top of page

„დედა, მომეცი მზე“

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

received_361802432404970.jpeg

გიორგი ყაჯრიშვილი

„დედა მომეცი მზე“

ძველი თეატრალური  მოგონებებიდან მახსოვრობაში დამრჩა ფრაზა:  „დედა მომეცი მზე“, რომელსაც ნოდარ მგალობლიშვილი წარმოთქვამდა.  ამ პათეტიკურ ფრაზაზე ჩემი  ახალგაზრდა მეგობარი თეატრმცოდნეები  ბევრს ქილიკობდნენ. მაშინ არაფერი მესმოდა არც პათეტიკისა და არც გრძნობათა ბუნების შესახებ, თუმცა სცენიდან გაგონილი ეს მოკლე წინადადება ჩემში ნამდვილად ბადებდა ოსვალდისადმი თანაგრძნობას. ეს იყო დიდი ხნის წინ  - 1976 წელს, როცა თემურ ჩხეიძემ მარჯანიშვილის თეატრში ჰენრიკ იბსენის „მოჩვენებები“ დადგა: ვერიკო  ანჯაფარიძის, აკაკი ვასაძის, ნოდარ მგალობლიშვილის, სოფიკო ჭიაურელისა და გივი ბერიკაშვილის მონაწილეობით და მაშინ მსახიობთა თამაშიც სტილიც და ჰ. იბსენის დრამატურგიისადმი მიდგომაც იმ კანონზომიერებას ექვემდებარებოდა, რაც იმ დროისთვის ქართულ თეატრში სუფევდა.

მის მერე დიდი დრო გავიდა და „ახალი დრამის“ ერთ-ერთი ფუძემდებლის პიესას 2015 წ. ახალი თაობის რეჟისორებიდან მიშა ჩარკვიანი დაუბრუნდა. სულ ეხლახანს კი საბა ასლამაზიშვილი „თავისუფალი თეატრის“ სცენაზე.  ამ ორი რეჟისორის შემოქმედება უთუოდ იწვევს პარალელების გატარების სურვილს, თუნდაც იმიტომ რომ მათთვის მსახიობისა და მაყურებლის კათარსისი არაა მთავარი მიზანი, ერთიც და მეორეც თავის ქმნილებებში ცდილობს მაყურებელი შოკში ჩააგდოს, „გამოაღვიძოს“ და ახლებურად დაანახოს ის ფსიქოლოგიური თუ სოციალური პრობლემები, რაც საზოგადოებას აწუხებდა ადრე და ახლაც.  „კატარინა ბლუმის შელახული ღირსება“, „მოჩვენებები“, „მედეა“, „მკვდარი ქალაქები“, „ჰეკაბე“ მიშა ჩარკვიანთან და „მარატ-სადი“, „ზაფხულის ღამის სიზმარი“, „სტრიპტიზი“, „ღმერთები“, „ავადმყოფობის სიმულაცია“  და ისევ „მოჩვენებები“ საბა ასლამაზიშვილთან ამის  მაგალითებია. აქვე არ შეიძლება არ აღინიშნოს რომ საბა ასლამაზიშვილის პროდუქტიულობა და ბოლო ნამუშევართა რაოდენობა  რეჟისორებს აშკარად აჭარბებს სხვა და თანაც ყველა მათგანი ძალზე საინტერესოა, მნიშვნელოვანია მის შემოქმედებით კარიერაში. ორივე რეჟისორი არ უშინდება ექსპერიმენტებსა და თამამ გადაწყვეტას, მათი ხედვა სრულიად განსხვავებულია  თანამედროვე რეჟისორებისგან  და უდავოდ იმსახურებენ დიდი ყურადღებას.

„თავისუფალი თეატრის“ სცენა შავი და პირქუშია (სცენოგრაფი ანდრია ვაჭრიძე), მხოლოდ ზემოთ, მეორე სართულზე ოსვალდის ოთახია განათებული, რომლის კედელზეც სახატავად გამზადებული ტილოა გაკრულია. პირველის სართულის ავანსცენაზე დიდი ჯვარია, ცენტრში მრგვალი მაგიდა ოთხი სკამი, ღვინის ბოთლითა და ჭიქებით. მის თავზე უშველებელი სარკე კიდია, სადაც აირეკლება ის რაც მაგიდასთან ამ მოგვიანებით მაგიდაზე ხდება. მიშა ჩარკვიანის სპექტაკლში გარემო შავი და პირქუშია (მხატვარი ლევან ოჩხიკიძე),  შავისა და წითელი ფერების შეხამება, წითელი სავარძელი მძიმე, ძველებურ საწერ მაგიდასთან ერთად რამდენიმეჯერ ხდება მძაფრი ვნებების ასპარეზი. წვიმა (ბუნებრივი მოვლენა - პიესის ერთ-ერთი არსებითი გმირი) მთლად სცენაზე (მინის კედლებზე),  იღვრებოდა, ამ სპექტაკლში იგი გარეთ, კარს მიღმაა გატანილი, ისევე როგორც მზე ფინალში, მზე რომელიც  მუსიკის და დრამის თეატრში ასევე სცენაზე ამოდიოდა.

პიესისგან განსხვავებით სპექტაკლს იწყებს ოსვალდი (გივიკო ბარათაშვილი), რომელიც უკვე ჩამოსულია და მიუხედავად იმისა, რომ ყველას ჰგონია რომ  ისვენებს და სძინავს, იგი  ფხიზლობას და უფრო მეტიც, უკვე ისეა გამომთვრალი, რომ წითელი ღვინით „ხატავს“ ალბათ  იმ აჩრდილებს თუ მოჩვენებებს, რომელიც ამ სახლს დაპატრონებია. დედიშობილა, თითქოს სულიერადაც შემოძარცული, მხოლოდ  თეთრ ქვედა საცვალში და თეთრ წინდებში დროდადრო ბოთლს მიიყუდებს და თრობის ექსტაზში ცეკვავს და ტრიალებს.

 მუსიკის და დრამის თეატრის სპექტაკლში ოსვალდი კახა კინწურაშვილი ჯინსებში და თანამედროვე სტილში ჩაცმული იყო - გამოჩენისთანავე ყურადღებას იპყრობდა  ვიდეოკამერით, რომელსაც თვალიდან არ იშორებდა. ამ რეჟისორული სვლით ჩვენ, მაყურებელი არსებულ სიტუაციებს თუ მოვლენებს ოსვალდის თვალით ვხედავდით. ეს უდავოდ საინტერესო რეჟისორული მიგნება იყო, რომელიც მიხეილ ჩარკვიანის „მოჩვენებანში“ ფუნქციურ და აზრობრივ დატვირთვას იღებდა. ეს იყო ავადმყოფი, ფსიქიკა მოშლილი ოსვალდის ზმანებანი, რომელსაც საფუძველიც ჰქონდა და არცთუ შორს იყო სინამდვილისგან, თუმცა უტრირებული, ჰიპერტროფირებული, ისეთი როგორიც მის ფიზიკურ და გონებრივ  მდგომარეობას შეესაბამებოდა.  ეს იყო მისი მესამე "თვალი".

გივიკო ბარათაშვილის ოსვალდი კი გამუდმებით ღვინის ბოთლით პერმანენტულ თრობაშია და მოვლენებიც მის მიერ ალკოჰოლურ ზმანებებში აირეკლება.

კახა კინწურაშვილი თავიდან სულაც არ ტოვებდა მძიმე ავადმყოფის შთაბეჭდილებას. დაბრუნების შემდეგ იყო ხალისიანი, ხუმრობდა რეგინასთან და არა მარტო ...   მსახიობი გვიჩვენებდა თანამედროვე ხელოვან კაცს, რომელიც დროებით დედის მოსანახულებლად ჩამოვიდა, თავიდან   ეს „თამაში" გამოდიოდა კიდევაც. იგი არც ოჯახში „მეგობრად და ბრძენად“ მიჩნეულ პასტორ მანდერსთანაც არ თაკილობდა  კამათს და ძალიან  მძაფრად და თვითდაჯერებულად იცავდა  პოზიციას ე.წ. “თავისუფალი წყვილების“  შესახებ.

ოსვალდი - კახა კინწურაშვილი   ევროპაში გაზრდილი   თანამედროვე შეხედულებების ახალგაზრდას თამაშობდა, რომელსაც ადვილად    შესწევს  „მამათა“  მოძველებული    იდეების ნგრევა.   მაგრამ სადილმა და ცოტა ღვინის დალევამ საერთოდ შეცვალა ოსვალდი-კინწურაშვილი. ალკოჰოლს მიძალებული, განცალკევდება და მძიმედ განიცდის თავის ფიზიკურ მდგომარეობას და სიკვდილის შიშით მოზღვავებულ გრძნობებს.

საბა ასლამაზიშვილი ოსვალდი - გივიკო ბარათაშვილის  კი პირიქით, თავიდანვე მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს, თუ მისი ფიზიკური ავადმყოფობა ჯერ არაა კიდევ გამოხატული, სამაგიეროდ მისი ქცევათა მთელი თანამიმდევრობა გარემომცველთა შეურაცხყოფა და უპატივცემლობაა, ეს განსაკუთრებით ვლინდება პასტორ მანდერსის (არჩილ ბარათაშვილი)  მიმართ  მის დამოკიდებულებაში, მის ცხვირწინ მაგიდაზე ფეხების დაწყობით და მასთან უტაქტო კამათით. როცა პასტორი მანდერსი  ჯვრის წინ მუხლებზე დაჩოქილი ლოცულობ,  გივიკო ბარათაშვილი - ოსვალდი ჯვარზე აეკვრება (ჯვარცმის ალუზია?!), ლოცვას აწყვეტინებს, უეცრად  კონვულსიით დაეცემა, თუმცა მალევე გონს მოდის და სცენის კიდეზე გავლით  ცდილობს ოთახიდან გასვლას, მაგრამ იმდენად მთვრალია, რომ ძირს ჩამოვარდება. მოგვიანებით რეჟისორი კვლავ მიმართავს ჯვარცმის სცენას,  ამჯერად  ფრუ ალვინგისა და პასტორის ლოცვის დროს, როცა  ჯვარზე  ფრუა ალვინდია „აკრული“ ხელებაწეული.

რეგინასა  (ვიკა ბოკერია) და მამამისის,  ენგსტრანის (სლავა ნათელაძე),   რომელიც გალუმპული შემოდის სცენაზე, შემდგომ კი ფრუ ალვინგის (ანი იმნაძე)  და პასტორ მანდერსის (ასევე წვიმა გამოვლილის) სცენა საკმაოდ გაჭიმულად მომეჩვენა (პერსონაჟებს გრძელი  და რთული ტექსტი აქვთ, რაც ძალზე მდორედ მიმდინარეობდა  - შესაძლებელია ეს მხოლოდ იმ დღეს მოხდა ასე!) მითუმეტეს როცა ამ სცენებს თან ახლავს მეორე სართულზე ოსვალდის „ვნებები“ და მისი „მხატვრული შემოქმედება“. შეინიშნება მომენტები, როცა გივიკო ბარათაშვილი სრულიად ფუნქციადაკარგულია და იძულებულია ერთი და იგივე აკეთოს.

საბა ასლამაზიშვილის სპექტაკლში რეგინა  (ვიკა ბოკერია) დასაწყისში გულუბრყვილო ახალგაზრდა მსახურია, რომელიც სრულიად ენდობა თავის ქალბატონს და მისი ნებართვის გარეშე არაფერს აკეთებს. ოსვალდის ჩამოსვლა მისთვის სასიხარულო ამბავია (პარიზში გამგზავრების იმედით), თუმცა არ ავლენს საკუთარ ინტერესებს, ადვილად თანხმდება ოსვალდის ლტოლვას და პასუხობს სასიყვარულო ხვევნა-კოცნას. მკაცრია მხოლოდ მამის მიმართ. რეგინასა და  პასტორის საუბარი ნერვიულ ფონზე მიმდინარეობს, ახალგაზრდა ქალი თავიდან მისდამი დიდი პატივისცემით არ გამოირჩევა, შეთავაზებაზე სკამზე ჩამოჯდეს, მის წინ მაგიდაზე წამოსკუპდება, უარს ამბობს მის შემოთავაზებაზე რომ მამასთან დაბრუნდეს, თუმცა ფინალისკენ როცა მის ცხოვრებაში ყველაფერი იცვლება, აღიარებს რომ მხოლოდ პასტორ მანდერსის იმედიღა დარჩენია.

 მუსიკის და დრამის თეატრის  სპექტაკლში რეგინასა (ანა წერეთელი)  და ენგსტრანდის (ალეკო ბეგალიშვილი) შეხვედრის სცენაშიც იგრძნობოდა ნერვიული ფონი, რაც ამ საუბარს ახლდა. რეგინა, რომელიც ცდილობს თავიდან დროულად მოიცილოს აბეზარა მშობელი, უფრო დაძაბული სჩანს, ვიდრე ენგსტრანი. ამ ორი ადამიანის საუბარში ნათლად იკვეთება, რომ ფულისადმი ინტერესი ორივე მათგანში საკმაოდ ძლიერია.  არ შეიმჩნევა მათ შორის „ახლობლური“ ურთიერთობაც. გაიძვერა და ფლიდი ენგსტრანი არცთუ ორაზროვან წინადადებით მიმართავს ქალიშვილის. რეგინა დათრგუნული და შეურაცხყოფილია. თავიდანვე იგრძნობა, რომ იგი რეჟისორის დავალებით იგი მსხვერპლს თამაშობს, ის ფრაზა, რომ ახალგაზრდა ქალს მის წლოვანებაში არ შეჰფერის მარტოხელა მამაკაცთან დიასახლისობა ადასტურებს აზრს, რომ მას უფრო შორს მიმავალი გეგმები აქვს. გარდა ამისა რეგინას საკმაო ეშმაკობაც გააჩნია - პასტორ მანდერსისადმი მის თხოვნაში, სადმე ქალაქში კარგ ოჯახში მოაწყოს, სადაც შვილადაც კი მიიღებენ და ალბათ მემკვიდრეობასაც დაუტოვებენ  მის ორმაგ თამაშზე მეტყველებს, ვინაიდან მას ოსვალდისგან პარიზში ერთად გამგზავრების წინადადება უკვე მიღებული აქვს.

პიესის და შესაბამისად სპექტაკლის ყოველი პერსონაჟი ორმაგ თამაშს თამაშობს: ოსვალდიც, პასტორიც და რაც მთავარია ფრუ ალვინგი (ანი იმნაძე). ის სცენაზე შემოსვლისთანავე სრულად თავდაჯერებული ქალია, არანაირი ნერვიულობა არ ეტყობა, პირიქით თავის სიმართლეში სრულიად დარწმუნებულია და თავიდანვე გვიჩვენებს თუ რაოდენ დიდი გავლენა აქვს პასტორზე. იწონებს საკუთარი შვილის ყოველ ქცევას და არც ის უკვირს, რომ ყველას ნახევრადშიშველი გამოეცხადება. ყველგან და ყველაფერში მისი დამცველი, ხშირად ეფერება. მხოლოდ ერთხელ, როცა ოსვალდი - გივიკო ბარათაშვილი თითქმის ძალადობს მასზე, შეეშინდება ყვირის და შველას ითხოვს, ცდილობას ხელიდან გაუსხლტეს. ასევე გაბმული კივილით იღებს გადაწყვეტილებას რომ საბედისწერო ნემსი გაუკეთოს, რითაც შვილის უკვე ნამდვილ ინვალიდად აქცევს. პასტორის მიმართ მისი დამოკიდებულება ცხადად ვლინდება იმ სცენაში, როცა  ფრუ ალვინგის მოყოლილი ამბების მერე თავზარდაცემული მანდერსი გაცლას ცდილობს და კარებისკენ გარბის: ფრუ ალვინგი (ანი იმნაძე) კარებში ჩადგება, საქაღალდეს წაართმევს, ძალით აბრუნებს ოთახში თან გამეტებით ურტყამს ამ საქაღალდეს. ძველი შეურაცხყოფა და მის სიყვარულზე უარი ისევ ცოცხლობს მის სულში და ღრმა იარად დარჩენილა -  თუ არა პასტორი მანდესი, მისი ცხოვრება შეიძლება სულ სხვანაირად წასულიყო.

მიშა ჩარკვიანისეული ფრუ ალვინგი - ბუბა გოგორიშვილი  ნერვიული, ყოველთვის დაძაბულია, მისი საუბრის მანერა სწორედ რომ იმ სიყალბის გამოხატულებაა, რაშიც ეს ქალი გამუდმებით ცხოვრობდა. ამ სიყალბეს, უნდობლობას და გაუცხოებას გამოხატავს ის  სამუშაო კოსტუმიც, რომლითაც ფრუ ალვინგი პირველად მოგვევლინება (სკაფანდრი, „მეფუტკრის ნიღაბი“  ან რაღაც მსგავსი, თუ უცნაური ვუალი, რომელიც სახეს უფარავს) მას - იმ გარემოსგან თავდაცვისათვის შეუქმნია, რომლის მსხვერპლიცაა.

ფრუ ალვინგი (ბუბა გოგორიშვილი, ანი იმნაძე) სახლიდან კი გაიქცა, მაგრამ „ოჯახის მეგობარმა“პასტორმა მანდერსმა რომელშიც  ფრუ ჰელენე ალვინგი უაზროდ იყო შეყვარებული სახლში - იმ ჯოჯოხეთში დააბრუნა, სადაც ლოთი და გახრწნილი მეუღლის გვერდზე უნდა გაეტარებინა დარჩენილი სიცოცხლე. პასტორი მანდერსი ცდილობს ფრუ ალვინგს  ბრალი დასდოს შვილის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში, თუმცა ამ პაექრობაში ფრუ ალვინგი - ბუბა  გოგორიშვილი და ანი იმნაძე, ორივე იმარჯვებს. უბრალოდ ამ მომენტში პასტორზე გამარჯვება სამაგიეროს გადახდა უარყოფილი სიყვარულის გამო, როდესაც მან ფრუ ჰელენე ალვინგს საკუთარი სამღვდელო კარიერა ამჯობინა და ამით დაღუპა არა მხოლოდ შეყვარებული და გაუბედურებული ახალგაზრდა ქალი, არამედ მისი მომავალიც - ოსვალდიც.

არჩილ ბარათაშვილის პასტორი თამაშობს რესპექტაბელურ, თავისთავში დარწმუნებულ პასტორს, რომელსაც  რჩევასაც ეკითხებოდნენ და მის აზრებსაც იზიარებდნენ. თუმცა დრომ გაუსწრო მის იდეებს და ოსვალდთან შეკამათება მაინც ვერ ცვლის მის იდეალებს. ოჯახის დიასახლისის მიერ ახალ ფაქტორთა გამოაშკარავებაკამერგერ ალვინგის ამორალური ქმედების შესახებ მასზე დიდი შთაბეჭდილება ახდენს და   მსახიობს ეს განწყობა და  აღშფოთება ჩვენამდე მოაქვს. ვერც კი ეკამათში ფრუ ალვინგის, რომელიც უფრო  დამაჯერებელია, არგუმენტირებული, ვინაიდან სიმართლე ნამდვილად მის მხარეზეა. თავშესაფარში მომხდარმა ხანძარმა კი, რომელიც მისი დაუდევრობის ან შეგნებული ქმედების შედეგია სამუდამოდ დაასრულა მისი ალვინგებთან მეგობრობა. პასტორ მანდერსს მხოლოდ ერთხელ იმას ინანებს, რომ პანსიონი არ იყო დაზღვეული, სულ მალე გამოსავალს პოულობს -იმედებს  ენგსტრანზე ამყარებს,  რომელმაც აუცილებლად დამალავს ამ დანაშაულს და არასდროს წავა მის წინააღმდეგ. ახლა რეგინა უნდა გახდეს მისი მზრუნველობის საგანი.

პასტორი მანდერსი - ზაალ ჩიქობავა უკვე ხანდაზმული მამაკაცია, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ფრუ ალვინგის ცხოვრებაში. ამდენად საწერ მაგიდაზე აღმოჩენილი თანამედროვე ლიტერატურა, რასაც ოჯახის დიასახლისი კითხულობს, ერთობ აკვირვებს  მას და ზაალ ჩიქობავა - პასტორი გვიჩვენებს ამ გაოცებას და ამავდროულად მიგვანიშებს, რომ სულაც არ სიამოვნებს ის, რომ თანამედროვე აზროვნებით გატაცებული ფრუ ალვინგი კარგავს მის ზეგავლენას.

 „თავისუფალი თეატრის“ სპექტაკლში  ფრუ ალვინგის, ოსვალდის და რეგინას სცენა მაგიდასთან მიმდინარეობს, ოსვალდი ისევ მთვრალია და რეგინას და დედას სთხოვს მათაც  დალიონ ღვინო.  სადაცაა ამ წყვილის გაბედნიერების სადღეგრძელოც უნდა დაილიოს, რომ არა ფრაუ ალვინგის აღიარება, რომ რეგინა ოსვალდისს დაა. აქ ყველაფერი იდგმება ეგოისტი ოსვალდისთვის  - ის ილუზია, რომ მხოლოდ რეგიანა, მისი მომავალი მეუღლე შეძლებდა მის მოვლას და არა დედამისი. ოსვალდი ახლა უკვე საზეიმოდ გამოწყობილი (კოსტუმების მხატვარი ბარბარე ასლამაზი), ბრჭყვიალა საყურითა და ბეჭდებით შემკული მაგიდაზეა და როგორც ადრე საკუთარ ოთახში ახლა წითელი ღვინით ღებავს სარკეს, რომელიც აბაჟურივით დაჰყურებს მათ სასადილოს მრგვალ მაგიდას. ოსვალდს თავზე სამყარო ენგრევა, სარკეც ნელ-ნელა ეშვება მასზე და ქვეშ მოიქცევს. უბედურებები ამ სახლში ამით არ მთავრდება - პანსიონატში გაჩენილი ცეცხლი ყველაფერს თავის ადგილზე აყენებს: პასტორი მანდერსის ფარისევლობას, ენგსტრანი უდანაშაულობასა და მის ერთგულებას, რეგინას პირად ინტერესებს, ფრუ ალვინგის განთავისუფლებას კამერგერ ალვინგის „დანაშაულებრივი შლეიფიანად“ და მისი მემკვიდრეობიდან.

მიშა ჩარკვიანის სპექტაკლში ფრუ ალვინგის, ოსვალდისა და შემდგომ შემოსწრებული რეგინას სცენა წითელ დივანზე მიმდინარეობს, სადაც სამივე მსახიობმა შეძლო ზედმიწევნით გადმოეცათ    პერსონაჟთა გრძნობათა ბუნება. დედისა და შვილის ეს პაექრობა ერთდროულად სიყვარულის, ურთიერთდაპირისპირების და ურთიერთსაყვედურის გამოხატულებაა, სადაც ამ ფროიდისტულ სცენაში („ოიდიპოსის კომპლექსი") ბრწყინავს სამივე მსახიობი - ბუბა გოგორიშვილი და კახა კინწურაშვილი. რეგინას კი უნებურე მოწმის როლი მიეკუთვნა და მსახიობიც მორჩილად ასრულებს ამ ფუნქციას. ტანსაცმელ შემოღლეტილი ოსვალდი-კინწურაშვილი ადგილს ვეღარ პოულობს ვერც დივანზე და ვერც ამ სამყაროში. მოძალებულმა ავადმყოფობამ ოსვალდი ეგოისტად, შურისმაძიებლად და გაბოროტებულ ადამიანად აქცია. არც რეგინასთანაა იგი გულწრფელი, რომელიც მხოლოდ იმიტომ სჭირდება, რომ დროულად გაუკეთოს მორფინი, ვინაიდან საკუთარ დედის იმედია არ აქვს, რომ იგი ამას შეძლებს. ჩვენ წინაშე ოსვალდი-კინწურაშვილი რაფინირებული ევროპელი ხელოვანიდან ნევროსტენიკად, ნახევრად შეშლილად გადაიქცევა. მსახიობს თანდათანობით, ნაბიჯ-ნაბიჯ მივყავართ ამ ტრაგიკული დასასრულისკენ.

ამ ხუთეულში ყველაზე დადებითი პერონაჟი მაინც   ენგსტრანია. პიესის მიხედვით ეს ლოთი, დაჩაჩანაკებული, ფეხნაღრძობი მოხუცი მამაკაცი, სპექტაკლში სრულიადაც არ ტოვებს ასეთ შთაბეჭდილებს. სლავა ნათენაძის საბა ასლამაზიშვილის სპექტაკლში ენგსტრანი სრულად განსხვავებულია მიშა ჩარკვიანის გადაწყვეტისგან.

ალეკო ბეგალიშვილი - ენგსტრანი ენერგიული, მიზანდასახული და ფლიდი მამაკაცია, ქალიშვილისადმი ფარული ლტოლვა (რომელიც საერთოდ არაა მისი შვილი და ცხადია მან ეს იცის) და მისი ყოველი ქცევა ანგარებითაა ნაკარნახევი. რომელსაც დიდი გეგმები აქვს დასახული და მათი განხორციელებისათვის სხვის - პასტორ მანდერსის დანაშაულსაც კი თავის თავზე  იღებს. ამაში თავისთავად  „გარიგების“ ელემენტი მუშაობს, ისევე როგორც მის პირველ ქმედებაში  იოჰანას ცოლად მოყვანის შემთხვევაში. ამიტომ ენგსტრანიც იმ დანაშაულთა ჯაჭვშია, ჩართული რომელიც კამერგერმა ალვინგმა, პასტორმა მანდერსმა და თვით ფრუ ალვინგმა ჩაიდინეს.  ენგსტრანდი-ბეგალიშვილი მშვენივრად გრძნობს დროსა და მომენტს და არცთუ ცუდად ერკვევა ადამიანებში. ჯერ რეგინასთან, შემდგომ კი ფრუ ალვინგთან და პასტორ მანდერსთან საუბრისას ახერხებს ორივე მათგანის დარწმუნებას თავის უდანაშაულობაში, რაც საშუალებას აძლევს, რომ ამ მძიმე სიტუაციიდან მხოლოდ ის გამოვიდეს გამარჯვებული. ა. ბეგალიშვილი-ენგსტრანდი მკვირცხლია, ოსტატურად და დროულად იყენებს ავადმყოფ ფეხსაც. მსახიობი ქმნის ძალიან საინტერესო სახეს, თანამიმდევრულს, მიზანდასახულს, იგრძნობა რომ ა. ბეგალიშვილი იზიარებს  დამდგმელი რეჟისორის მიერ  შემოთავაზებულ პერსონაჟის ბუნება-ხასიათს.

სლავა ნათენაძის ენგსტრანი სრული საწინააღმდეგოა: კეთილშობილი, რომელიც მხარში ამოუდგა „დაცემულ“ მეუღლეს, სრულიად დაიჯერა მისი მონათხრობი ამერიკელი მოძალადის შესახებ, რომლისგანაც იოჰანას რეგინა შეეძინა, არც არასდროს ეჭვია არ შეუტანია მის სიმართლეში და არც ეჭვია გასჩენია საიდან აღმოჩნდა ამ ღატაკს ოჯახსა და იოაჰანას ის თანხა, რომელიც მათ შვილის განათლებაში დახარჯეს. მორიდებით აუწყებს ყველას ცეცხლის გაჩენის მიზეზს და აქვე სრულიად გულწრფელად ცდილობს პასტრორი მენდესი გაამართლოს და ეს ამბავი უბედურ შემთხვევად ჩათვალონ. რასაკვირველია პასტორისადმი მხარდაჭერა საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარეობს, მაგრამ ეს მხოლოდ თავის გადარჩენის და რეგინას კეთილდღეობისთვის სჭირდება.

ფინალური სცენა კი ორივე სპექტაკლში ძალიან ემოციური და ხატოვანი. ღონემიხდილი, სამუდამოდ გონდაკარგული ოსვალდი (კახა კინწურაშვილი, გივიკო ბარათაშვილი) დედის ხელებში მოქცეული განწირული ხმით სითბოსა და მზეს მოითხოვს, სასტიკად ყვირის ფრუ ალვინგი -ანი იმნაძე, პირზე ხელებს აიფარებს, შემდეგ კი მორფინის ამპულას ჩაებღაუჭება და ძლიერი ხელისმოქნევით უკეთებს ნემსს შვილის სასოწარკვეთამდე მისული, განწირული, სამუდამოდ დადუმებული შვილის ცოცხალ ცხედარს ჩახუტებული ფრუ ალვინგი-ბუბა გოგორიშვილი ისევე ელოდება მზის ამოსვლას, როგორც მისი დამბლადაცემული ისვალდი.

 ორივე რეჟისორმა შეძლო ეჩვენებინა, რომ ამ სახლში ინცესტისა და ღალატის, სისხლის აღრევისა და დანაშაულებრივი სიყვარულის, აკრძალული ქმედებებისა და ტყუილების „სუნი“  ასდის ყოველივეს ირგვლივ. იბსენის ამ პიესის პერსონაჟთა მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება, შექმნილი სიტუაციებიდან გამომდინარე სრულად განხორციელდა: ენგსტრანი, პასტორი მანდერსი, რეგინა გარბიან „ მოჩვენებების“ სახლიდან და იმ „საზოგადოებას“ შეერევიან, ვისი ღვიძლი შვილებიც არიან,  ხოლო „გმირი-ინდივიდუალისტები“ (ბ. ზინგერმანის ტერმინით) - ფრუ ალვინგი და ოსვალდი, დაავადებულნი და განადგურებულნი რჩებიან იქ, სადაც მოჩვენებანი ალბათ ისევ დაბრუნდებიან, ვინაიდან ოსვალდისა და დედამისის ცხოვრება და ტანჯვა ისევ გრძელდება - უფრო მძიმე, უფრო სასტიკი და ტრაგიკული.

 

და ბოლოს; კიდევ ერთი რაც ამ ორ რეჟისორს აერთიანებს: მიშა  ჩარკვიანს, საბა ასლამაზიშვილის შესანიშნავად ხელეწიფებათ მსახიობებთან მუშაობა, როგორც ინდივიდუალურ ასევე კოლექტიურ პლანში. ეს სპექტაკლი ანსამბლური და სინთეზურია, სადაც მხატვრობაც, კოსტუმებიც, მუსიკაც (ნიკა ფასური, ვახტანგ გვახარია), პლასტიკაც, ძალადობის სცენებიც და სხვა გამომსახველი საშუალებებიც ერთი და იგივე ამოცანას ემსახურება - ზუსტად მიიტანოს ავტორისა და რეჟისორი ნააზრევი მაყურებლამდე.

bottom of page