს და რომელსაც ექიმი მეტყველ სურათებად აცნობს მამულში თავმოყრილებს. და რომელიც აღიქმება, როგორც სამყაროს მეტაფორა, რომელმაც კატასტროფა უკვე განიცადა ან ახლა განიცდის; რომლის წიაღში ყველაფერი „ყანყალებს“, ინგრევა, იშლება. ამგვარი ელემენტების შეჭრას სპექტაკლის ისედაც „არამყარი“ განზომილებებიდან, მოვლენები თანამედროვე ეპოქაში გადმოაქვს და თანამედროვე საზოგადოების რეალიებთან აახლოვებს.
ნიკოლოზ ჩიკვაიძის სპექტაკლში რამდენიმე თანადროულ პრობლემაზეა აქცენტი და მოვლენებიც მოცულობით ჭრილში ვითარდებიან. მოიცავენ ისეთ საყოველთაო, უნივერსალურ საკითხებს, როგორიცაა - სოციალური, ეკოლოგიური და ემიგრაციის პრობლემები; უხილავი კედლებით დაშორებული ადამიანების მარტოობა და მარტოსულობა თანამედროვე საზოგადოებაში და მათი გარიყულობა; შეუმდგარი, უკვე ან „არასწორად“, ფუჭად და უაზროდ ჩავლილი ცხოვრება, როდესაც აღარაფერი რჩება აწმყოში და არც არაფერი იქნება.
„ძია ვანია“ სპექტაკლია - შეხვედრაზე და განშორებაზე; სიკვდილზე და სიცოცხლეზე; არჩევანზე და ბედის მორჩილებაზე; სიყვარულზეცაა და სიყვარულის სურვილზეც; იმაზეც, რომ ვიღაცას უყვარდეთ და ვიღაც უყვარდეთ, რადგან მხოლოდ ამით შეიძლება მოერიონ მოწყენილობას და უფერული ცხოვრება ოდნავ შეაფერადონ; იმაზეა, თუ რა უქნეს ადამიანებმა საკუთარ და სხვის ცხოვრებას; როგორ ეპყრობიან სამშობლოს, სახლს, რომლის მიკრომოდელიცაა ეს მამული და რომლის ბინადრებიც - დამხვდურებიც და სტუმრებიც - მხოლოდ საკუთარ თავში, ინტერესებში, ფიქრებში, მიზნებში არიან ჩაფლული და ერთმანეთისთვის არც დრო რჩებათ და არც გულწრფელი ყურადღების გამოხატვის და არც უშუალო გულსხმიერების გამოჩენის სურვილი. როდესაც მათ შორის შინაგანი კონტაქტი, ფიზიკურის მიუხედავადაც კი, არ მყარდება.
„ძია ვანია“ ასაკოვან, შუა ასაკისა და ახალგაზრდა ადამიანებზეა - რომლებიც, რეჟისორის ჩანაფიქრითა და სხვადასხვა თაობის მსახიობების განსახიერებით (რომლებსაც კარგად ესმით რეჟისორის სათქმელი და ნათლად აღიქვამენ ამოცანას) არაერთი ნიუანსითა და არაერთგვაროვანი ხერხების გამოყენებით, თითოეული პერსონაჟის შინაგანი სამყაროს, ბუნების, არსის, თავისებურებების გახსნით, მკაფიოდ გამოკვეთილი ფსიქოლოგიური სახეებიდან განზოგადებულ, ამა თუ იმ კატეგორიის ადამიანების ტიპებად წარმოდგებიან, თითოეულის სპეციფიკური მახასიათებელი ნიშნებითა და შტრიხების კრებითი ელემენტების ერთიანობით. მათი ერთიანობით, დიდი თუ პატარა დატვირთვით იქმნება ერთიანი, ჯგუფური ცოცხალი პორტრეტი, ექსტერიერსა და ინტერნეტში, სურათები არა მხოლოდ სოფლის ცხოვრებიდან.
კარინა ყენიას მოხუცი ძიძა მარინა - უფრო სიმბოლური ფიგურაა, ვიდრე ადამიანების (რომლების გვერდითაც მთელი ცხოვრება გაატარა) ბედში რაიმე განსაკუთრებული როლის შემსრულებელი. მთელ ამ ისტორიაში პატარა როლი და ადგილი აქვს, არც „ალუბლის ბაღის“ ფირსივით მნიშვნელოვანია და არც რაიმე განსაკუთრებული სურვილები და მოთხოვნები აქვს. აღარც იმედი და აღარც გეგმები. ის ძველი დროის აჩრდილივით დადის ოთახებში და მაშინ ჩნდება, როდესაც რაღაც უნდა მოხდეს ან რაღაც შეიცვალოს.
ირინა კვიჟინაძის მარია ვოინიცკაია - როგორც ჩეხოვი უწოდებდა მსგავსი ტიპის, ფუნქციის გამტარ პერსონაჟებს - ნამდვილად არაა ოჯახური „კერის მცველი“. ამ ხანშიშესულ ქალს - დედასა და ბებიას, თითქოს კეთილი, თბილი, სათნო და ალერსიანი რომ უნდა იყოს (ასეც გამოიყურება) ამ თვისებებიდან, ღირსებიდან არაფერი შემორჩენია, პიროვნებადაკარგულია, სხვაზე დამოკიდებული და არსებული პოზიციის სიმყარისთვის მებრძოლი. ცდილობს „არ ჩამორჩეს“ ცხოვრებას (იყენებს კომპიუტერს, მისთვის საჭირო სიახლეებს ეცნობა) და თავი ამჯერადაც და ამითაც გადაირჩინოს. ენერგიულია, თავის ეგოში „აქტიური“ და ვინმეზე მიჯაჭვულობისგან თავისუფალი.
ვლადიმერ ნოვოსარდოვის მიხეილ ასტროვი - საკუთარ თავში დაურწმუნებელი, მერყევი, შეიძლება ითქვას, ინფანტილურიც კი, სხვასავით და შეიძლება მეტადაც, მარტოსული, ახალგაზრდა კაცია. უიმედო და გზააბნეული. არასრულფასოვნების შეგრძნების გამო, „სრულფასოვნების“ კომპლექსით შეპყრობილი და „ვარსკვლავებზე“, მიუწვდომელზე მეოცნებე, ბოლომდე ამოუცნობი და ყველასა და ყველაფერში განხიბლული. განწირულობის მდგომარეობისა და ნიჰილიზმის მთავარი სახე და პრინციპებისგან, სიყვარულისა და თანადგომის გრძნობისგან სხვაზე არანაკლებ დაცლილი.
არჩილ ბარათაშვილის სერებრიაკოვი - თავმომწონე, ბაქია, „ხელოვნური“, საკუთარი თავით მოჯადოებული და შეპყრობილი, ექსცენტრიკული, მოჩვენებითად საქმიანი, პათეტიკური, გარეგანი ატრიბუტიკით, როგორც ნიღბით, შემკული და „შელამაზებული“ (ისევე, როგორც ყველა სხვა, არშემდგარი პიროვნება), ჯერ კიდევ ახალგაზრდა და კიდევ უფრო „გაახალგაზრდავებული“ (თუმცა, არცთუ მთლად ჯანმრთელი) კაცია. სწორედ მისი და ელენას ვიზიტი არღვევს მამულის კარჩაკეტილობასა და მოჩვენებით სიმშვიდესა და მყუდროებას. სწორედ მისი, მისთვის, შეიძლება არაფრისმიმცემი, მაგრამ ანგარებიანი გადაწყვეტილება კიდევ უფრო ანგრევს ადამიანების, ისედაც ნიადაგშერყეულ ცხოვრებას, იწვევს კონფლიქტს და როგორ უცნაურადაც უნდა ჟღერდეს - ყველას მხილებას.
სოფიო ლომჯარიას - ელენა - ლამაზი, მოხდენილი, თამამი და სასურველი, „სახიფათო“ ქალია. ძლიერი, ცბიერი, მაცთუნებელი (ყველას მონუსხვა და დამონება რომ შეუძლია), ყალბი, გულგრილი, არაკეთილგანწყობილი, უგრძნობელი, ყველასა და ყველაფრის მიმართ. განსხვავდება და გამოირჩევა ყველასგან, მხოლოდ მას აცვია წითელი ელეგანტური კაბა და წითელი შარვალი, როგორც სხვა კასტისა და როგორც ფრინველების სხვა გუნდის წარმომადგენელს, რომელიც ამ უფერულ გარემოში სისხლის ლაქასავით ელვარებს. და მსხვერპლს მსხვერპლზე მოითხოვს, მარტოსულობისა და უიმედობის საკომპენსაციოდ.
სოფიო/სონია ყველაზე ახალგაზდაა მამულში შეკრებილებს შორის და გარეგნობითაც, ჩაცმულობითაც, მდგომარეობითაც, ქცევითაც და მსოფლაღქმითაც განსხვავდება სხვებისგან. სონია მომხიბლავი, შეიძლება ელენასავით მშვენიერი და ქალური ვერ, მაგრამ ლამაზი, აქტიური, შეყვარებული, მოყვარული, ჯერ კიდევ იმედიანი და ოჯახს თავშეწირული გოგოა. არაელეგანტური და სოფლის ცხოვრებას, შრომას, მსახურებას მიჩვეული და ამ მიჩვევის გამო, ოდნავ გაუხეშებული, ოდნავ არაქალური მოძრაობებით. ეს დრამატული გმირი, შეიძლება ითქვას, სპექტაკლის მთელ ტრაგიზმს საკუთარ თავზე „იღებს“ და მოვლენათა რიგის მთავარ ღერძად იქცევა.
ალბათ ერთადერთი გულწრფელი და ნამდვილი გრძნობა, ნამდვილი სიახლოვე და თანადგომა ამ საზოგადოებაში სონიასა და მიხეილ არჯევანიძის ძია ვანიას აკავშირებთ. თუმცა მათ ამ თანაზიარობასაც გაუქმება და დარღვევა ემუქრება.
დისშვილივით და ცხადია, მეტადაც, მოუხეშავი, მოუქნელი, ექსცენტრიკული, ხელმოცარული, თავგზააბნეული, უუნარო, თავდადებული, რაღაცნაირად ღიმილსმომგვრელი და ამით კიდევ უფრო ტრაგიკული პიროვნება, სპექტაკლის მთავარი ზიგზაგური ტრაექტორია - ივან ვოინიცკი - ალბათ სწორედ ისეთი პერსონაჟია, როგორიც შეიძლებოდა ძია ვანია ყოფილიყო, დღეს რომ ეცხოვრა, მსოფლიოს ნებისმიერ კუთხესა თუ სოფელში.
ფინალში, ივან ვოინიცკი, ჭერიდან მუდამ ჩამოშვებულ საქანელას თოკზე (ჩეხოვისეული თოფის ვარიაცია) სკამს კიდებს, უიმედობისა და სასოწარკვეთის გამომხატველ ფრაზებს, თითქოს თავისთვის, ნათქვამს და უკანა კედლის კარში უჩინარდება. არის ეს სკამი თვითმკვლელობის მეტაფორა, თუ ჰაერში გამოკიდებული, არამყარი და მყიფე ცხოვრების ალეგორიის მორიგი სახე, არ ვიცი. რეჟისორი ღია ფინალით, მაყურებელს ანიჭებს გადაწყვეტილების მიღების უპირატესობას.
პარალელურად, ავანსცენაზე, მაგიდაზე მიდგმულ კიბეზე ნელ-ნელა ასვლით, მის ტექსტში შეჭრილი და ფაქტობრივად, თანაბარძალამინიჭებული მუსიკის თანხლებით, სონია პიესის ცნობილ ფინალურ მონოლოგს (ერთ-ერთ საუკეთესო, ტრაგიკულ და მრავალმნიშვნელოვან მონოლოგს მსოფლიო დრამატურგიაში) წარმოთქვამს.
ახალგაზრდა მსახიობის მიერ მეტყველად, შინაგანი ტაქტით, თავშეკავებული ემოციით, დრამატული და სევდისმომგვრელ ტონალობასა და ფორმით ნათქვამი ტექსტითა და ძია ვანიას ბოლო, „არაბუნებრივი“ ნაბიჯით - ორ, თითქოს აცდენილ პარალელურ შრეზე აწყობილ, ორი მთავარი ხაზის ერთ კვანძად შეკვრით, ამგვარი „ფორტისიმო/კრეშჩენდოთი“ - სრულდება ნიკა ჩიკვაიძის „ძია ვანია“.
როდესაც ნინა კალატოზი მონოლოგს ამბობს და დარბაზს მიმართავს, მან (და ყველამ) იცის, რომ აქ არასდროს არაფერი შეიცვლება, რომ არაფერი შეიცვლება პირადად სონიას, ძია ვანიას, მათ და ზოგადად, ადამიანების ცხოვრებაში, რადგან შეუძლებელია შეიცვალოს. ეს ცრუ იმედები და ცრუ დაპირებებია. ფიქცია, გამოგონილი აღქთმები, საკუთარი თავისა (და ალბათ, სხვებისაც) გასამხნევებლად. აქ არც სიმშვიდე, არც დასვენება ეღირსებათ, არც სიჩუმე, არც სათნოება, რომელშიც მთელი განსაცდელი, ტანჯვა, ტკივილები და მიწიერი ბოროტება უნდა ჩაიძიროს... ალმასებით მოჭედილ ცას კი აუცილებლად დაინახავენ, ანგელოზების გალობაც შემოესმებათ... მხოლოდ მაშინ, როდესაც სხვა აღარაფერი დარჩება - საუკუნო სიმშვიდე მხოლოდ...
საბრალო, საბრალო ძია ვანია! საბრალო, საბრალო სონია!
ფოტო გრიბოედოვის თეატრის facebook გვერდიდან