დიდება ჰამლეტს!
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის
სამინისტროს მიერ.
ვალერი ოთხოზორია
დიდება ჰამლეტს!
ზესტაფონის თეატრის „ჰამლეტი“, ვახტანგ ჯუღელის რეჟისურა, ყურადსაღები სპექტაკლია მრავალი მიზეზის გამო. მისი პირველად წარდგენა მოხდა 2023 წლის ზესტაფონის კლასიკური დრამატურგიის ფესტივალზე - „უშანგი“, რომელიც იმავე წელს დაფუძნდა და პირველი წელი შექსპირს მიეძღვნა უშანგი ჩხეიძის საპატივცემულოდ, შექსპირის პერსონაჟთა - ჰამლეტი, იაგო... - ვირტუოზ შემსრულებელს, წარმოშობით ზესტაფონიდან.
შექსპირი ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დადგმადი დრამატურგია საქართველოშიც, რომ არაფერი ვთქვათ ძველ დროზე, ახალ დროშიც ის, რობერტ სტურუადან დავით დოიაშვილამდე დიაპაზონში აქტიურად იდგმება. თანამედროვე ქართული თეატრი, რომელიც დიდი გარდატეხით - „ყვარყვარეთი“ და „კავკასიურით“ დაიწყო, მალევე გაგრძელდა რობერტ სტურუას „რიჩარდ III“-ითა „მეფე ლირით“, მისი „მაკბეტის“ მიმართ უფრო ორაზროვანი გამოხმაურება იყო.
დავით დოიაშვილმა აგერ უკვე ახლახანს მეორედ დადგა „მეფე ლირი“, გახმაურებული იყო მისი „მაკბეტი“. ავთანდილ ვარსიმაშვილმა დადგა „ოტელო“ და „რიჩარდ III“, რომლებიც დღემდე რეპერტუარშია. იოანე ხუციშვილმა დადგა „მაკბეტი“, ირაკლი გოგიას ეკუთვნის „მეფე ლირის“, „რომეო და ჯულიეტას“, „ტიტუს ანდრონიკუსის“ - ეს უკანასკნელი დღემდე რეპერტუარშია ახმეტელის თეატრში, ინტერპრეტაციები. ლევან წულაძის შექსპირიანული სერია დღემდე გრძელდება ქორფა „ოტელოთი“, თვით მარმარინოსის „რომეო და ჯულიეტა“ თუმანიშვილის თეატრში ორი ათწლეულის წინ, და აგერ, ახლახანს, სენაკის აკაკი ხორავას სახელმწიფო თეატრში დადგმული „რომეო და ჯულიეტა“ ვახტან ნიკოლავას რეჟისორობით, აქვე ვახსენოთ გეგა გაგნიძის „იულიუს კეისარი“ (გვახსენდება თუმანიშვილი!... რომელსაც ეკუთვნის ამ პიესის ექსპლიკაცია, მაგრამ რამდენადაც ვიცი, არ დაუდგამს...), - მხოლოდ ნაწილია იმისა, რამხელა გაქანება აქვს შექსპირს ქართული თეატრის სცენაზე. არ გამოგვრჩეს საბა ასლამაზიშვილის „ზაფხულის ღამის სიზმარი“ და ახალთახალი „ქარიშხალი“, ეს უკანასკნელი ზესტაფონში აჩვენეს 2023 წლის ფესტივალის ფარგლებში... ამ ფესტივალზე ჩამოიტანეს რუსთავის თეატრის „შექსპირ-ბადე“ (რეჟ. სოსო ნემსაძე) და დიმიტრი ღვთისიაშვილის „ოტელოს“ თოჯინურ-ადამიანური ვერსიაც, პეტრე ოშხნელის ძალზე დახვეწილი, ავანგარდული მინი-სცენოგრაფიით.
ერთი სიტყვით, „შექსპირი ქართულ სცენაზე“ ერთი კარგი მონოგრაფიის თემაა, რომელიც, თუ დასურათხატებულიც იქნება და ენციკლოპედიური ცნობარის ფუნქციასაც შეითავსებს მუსიკა-მხატვრობა-სცენოგრაფიის აღწერით, პატარ-პატარა ინტერვიუებით მსახიობებთან, რეჟისორებთან, გამოხმაურებებით თეატრის კრიტიკიდან, შესანიშნავი, სქელი სახელმძღვანელო გამოვა და პედაგოგიურ ფუნქციასაც მშვენივრად იტვირთავს.
ვატო ჯუღელის „ჰამლეტი“ კი, ყურადღებას იქცევს, უპირველეს ყოვლისა, ენერგეტიკით. ენერგეტიკულად ძალზე დამუხტული წარმოდგენა შუაში ანტრაქტით, ვიბრირებს, უპირველეს ყოვლისა, ჰამლეტის ფიგურით (მსახიობი კოსტა ფოცხვერაშვილი). სპექტაკლი აგებულია, როგორც მანქანა, მექანიზმი, ერთგვარი საათი ჭანჭიკებით, რომელიც დროის დინებას ჯიუტი და ბრმა გარდუვალობით მიაქანებს არეულობისკენ: რამდენადაც მწყობრია დრო, იმდენადვე აურზაური მეფობს სამეფო კარზე. ჰამლეტის აჯანყება, მისი რევანშის მცდელობა ორაზროვანი თავგანწირვაა მოჟამული, ჭაობის დროის წინააღმდეგ. ამ აზრით, ჰამლეტი მაგონებს ზვიად გამსახურდიას ზვარაკად შეწირულ ფიგურას, რომელსაც სურდა ყოფილიყო „ცოცხალი თევზი“ მღვრიე, მოწამლულ მდინარეში და დინების საწინააღმდეგოდ ეცურა...
თევზის, ცოცხალი თევზის მეტაფორა არსად ისე ხელშესახები არ ყოფილა ჩემთვის სცენიდან, როგორც ზესტაფონში, კოსტა ფოცხვერაშვილის ჰამლეტის სახით. თევზი მაცხოვრის მეტაფორაა, და იმ უბრალო მეთევზეებისაც, იესოს რომ გაჰყვნენ და ირწმუნეს სინათლე... კოსტა ფოცხვერაშვილი ამ ტრაგიკულ კოლიზიას, ამ მტკივნეულ კონტრასტს - ვიღაცამ თავი მიუძღვნა ჭეშმარიტებას, ვიღაცამ თავი მიუძღვნა სინათლეს... - ახორციელებს, ამ სიტყვის პირდაპირი აზრით, თავისი ტანით და სულით. ჰამლეტი ცახცახებს, იგრიხება, იკლაკნება და ძაგძაგებს, და ამაში არაფერია ხელოვნური, არათუ არ გაღიზიანებს, არამედ თანაუგრძნობ და შემოდის შენში, როგორც რაღაც უფრო მეტის ზეგავლენის შედეგი, როგორც ადამიანზე მეხის დარტყმა - მეხდარტყმულობა -, როგორც ხმელეთიდან ამოგდებული თევზის ვიბრაცია ცივსისხლიან ცხოველებს შორის... ეს იმდენად გადამდებია, რომ მთელი დარბაზი რეზონირებს, თითქოს მიწისქვეშა ბიძგებისაგან... თითქოს მიწისძვრა ხდება.
ჰამლეტი აღძრავს იმ ტალღებს, შემდეგ რომლის ფილოსოფიურ-ეგზისტენციალურ საბურველშიც ეხვევა მთელი დარბაზი: ყოფნა-არყოფნის ძალზე ღრმად გააზრებული და ეფექტურად დადგმული სცენა - ჰამლეტი ჩნდება იარუსზე, და ყვირის - „ყოფნა!...“, და ქრება, ისმის სადღაც (ჰამლეტი აღარ ჩანს) ყვირილი - „არყოფნა!...“ და ასე რამდენჯერმე, სხვადასხვა ადგილიდან, სხვადასხვა მხრიდან... და ყოველ ჯერზე, მაყურებელი ატანილია წადილით, მზერით შეიპყროს ჰამლეტი... ახლა საიდან?! და ახლა საიდან?! და ეს ძალზე ამაღელვებელი „დაჭერობანა“ ფლუიდებით ავსებს ახალგაზრდებით სავსე თეატრის დარბაზს... როგორც საშვილოსნოს, ცხოვრების მუცელს, სადაც მაყურებლები - ყოფნა-არყოფნის შვილები, აღმოვჩნდით, და შევყურებთ ჰამლეტის დაბადებას ან აბორტს...
„ყოფნა-არყოფნა პერმანენტულად“ - ასეც შეიძლება ეწოდოს ვატო ჟუღელის „ჰამლეტს“. არა ერთხელ, არამედ რამდენჯერმე, როგორც რამდენჯერმე კვეთა, ხმლის მოქნევა, რომელმაც მინიმუმ ერთი კიდური, სხეულის ერთი ორგანო უნდა ჩამოჭრას...
ენერგეტიკის მიღმა, „ჰამლეტის“ ღირსებაა მისი სტრუქტურა, მე ვიტყოდი ჩახლართული სტრუქტურა, მისი შინაგანი სამი შრე, ერთგვარი „სამი ერთში“: თავად „ჰამლეტის“ შექსპირიანული მემბრანა, რომელშიც ჩაფენილია „რომეო და ჯულიეტასა“ და „მაკბეტის“ ძრავები. ჩემი მტკიცება მკითხველს შესაძლოა ძალზე უცნაური ეჩვენოს, რადგან „ჰამლეტი“, როგორც ასეთი, არანაირ „რომეო და ჯულიეტას“ და „მაკბეტს“ არ შეიცავს. მაგრამ ჩემი აზრით, ვატო ჯუღელის სპექტაკლი სამი ძრავის სინქრონული გუგუნია, და მისი გაძლება, მისი გატარება საკუთარ თავში ძალზე ამაღელვებელი და ინსპირაციულია პროცესია.
ვერ გეტყვით, რეჟისორი ფიქრობდა თუ არა ამაზე, მაგრამ მან ნამდვილად „ჩასვა“ „რომეო და ჯულიეტას“ თანამედროვე, აბერაციული ვერსია თავის „ჰამლეტში“. რომეო - ჰამლეტი და ჯულიეტა - ოფელია. მას არ ეყო ოფელიას თავშეკავებული, ქართულად - კდემამოსილი ყოფნა, მან ის აქცია პაწია ალქაჯად, რომელიც ორსულდება კიდეც ჰამლეტისგან, ხოლო ჰამლეტი ნეგატიურად ატარებს ახალგაზრდა მამის ფუნქციას. თავად ჰამლეტი ორსულია საკუთარი თავში გრძნობებით და იმ „შიზოფრენიით“, მთავარი აღმოჩენა (მამის აჩრდილის მესიჯი) რომ აღუძრავს...
ოფელია, რომელსაც მსახიობი ნინიკო აბესაძე ასრულებს, მეამბოხე ქალიშვილია; სიყვარულის მორწმუნე, ტრფობის მონაზონი - ასე დავარქმევდი მას. მისი სასოწარკვეთის უსაზღვრობა მოწმობს, როგორც მის გულუბრყვილობას, ასევე მის მთელი არსებით მიძღვნას ჰამლეტის მიმართ. მამასთან (პოლონიუსი - მსახიობი თემურ კიკნაველიძე) ის თბილიც არის და თვალთმაქციც. ძმასთან ხელოვნურია, დისტანცირებული. სამაგიეროდ, ჰამლეტთან კარგავს ყოველგვარ დისტანციას და თვალთმაქცობას - გონების ამ ორგანულ ჩვევას. და პასუხად იღებს ნაყოფს მუცელში და ჰამლეტისაგან გულგრილობასა და ცინიზმს.
ჰამლეტის ცინიზმი მსჭვალავს ყველას, ვინც მის შორიახლოს გაივლის. ეს ცინიზმი დრამატული ირონიის ფუნქციას ასრულებს: მაყურებლისთვის ყველაფერი გასაგებია, სხვა პერსონაჟები კი ყველაფერს, როგორც გაუგებარს, ისე იგებენ.
„მაკბეტის“ არქეტიპი ცოცხლდება ჰორაციოს გმირის (მსახიობი ამირან ქაჩიბაია) ინტერპრეტაციაში. ფინალში ვხედავთ, რომ ჰორაციო არა უბრალოდ მეგობარია, არამედ ისაა „პროგრამისტი“, რომელმაც მთელი ჰამლეტის სამყარო დააპროგრამა, ტრაგედია გაათამაშა და ტკბილ-მწარედ ჩაიცინა დახოცილთა გვამებ-ზე.
და კიდევ ერთი ღირსება სტრუქტურულ-ესთეტიკური გადაწყვეტისა სპექტაკლის დასაწყისის ერთობ ნაივური მომენტია. ზევიდან ეშვება დიდი თვალები, დიდი ყური, ჩნდება მექანიზმი (ჭანჭიკებიანი კედელი), რომლის დატრიალებაც სამყაროს ატრიალებს, დროს აჩქარებს, ანელებს, ან უკან გადასწევს. ეს ზღაპრულ-სიმბოლური, მე ვიტყოდი - მითოსურ-ტექნოლოგიური, პირობითობა, ვფიქრობ, რეჟისორს დასჭირდა იმისთვის, რომ მაყურებლის აღქმა იმ ბაზისისკენ მიემართა, რომელზეც სამყარო და ცხოვრება დგას: ესაა ერთდროულად მითოსი (წარმოსახვით-სიმბოლური სფერო) და ტექნოლოგია (მატერიალურ-ძალაუფლებრივი სისტემები). ამდენად, მთელი სპექტაკლი თითქოს სამყაროს (ცხოვრების) წიგნის გადაშლაა, რომელიც მართალია აუნაზღაურებელი დანაკარგებითაა სავსე, აკლია გონება, წინდახედულება, გაგება, მიტევება და თავშეკავება - ადამიანებში ბობოქრობენ ვნებები, როგორც ბუნებაში - ქარიშხლები -, მაგრამ არის სიყვარულიც, არის სინათლეც - მცირე, თუმცა მაინც, წყვდიადისგან მოურეველი. ჰამლეტი შესანიშნავი მოდელია ადამიანის ტანჯვის ფუნდამენტურობის სადემონსტრაციოდ.
შემდგომი ტკბობის წერტილი ამ სპექტაკლში სცენოგრაფია და კოსტუმებია (მხატვარი ხატია დავითაშვილი), განსაკუთრებით - კოსტუმები. სცენოგრაფია გარკვეულწილად ჭადრაკის დაფის სიმკაცრისა და მოძრავი ლეგოს დინამიკის ურთიერთჭიდილშია გადაწყვეტილი. სტატიკური მაგიდა იქცევა თაღოვან სვეტებად და საჭიროებისამებრ ისევ სამეფო სხდომის მაგიდის სახეს იძენს. სცენის უკანა სივრცე დატოვებულია ბობოქარი ინსტინქტებისა და სტიქიების გასალაღებლად. აქ ეშვება გემი იალქნით, აქ მარხავს ოფელიას ეგზოტიკური მესაფლავე (მსახიობი გიორგი გლოველი), აქვე ეუფლება ჰამლეტი ოფელიას. სხვათა შორის, არ შემიძლია არ აღვნიშნო შთამბეჭდავად დადგმული და შესრულებული სექსის სცენები ამ სპექტაკლში. ზოგადად, სექსი სცენაზე ჩემთვის უკიდურესად გამაღიზიანებელია თავისი ხელოვნურობითა და ოდიოზური პათეტიკურობით; მსგავსი სცენები ძირს დაყრილ ვადაგასულ ბურგერებს მახსენებს, რომლებიც მაყურებლებმა რატომღაც უნდა ვჭამოთ, თითქოს ძალიან გვშიოდეს. მაგრამ ვატო ჯუღელის სცენები დადებითად განსხვავებულია. ის არათუ ვარდება სპექტაკლის დახვეწილი ესთეტიკიდან, მეტიც, ამ ესთეტიკის კიდევ უფრო დახვეწილი ვარდის კოკრებივითაა. ამ სცენების ცქერა არათუ არ გაღიზიანებს, არამედ თვალის სიამოვნებას განიჭებს. მსგავსი ადგილები ზუსტად გააზრებული და ზუსტად ჩასმულია სპექტაკლის დინამიკაში და მაყურებლის ემოციურ დინებას საჭირო გარდატეხას შეაწევს. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს რეჟისორმა სპექტაკლი ფსიქოლოგთა ჩართულებით და მათი ინსტრუქციების მიხედვით დადგა (ხომ იყვნენ ქორეოგრაფები, რომლებიც ლოგიკოსებს იშველიებდნენ).
კოსტუმების მიხედვით, სპექტაკლი ორ ნაწილადაა გადაწყვეტილი: „ჩვეულებრივი“ სამოსი, რომელიც აღნიშნავს კულმინაციის საწყისამდე პროცესს, და „ტყავის“ ჩაცმულობა, რომელიც კულმინაციის პროცესის დასაწყისში ჩნდება. ნაჭრიდან ტყავზე გადასვა ნიღბების ჩამოხსნის ეფექტს ჰგავს.
ჰამლეტი კი მუდამ ტყავშია. მისი შავი ტყავის პალტო და შარვალი მას სძენს იმგვარ მიმზიდველობას, რომ უნდა მიეკარო და ვერ ეკარები. ჰამლეტი გაირბენს ხოლმე მაყურებლებს შორის, გაივლის ხოლმე რამპასთან, და ეს ეფექტი მით უფრო ძლიერდება, მაყურებლის ზაფრა იმატებს.
სპექტაკლი იწყება „სატახტო თამაშების“ ალუზიით. მამის აჩრდილის სცენა - მამა (მსახიობი გიორგი გლოველი), თავზე გვირგვინით და გვირგვინში მოელვარე ნამდვილი ცეცხლით, ხელებში მძიმე ჯაჭვებით, სანახაობრივად განსაკუთრებით შთამბეჭდავია, თუმცა ეს სცენა ცოტა იწელება, დინამიკა ეცემა და ეფექტიც ნელდება.
სპექტაკლი ზოგიერთი სცენა ნაკლებად შთამბეჭდავი და საინტერესოა. ეს ეხება ისეთ სცენებს, რომლებშიც ჰამლეტი არ არის. განსაკუთრებით გულდასაწყვეტია თეატრი თეატრში - ჰამლეტის შეკვეთილი სპექტაკლის, ე.წ. „მსახიობების“ სცენის მარცხი. მიუხედავად იმისა, რომ ნიღაბაფარებული არტისტები (ბადრი ტაბატაძე, ნინო აბესაძე, ნანუკა ისიანი, მარეხ აბესაძე), შავ ლაბადებში თითქოს რაღაც „იაპონურს“ შემოგვთავაზებენ, სინამდვილეში თითქმის „არაფერი ხდება“ და ერთი სული გაქვს, ეს სცენა დასრულდეს. როგორც ჩანს, რეჟისორს არ ეყო დრო ამ სცენის დასამუშავებლად (სპექტაკლი ფესტივალისთვის საგანგებო რეჟიმში მომზადდა), ესთეტიკური თვალსაზრისით ის საკმაოდ მნიშვნელოვანია მთელი სპექტაკლის მიმართ მაყურებლის განწყობის გასაძლიერებლად და აღქმის გასაფერადებლად.
ამის საპირისპიროდ, დადებითად უნდა შეფასდეს საბრძოლო და ფარიკაობის სცენების მომზადება ამირან ქაჩიბაიას მიერ, მინიმალური „ჭუჭყით“. ასევე უნდა ითქვას ისიც, რომ ყოველი პერსონაჟი მუსიკალური ნოტივით უნიკალური ექოს მქონეა, ყოველი მათგანი გამახსოვრდება და ერთიანობაში გარკვეულ ჟღერადობასავით აღიქვამ. ეს ითქმის ლაერტზე (მსახიობი ალექსანდრე ტაბახმელაშვილი), პოლონიუსზე (მსახიობი თემურ კიკნაველიძე), ჰერტრუდაზე (მსახიობი ინგა კაკიაშვილი), როზენკრაცსა (ზურა აბესაძე) და გილდესტერნზე (გია საგინაშვილი).
სპექტაკლი მთავრდება, მაგრამ მაყურებლის ოვაციები არ წყდება. გინდა, რომ გაგრძელდეს (ტრაგიკული) შეძახილი: „დიდება ჰამლეტს!“ და ჰამლეტის - „ყოფნა!“.... „არყოფნა!“....