top of page

დიდი რაოდენობით ზიზღი და ცოტაოდენი სიყვარული

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

​​

დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის

სამინისტროს მიერ.

430773628_420253353723275_235013608170048673_n.jpg

თამთა ქაჯაია

დიდი რაოდენობით ზიზღი და ცოტაოდენი სიყვარული

 

ირლანდიელი წარმოშობის მარტინ მაკდონამ „ლინეილის სილამაზის დედოფალი“ საკუთარი დედის მონათხრობ ამბავზე, ზუსტად ერთ კვირაში დაწერა. დედამისი ლონდონში დამლაგებლად მუშაობდა, სადაც ნაციონალისტურ გამონათქვამებსა და უხეშ მოპყრობას ხშირად აწყდებოდა, (იმდროინდელ ლონდონში ირლანდიელებს არ სწყალობდნენ), რაც ასახულია პიესაში. ქალაქის თეატრში ახალგაზრდა რეჟისორის დავით თარბას სპექტაკლის „ლინეილის სილამაზის დედოფალი“ პრემიერა გაიმართა. ტექსტზე ქეთევან სამხარაძემ და ანა გოგიშვილმა იმუშავეს, სცენოგრაფი  კი აჩიკო შამახია გახლავთ. დარბაზში შესვლისთანავე ნახევრად გამურული, გაშავებული, მბჟუტავი დაბალი განათება და გადამწვარი სახლი  დამამძიმებელ ატმოსფეროს ქმნის. სკამი, მაგიდა, ნახევრად დამწვარი კედლები და წითელი კარი ამართლებს ციტატას პიესიდან „სამოთხეში იქამდე შეგესწროს, ვიდრე ეშმაკი შენს სიკვდილს გაიგებდეს!“. წითელი ფერის კარი გასასვლელია - სახლიდან გაქცევა უდრის გადარჩენას.

ტალახიან, ქვა-ღორღიან ციცაბო აღმართზე, ხის კენწეროში, როგორც ზღაპრებში, მიუვალ ადგილას არის სახლი, სადაც ბოროტ დედაბერს (ქეთევან ცხაკაია) დატყვევებული ჰყავს ახალგაზრდა, ლინეინის სილამაზის დედოფალი - მორინი (ანი იმნაძე). პიესის ნარატივი  საბავშვო ანიმაციის გმირის, პრინცესა რაპუნცელის  ისტორიას მოგვაგონებს, რომელიც კოშკში გამოამწყვდიეს და გარე სამყაროს შიში ჩაუნერგეს, როგორც მორინს.

„ლინეილის სილმაზის დედოფალი“ ტრილოგიის პირველი ნაწილია (თავის ქალა კონემარაში, მარტოსული დასავლეთი). სამივე პიესაში მოქმედების ადგილი ირლანდიაა, ასევე მეორდება  მღვდლის პერსონაჟი/სახელი „მამა უელში“.  [....] „თუმცა ეგ მამაო ასეთი არ არის. მამა უელში, როგორც წესი, ეგეთ უხეშობას იშვიათად მიმართავს ხოლმე... წამოთაქება უფრო ასაკოვანებს უყვართ ხოლმე“. „მარტოსულ დასავლეთში“  მოძღვარი ადგილობრივი კათოლიკე მღვდელია, რომელიც ძმების ურთიერთობს დაბალანსებას ცდილობს. ალკოჰოლზე დამოკიდებული და რელიგიური რწმენის წარმომადგენლად გვევლინება მამა უელში, რითაც დრამატურგი ერთგვარად აკნინებს მის ფუნქციას. დაძაბული და მშფოთვარე ურთიერთობები სიუჟეტების თანმდევი ტრაგედიის ნარევია. პერსონაჟების კომუნიკაცია დამყარებულია როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ ძალადობაზე. სამივე პიესა მარტოობის, უსიყვარულობის და  პატიების თემებს ეხება. ერთი პატარა ოთახი, დედა-შვილი და დაძაბული სიტუაცია საინტერესო სიუჟეტს ქმნის, სადაც ადამიანის სულის სიღრმის განცდები უფრო მეტია -გმირებს წასასვლელი არსად აქვთ.

პიესის დაწერიდან (1996) დღემდე ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ არ შეცვლილა თემების აქტუალობა, ეგზისტენციალური კრიზი კლაუსტროფობიულ კარჩაკეტილობას წარმოშობს. დედა-შვილის ურთიერთობა უხილავი ჯაჭვით არის გადაბმული ერთმანეთზე, სადაც მორინის ყოფნა ამ სამყაროში განისაზღვრება დედაზე მცირე გამარჯვებებით. მათი ურთიერთობა იკვებება ერთმანეთის სისუსტეების აღმოჩენით. რეჟისორი სპექტაკლს მტკივნეული პათოსით აგებს, სიბრაზის, აგრესიის და ძალადობის მომენტები შემსუბუქებულია შავი იუმორით, ამით კი სპექტაკლი ამოსუნთქვის საშუალებას იძლევა. რთულია მოახერხო და შეძლო დაძაბულ, ფსიქოლოგიურ დრამაში მაყურებელი გააცინო, ეს ყველაფერი რეჟისორულ ოსტატობას და ინტელექტს მოითხოვს, რასაც უმკლავდება დავით თარბა.

ზედაპირულად თუ შევხედავთ გმირებს, ერთი შეხედვით მეგი და მორინი არ არიან „კარგი“ ადამიანები, ისინი ჩაკეტილნი არიან თავიანთ გასაჭირში, სადაც მეგი საკუთარ იმედგაცრუებას გრაფიკულად სამზარეულოს ნიჟარაში აფრქვევს (შარდს სამზარეულოს ნიჟარაში ღვრის). რეალისტური დრამა -ზრდასრული ქალიშვილის ოცნებებს დედის მოთხოვნები ახშობს. ქეთი ცხაკაიას კოსტიუმი (მხატვარი - გვანცა ჯავახიშვილი) უტრირებულად გასუქებულია, და ჰარმონიულად ერწყმის მეგის პერსონაჟს. მსახიობმა, რეჟისორთან ერთად ბეწვის ხიდზე გაიარა, მოირგო მძიმე კოსტიუმი. გაითავისა ბუნებრივად, და დააჯერა მაყურებელს, რომ ნამდვილად ასეთია. თეატრში დეკორატიულია არა მხოლოდ რეკვიზიტები, სცენის არქიტექტურა და თავად თეატრი, არამედ მსახიობის მიმიკა, მოძრაობა, ჟესტი და პოზები. გამომსახველობა დეკორატიულობის საშუალებით მიიღწევა, არ იქნება ხმამაღალი თუ ვიტყვი, რომ ქეთი ცხაკაიამ მაღალი სამსახიობო ოსტატობით გაართვა თავი ყოველივეს. მისი თითოეული ქმედება, მოძრაობა დამაჯერებელია, და მსახიობი სრულიად გარდასახულია. ქეთი ცხაკაიას „თამაშში“ არ იგრძნობა თამაში, მან მოიშორა ყველა წინააღმდეგობა, დაბრკოლება და გონებითა და სხეულით დაემორჩილა იმპულსებს, რამაც შექმნა მეგის ბუნებრივი პერსონაჟი.

ანი იმნაძე სრულფასოვან პარტნიორობას უწევს ქეთი ცხაკაიას. იქ ქმნის ახალგაზრდა ქალის სახეს, რომელიც დედის მსხვერპლია. ყველანაირი გადაჭარბებული პათეტიკისა და ემოციების გარეშე გადმოსცემს გმირის ხასიათს. ორი საათის განმავლობაში ქეთი ცხაკაია და ანი იმინაძე აგებენ დიალოგებს, ისე, რომ არ იყოს მოსაწყენი მათი პარტნიორობა მაყურებლისთვის. სპექტაკლში ჩანს, რომ რეჟისორმა მსახიობები დააკავშირა პიესას და რომლებმაც გაიაზრეს  გმირების ტრაგიკულობა.

პატო დული (ირაკლი ჩხიკვაძე) პიესაშიც და სპექტაკლშიც მორინის ერთადერთი იმედი და გაქცევის საშუალებაა იმ ჯოჯოხეთიდან სადაც ცხოვრობს. ირაკლი ჩხიკვაძე ანი იმნაძესთან ერთად ქმნის დასამახსოვრებელ წყვილის სახეს. სრულიად გათავისებული აქვს გმირის ხასიათი რაც იგრძნობა სცენაზე. რეი დული (ნიკოლოზ ჯაფარიძე) ნაკლებად გამოცდილი მსახიობია (სტუდენტი), მისი გადაზედმეტებული ემოციურობა მანევრული და პათეთიკურია, რაც სამომავლოდ დროსთან და გამოცდილებასთან ერთად გამოსწორდება.

დღეს, როდესაც ასეა აჩქარებული დრო, რთულია „დაიჭირო“ მაყურებელი, ააგო დიალოგები და პარტნიორი მსახიობები დააყენო სცენაზე. რა არის თეატრი? რიგითი მაყურებლისთვის ყოველი სპექტაკლი საკუთარ თავთან შეხვედრის და შეცნობის მცდელობაა,  საკუთარი თავის გამორკვევის. საკუთარი სტერეოტიპებისგან განთავისუფლების და გააზრება, რომ რომელიმე ჯგუფს არ მიეკუთვნები. სპექტაკლის განმავლობაში შეიძლება რამდენიმე გმირის თვისებები გაითავისო და ბოლოს მიიღო ის ქაოსი, რომელიც ერთ დღეში არ დამთავრდება. იშვიათია სპექტაკლები, რომლებიც დიდხანს მამახსოვრდება და მიმყვება პერსონაჟები, გმირები, დეკორაცია, მუსიკა და ა.შ. სპექტაკლები, რომლებიც მაღელვებს/მაფიქრებს... სწორედ ასეთი სპექტაკლი აღმოჩნდა დავით თარბას „ლინეილის სილამაზის დედოფალია“.

bottom of page