top of page

„დედა“

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის 

სამინისტროს მიერ.

416487725_887190436492083_7578284149194776155_n.jpg

ნუცა კობაიძე

„დედა“

ფლორიან ზელერი

რეჟისორი - დავით ჩხარტიშვილი

თარგმნა - ნანა სამჭკუაშვილი

სცენოგრაფია - დავით ჩხარტიშვილი, თამარ ლომსაძე

სპექტაკლში გამოყენებულია მერი ბეროშვილის მუსიკა

მონაწილეობენ: ანა მატუაშვილი (დედა), გიორგი ცერცვაძე (მამა), დაჩი ბაბუნაშვილი (ნიკოლა),

ქეთი ლუარსაბიშვილი (მარია)

 

* * *

ფლორიან ზელერის ტრილოგია: „მამა“ ("Le Père"), „დედა“ ("La Mère") და „ვაჟიშვილი“ ("Le Fils") იკვლევს რთულ ურთიერთობებს ოჯახურ კონტექსტში - თითოეული პიესა აგებულია ამ სამი ადამიანის პიროვნულ თვისებებზე და განცდებზე. იქნება ეს დემენციის პრობლემა და რეალობის მიუღებლობა; შუა ხნის ასაკის კრიზისი, შინაგანი ბრძოლებითა და იდენტობასთან დაკავშირებული პრობლემებით; თუ თინეიჯერი ვაჟის ფსიქიკური მდგომარეობა.

გორის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელობის დროს განხორციელებული „ვაჟიშვილისა“ და „მამის“ შემდეგ დათო ჩხარტიშვილი მარჯანიშვილის თეატრის სხვენში დგამს „დედას“ (ეს არის დამოუკიდებელი თეატრალური კომპანია „გიენოსი“-ს მეორე ნამუშევარი). რეჟისორისთვის ფრანგი ავტორის ლიტერატურა საინტერესო საკვლევი მასალაა სცენაზე. ზელერის პიესების ემოციური თხრობა დათო ჩხარტიშვილისთვის მნიშვნელოვანი ინტერპრეტაციების საშუალება აღმოჩნდა -  ადამიანის გონებისა და ემოციების გამოსახატად სპექტაკლებში რეჟისორი აბალანსებს რეალობას და ფანტაზიას, იყენებს ორმაგ სცენებს, მოქმედებების სხვადასხვა ვარიანტებს ფსიქიკური მდგომარეობების და ოჯახის დინამიკის უფრო ფართო კვლევისთვის.

ყოველთვის დიდია მოლოდინი ფინალური აკორდის, რომელიც შეჯამებას და კულმინაციურ გადაწყვეტას ემსახურება. იმასაც ვიტყვი, რომ ამ ტრილოგიაში „მამამ“ ჩემზე განსაკუთრებით ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა. გამორჩეულად ნააზრევი და საინტერესო სპექტაკლი იყო. არც „ვაჟიშვილი“ განიცდიდა მძიმე ემოციების/მღელვარების დეფიციტს. მესამე ნაწილში კი თითქოს ამ ყველაფრისგან დაიცალა რეჟისორი და წარმოდგენა გააკეთა მარტო იმიტომ, რომ უნდა გაეკეთებინა. გაცუდდა, ამბავმა ემოციური შეგრძნებები დაკარგა, მიუხედავად იმისა, რომ სამივე დადგმა ჰგავს ერთმანეთს (ასე გაუსვა რეჟისორმა ტრილოგიას ხაზი) რეჟისორული, მხატვრული თუ  მუსიკალური გადაწყვეტით. შეიძლება ამაზე სივრცემაც იმოქმედა, ანდა სადაც დაიწყო რეჟისორმა ამ დიდი პროექტის განხორციელება იქვე უნდა დაესრულებინა, თუმცა ამ მიზეზებს მაყურებლისთვის მნიშვნელობა არ აქვს.

თვითონ თემა თავისთავად საინტერესო და აქტუალურია - ფუნქციის დაკარგვა და უსარგებლობის განცდა განსაკუთრებით რთულია მათთვის, ვინც მნიშვნელოვან როლს თამაშობს  ოჯახზე ზრუნვაში. როდესაც გარემოება იცვლება, როლებიც სხვადასხვანაირად ნაწილდება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კრიზისი. შვილები იზრდებიან, იწყებენ პირადი ცხოვრების აწყობას; ქმრები საყვარლებით კავდებიან ან უბრალოდ ჰბეზრდებათ ოჯახური რუტინა და სახლში მისვლას არ ჩქარობენ. ქალი/ცოლი/დედა კი ამ დროს მოლოდინის რეჟიმში სასოწარკვეთილებამდე, ფსიქიკურ აშლილობამდე მიდის. ამბის ანალიზი შორს წაგვიყვანს, რაც ცალკე დისკუსიის საგანია თავისი უამრავი ფსიქოლოგიური ასპექტით.

სარკის წინ (ზურგით მაყურებელთან), სიგარეტით და ფურცლით ხელში, თითქოს საკუთარი თავის შეცნობას ცდილობს პერსონაჟი. როლში შესვლას ჰგავს ეს სცენა, რაც მსახიობს (ანა მატუაშვილი) უნდა ეხმარებოდეს საკუთარი გმირის დაფიქსირებაში, მისი შინაგანი ბუნების ხაზგასმაში. თითქოს დედა დედის როლს თამაშობს - „არ მომწონს ეს როლი...“ ან მე ვიგონებ ან მიზანმიმართული გადაწყვეტაა პერსონაჟის მიერ საკუთარი თავის წარმოსაჩენად, რამაც ხელოვნური და პათეტიკური გახადა უბრალო, უწყინარი პროლოგი. სცენების „გადარჩენა“ ხშირ შემთხვევაში დამოკიდებულია კონცეფციაზე და მის შესრულებაზე. როგორც ჩანს, რეჟისორის და მსახიობის (ანა მატუაშვილი) მიდგომამ არ გაამართლა, ზედმეტად მანერული თამაშით სპექტაკლი უკვე კრიტიკის სამიზნე ხდება.

სპექტაკლში დედის პერსონაჟი არ განიცდის ტრანსფორმაციას, რომელიც მიგვიყვანს კულმინაციურ მომენტამდე - გაგიჟებამდე. მსახიობი მთელი სპექტაკლი ისტერიკულ მდგომარეობაშია. შესაძლოა გამიზნულია გარდაუვალობის განცდის ხაზგასმა, თავიდანვე რთულ ფსიქიკურ მდგომარეობაში ჩავარდნა. თუმცა ეს მდგომარეობა არანაირ გავლენას არ ახდენს სხვა პერსონაჟებზე, თითქოს ამით არც არაფერი იცვლება. ოჯახის წევრებს დედის მიმართ აბსოლუტური ნიჰილისტური დამოკიდებულება აქვთ. ცოტა მოსაწყენი და დამღლელია, რაც რა თქმა უნდა მაყურებელზეც ისახება.

საინტერესო რეჟისორული არჩევანია ორმაგი პერსპექტივის გამოყენება, სადაც ერთი და იგივე სიტუაცია წარმოდგენილია განსხვავებული ემოციური ტონალობით და პერსონაჟების ქცევით - რეალობა და დედის ჰალუცინაციები. ამ ხერხის დახმარებით ჩვენ უნდა ვხედავდეთ გმირების სხვადასხვა ემოციურ მდგომარეობას, კონტრასტს...

ცენტრალური პრობლემა - დედის დამოკიდებულება ვაჟის მიმართ. ფსიქოლოგიური სიმძაფრე შემოაქვს ფროიდისეულ თემას - არაჯანსაღი სიყვარული. ფროიდი იკვლევდა ფარულ სურვილებს, კონფლიქტებს და ოჯახური ურთიერთობების დინამიკას. დედის გმირის კონტექსტში, ეს თემა კომპლექსურია, რაც ღრმა გავლენას ახდენს, როგორც პერსონაჟზე, ასევე პიესის საერთო თემატურ კვლევაზე.

წითელი კაბა - მნიშვნელოვანი მოვლენის აღსანიშნად, იქნება ეს ქმრის გასვენება თუ საკუთარ ვაჟთან პაემანი. ამ პასაჟს თხრობაში მძაფრი და სიმბოლური ელემენტი შემოაქვს. წითელი კაბის არჩევანი (წითელი შეიძლება მიუთითებდეს სხვადასხვა ემოციებს, მათ შორის სიყვარულს, სიბრაზეს. გლოვის კონტექსტში გრძნობების კომპლექსურ სპექტრს), რომელიც ტრადიციულად ასოცირდება ვნებასთან, სვამს კითხვებს ქალის ემოციურ მდგომარეობაზე, სოციალურ მოლოდინებზე.

დიდ განსხვავებას ნახავთ დაჩი ბაბუნაშვილის მიერ შესრულებულ ვაჟიშვილებში. გორის თეატრში დადგმულ „ვაჟიშვილში“ მსახიობს მძაფრი ემოცია მოჰქონდა, იმდენად მძიმე და დამთრგუნველი, რომ დღემდე მახსოვს. აქ კი, „დედაში“ თითქოს გაქრა, გმირის სიღრმე. განსაკუთრებით უხეში და თვალშისაცემია წერილის სცენა - დედა ქურთუკის ჯიბეში მალავს მისთვის განკუთვნილ ფურცელს, ამ დროს დაჩი ბაბუნაშვილის პერსონაჟი სცენაზე არ დგას, შესაბამისად არ იცის რა მოვლენა ვითარდება. ნიკოლა (დაჩი ბაბუნაშვილი) შემოვარდება, ამოიღებს წერილს და იწყებს ისტერიკას. შეიძლება უთვალთვალებდა დედას, ამ შემთხვევაში გასაგებია, უბრალოდ პატარა ცვლილება იქნება საჭირო მიზანსცენაში, რომ კითხვა აღარ გაჩნდეს - კი მაგრამ რა იცოდა?

ვინაიდან სპექტაკლი ფოკუსირებულია დედა-შვილის ურთიერთობაზე, მამა უკანა პლანზე გადადის. ის სიმბოლური ელემენტი უფროა ვიდრე სრულფასოვანი პერსონაჟი. გიორგი ცერცვაძის (მამა) გმირი სიცარიელის, მოლოდინის, იზოლაციის, არარსებობის, ემოციური დისტანციის გამომსახველია. მისი ყოფნა-არყოფნა სრულიად უმნიშვნელოა, როცა არსებობს ვაჟი. ამბივალენტური დამოკიდებულების შემოტანას ცდილობს რეჟისორი, როცა ერთ-ერთ სცენაში ქმარი ცოლს პირით ართმევს „ლანჩ ბოქსს“, როგორც ძაღლი საკუთარ პატრონს, ხოლო მეორე ვარიანტში ხელიდან ხელში აწვდის და ისიც უბრალოდ გადის ოთახიდან. გიორგი ცერცვაძე თამაშობს თავისი ყოფით უკმაყოფილო კაცს, რომელიც სულ დაძაბულია და ჩხუბით საუბრობს. კი, შეიძლება ამით ხაზს უსვამდე დისფუნქციურ ოჯახურ ურთიერთობებს, მაგრამ დამღლელია მუდამ გაღიზიანებული ადამიანის ყურება სცენაზე, რომლის ხასიათიც არ იცვლება.  

სპექტაკლში ყველაზე საინტერესო და დამაინტრიგებელ მომენტს მივუახლოვდით, ეს არის მსახიობ ქეთი ლუარსაბიშვილის ამოცანა - ის ასახიერებს, როგორც ნიკოლას ვულგარულ და ამავდროულად წესიერ შეყვარებულს (მარია), ასევე მამის საყვარელს - ძალიან კარგი მიგნებაა ფროიდისეული ახსნა. ერთი მსახიობის ამ ორი როლით ჩვენ კიდევ უფრო უკეთესად ვხედავთ დედის დამოკიდებულებას ვაჟის მიმართ. შვილის შეყვარებულის გაიგივება ქმრის საყვარელთან მიუთითებს პარალელებისა და ეკვივალენტების მიზანმიმართულ შესწავლას.

იმედია მაყურებელი დაფიქრდება იმ აქტუალურ თემებზე, რაც ასე მძაფრად დგას ჩვენს ქვეყანაშიც; დედები თავისგან გაათავისუფლებენ შვილებს, მამები მეტ ყურადღებას და ზრუნვას გამოიჩენენ ოჯახის წევრების მიმართ, შვილები კი შეძლებენ საკუთარი ცხოვრებით ცხოვრებას.   

bottom of page