დათა თავაძე და პაატა ციკოლია - ახალი ქართული თეატრის დეკონსტრუქტივისტები
სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის
„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში
.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.
ვალერი ოთხოზორია
დათა თავაძე და პაატა ციკოლია - ახალი ქართული თეატრის დეკონსტრუქტივისტები
დათა თავაძე და პაატა ციკოლია - ორივე რეჟისორი ახალი ქართული თეატრის დეკონსტრუქტივისტია, იმ მოულოდნელი და სავსებით კანონზომიერი მოძრაობის წარმომადგენელი, როცა „დროთა კავშირი გაწყდა“ და თვითგამორკვევის ამოცანა სრული სიმწვავით წარმოსდგა სცენაზე. და მით უფრო ასეა, და მით უფრო დეკონსტრუქციულია მათი შემოქმედება, რაც უფრო ჩუმი, შეუმჩნეველი და არაღიარებულია მოვლენათა კუთვნილი სახელი.
რატომ დეკონსტრუქცია? რომელ დროსთან კავშირი გაწყდა? რატომ დადგა თვითგამორკვევის საკითხი და რას გულისხმობს ეს ამოცანა?
დეკონსტრუქციის ფილოსოფიური (ფართო აზრით) მოძრაობა ევროპაში გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან დაიწყო და უმთავრესად დერიდას სახელს უკავშირდება. დეკონსტრუქციის მოძრაობა კი ნაწილია იმ ფართო ფრთისა, რომელიც პოსტმოდერნიზმის სახელითაა ცნობილი. პოსტმოდერნიზმის განმარტებებს შორის მე ჰაბერმასის განმარტებას ვარჩევდი. მისი აზრით, პოსტმოდერნიზმი სხვა არაფერია, თუ არა (დასავლური) საზოგადოების პოზიცია, როცა ის გადახედავს თავის წარსულს, თავის განვლილ გზას და გადაიაზრებს, განაჩენს გამოუტანს. გადააზრება გამოიწვია მსოფლიო ომებმა, რომლებიც უკავშირდებოდა ეთნიკურ ნაციონალიზმს, მასკულინიზმს და დასავლური აზროვნების სტილს, რომელიც დერიდას მიხედვით, ლოგო-ფონო-ფალო... ცენტრულია. აქედან გამომდინარე, დეკონსტრუქცია გულისხმობს, უპირველეს ყოვლისა, ცენტრიზმის (ფართო აზრით) ანალიზს ყველგან, მთელს დისკურსში, ლიტერატურიდან დაწყებული...
ევროპამ მეორე მსოფლიო ომის შედეგად იგრძნო, რომ „დროთა კავშირი გაწყდა“ და გარკვეული ამოცანის შესრულების საჭიროება გაჩნდა ახალი დროის განმტკიცებისთვის. ამგვარი ამოცანის წინაშე ჩვენი ქვეყანა სულ ცოტა ხნის წინ დადგა. იგივე გამოწვევა შეეხო ქართულ სცენასაც. ორი მთავარი საკითხი, რომელიც ქართველი რეჟისორი-დეკონსტრუქტივისტების შემოქმედების ფოკუსში მოექცა, იყო: ნაციონალიზმი და მასკულინიზმი. რეაქციამ ასეთი ნაყოფი გამოიღო: ალტერნატიული (ანტი-ნაციონალური) ნარატივი და ფემინისტური პოზიცია. ორივე მომენტი სრული სიმწვავით წარმოჩნდა დათა თავაძისა („ფრეკენ ჟული“, „პრომეთე დამოუკიდებლობის 25 წელი“, „ყველაფერი ჩვენ შესახებ უჩვენოდ“ და სხვ.) და პაატა ციკოლიას („მედეა s01e06“, „ცივსისხლიანი“ და სხვ.) შემოქმედებაში. ამდენად, მათი თეატრი არამხოლოდ მემარცხენეა, არამედ დეკონსტრუქტივისტული.
მათი თეატრი, ამავე დროს, რეაქციულია. დათა თავაძე ყოველთვის რეაგირებს მოვლენებზე, პროცესებზე და უკავშირდება სათქმელს („პრომეთე“, „იქ დრამაა“, „ყველაფერი ჩვენ შესახებ უჩვენოდ“...), პაატა ციკოლიაც - არანაკლებ („ხოცვა-ჟლეტის ღმერთი“, „ზიპო“, „ცივსისხლიანი“, „მედეა s01e06“...). ციკოლიას მთავარი ხაზი უკავშირდება მითის დეკონსტრუქციას. მითის კონსტრუქციული ბუნების შერყევით, ის არყევს ნაციონალიზმის, მასკულინიზმისა და ლოგოცენტრული ძალმომრეობის (ქართულ) ბაზისს. ციკოლიას მანერა ბრუტალური და მძიმეა, სისხლიანი და შავ-თეთრია. თავაძე კომპლექსური და უკიდურესად კონსტრუქტიულია. მის დადგმებში სჭარბობს ინტელექტუალიზმი, ბრძნული ფრაზების გარეშე.
მათი გამორჩეულობა მდგომარეობს იმაში, რომ ისინი არ მიყვებიან ქართული თეატრის დანარჩენი ნაწილის დინებას. არ მიყვებიან არა მხოლოდ სტილით, არამედ ნარატივითაც; დინების საწინააღმდეგოდ ცურავენ. საბედისწერო განსხვავება, მე ვიტყოდი ნაპრალი, სწორედ მათგან რომ იწყება, მეტ-ნაკლებად გადაედება ახალგაზრდა რეჟისორებსაც. შუალედური თაობა ძველსა და ახალს შორის - წულაძე, ვარსიმაშვილი, დოიაშვილი, - უფრო მეტად „კრიტიკულ“ პოზიციას იჭერდნენ და ბოლომდე ვერ გრძნობდნენ „დროთა კავშირის წყვეტას“, არ იყვნენ მარგინალურები (მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ „კრიტიკული სკოლისგან“ დავალებულია დეკონსტრუქტივისტული მოძრაობა; მის გარეშე ის, ცარიელ ადგილზე, ვერ გაჩნდებოდა.). თავაძე და ციკოლია კი პრინციპულად ანტიცენტრისტები არიან. მათი ადგილი კიდეზეა. მათი შემოქმედებით-მსოფლმხედველობრივი სინათლე კუთხის პრიზმიდან გადატყდება.
„პრომეთეში“, რომელიც სახელმწიფოს ნაციონალურ პროპაგანდაზე უშუალო რეაქციას წარმოადგენს, რეკონსტრუირებულია ის უკანა მხარე, რომელსაც დემოკრატიის ნიღაბმორგებული ნაციონალისტურ-მასკულინური ძალმომრეობა წარმოადგენდა „ახალი საქართველოს“ პერიოდში, ვარდების რევოლუციის შემდგომ. „ახალი პერიოდი“ გაშლილია ისტორიულ ჰორიზონტზე და პრომეთეს ნაციონალურ-ორაზროვან არქეტიპს ებმის. პრომეთეს პერსონაჟში, როგორც საქართველოს (საეჭვო) სახეში, დაშლილია ყოველგვარი კონსტრუქტიული ელემენტი და ამოყირავებულია ის ბაზისი, რომელიც შესაძლოა ყოფილიყო (საეჭვო და ორაზროვანი) ნაციონალური სიამაყისა თუ იმედის თავშესაფარი. მსგავსი სტრატეგია ხორციელდება ციკოლიას „მედეაშიც“. აქ, ცარიელ ადგილზე, „თეთრ ლაქაზე“ (მედეას ისტორია არგონავტებამდე) რეკონსტრუირებულია იმგვარი, ალტერნატიული სიუჟეტი, რომელიც ასევე არ იძლევა სიამაყისა და იმედის მიზეზს. ვინ არის მედეა? ვინ არის მედეა? რა ქალია? - კითხულობენ სპექტაკლის განმავლობაში. შესაძლოა, სწორედ ეს უნდა იქცეს დეკონსტრუქტივისტული, ახალი ქართული თეატრის სლოგანად: ვინ არის (ქართველი) ქალი (ახალ სცენაზე)?
დეკონსტრუქტივისტული ფრთის წარმომადგენლად უნდა ჩაითვალოს დავით ხორბალაძეც. ხორბალაძის შემოქმედება ნაციონალისტურ-კონზუმერისტული, შეგვეძლო გვეთქვა კაპიტალისტული, სასოწარკვეთით გამოწვეული მელანქოლიის სივრცეში იშლება. კონზუმერიზმის გლობალურ-ნაციონალურ სახეს ყველაზე მწვავედ სწორედ ამ რეჟისორთან („Unmemory“) ვხედავთ.
კიდევ ერთი რეჟისორი - გურამ მაცხონაშვილი, შესაძლოა, სწორედ, დეკონსტრუქტივისტულ ფრთას წარმოადგენდეს. სამწუხაროდ, ამას დაბეჯითებით ვერ ვიტყვი, რადგან მისი მხოლოდ ერთი სპექტაკლი მაქვს ნანახი: „ანტი-მედეა“ (ლაშა ბუღაძის პიესის მიხედვით).
და ბოლოს, რამ გამოიწვია „დროთა კავშირის წყვეტა“? რატომ დადგა თვითგამორკვევის ამოცანა?
ცხადია, ეს გამოიწვია საბჭოთა კავშირის ნგრევამ და ნაციონალიზმის გამწვავებამ ქართულ საზოგადოებაში, მთელი თავისი თანმდევი მოვლენებით; გამოიწვია საზღვრების გახსნამ და დასავლური დისკურსის შემოდინებამ; გამოიწვია მრავალჯერადმა იმედგაცრუებამ და სასოწარკვეთამ, რაც პოლიტიკურ, სოციალურ თუ კულტურულ პროცესებს თან სდევდა; და გამოიწვია ინტელექტუალურ-გრძნობითმა გამოღვიძებამ, „ცოცხალი გვამების ტყეში აღმოჩენამ“, როგორც მამარდაშვილი იტყოდა. ამდენად, დეკონსტრუქტივისტები იმ სიკვდილის წინააღმდეგ მოლაშქრეები არიან, რომელიც „ცოცხალი გვამების ტყეში“ გვაქცევს და გვკლავს.
მაგრამ არის თუ არა, ეს ახალი თეატრი? რა დამოკიდებულებაა დეკონსტრუქტივისტულ ფრთასა და ტრადიციას შორის?
უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ ასწლიანი ისტორიის მანძილზე, თეატრი ქართული კულტურის ორგანულ ნაწილად იქცა; ის არა მხოლოდ ხელოვნების ერთ-ერთი დარგია, არამედ ჩვენი კულტურის იდენტობის მკვიდრი ელემენტი, როგორც ღვინო და მართლმადიდებლობა. და როგორც გრძელდება ღვინის დაწურვა და აღმსარებლობა, ამგვარადვე აგრძელებს თეატრი თავის თავს, ასე ვთქვათ ამეორებს თავის ახალში. მაგრამ „ახალს“ ჩვენ ვუწოდებთ არა მხოლოდ გაგრძელებას, არამედ იმგვარ განსხვავებას, რომელიც მეტია, ვიდრე „კრიტიკა“, კიდევ უფრო სხვაა, როგორც ალტერნატივა, განზე მდგომი, თუმცა ნაწილი. ასეთ ნაწილში, როგორც წესი, ინტენსივობა და მოძრაობის სიხშირე მაღალია, რადგან ის არა მხოლოდ მწვავედ აღიქვამს სხვას, არამედ თავის თავსაც. ამგვარად, დეკონსტრუქტივისტული სტილის სახით რეფლექსურ მოვლენასთან გვაქვს საქმე, რომლის ავანგარდიც ზევით ვახსენეთ.
არის თუ არა, ეს - ახალი თეატრი? ყველაზე ცოტა, ეს არის ახალი ტენდენცია. ფილოსოფიური თვალსაზრისით, ესაა ახალი პერსპექტივა, მანამდე არარსებული; არასოდეს, ქართული თეატრი ასოთხმოცი გრადუსით არ შეტრიალებულა საკუთარი თავის (როგორც კულტურის) და კულტურის (როგორც საკუთარი თავის) მიმართ. თავისთავად, დეკონსტრუქტივისტული სტილი გარდამავალი ეპოქის მეთოდია, და იმდენ ხანს გრძელდება, რამდენი დროც რეზუმეს დასჭირდება.
ახდენს თუ არა, გავლენას ქართულ, დეკონსტრუქტივისტულ სტილზე უცხოური ტენდენციები? რა თქმა უნდა, ახდენს. არ ყოფილა ეპოქა, როცა ქართულ კულტურაზე უცხოეთი გავლენას არ ახდენდა, რაც სავსებით კანონზომიერია. მაგრამ არის თუ არა ჩამოყალიბებული, გათვითცნობიერებული, ხორცშესხმული დეკონსტრუქტივისტული თეატრი საკუთარ თავში? - კიდეც - ჰო და კიდეც - არა. ჰო - იმდენად, რამდენადაც უკვე გვყავს ამ მიმდინარეობის მესვერუნი და გვაქვს ეს სტილი; არა - იმდენად, რამდენადაც ორაზროვნება და ღიაობა, როგორც დაუსრულებლობა, ორგანულია ამ მეთოდისთვის.
გაიზრდება თუ არა ეს მოძრაობა, სანამდე გაგრძელდება, ან რაში გადაიზრდება, ამაზე ზუსტი პასუხი არ არსებობს. მაგრამ რა შედეგი მოაქვს მას? რა თქმა უნდა, რეფლექსურობის ზრდა - დეკონსტრუქცია გონების სავარჯიშოა, (ხელოვნების) „გაგრძელებასთან“ ერთად. აზროვნების გაძლიერება კი დღეს, როგორც არასდროს, აქტუალურია ჩვენი ყოფის ყველა სფეროში.