top of page

„დე გრიესა და მანონის სევდიანი რომანი...“

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

2.jpeg

მანანა თევზაძე                

„დე გრიესა და მანონის სევდიანი რომანი...“

რა სასიამოვნოა საცქერლად მაყურებლით სავსე დარბაზი, აღტაცებული სახეები, ოვაციები, ტაში, არტისტებით სავსე სცენა და უცნაური ხმაური... შემდეგ კი სიჩუმე, ჩამქრალი სინათლე, სადღაც ოდნავ მბჟუტავი მორიგე ნათურა...

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრმა 170-ე სეზონი 2022 წლის 24 ივლისს ჯაკომო პუჩინის ოპერა „მანონ ლესკოს“ პრემიერით დაასრულა. ის, ვინც ამ ბოლო სპექტაკლს დაესწრო, ხელოვნებათმცოდნე ლელა ოჩიაურის თქმით, კიდევ ერთი შესანიშნავი ტრადიციის მოწმე გახდა, როდესაც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა  ბადრი მაისურაძემ საზოგადოებას 170-ე სეზონის დახურვა ამცნო, სპექტაკლის მონაწილეებსა და ოპერისა და ბალეტის თეატრის თანამშრომლებს მიულოცა და, შემოქმედებით ჯგუფთან ერთად, სცენაზე ის ადამიანები მიიწვია, რომელთა გარეშე თეატრში, ფაქტობრივად, არაფერი არსებობს და მაყურებლის წინაშე არასდროს ჩნდებიან: ტექნიკური პერსონალი, კაპელდინერები, მეგარდერობეები, კოსტიუმერები, ჩამცმელები, რეკვიზიტორები, გრიმიორები, სცენის მემანქანეები... - ყველას საჯაროდ გადაუხადა მადლობა და ყვავილები მიართვა...ზაფხულის ეს საღამო არც მათ და არც დარბაზში მყოფთ არასოდეს დაავიწყდებათო...

ვერც მე დავივიწყებ 2022 წლის 10 ივლისს, „მანონ ლესკოს“ მეორე პრემიერაზე გახლდით და წამყვან როლებში ვიხილე შესანიშნავი ქართველი მომღერლები: ვალერიანო გამგებელი და ხათუნა ჭოხონელიძე. აქვე ვიტყვი, რომ მათ მხარს უმშვენებდნენ თეატრის ახალგაზრდა არტისტები: ლაშა სესიტაშვილი, ლევან თაბუკაშვილი, ალექსანდრე თიბილაშვილი, ანა ქადაგიშვილი, ფილიპე ღაჭავა, ირაკლი ფხალაძე, ვალერიან მჭედლიძე, ირაკლი მუჯირი, ასევე, ალექსი შაპოვალოვი და ელმინა ჰასანოვა.

სცენაზე აღმართული უაღრესად შთამბეჭდავი დეკორაცია-კონსტრუქცია - რუხი, კარგად დამუშავებული ფაქტურა ქმნის გათლილი ქვის შთაბეჭდილებას და იტალიური რენესანსული ნაგებობის სრულ ილუზიას... დიდი ხანია სცენაზე აღარ მინახავს ასეთი მოცულობითი კონსტრუქცია და როგორ მომწონს, რომ მაყურებლის თვალწინ, ფარდის გახსნისთანავე იწყება ნამდვილი თეატრალური სანახაობა, მით უმეტეს, რომ აქ კი არ საუბრობენ, არამედ ერთმანეთს სიმღერით მიმართავენ და მათი ემოციების გამომსახველი სხვადასხვა სიმძლავრის ბგერათა უმშვენიერესი ერთიანობაა... ეს ოპერაა! დიდებული ოპერა! ის აუცილებელი პირობითობა, რაც საოპერო ნაწარმოებს ნიშანდობლივ ახასიათებს, რამდენიმე საუკუნეა ატყვევებს მაყურებელს და გამორჩეულთ სამუდამოდ თავს აყვარებს. სცენაზე დგას მომღერალი, რომელსაც საორკესტრო ორმოდან დირიჟორი და მთელი ორკესტრი თვალყურს ადევნებს, მაყურებელი სულგანაბული ელის მის მაღალ ნოტებს და აღარ ფიქრობს ამ სივრცეში შეჩერებულ დროზე, არამედ მხოლოდ ელის არტისტიზმს, გარდასახვას, გმირს... და აქ თავს იჩენს მნიშვნელოვანი საკითხი, თუმცა ეს სიტყვა მეხამუშება კიდეც სცენის ოსტატთა ხსენებისას...

ამ სპექტაკლის სულისკვეთება - მართლაც რომ საოპერო წარმოდგენის შესატყვისი იყო და იმ რომანტიკულ განწყობილებას ეხმიანებოდა, რომელიც „მანონ ლესკოს“ სიუჟეტური ქარგის მუსიკალურ ქმნილებად გადაქცევის ისტორიული წინამძღვრების თანამდევი გახლდათ: როდესაც 30 წლის, არც ისე ცნობილი კომპოზიტორი ჯაკომო პუჩინი ახალი ოპერის დაწერის იდეით აენთო და სახელგანთქმულმა მილანელმა გამომცემელმა ჯულიო რიკორდიმ განუცხადა, - ძვირფასო ჯაკომო, იდეა განწირულია, რადგან მთელი ევროპა ჟიულ მასნეს „მანონის“ საცეკვაო მელოდიას ღიღინებსო... კომპოზიტორმა უპასუხა, - მანონი გმირია, რომლისაც მჯერა და ამიტომაც ის დაიპყრობს საზოგადოების გულს... რატომ არ შეიძლება იყოს ორი ოპერა მანონზე? მის მსგავს ქალს ერთზე მეტი საყვარელი შეიძლება ჰყავდეს... მასნე გრძნობს, როგორც ფრანგი, პუდრითა და მენუეტებით, მე კი ვგრძნობ, როგორც იტალიელი, სასოწარკვეთითა და ვნებით...

ჟიულ მასნესა და ჯაკომო პუჩინის „მანონ ლესკოს“ წინ უსწრებდა დანიელ ფრანსუა ესპრი ობერის ოპერა „მანონ ლესკო“. სამივე მუსიკალური ნაწარმოები აბატ ანტუან ფრანსუა პრევოს პოპულარულ მცირე ზომის რომანს „შევალიე დე გრიესა და მანონ ლესკოს ამბავს“ ეფუძნებოდა. თავად პრევო მანონზე ამბობდა, - ადამიანებს რომ ჩემი თვალები და გული ჰქონდეთ, ეს მომხიბლავი არსება მსოფლიოს პირველ ტახტს დაიმსახურებდაო!..

მანონის, დე გრიესა და ჟერონის ურთიერთობა ძალიან ჰგავდა თავად კომპოზიტორ პუჩინის ცხოვრებისეულ ამბავს - აღსავსეს სიღარიბით, შეძლებული კაცის ცოლთან ურთიერთობით, ვნებებით, ცრემლით და სიყვარულისათვის ბრძოლის ისტორიით... ეს იყო მისი მესამე და პირველი ოპერა, რომელმაც მაყურებლის აღიარება, რეცენზენტთა  მოწონება და კრიტიკაც მოუტანა, მსოფლიოს კი, ჯაკომო პუჩინის სახელი აღმოუჩინა.

პუჩინის ოპერის მსოფლიო პრემიერა 1893 წლის 1 თებერვალს, ტურინის სამეფო თეატრში შედგა, 35 წლის პუჩინი დიდ საოპერო კომპოზიტორად აღიარეს. დიდებასთან ერთად, გაჩნდა პირველი მნიშვნელოვანი შემოსავალი - 40 ათასი ლირა „მანონ ლესკოს“ სადადგმო უფლებისათვის, რითაც მან, დედის გარდაცვალების შემდეგ, ტოსკანას ქალაქ ლუკაში გაყიდული მშობლიური სახლი გამოისყიდა...

არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ერთი წლის შემდეგ ლონდონში, „კოვენტ-გარდენში“ გამართული პრემიერაც, რომელსაც ძალზე თბილად გამოეხმაურა ცნობილი დრამატურგი და მუსიკალურ-ლიტერატურული კრიტიკოსი ბერნარდ შოუ. მისი სიტყვით, პუჩინი, ვერდის ყველაზე სავარაუდო მემკვიდრე იყო!..

იმავე წელს, იტალიურმა დასმა რუსეთში, სანქტ-პეტერბურგში შეასრულა ოპერა „მანონ ლესკო“; ორი წლის შემდეგ, 1895 წელს, ის მოსკოვში, შელაპუტინის კერძო რუსული ოპერის თეატრში წარმოადგინეს (ამ შენობაში, დიდი თეატრის გვერდით, ახლა რუსეთის აკადემიური ახალგაზრდული თეატრია განთავსებული). 1893 წლის 31 ოქტომბერს პუჩინის ოპერა „მანონ ლესკო“ - ტფილისის სახაზინო თეატრში დაიდგა,  რეპერტუარში იყო 1896-97 წლების სეზონშიც...

2022 წელს, იგი კვლავ ჩნდება თბილისის საოპერო თეატრის რეპერტუარში. თბილისური პრემიერის რეჟისურა ინარა სლუცკას ეკუთვნის, რომელმაც ეს ოპერა 2015 წელს დადგა ლატვიის ეროვნულ საოპერო თეატრში. ერთ-ერთ  ინტერვიუში მან აღნიშნა: „მთავარი გმირების ეგოიზმი საშინლად მაშფოთებდა, მანონის მომხიბვლელობა ოდნავაც არ ამართლებდა მის საქციელს, ხოლო დე გრიეს ერთგულება უპატიებელ სისუსტედ მიმაჩნდაო“...

განმანათლებლობის ეპოქისათვის ტიპური თემა - ადამიანი და ვნება, თანამედროვე რეჟისურისთვის მნიშვნელოვანი შეიქნა, რადგან უკვდავია პოეტის მიერ თქმული: „მარადისი სიყვარული ძნელია!”. ანტიკური ტრაგედიების დარად, აქ ბედისწერის თემა იკვეთება, მანონი არის ორი სამყაროს - მატერიალური და სულიერი სამყაროს შეხვედრა; სიყვარულსა და კეთილდღეობას შორის არჩევანი - სულიერი და ფიზიკური კატასტროფის ტოლფასია, ხოლო კონფლიქტი ადამიანსა და სამყაროს შორის - ორ პიროვნებას შორის კონფლიქტად იკუმშება და - განაჩენიც გამოტანილია!..

თბილისური დადგმის მაყურებლის ყურადღება მიმართულია იმისკენ, თუ რით არის საინტერესო სპექტაკლის რეჟისორული გადაწყვეტა. 2015 წლის დადგმის რეცენზიების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ინარა სლუცკამ პუჩინის ამ შედევრის ინტერპრეტაციისას დიდი ყურადღება მიაქცია აბატი პრევოს მიერ მონიშნულ პრობლემას - ვნება და ადამიანი; რეჟისორმა ფაბულა არ შეცვალა, მაგრამ აქცენტი და მოქმედება ჩვენს დროში გადმოიტანა. თურმე არც პუჩინის აღელვებდა მაინცადამაინც დროისა და ადგილმდებარეობის განსაზღვრა. მანონის მსგავსი არსების შეხვედრა ყველგან და ყოველთვისაა შესაძლებელი, რადგან ასეთები კვლავ და კვლავ დაიბადებიან, ნებისმიერ გარემოსა და დროში. პუჩინის უფრო მკვეთრი ხასიათებისა და სცენური მდგომარეობების დახატვა სურდა, რაც შესანიშნავად შეძლო კიდეც. ბედისწერის თემამ კი, ეპოქალურად ძალიან მალე, ვაგნერის შემოქმედებაში გადაინაცვლა და მძლავრადაც აჟღერდა.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი 2017 წლიდან ევროპული ოპერის თეატრებისა და ფესტივალების ევროპულ გაერთიანებას OPERA EUROPA-ს შეუერთდა და  მომღერალთა ახალ თაობაზე ორიენტირებული უმნიშვნელოვანესი პროექტი - ახალგაზრდა შემსრულებელთა პროგრამა დაიწყო, რომლის ფარგლებშიც მსოფლიოს წამყვან  თეატრებთან დაიგეგმა გაცვლითი პროგრამები. თბილისელმა მაყურებელმა იხილა შესანიშნავი სპექტაკლები: „აიდა“, „სოფლის ღირსება“, „სიყვარულის ნექტარი“,  „ტრავიატა“, „მაკბეტი“, „ტურანდოტი“, „ტოსკა“, „ბალ-მასკარადი“, „ბედის ძალა“, „დონ კარლოსი“, „ნაბუქო“, და ბოლოს, „მანონ ლესკო“... რიგიდან თბილისში ჩამოვიდა სპექტაკლის სრული დეკორაცია და კოსტიუმები (მხატვრები: მარტინშ ვილკარსისი და კეიტა), ასევე განათებისა და ვიდეოჩანართების სრული პარტიტურა. ინარა სლუცკამ სულ ორი კვირა დაჰყო თბილისში, იმუშავა მსახიობებთან და მეორე პრემიერის შემდეგ შთაბეჭდილებებითა და ემოციებით სავსე სამშობლოში გაბრუნდა.

სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი - ინარა სლუცკა:  Странное ощущение возвращаться к работе, после которой прошло столько времени. Это как из шкафа взять когда-то очень любимое платье и хотеть примерить-а вдруг не подойдет или в тахих не ходят, но этого не случилось.

Все о чем думала и как воспринимала эту оперу, было сохранено в памяти и не оказалось прошедшем времени. Я только боялась, что не смогу за неполные две недели это все воспроизвести заново.

Я помню первый день моего приезда. Сидят все солисты и три!.. помощника, которые работали перед моим приездом. И вот начинается репетиция. Я внятно помню свое удивление и восхищение тем, как много сделано. За это огромная благодарность Кетеван-Хатуна Беделадзе, Заза Агладзе, Лела Гваришвили и ведущей режиссера спектакля - Марине Бурчуладзе. Без их предварительной работы, думаю,что конечный вариант не был бы таким. Мне оставалось  „вдуть жизнь“ - говорить о характерах, объяснить мотивацию поступков, внутренний монолог и действие. Еще хочу поблагодарить Ивете Ананиашвили, с которой выставляла свет. Я очень благодарна всем солистам, которые работали с отдачей, и  спасибо хору. Есть пословица -„по щучьему велению...“ - так, я была эта щука, все желание которой выполнялось.

Спасибо всему театру! 

* * *

ჩემთვის მეტად საგულისხმო იყო, თუ როგორ მიმდინარეობდა სპექტაკლის რეპეტიციები, ამიტომაც შევხვდი ასისტენტ-რეჟისორებს: ქეთევან-ხათუნა ბედელაძეს, ზაზა აღლაძეს, ლელა გვარიშვილს, მთავარი გმირების შემსრულებლებს: ხათუნა ჭოხონელიძესა და ვალერიანო გამგებელს, რომელთაც საინტერესო მოსაზრებები გამიზიარეს და საკუთარი შემოქმედებითი ბიოგრაფიებიც მიამბეს, თუმცაღა მოკლედ:

* * *

ქეთევან-ხათუნა ბედელაძე - ჩვენ, სამმა რეჟისორმა, ლატვიიდან გამოგზავნილი ვიდეოჩანაწერის მიხედვით, სპექტაკლი შევისწავლეთ, შემდეგ მოქმედებები გადანაწილდა და თბილისში ჩამოსულ რეჟისორს არათუ შავი, არამედ გამზადებული, გაწკრიალებული მასალა დავახვედრეთ... აღფრთოვანება არ დაუმალავს...

მომეწონა ამ რეჟისორის დინამიკა, ურთიერთობის ბუნებრიობა, არაფერი ყალბი არ უნდოდა... ამბობდა, - სპეციფიკის გამო მომღერლებს ჩვევად აქვთ დირიჟორისკენ, რომელზეც მართლაც ბევრი რამაა დამოკიდებული, ყურადღების მიმართვა, მან ხომ შესვლები უნდა უკარნახოს მსახიობს... ამიტომ ყოველნაირად ზღუდავდა ამ კავშირს და არც თვითონ კარნახობდა მსახიობებს, თუ საით გაეხედათ - მარჯვნივ თუ მარცხნივ, ან საით წასულიყვნენ...

სპექტაკლში კარგად ჰქონდა მოფიქრებული სიმულტანური მოქმედებები, ერთ სცენაში ორი-სამი-ოთხი პარალელური მოქმედება იყო აწყობილი და, თუ გუნდი არ მღეროდა, ის მაინც ქმედითი იყო და ძალიან ორგანულად ერთვებოდა სიმღერისას...

ზოგიერთი სცენის გადაწყვეტა კი ძალიან მომწონს, მაგალითად, მესამე მოქმედებაში - ქალების გადასახლება, როდესაც ქანდაკებებს ყუთებში აწყობენ... სანამ რეჟისორი ჩამოვიდოდა, ჩემთვის კიდეც ვიფიქრე, რომ დასაფლავებას ჰგავდა... როცა  ჩამოვიდა, ვკითხე, კუბოებია-მეთქი? დამეთანხმა, - ჟერონისათვის ქალი მხოლოდ ნივთია, თავიდანვე განწირული, მკვდარი... მას, პიგმალიონივით, მოეწონება თუ არა რომელიმე ახალგაზრდა ქალი, მფარველობს, აცმევს, მიხრა-მოხრას ასწავლის, მაგრამ, როგორც კი იმედი უცრუვდება, ინტერესს კარგავს... ფინალში, მანონისა და დე გრიეს დუეტისა და მანონის არიის ფონად გადაღებულმა ფილმმა გამახსენა ფილმი „ინგლისელი პაციენტი“ და კობო აბეს „ქალი ქვიშაში“... აქაც დამეთანხმა და გამიხარდა, რომ ჩვენი ემოციები ერთმანეთს დაემთხვა...

თანამედროვეობაშია გადმოტანილი დოღიდან შემოსული ბიჭების სცენა, რომლებიც ისე ათვალიერებენ მანონს, როგორც ცხენს... ეს ერთ-ერთი საშინელი სცენაა... ძალიან კარგი კადრია, როდესაც მანონის ალფონსი ძმა საკუთარ დას ყიდის და დე გრიე, რომელსაც სიყვარულის მეტი არაფრის შეთავაზება არ შეუძლია ქალისათვის, ხედავს, როგორ მოაქვთ მანონისათვის მარგალიტის მძივი... ძალიან კარგი გადაწყვეტაა, როდესაც ქანდაკებები იმსხვრევა, ხოლო ჟერონი ზიზღით ამსხვრევს და ემშვიდობება ყველაზე საუკეთესო ქანდაკებას, რადგან  მისთვის ქალი - ნივთია!..

სპექტაკლზე მუშაობით ძალიან კმაყოფილი ვარ, თავად რეჟისორიც ბედნიერი იყო... მეორე პრემიერაზე თხოვნით მოგვმართა: - ძალიან კარგი გუნდი ხართ, სამი მუშკეტერივით, გთხოვთ, გაუფრთხილდით ჩემს სპექტაკლს, მიმიხედეთო... ჩვენც შევპირდით...

ზაზა აღლაძე - პუჩინის მიერ მე-19 საუკუნის ბოლოს დაწერილი ოპერის მუსიკასა და სიუჟეტში ჩატეულია ის ყველაფერი, რაც დღევანდელ დღესაც აქტუალურია: სასოწარკვეთილება სიყვარულის დროს, თავდადება, ჟინი, რაღაც მომენტში - ანგარება, ვერცხლისმოყვარეობა, ფუფუნებისადმი ლტოლვა... იმიტომ რომ ყველა ადამიანს მეტნაკლებად აქვს ეს თვისებები და ამის გარეშე არც ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეხუთე საუკუნეა დარჩენილი, და არც 22-ე საუკუნე იქნება, ვინაიდან ეს განუწყვეტელი პროცესია - რთულია ცხოვრება, ადამიანი ცოცხალი არსებაა და ყველანაირი ვნება მისთვის ახლობელია...

საინტერესოა, დღევანდელ მაყურებელს რა ნიშნებით შეიძლება მოაწონო და დააინტერესო ორი საუკუნის წინ დაწერილი მუსიკა? მგონი, მთავარი ამოცანა ის არის, რომ მაყურებელი, მსმენელი სათანადოდ ჩაერთოს და საოპერო ქმნილება არ მიიღოს, როგორც მხოლოდ სამუზეუმო ექსპონატი, არამედ  დარწმუნდეს, რომ იგი დღევანდელ დღესაც მიესადაგება და, ამით, წინა საუკუნეებში შექმნილ მუსიკაში აღმოცენებული მხატვრული ნიშნები და მხარეები დღევანდელ დღეს გახდეს აქტუალური...

მინდა მივულოცო ჯერ ჩვენ თეატრს ასეთი ნამუშევარი და მერე მთელ საქართველოს, იმიტომ რომ ძალიან ცნობილი ნაწარმოების ადაპტაციაა, არაორდინალური სცენური ვერსია და ამიტომაცაა ერთ-ერთი გამარჯვება ჩვენი თეატრის. ბევრი ცნობილი მუსიკალური შედევრის ამგვარი გადაწყვეტა შემოგვთავაზა ჩვენმა ხელმძღვანელობამ და - მადლობა მას ამისათვის, იმიტომ რომ გვთავაზობს დიდი გემოვნებით გადაწყვეტილ მსოფლიოში ცნობილ საოპერო ქმნილებებს, რომელზე მუშაობაშიც ჩვენ ენთუზიაზმით ვერთვებით...

ჩვენ ვაფასებთ, თუ რამდენად განსხვავებულია ჩვენი სპექტაკლის რეჟისორული ხედვა, რეჟისორული კონცეფცია, ანუ ის, რომ ყველაზე მთავარი პრინციპია დაცული: იკითხება მუსიკა, მუსიკა ქმედებაშია... პუჩინის არ უწერია, რომ დე გრიე აუცილებლად რომელიმე სცენაში მღვდელი უნდა იყოს, ეტყობა დამდგმელ რეჟისორს ეს თემა ძალიან მოეწონა და სასარგებლოდ გამოიყენა... რა თქმა უნდა, სულიერი მხარე ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არა ნაკლები ხდება ხოლმე მატერიალური მხარეც. სწორედ ეს მოხდა მანონში - რომ მასში იყო თავდავიწყებამდე ძლიერი სიყვარული, მაგრამ მატერიალური უზრუნველობა არჩია, ბოლოს ესეც მოსწყინდა... ეს არის ქალი, რომელიც ვერ კმაყოფილდება ერთი სიყვარულით, მრავალფეროვნება უნდა. დე გრიემ ბოლოს თავისი სიყვარული აქცია მსხვერპლად და გამოისყიდა კიდეც ის დანაშაული, რაც ნებსით თუ უნებლიეთ, მანონს დაატყდა თავს...

ლელა გვარიშვილი - სპექტაკლი და რეჟისორის ინტერპრეტაცია თავიდანვე მომეწონა. ჯერ არც ვიცოდი, ვინ იყო რეჟისორი, მაგრამ რაღაც ინტუიციით მივხვდი, რომ ქალის გაკეთებული უნდა ყოფილიყო, დაბოლოს, კიდეც დამტკიცდა ჩემი ეჭვი. მოქმედება მე-20 საუკუნეშია გადმოტანილი, ამდენად ბევრი რამის გადაწყობა მოგვიხდა, მაგრამ სანამ რეჟისორი ჩამოვიდოდა და მის რეჟისორულ კონცეფციას გავიგებდით, ლატვიელი მსახიობები იმდენად კარგები იყვნენ, რომ იგრძნობოდა მათი ხელოვნების მაღალი დონე. თითქმის ყველაფერი ჩემთვის ნათელი იყო, რა უნდოდა რეჟისორს; რა თქმა უნდა, ეს მისი დამსახურებაა, რომ ვოკალისტი მსახიობები ასე ჩინებულად ასრულებენ თავიანთ როლებს. ცოტა სხვაგვარად იყო გადაწყვეტილი, მაგალითად, მანონის პერსონაჟი, თითქოს ცივი, თავშეკავებული... და როდესაც რეჟისორი ჩამოვიდა, პატარა დეტალების გარდა, ფაქტობრივად, ახალი ჩემთვის არაფერი თქმულა... რეჟისორის გადაწყვეტაში მთავარი რა არის? - ისე ააგო სპექტაკლი, ყველა ქმედებაში იყოს ლოგიკა, ყოველი მიზანსცენა, ერთი წერტილიდან მეორეში გადასვლისას - არ იყოს ქაოსური და, იმის მიუხედავად, რომ რეჟისორი თვალით არ მყავდა ნანახი, ისე ჰქონდა სპექტაკლი აწყობილი, რომ ეს ლოგიკა დავიჭირე... ეს კი, სწორედ ამ რეჟისორის დამსახურებაა...

ჩემთვის ძალიან საინტერესოა სპექტაკლში ასეთი მანონის, დე გრიეს და ჟერონის პერსონაჟები. ჟერონი საკმაოდ ჭარმაგია, მდიდარი, თუმცა ალბათ აკლია ის ვნება, ის სიყვარული, რაც სჭირდება მანონს, რასაც  დე გრიემ აზიარა, მაგრამ მას მოსწონს ფუფუნება, უნდა ის სიყვარული და ის ვნება, რაც არა აქვს ჟერმონთან. მანონი არ არის ვიოლეტა, რომელიც სიყვარულს ყველაფერს სწირავს. ჩემთვის და აღმოჩნდა - რეჟისორისთვისაც, ეს ამბავი სიყვარულისა, ტრაგედიაა დე გრიესი, რომელმაც ყველაფერი შესწირა სიყვარულს და მიუძღვნა ამ ქალს...

რეჟისორი რომ ჩამოვიდა, სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა, ეგონა რომ ნახევრად მზად დახვდებოდა და დახვდა აწყობილი და ფსიქოლოგიურად სრულიად დაზუსტებული და შესრულებული სპექტაკლი, რაღაც დეტალები დაამატა, ოდნავ კიდეც შეცვალა, იმიტომ რომ იქ სხვა ქვეყანაა, სხვა მსახიობები არიან, აქ საქართველოა, სხვა ემოცია...

თვითონ რეჟისორთან, ამ ქალბატონთან მუშაობა იყო ძალიან სასიამოვნო, აზრიანი, კომფორტული; ლოგიკურად მოაზროვნე ქალია, რეპეტიციებზე ხმაც არ აუწევია, რამდენჯერმე ჰქონდა მცდელობა, როცა ერთ დიალოგს ხსნიდა და არ გამოდიოდა, მაგრამ მაინც თავშეკავებით... თვითონ დრამატული თეატრის მსახიობია და მსახიობებთან მიდგომაში ეს ეტყობოდა კიდეც...

* * *

და აქ კვლავ დავუბრუნდები თემას, რომლითაც ეს წერილი დავიწყე: მაყურებელს სურს სცენაზე იხილოს ის ოტელო, ის აიდა, ის ვიოლეტა, რომლებიც მის განცდებსა და წარმოსახვაში არსებობენ! უნებლიეთ მახსენდება არაჩვეულებრივი მარიო დელ მონაკო და ირინა არხიპოვა „კარმენში“, რაოდენ დიდი განცდით, დაუოკებელი ვნებით მღეროდნენ ისინი დიდი თეატრის სცენაზე... ამიტომაც მივმართე კითხვით „მანონ ლესკოზე“ მომუშავე ქართველ რეჟისორებს: სცენაზე მდგარნი, უპირველესად მხოლოდ მომღერლები არიან თუ, ფართო გაგებით - არტისტები? სად, რით იჩენს თავს მათი არტისტიზმი? არ მინდა სცენაზე ვამჩნევდე საკუთარი ბგერის მომლოდინე არტისტს...

მაგრამ, როდესაც 10 ივლისს, სცენაზე მანონ ლესკო და შევალიე დე გრიე იდგნენ, ეს მომენტი ყველაზე ნაკლებ იგრძნობოდა... ორი შესანიშნავი არტისტი, რომელთა გრძნობათა ბუნება, ვოკალური შესაძლებლობები მათ გმირებს ესადაგებოდნენ. მართალია, ზოგჯერ ასაკობრივი სხვაობა თავს იჩენს ხოლმე, მაგრამ საოპერო სპეციფიკა ამ გამონაკლისს უშვებს. ვისურვებდი უფრო აქტიური ყოფილიყო მთავარი გმირების საშემსრულებლო პლასტიკა, მაგრამ აქაც კვლავ უკან ვიხევ, ვითვალისწინებ რა სპეციფიკას, და ჩემი სურვილი უფრო რეჟისორულ მიზანსცენათა გადაწყვეტასა და განაწილებას ეხება...

რაკი რეჟისორული ჩანაფიქრი ვახსენე, არ შემიძლია არ აღვნიშნო სპექტაკლის საერთო ფონად გამოყენებული ვიდეოჩანართები, ის ემოციური მახვილები, რომლებიც სიუჟეტურ ქარგას მისდევენ და მოქმედებას ამძაფრებენ, კულმინაციისკენ მიჰყავთ. ის, რისი დადგმა და შესრულება სცენაზე ვერ ხერხდება, ვიდეოგადაღებისას შესაძლებელი გახდა. მუსიკალური დრამატიზმით სავსე ვოკალური შესრულების თანდართულ ემოციურ, ვნებიან ვიდეოკადრებს მოქმედების განვითარებისათვის აუცილებელი ძლიერი მუხტი შეაქვთ. შესანიშნავი ქართველი მომღერლების - ხათუნა ჭოხონელიძისა და ვალერიანო გამგებელის მიერ ეპილოგში შესრულებული მანონისა და დე გრიეს დუეტი და მანონის არია - გამოთხოვება სიყვარულთან, ამ ვიდეოეტიუდით მძაფრდება. იდეალურ ვარიანტში ხომ უფრო მშვენიერი იქნებოდა ამ ჩანართებში მათივე აქტიორული მონაწილეობა...

ზაზა აღლაძე - სხვადასხვა სპექტაკლში როლის თამაშისას, ზოგჯერ პრობლემურად წარმოჩნდება ხოლმე არტისტული მზაობა, მისი უარყოფითი ან დადებითი მხარე... საოპერო ჟანრი სპეციფიკური ჟანრია, რაღაც მომენტში მომღერლისათვის აუცილებელია დასვენება, ხმის, ემოციის, ფსიქიკის გადატვირთვა რომ არ მოხდეს, ამიტომაც ზოგჯერ მომღერლისთვის (მომღერლების შვილი ვარ და ამიტომ კარგად ვიცი მათი ბუნება) სცენაზე აუცილებელია დასვენება, ამის გარეშე ორი საათის განმავლობაში ასეთი დატვირთვით სასიმღერო პარტიის  შესრულება წარმოუდგენელია. ალბათ რეჟისორმა მსახიობს ისეთი ამოცანა უნდა დაუსახოს, რომ იყოს სცენები, სადაც  თან დაისვენებს, თან ამ დასვენების დროს ითამაშებს.

ხათუნა ბედელაძე - რაც შეეხება ჩვენს არტისტებს, მოგვყვებიან, ცდილობენ, მაგრამ რაღაც მომენტში დასვენება სჭირდებათ, თორემ გეტყვიან ასეთ ფრაზას: - მაცადე ახლა, მე „დო“ მაქვს ასაღები, ნუ დამარბენინებ აქეთ-იქეთ...

ზაზა აღლაძე - ოღონდ „დო“ აიღოს და ჩვენ ყველაფერზე თანახმა ვართ, ასე ადვილი არ არის „დოს“ აღება...

ლელა გვარიშვილი - სპექტაკლში რამდენიმე შემადგენლობაა, ყველა მსახიობი სხვადასხვანაირია და ამას ანგარიში უნდა გაეწიოს. რაც ერთ ვოკალისტ მსახიობს უხდება, შეიძლება მეორეს, მისი მონაცემების გამო, მისი გარეგნობის გამო, არ მოუხდეს... ყველაფერი ანგარიშგასაწევია, ამიტომ პატარა დეტალების შეცვლა ხშირად გვიხდება, ოღონდ მთლიანი კონცეფცია, მიზანსცენა არ უნდა შეიცვალოს, რასაც ჩვენი მსახიობები ახერხებენ. ეს ურთულესი პროფესიაა, მე-20 საუკუნეში ვოკალისტი მსახიობები გახევებულები იდგნენ და მღეროდნენ, უყურებდნენ დირიჟორს და უბრალოდ გადაადგილდებოდნენ, იმის გამო, რომ მთავარი - ვოკალური შესრულება იყო. დღესდღეობით, 21-ე საუკუნეში, ვოკალისტი მსახიობები ამას უკვე ისე აკეთებენ და, საერთოდ, მთელ მსოფლიოში, მსახიობის ოსტატობა იმდენად ამაღლებულია, რომ დრამის მსახიობს უტოლდება... სპექტაკლის დროს, ვოკალისტებისთვის მაინც მთავარი ბგერაა, რომ არ ასცდნენ ორკესტრს, დირიჟორს... იცით, რამდენ რამეზე უწევთ კონტროლის გაწევა? პირველ რიგში, ორკესტრი, რომელიც ხშირ შემთხვევაში პრაქტიკულად არ ესმით, როცა თვითონ მღერიან... ამიტომ დირიჟორთან ყოველთვის უნდა ჰქონდეთ კონტაქტი... ოპერა სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ იქ ყველაფერი ერთად უნდა მუშაობდეს: მსახიობი, ორკესტრი, დირიჟორი, მხატვარი... ყველაფერი მთავარია... ახლა ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბგერას, სიტყვას, მოძრაობას, ორკესტრს, გუნდს, ყველაფერი ერთ დონეზე უნდა იყოს - მაშინ არის საოპერო ხელოვნება უმაღლესი. საოპერო რეჟისურის სირთულე ამაშია სწორედ, რომ კარგად უნდა იცნობდე ვოკალისტის ბუნებას და მიზანსცენები ისე გააანალიზო, რომ მას იმ „სი-ბემოლის“ აღება აცადო და მერე განახორციელო ის რეჟისორული ჩანაფიქრი, ასე თუ ისე რომ გინდა იყოს მიზანსცენაში...

* * *

და აი, მოვიდნენ ჩვენი საუბრის  მთავარი გმირები: მშვენიერი ხათუნა ჭოხონელიძე და ბატონი ვალერიანო გამგებელი... მოვიდნენ არტისტული შემართებით, პირზე ღირსებით სავსე ღიმილით...

        * * *

ხათუნა ჭოხონელიძე - მსახიობისათვის, როგორც ვოკალი, ისე სამსახიობო ხელოვნება, წინა პლანზე უნდა იყოს... შენი გრძნობები შენი თვალებით, შენი მოძრაობებით თუ არ გამოხატე, გმირს ვერ შექმნი... ჩვენ, მომღერლებს, არ გვიყვარს ბევრი მოძრაობა, ვოკალი ისეთი რამაა, გადასვლა-გადმოსვლაში, კიბეზე ჩამორბენაში გული გიჩქარდება... ყოველთვის ვცდილობ მოძრაობები მოვირგო, პულსი რომ არ ამიჩქარდეს, ზედმეტი სუნთქვა, ქოშინი რომ არ წარმომექმნას, მაგრამ ამასთან, აუცილებლად უნდა გავამართლო ის, რასაც ვმღერი, რასაც ვაკეთებ... პარტნიორთან ურთიერთობაში იბადება ჩემი გმირი, მოგწონს თუ არ მოგწონს პარტნიორი, არ აქვს მნიშვნელობა... ხელოვნება რომ შედგეს, ერთმანეთთან  შერწყმული უნდა იყოს ყველაფერი... როდესაც როლს ვეხები და მასზე მუშაობას ვიწყებ, უკვე ნაწილობრივ ის ადამიანი ვხდები, და ის ორი თუ სამი თვე მისი ცხოვრებით ვცხოვრობ, ვცილობ ჩემში შემოვიდეს... ბევრი ვიმღერე, ბევრი როლი შევასრულე: აიდა, ლედი მაკბეტი, ელისაბედი „დონ კარლოსში“, ელისაბედი - „ბალ-მასკარადში“, და ყველა ეს როლი ჩემეულია, როგორც ვიზუალურად, ისე ის პერსონა, ვისაც ვთამაშობ, ისიც ჩემი გახდა...

„მანონ ლესკო“ უცებ, ორ თვეში უნდა მომემზადებინა, ვფიქრობდი კიდეც, გამერისკა თუ არ გამერისკა... რამდენადაც ძალიან ლამაზია, იმდენად მუსიკალურად ძალიან რთულია, თანაც მანონს ძალიან ბევრი აქვს სამღერი, სიტყვებიც ძალიან ბევრია, სათამაშოც და ეს ყველაფერი ორ თვეში რთული მეჩვენა... ასე მგონია, მანონ ლესკო ყველა სოპრანოსათვის საყვარელი და საოცნებო როლია, ერთადერთი არია ვიცოდი, მომწონდა და ჩემთვის ვისწავლე, მაგრამ იმ დღეს, როდესაც კონცერტმაისტერთან ერთად გადავხედე,სახლში მისულმა ჩემს თავს ვუთხარი, - ხათუნა, შენ ეს უნდა შეძლო, შენ ეს უნდა გააკეთო...

და მართლაც, გადავდე ყველაფერი, ქმარ-შვილი, ოჯახი... ვუთხარი, - მაცადეთ ცოტა ხანს-მეთქი, და თითქმის 24 საათი ვმუშაობდი... ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ავიღე, როგორც ჩემი თავის, ისე თეატრის მიმართ და... მოვასწარი... შედგა... რადგან მანონი ჯერ კიდევ მაშინ შევიყვარე, როცა სკოლაში ორჯერ წავიკითხე და ცრემლი ვღვარე სულმოუთქმელად კითხვისას... წიგნი ორ დღეში დავამთავრე, მერე ამხანაგებს გადავეცი წასაკითხად და მას მერე სულ ყურში ჩამესმოდა სახელი - მანონ ლესკო... სულ ჩემში ტრიალებდა... სულ ვფიქრობდი, ღმერთო, იქნებ ჩვენთანაც რაღაც მოხდეს, დაიდგას... და აი, ამისრულდა ოცნება... რეპეტიციებიდან სახლში რომ მოვდიოდი, ტვინს ვერ ვთიშავდი, სულ აქ ვტრიალებდი, - როგორ გამოვა, როგორ განვასახიერებ, როგორი იქნება?..

ვოკალურად ურთულესი სამღერია მანონი, სოპრანოსათვის მეტად რთული პარტიაა და, თუ კულმინაციამდე არ მიხვედი, რაღაც ეტაპი თუ არ გაიარე, ხდება ხოლმე, რომ უცებ რაღაც გამოუვალ სიტუაციაში უხდება მსახიობს შესვლა სპექტაკლში, და ეს რომ მანონ ლესკოს პარტიაში მოხდეს, ძალიან რთული იქნება, ჯერ ფსიქოლოგიურად მსახიობისათვის, რომ უცებ ამხელა პარტიას შეეხება, და თუ მანამდე არაფერი გაქვს ნამღერი, საერთოდ საშინელებაა... საფეხურები უნდა გქონდეს განვლილი... მე, მაგალითად, საერთოდ ვერ ვიფიქრებდი, რომ ლედი მაკბეტს ვიმღერებდი, იმდენად რთული პარტიაა ვოკალურად შესასრულებლად, კარიერის ბოლოსკენ უფრო ვფიქრობდი მასზე... მძიმე, უარყოფითი პერსონაჟია და ჩემზე ძალიან იმოქმედა ამ გმირმა, ღამეები არ მეძინა, ტვინი არ მემორჩილებოდა, ასეთ დროს ჩაის ვსვამ ხოლმე, ვცდილობ ძალიან დავიღალო, რომ დამეძინოს, მაგრამ სანამ ტვინი არ დაამთავრებს ამ გმირზე მუშაობას, სანამ თავისას არ მოილევს, მანამდე არ მეძინება...

საოცრებები არიან ჩვენი რეჟისორები, სამივენი - ზაზა, ხათუნა, ლელა... როლზე მუშაობისას მიყვარს, როდესაც ჩვეულებრივად ამიხსნიან, მეტყვიან, რატომ ხდება ეს?.. რატომ უნდა გავაკეთო ის სვლა ისე?.. რატომ უნდა ვიფიქრო ასე?.. მიუხედავად იმისა, რომ იცი, რაც ხდება პიესაში, იცი შინაარსი, მაგრამ მოძრაობებს მაინც გამართლება სჭირდება... ზოგჯერ მომღერალს არ სიამოვნებს დაჩოქილი მღერა, არ შეუძლია აიღოს „დო დიეზი“, „სი ბემოლი“, მაგრამ ხომ არის ისეთი ადამიანიც, დაწოლილსაც რომ შეუძლია მღერა?.. ამას ყველაფერს ძალიან უნდა გათვალისწინება... ოპერაში, რეჟისორს უფრო სხვა მუშაობა სჭირდება, სხვანაირი მიდგომა... მიჩნდება ხოლმე უფრო აქტიური მოქმედების სურვილი, რაც შემიძლია, ვაკეთებ და, ამ მხრივ, ყოველთვის თავისუფალი ვარ სცენაზე, რეჟისორი რომ მეუბნება, - შეგიძლია ასე გააკეთო? ასე გადადგა ნაბიჯი? ან კიბეზე აირბინო? ან დაწოლილმა იმღერო? ვპასუხობ, - არ არის პრობლემა!.. ჩემს კოლეგებთან ერთად, რაც უფრო სირთულეები მხვდება, მსიამოვნებს და ვფიქრობ ხოლმე, - აბა ვნახოთ, მე მგონი გამომივა... თვითონ ბგერაც მკარნახობს ხოლმე რომელიღაც მოძრაობას, ემოციას...

ჩვენ აქ ბევრი სასიყვარულო სცენა გვაქვს და არის ისეთი ნოტები, როდესაც ყოველთვის ვცდილობ პარტნიორს ხელი არ შევუშალო, როცა მე ვმღერი, ახლოს არ მივუტანო ჩემი ბგერები, რაღაც არ ავურიო მას, ჩემი ხმა მის ყურთან ახლოს არ მივიტანო, იმანაც ხომ უნდა იმღეროს... ასეთი რაღაც ხდება, ხელის შემშლელია და დისტანცია ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ყველა განვიცდით, ვღელავთ...

ამ თეატრში ბევრი სურვილი ამიხდა და მადლობა ბატონ ბადრი მაისურაძეს, რომ გვაქვს ამის ფუფუნება... შეიძლება ისე გასულიყო რამდენიმე წელი, ისე მეცხოვრა, რომ ჩემთვის საოცნებო ეს როლები არ შემესრულებინა... ამაზეც ბევრი მიფიქრია, მეკამათებიან, - ხომ შეიძლება ევროპაში გემღერაო?.. დიახ, მართლაც მქონდა მიწვევები, ქერუბინოს მედეა უნდა მემღერა, მომისმინეს ვარშავაში, დამამტკიცეს კიდეც როლზე, ფრანგულად ვისწავლე, ძალიან ბევრი შრომა ჩავდე, მაგრამ დაიწყო პანდემია და ჩალაგებული ჩემოდანი, ნაყიდი ბილეთები, დაჯავშნილი სასტუმრო გამიუქმდა... მაშინ მივიღე პროფესიული შოკი, ვფიქრობდი, ახლა კი დამთავრდა ყველაფერი-მეთქი, მაგრამ ხდება, რომ რაღაც არ გამოდის, რაღაც კი გამოდის და გაჩნდა სხვა ინტერესები...

ვალერიანო გამგებელი - როდესაც პარტნიორთან უშუალო კონტაქტი გსურს და გინდა მის გმირს თვალებში შეხედო, უნდა ისიც გაითვალისწინო, შორიდან კარგად ჩანს ეს თუ არა, და დისტანცია დაიცვა...

ხათუნა ჭოხონელიძე - რეჟისორი ამას ვერ გვეტყვის, ჩვენ - არტისტები ვაბალანსებთ ერთმანეთში, ვთხოვ ხოლმე: - იცით, ბატონო ვალერიანო, ყურთან ძალიან ახლოს ნუ მეტყვით ან ეს ბგერა არ აიღოთ, რადგან მერე მე სხვა უნდა ავიღო, სხვა ნოტაზე შევდივარ... მისი ნოტით ხომ ვერ შევალ... ასეთი რაღაც ხდება... კონსერვატორიაში, რა თქმა უნდა, ვსწავლობდით მსახიობის ოსტატობას, მაგრამ ახლა და ახლა უფრო ვსწავლობთ...

ვალერიანო გამგებელი - დიდება უფალს, რომ ჩემი ასაკის ხალხს ძველი თაობის წარმომადგენლებთან გვქონდა ურთიერთობა, ჩემი პედაგოგი ქალბატონი თამარ თაქთაქიშვილი იყო...

ხათუნა ბოჭორიშვილი - კონსერვატორია ქუთაისში დავამთავრე, ჩემი დებიუტი ეთერით დაიწყო. ახლა უფრო მეტად წამოვიდა ტენდენცია, რომ სცენაზე, როგორც დრამატულმა მსახიობებმა - ვითამაშოთ, ვიმოძრაოთ, ზურგითაც დავდგეთ ან პროფილში, და ისე ვიმღეროთ; ადრე მეტად სტატიკურად იდგნენ მომღერლები...

ვალერიანო გამგებელი - ადრე უფრო სტატიკური იყო სცენები და მომღერლებიც ერთ ადგილას იყვნენ თავმოყრილნი, სცენაზე გაფანტულები არ იდგნენ, არც დიდი მოძრაობები ჰქონდათ, მაგრამ დღეს უფრო სრულყოფილი პროდუქცია უნდათ რომ ნახონ, რომ მსახიობი სანახაობრივად საინტერესო იყოს სპექტაკლში...

ხათუნა ჭოხონელიძე - ჩვენ ხომ მიკროფონები და აპარატურა, ბალანსის შექმნის არანაირი საშუალება  არ გვაქვს... არ ვიცი, რამდენად საკმარისი აღმოჩნდა ეს ორი თვე  ამხელა როლების შესასწავლად... ჩემი თავით ძალიან გაკვირვებული ვარ...

ვალერიანო გამგებელი - მე, პირადად, ხათუნას გამოსვლამ გამაოცა, ძალიან მოხარული ვარ ასეთი მომღერლისა და ასეთი შესანიშნავი პიროვნებისა, ამ  დონემდე რომ აიყვანა ასეთი როლი, ორ თვეში ამის მიღწევა ძალიან რთულია! როგორც ამასწინათ, მაესტრო აზმაიფარაშვილი ამბობდა: - ეს დიდი შრომა ჯერ უნდა დაილექოს, დაღვინდესო... პუჩინის ეს ოპერა ძალიან ახლოსაა ვაგნერთან, აქ ყველაფერი კომპლექსური უნდა იყოს, მსახიობი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია იმ ორკესტრისა, რომელიც სცენაზეა, და ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩემს 30 წლის სასცენო მოღვაწეობას ეს სპექტაკლი აგვირგვინებს.

ჩემი დე გრიე პირველად ახლა გამოვიდა სცენაზე, მაშინ როდესაც 30 წლის წინ, საფრანგეთის შეკვეთით, დაახლოებით 15 სპექტაკლი უნდა მემღერა იქ, მაგრამ არ შედგა... მერე, ესპანეთში ცხოვრებისას, შემომთავაზეს, მაგრამ მაშინაც პირობების გამო ჩაიშალა... ასე რომ, პარტია მომზადებული მქონდა და ახლა მთავარია, შესრულებისას ემოციურად მართალი ვიყო, სიტყვებს მივყვე, სიტყვებმა კი ჩემი ტექნიკითა და ვოკალით იმ სასურველ გმირთან მიმიყვანოს... სწორედ ეს არის, რასაც ჩემი მსმენელი აღიქვამს და მწერს, თუ რამდენად ნასიამოვნებია ჩემი შესრულებით...

ხათუნა ჭოხონელიძე - რეპეტიციებს ძირითადად ბატონ ვალერიანოსთან ერთად გავდიოდი, და მართლაც, როცა გესმის თითოეული ის ნოტი, რასაც დე გრიე მანონს ეუბნება, თან, ვოკალურად სწორად გეუბნება, გელაპარაკება, თუნდაც არ იცოდე შინაარსი - ისეთი გადმოცემა აქვს ვოკალურად, რომ გრძნობ,  როგორ გეფერება... ეს არის დიალოგი,  დიალოგი - სიმღერით, ჩვენ ხომ ერთმანეთს არ ვესაუბრებით, არამედ ვმღერით, და მე ყოველივე ამას ვგრძნობდი!.. მადლობა ბატონ ვალერიანოს ასეთი პარტნიორობისათვის... და ვფიქრობ, მეც არ შემიშლია მისთვის ხელი...

ვალერიანო გამგებელი - ასე შედგა ჩვენი დუეტი, სევდიანი და მშვენიერი...

ხათუნა ჭოხონელიძე - სულ ეს ფიქრი მაწვალებდა, თუ მოასწრებ ხათუნა?.. მოასწრებ?.. მოასწრებ?.. ჩემი მეორე ხმა კი მეუბნებოდა, რომ მოასწრებო!.. ხომ შეიძლება მოასწრო ტექსტი, მაგრამ სულ სხვაა შენი ვოკალური ლაპარაკი, როგორ გააგებინებ მას, როგორ ეტყვი... ეს ისე რთულია და ისე რთულად არის დაწერილი სოპრანოსთვის, მარტო ტექსტი ხომ არ არის?.. ვოკალურად ისე უნდა ააწყო ყველაფერი, მოსასმენად ლამაზი რომ იყოს, მარგალიტივით აკინძული, მეც უნდა მსიამოვნებდეს და მსმენელსაც, რომელიც გადადებს სამ საათს და მოვა შენს მოსასმენად, რომ რაღაც წაიღოს შენგან... ამიტომაც სწორად უნდა მიიტანო მსმენელთან, იქნებ მას არ წაუკითხავს, არ იცნობს ამ გმირს... ბევრი მწერს, რომ მოვდიოდით, ლიბრეტო წავიკითხეთო და როგორ სწორად მღეროდით, ისეთი ემოცია მოდიოდა თქვენგანო და მეც მსიამოვნებს, რომ ჩემი გმირი ამ მსმენელთან სწორედ მივიტანე, მან მიიღო და მითხრა, რომ სცენაზე ყველაფერი შედგა... მადლობელი ვარ ჩვენი რეჟისორების, ჩვენი კონცერტმაისტერების, ყველასი და თქვენი, ბატონო ვალერიანო...

ვალერიანო გამგებელი - როდესაც ჩემს მენეჯერს ჩანაწერი მოვასმენინე, ჯერ ერთი, აღფრთოვანდა ხათუნას ნამღერით, საერთოდ რომ არ შეხედო მის გმირს სცენაზე და უსმინო დახუჭული თვალებით, იცი, როგორ მოძრაობს და რას აკეთებსო... დიახ,  ხათუნა მუსიკაში გადმოსცემს ემოციას, თვითონ ბგერა გაძლევს სტიმულს, განწყობილებას, რომ სხვანაირად შეხედო პარტნიორს...

თანამედროვეობამ ძალიან შეცვალა ჩვენი ხელოვნება, დამოკიდებულება საერთოდ ხელოვნებასთან. „მანონ ლესკოს“ სცენაზე დეკორაციის აღმართვას ერთი კვირა დასჭირდა, არ ვიცი, იმ სეზონში გადავა თუ არა, ეს დირექციამ უნდა გადაწყვიტოს, შეიძლება დაბრუნდეს, როგორც „ტურანდოტი“, „ბალ-მასკარადი“... ბადრი უზარმაზარ საქმეს აკეთებს ჩვენი თეატრისათვის, ქალაქის ერთ-ერთი საუკეთესო თეატრია ჩვენი თეატრი, დაწყებული თავისი შენობით, შემოქმედებითი ისტორიით, თუ ერთხელ „ლა სკალაში“ იდგმებოდა სპექტაკლი, მეორედ - უკვე თბილისში, იტალიური პრემიერის შემდეგ მალევე გადმოდიოდა ეს სპექტაკლი ჩვენს სცენაზე...

* * *

და, რაღა თქმა უნდა, არტისტებს სურთ ახალი სპექტაკლები, ახალი როლები, ამა თუ იმ გმირის სამღერად შინაგანად მზადყოფნა, იმ დიდი ემოციის ხმით გამოხატვა, რაც გმირსა და მისი შესრულების ტექნიკას სჭირდება - დიდი გამოცდილება, დიდი გამძლეობა, ოცნებების ასრულება, შემოქმედებითი წარმატება...  არტისტები ბევრ   რამეზე ფიქრობენ და სწუხან!..

კრიტიკოსები კი იმიტომ არიან კრიტიკოსები, რომ მათ შენიშვნები მისცენ, რაზეც არტისტები ღირსებით სავსე ღიმილით პასუხობენ...

* * *

რეჟისორებსაც დარჩათ მცირედი სათქმელი საკუთარი ბიოგრაფიული ფურცლებიდან...

* * *

ქეთევან-ხათუნა ბედელაძე - ჩვენთვის, სამივესათვის, კარგია ასეთი მუშაობა, ძიების საშუალება გვეძლევა, ისეთი პედაგოგების გაზრდილები ვართ, რომ უფლება გვაქვს... ჩემი სკოლა მოდის ლილი იოსელიანისაგან, თემურ ჩხეიძისაგან, გიზო ჟორდანიასაგან... ბედნიერი ვარ, რომ მყავდა უძლიერესი პედაგოგები და შეიძლება უფრო კარგიც ვყოფილიყავი, მაგრამ, ყოველი შემთხვევისათვის, 17 წელია აქ ვარ, ოპერაში, ამ ხნის მანძილზე უამრავ რეჟისორს შევხვდი, უამრავ მხატვარს, მომღერალს. სამჯერ ვიმუშავე „აბესალომ და ეთერზე“, „აიდაზე“ - ასევე სამჯერ, სხვადასხვა რეჟისორებთან, „ჯამბაზებზე“ - თემურ ჩხეიძესთან... მადლობელი ვარ ბადრი მაისურაძის, რომ ასეთი შესანიშნავი პრაქტიკა-მასტერკლასი გვაქვს, უშუალოდ ვმუშაობთ მსოფლიოს სხვადასხვა საოპერო თეატრების სპექტაკლებზე...

ზაზა აღლაძე - ოჯახიდან მოდის ყველა ბავშვი და ყოველთვის ვამბობ, რომ კონსერვატორიაში არ დავბადებულვარ, მაგრამ იქ კი ავიდგი ფეხი... მამა, ანზორ აღლაძე, საოპერო სტუდიის სოლისტი იყო, დედა - ეთერ წიკლაური, კონცერტმაისტერი... კონსერვატორიის საოპერო სტუდიის მთელი ოქროს ხანა კალთაში ვეჯექი დედაჩემს და სულ პატარა ვესწრებოდი საოპერო წარმოდგენებს. მოუსვენარი ვიყავი ძალიან და, თუ ინდომებდნენ ხოლმე ჩემგან დასვენებას, სამსახურში მივყავდი და საღამომდე გაუნძრევლად ვიჯექი პარტერში, ვისმენდი, ვუყურებდი; ბოლო აქტში კი, როდესაც ჩემს წაყვანას მოინდომებდნენ, ტირილს ვიწყებდი და  მომღერლები ეუბნებოდნენ დედაჩემს: - დაანებე ბავშვს თავი, ხედავ, აქ კარგად და წყნარად არისო... სახლში დაბრუნებული, ბებიასთან და ჩემს დასთან ერთად „ვაკეთებდი“ სპექტაკლს იმის მიხედვით, რასაც სტუდიაში  ვუყურებდი.

იმ ცუდ 90-იან წლებში, თბილისში, ექსპერიმენტულ სკოლაში საფორტეპიანო განყოფილებაზე ვსწავლობდი, ათწლედი სწორედ ფორტეპიანოს განხრით მაქვს დამთავრებული, საკმაოდ ნორმალურად ვფლობდი და ახლაც ვფლობ ინსტრუმენტს, ფურცლიდან ვკითხულობ კლავირს...

რაღაც პერიოდის განმავლობაში, სამი-ოთხი წლის მანძილზე, ჩემი ბედი ისე წარიმართა, რომ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩავაბარე მეტალურგიულ ფაკულტეტზე, მამაჩემიც მეტალურგი იყო, მომღერლობასთან ერთად, და თავისი მეგობრების წრიდან გამომდინარე, ჯარში რომ არ წავსულიყავი, მეც იქ ვსწავლობდი, მაგრამ მერე მაინც ხელოვნებისაკენ, მუსიკისაკენ ლტოლვამ გადამძალა და თეატრალური ინსტიტუტში გიგა ლორთქიფანიძემ მუსიკალური თეატრისათვის სარეჟისორო ფაკულტეტი რომ დააკომპლექტა, გადავწყვიტე ამ ფაკულტეტზე ჩამებარებინა. ოპერის მთავარი რეჟისორი გურამ მელივა გახლდათ, ენციკლოპედიური განათლების ადამიანი, უზადოდ საინტერესო პროფესიონალი რეჟისორი, თეატრში სწორედ მასთან აღმოვჩნდი და ჩემთვის ეს იყო დაუვიწყარი ერთი წელი…

თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ერთი წელი სტაჟირება მოსკოვის მუსიკალურ-კამერულ თეატრში გავიარე, ბორის პოკროვსკის ხელმძღვანელობით და ვთვლი, რომ ძალიან დიდი პრაქტიკა მივიღე, ჩემთვის ეს დიდი სკოლა იყო...

შემდეგ კათედრაზე დავიწყე მუშაობა, მერე მთელი ოჯახი თურქეთში წავედით, იქაურ კონსერვატორიაში დავიმკვიდრე ადგილი, 5 წლის მანძილზე რამდენიმე სპექტაკლი დავდგი, მაგრამ როდესაც ჩვენს თეატრში ბადრი მაისურაძე დაბრუნდა, ჩვენც დავბრუნდით და რაც კი დღეს, ცნობილი მოვლენებია, ჩვენს თეატრშიც აისახება და ეს ძალიან სასიამოვნოა ჩვენთვის, რეჟისორებისათვის განსაკუთრებით. დიდი იმედით შევცქერით მომავალს.

ლელა გვარიშვილი - ჩვენში სამწუხაროდ არ არსებობს საოპერო რეჟისურის ფაკულტეტი, რაც ძალიან მინდა გავაკეთო, სადოქტოროც კი დავიცავი ამისათვის საოპერო რეჟისურაზე. თეატრალურ უნივერსიტეტში, მიხეილ თუმანიშვილის ჯგუფში დრამის რეჟისურა მაქვს დამთავრებული და ოპერის თეატრში აბსოლუტურად შემთხვევით მოვხვდი. ბატონი მიშა „დონ ჯოვანის“ დგამდა, თეატრში ახალი მისული იყო ბატონი ჯანსუღ კახიძე, ბატონ მიშას კი, რადგან ასისტენტი სჭირდებოდა, მე წამომიყვანა, მეოთხე კურსელი. კარგი სპექტაკლი გამოვიდა და ჯანსუღ კახიძემ ყველაფერი გააკეთა, რომ აქ დავრჩენილიყავი...

* * *

მადლობელი ვარ და წარმატებას ვუსურვებ საუბარში მონაწილე ყველა პიროვნებას: რეჟისორებს, არტისტებს...

ეს გახლდათ - მცხუნვარე 10 ივლისის „დე გრიესა და მანონის სევდიანი რომანი“...

bottom of page