top of page

დანაშაული და სასჯელი

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

OU1C1967.jpeg

ლელა წიფურია

დანაშაული და სასჯელი

მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლის, „დანაშაული და სასჯელის“  - პრემიერა 2021 წლის 7 მაისს შედგა, პანდემიის პერიოდში, როდესაც პერიოდული  ჩაკეტვა-გახსნების რეჟიმში მაყურებელი და გამოგიტყდებით, სპეციალისტებიც საზოგადოებრივი თავშეყრის  ადგილებს ვერიდებოდით. ალბათ ესეც არის მიზეზი იმისა, რომ მსოფლიო ლიტერატურის შედევრის თბილისური პრემიერა არ იქნა სათანადოდ გაანალიზებული თეატრმცოდნეების მიერ. მე სპექტაკლი თბილისის საერთაშორისო ფესტივალის ქართული შოუ ქეისის  ფარგლებში ვნახე-გადაჭედილ დარბაზში. როგორც კაპელდინერებმა მითხრეს, ამ წარმოდგენაზე მაყურებელი ყოველთვის ავსებს დარბაზს, საბედნიეროდ.

სპექტაკლის რეპეტიციები პანდემიის გამო ცხრა თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, ამდენად მსოფლიო კლასიკური ლიტერატურის შედევრის სიღრმისეული წვდომისთვის საკმარისი დრო იყო, რაც ნამდვილად დაეტყო მარჯანიშვილელთა წარმოდგენას. ესოდენ საინტერესო დოსტოევსკის პროზის დადგმა ქართულ თეატრში ნამდვილად არ მახსენდება. რეჟისორები ლევან წულაძე და თემო კუპრავა სპექტაკლის ვიზუალური სრულყოფის გარდა ყველა მსახიობთან ყველა როლის დეტალური ანალიზის შედეგს გვიჩვენებენ. შედეგიც უაღრესად მნიშვნელოვანია: დოსტოევსკის პერსონაჟების ფსიქოლოგიური მდგომარეობის გადმოცემა ურთულესია, როდიონ რასკოლნიკოვი კი დოსტოევსკის პერსონაჟებს შორისაც კი ნამდვილად არის განსაკუთრებული, რადგან „რასკოლნიკოვის აზრით არსებობს რჩეულ ადამიანთა გარკვეული  ჯგუფი, რომელთათვისაც დანაშაულის ჩადენა ნებადართულია“. თანაც დანაშაული ყოველთვის სამართლიანობის აღდგენის საბაბით ხდება... როგორ გავს ეს მსოფლმხედველობა თანამედროვე რუსეთის მმართველთა ქმედების გამართლების მცდელობას, თანაც სახელმწიფოებრივ დონეზე. განსხვავებით რასკოლნიკოვისგან  თანამედროვე „რჩეულებს“ სინდისის ქენჯნა ოდნავაც არ აწუხებთ და ცხადია არც პაატა პაპუაშვილის პერსონაჟის მსგავსად გადიან ტანჯვის გზას. მათ შეუძლიათ თავს ყველაფრის უფლება მისცენ და მორჩა... ფიოდორ დოსტოევსკის  გენიალური რომანის შესახებ უამრავი თეორეიული კვლევაა დაწერილი მსოფლიოს მრავალ ენაზე. ცხადია კვლევების ძირითადი ნაწილი მთავარი გმირის, როდიონ რასკოლნიკოვის ფილოსოფიური კონცეფციის და მისი პიროვნული თვისებების კვლევას  ეძღვნება. თეატრის ბუნების შესაბამისად პერსონაჟის ქმედითი დიაგრამით ხდება მისი შინაგანი სამყაროს პროექცია. ლევან წულაძის, თემო კუპრავას და პაატა პაპუაშვილის კვლევის შედეგი კი სპექტაკლში შექმნილი რასკოლნიკოვის სახეა.  მოხუცი მევახშე ქალის  მკვლელის  სინდისის ქენჯნა ტანჯვის გზაა, რომელსაც სპექტაკლის გმირი ემოციათა კულმინაციის ზღვარზე თამაშობს. თამარ ბუხნიკაშვილის ალიონა ივანოვნა, რომელიც სპექტაკლის ექსპოზიციაში უზარმაზარ სკივრს მიათრევს, თავადაც ხდება საკუთარი არჩევანის-მევახშეობის მსხვერპლი. სპეციფიკური მეტყველება და მოძრაობები ამ პატარა როლს უაღრესად სახიერს ხდის.

როგორც უკვე აღვნიშნე, ყველაზე მნიშვნელოვანი რითაც წარმოდგენა იმსახურებს აღიარებას, სამსახიობო ნამუშევრებია. რეჟისორებს ლევან წულაძეს  და თემო კუპრავას ყველა პერსონაჟის სახე ფილიგრანულად აქვთ დამუშავებული და სიღრმისეულად გაანალიზებული არტისტებთან ერთად. შესაბამისად ყველა როლი დასრულებული სახეა, სადაც შემსრულებლებს სცენაზე მოაქვთ გმირების ძალზე რთული და დრამატული ბიოგრაფიები და მათი შინაგანი სამყაროს გახსნა- განვითარების ქმედით რიგს ქმნიან სცენაზე. დიალოგი, როგორც სალიტერატურო ნაწარმოებში ავტორის იდეის გადმოცემის  უპირველესი საშუალება, სათეატრო წარმოდგენაშიც იგივე ფუნქციის მატარებელია. დოსტოევსკის დიალოგებს შორის გამორჩეული რასკოლნიკოვის და პოფირი პეტროვიჩის დიალოგი „ჰამლეტისეული“ თაგვების მახის ეპიზოდის მსგავსი დატვირთვითაა წარმოდგენაში გააზრებული. ნიკა კუჭავას გამომძიებლის და რასკოლნიკოვის დიალოგს პორფირი წარმართავს- ერთი მხრივ თითქოსდა თანაგრძნობის და მეორე მხრივ მისი დაშინების რეჟიმში. ინტონაციების მონაცვლეობა მსახიობის ტექსტში რასკოლნიკოვის სინდისის ქეჯნის და საბოლოოდ კი მხილების მიზეზი ხდება. დამფრთხალი თაგვის უიმედო ფართხალს წააგავს პაატა პაპუაშვილის რასკოლნიკოვის მოძრაობები და გამომეტყველება.

ნიკა კუჭავას პორფირი გამორჩეული როლია, საერთოდაც, ყველა მონაწილე: ანუკა გრიგოლია, ბესიკ ბარათაშვილი, გიორგი კიკნაძე, ლელა მებურიშვილი, ნატა ბერეჟიანი დასრულებულ სახეებს ქმნიან სცენაზე.

სპექტაკლის მხატვრული გაფორმება- მეცხრამეტე საუკუნის და თანამედროვეობის სინთეზი- ანტიკვარული ავეჯისა, თეატრის საგრიმიოროსა და  მეტროს სადგურის ინსტალაციებით დასრულებული (ვიდეო ინსტალაცია დავით დვალიშვილისა). სპექტაკლს ულამაზეს სახილველად აქცევს, სადაც ხელოვნური თოვლი და წვიმა უამინდობად არც კი აღიქმება. ლევან წულაძის სცენოგრაფია კი მისი რეჟისურის ტოლფასად შეიძლება შეფასდეს. ნინო სურგულაძის კოსტიუმებშიც ეპოქათა  სინთეზია, სპექტაკლის კონცეფციის შესაბამისად.

 სამი წლის განმავლობაში ძალადობის თემას სამი წარმოდგენა მიუძღვნეს ლევან წულაძემ და თემო კუპრავამ. ლევ ტოლსტოის „კრეიცერის სონატა“,  ფიოდორ დოსტოევსკის  „ დანაშაული და სასჯელი“ და პიერ  ბომარშეს „ფიგაროს ქორწინება“. სრულიად განსხვავებული ჟანრის გენიალური ავტორების პროზაული ნაწარმოებები და ფრანგული კომედია ერთი და იმავე სათქმელით.   მარჯანიშვილის თეატრის სამივე სპექტაკლი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის და ზოგადად დასის აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციის განსხეულებაა სცენაზე. დღეს, როცა ჩვენი პლანეტა უპრეცენდენტო ძალადობის მომსწრეა, ამ ტრილოგიას განსაკუთრებული ფუნქცია აკისრია. ძალადობაზე შექმნილი წარმოდგენები სიღრმისეული ანალიზისკენ უბიძგებს მაყურებელს და ლამაზი სახილველის და ნიჭიერად შესრულებული სახეების საშუალებით გადმოსცემს ავტორთა სათქმელს.

bottom of page