top of page

დავინახოთ და მოვუსმინოთ ადამიანის სულს

TKMN-2.jpg

ლაშა ჩხარტიშვილი

 

დავინახოთ და მოვუსმინოთ ადამიანის სულს

 

თანამედროვე ლატვიელი დრამატურგის იუსტინა კლიავოს სოციალურ-ყოფითი პიესა „ის, რაც ჩვენ არ გვესმის“, რომელიც რეჟისორმა პაულა პლიავნიეცემ დაუგავპილსის თეატრში წარმოადგინა, ერთდროულად წარმოაჩენს თანამედროვე ადამიანებს, მათ სულიერ მდგომარეობას და სოციალურ პრობლემებს. ერთი კონკრეტული ოჯახის მაგალითზე, მასში მთელი საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევები და მრავალფეროვან მხატვრულ სახეთა გალერეა იშლება. ვფიქრობ, რეჟისორისთვის სოციალურ პრობლემაზე მეტად, ადამიანია მთავარი, მისი სულიერი მდგომარეობა და შინაგანი სამყარო, ურთიერთობები. ეს თემები უკვე საუკუნეებია აღელვებს კაცობრიობას, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო საზოგადოება პროგრესს განიცდის, ადამიანები ერთმანეთის მიმართ მაინც გაუცხოებულები არიან, ერთად ცხოვრობენ და ერთმანეთზე არაფერი იციან, ვერაფერს ამჩნევენ, ერთმანეთს არ იცნობენ. სწორედ ამ დისკურსის განსხვავებული რაკურსით გაგრძელებაა პაულა პლიავნეცეს სპექტაკლი, რომელიც ბევრ ისეთ იდეურ აქცენტს შეიცავს, რომელიც დღეს და ახლა არსებულ პრობლემებს ასახავს.

სიუჟეტში განვითარებული მოვლენების ეპიცენტრში ახალგაზრდა კაცი, ნიკიტა დგას. ამ როლს დაუგავპილსის თეატრის მსახიობი მიროსლავ ბლაკუნოვი ასრულებს, რომელიც გვიჩვენებს სასოწარკვეთილი ახალგაზრდა კაცის სულიერად და ემოციურად გატეხვის პროცესს. ერთ დროს წარმატებული და რეალიზებული პიროვნება, ერთი დაშვებული საბედისწერო შეცდომის გამო, კარგავს ყველას და ყველაფერს. მთავარი გმირი განსაცდელშია, რადგან მარტოსულია და ეძებს ნუგეშს გარშემომყოფთა შორის. მთავარი მოქმედი პირი უარყოფითი თვისებების გარდა მაყურებელში სიმპათიას და თანაგრძნობას იწვევს, რაც მსახიობის სცენური მომხიბვლელობის და სულის სიღრმეში დალექილი პოზიტიური და კეთილი ენერგიის დამსახურებაა. მსახიობი ნიკიტას პერსონაჟს ზომიერი ემოციურობით ხატავს, არ იყენებს ყალბ გრძნობებს და პათეტიკური მეტყველების სტილს. მის მიერ შექმნილი მხატვრული სახე განზოგადებული თანამედროვე სამყაროს თანამედროვე ადამიანია სევდით, ბავშვობის ტრამვებით, ფსიქოლოგიური კომპლექსებითა და სათუთი, მგრძნობიერე გრძნობათა ბუნებით.

ფსიქოლოგიურად დანგრეულ გმირს, რომელიც საზოგადოებისგან განცალკავებულია, სოციალური პრობლემაც ემატება, მაგრამ ის არ არის ერთადერთი, რომელსაც ეს პრობლემა აქვს. მის გარშემო კრიტიკული სოციალური ფონია. ნიკიტა იდეალური, კლასიკური გმირი არ არის, რომელიც ზოგადასაკაცობრიობო პრობლემების გადასაჭრელად იბრძვის, მას აქვს მდიდარი შინაგანი სამყარო, მაგრამ ამ საგანძურს მისი კომპლექსები ფარავს. გამორჩეული პერსონაჟია ალა, ნიკიტას დედა, რომელსაც მსახიობი ჟანა ლუბგანე სცენური სიმართლითა და გულწრფელობით ასრულებს. მას ამ როლის პარტიტურაში არცერთი ყალბი ფრაზა არ აქვს, რაც მის გმირს უფრო დამაჯერებელს, სევდიანს და შთამბეჭდავს ქმნის. ჟანა ლუბგანე ძლიერი ქალის პორტრეტს ხატავს, რომელიც იბრძვის და არ ნებდება იმ განსაცდელს, რომელიც მან ცხოვრებამ მოუწყო. საინტერესო ტიპაჟებს და მხატვრულ სახეებს ქმნიან სპექტაკლში მიხაილ აბრამოვი (დენისი), ვადიმ ბოგდანოვი (სერგეი), მილენა სავკინა (კატაჟინა), ქრისტინა ვეინშტეინა (გუნიტა), ჟანა ლუბგანე (ალა), იანის იარანსი (ბაბუა). თითოეული მათგანი სახასიათო გმირია, თავისი ისტორიით და პრობლემებით, რომლებიც ქმნიან საზოგადოებას. ამ საზოგადოებისგან ცალკე დგას ნუგეშისა და სიყვარულის მაძიებელი ნიკიტა, რომელსაც აქვს შეუფასებელი ღირებულების ფასეულობა - სული, რასაც მისი გარშემომყოფები, რომლებიც ოჯახის წევრები და ახლობლები არიან, ვერ ხედავენ.

სპექტაკლის სცენოგრაფია ყოფითია და ამავდროულად პირობითი (სცენოგრაფი და კოსტიუმების ავტორი დაცე სლოკა). სხვადასხვა ატმოსფეროს და ლოკაციის შესაქმნელად მხატვარი იყენებს რეკვიზიტებს, რომლებიც მსახიობებს სცენაზე შემოაქვთ და გააქვთ. ეს ეპიზოდები, რომელიც საკმაოდ ხშირია სპექტაკლში, ერთგვალ მუსიკალურ პაუზებს წარმოადგენს, რაც ვფიქრობ მოქმედების დინამიკურობას და სიუჟეტის მძაფრ განვითარებას ხელს უშლის, აფერხებს. ვფიქრობ, რეჟისორი შეცდა, როცა დეკორაციის მონაცვლეობისთვის ეს დავიწყებული ხერხი გამოიყენა, რომელიც თეატრის (სცენის) შიდა მეურნეობას უჩვენებს მაყურებელს და ჩრდილს აყენებს მის მხატვრულ ხარისხს. ეპიზოდების გადასაბმელად გამოყენებული ხიდები გამართლებული და ლოგიკური იქნებოდა მაშინ, თუ რეჟისორი „თეატრში თეატრის“ ფორმას შემოგვთავაზებდა.

 საბოლოოდ, მთავარი გმირი მეტამორფოზას განიცდის და ასე ხდება მისი ხელახალი ადაპტირება საზოგადოებასთან. ფაქტობრივად შემოქმედებითი ჯგუფი პიროვნებისა და საზოგადოების ურთიერთობის პრობლემას სვამს, რომელიც ვფიქრობ, მეტ ხაზგასმას და ყურადღებას იმსახურებდა. მაყურებელს სპექტაკლის შემდეგ კი, ერთი დასკვნა გამოაქვს, რომ ყველა პრობლემა ბავშვობაში ჩნდება და ის პირდაპირ კავშირშია აღზრდის საკითხებთან. ბულინგი ოჯახში მოზარდს ფსიქოლოგიურად ანგრევს. ეს სპექტაკლი გაკვეთილიც უნდა გახდეს ბევრი მშობლისთვის.

bottom of page