„დონ ჟუანი“ ცირკის არენაზე
სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის
„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში
.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.
მაია კიკნაძე
„დონ ჟუანი“ ცირკის არენაზე
დამოუკიდებელი თეატრალური კომპანია „ხვლიკი“ -ს ხელმძღვანელისა და
რეჟისორის, საბა ასლამაზაშვილის სპექტაკლი „დონ ჟუანი“ ფართო საზოგადოების ყურადღების ცენტრში, მაშინვე მოექცა როდესაც დაანონსდა მისი წარმოდგენა. სპექტაკლი რეჟისორმა მხოლოდ ერთი დღისთვის დადგა, რამაც თეატრალური საზოგადოებისა და მაყურებლის ინტერესი გამოიწვია. ცირკის შენობაში, გადაჭედილი დარბაზი, მოუთმენლად ელოდა რაღაც ახალს. განსაკუთრებით, კი თეატრალები, რომელთა შორის ალბათ სკეპტიკოსებიც იყვნენ და პროფესიული ცნობისმოყვარეობით ადევნებდნენ თვალყურს სპექტაკლის მსვლელობას.
„ერთ დღიან რიტუალს“, როგორც თავად რეჟისორმა უწოდა, კიდევ მეტი ინტრიგა (თუ არა გადამწყვეტი) შესძინა სპექტაკლის გამართვის ადგილმა. კლასიკური პიესის ნახვა და ისიც ცირკში უახლეს ქართულ სათეატრო სივრცეში ნამდვილი სიახლეა. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ თეატრის ისტორია, ამგვარ პრაქტიკას დიდი ხანია იცნობს. მაგ. რაინჰარდტის დადგმული სპექტაკლი ბერლინის შუმანის ცირკში. (1911 წელს დადგა ჰოფმანსტალის პიესა „Iedermann”), საქართველოშიც იყო ამგვარი მცდელობა, როდესაც ესიკოვსკის ცირკში 1915 წელს განხორციელდა სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე,“ალექსანდრე იმედაშვილის მონაწილეობით. (სპექტაკლი რაინჰარდტის მიერ დადგმული ჰუგო ფონ ჰოფმანსტალის „ოიდიპოს მეფის“ მიხედვით წარმოადგინეს, რომელმაც თავის დროზე დიდი როლი ითამაშა „სცენა არენას“ ათვისებაში და ა.შ). ასეა თუ ისე, საცირკო მოედანი ქართველი რეჟისორებისთვის მაინც საექსპერიმენტო ადგილად რჩება, რაშიც არის ალბათ მისი მიზიდულობის ძალა. მით უფრო ეს ეხება ახალგაზრდა რეჟისორ საბა ასლამაზიშვილს, რომელიც მუდამ საკუთარი თავის ძიებაშია და არ ერიდება ახალ-ახალ ექსპერიმენტებში ჩართვას, ახალი სათეატრო ენითა და ესთეტიკით საუბარს. არ არის გამორიცხული, რომ ამგვარი გადაწყვეტა, რეჟისორისთვის გარკვეული გამოწვევაც იყო და თავის თავში დარწმუნების მცდელობაც, რაც ზოგადად ახალგაზრდა ხელოვანის თვისებაც არის. თუმცა მხოლოდ გაბედულება და ახალი ფორმების ძიებისკენ სწრაფვა, არ იძლევა წარმატების გარანტიას.
რეჟისორ საბა ასლამაზიშვილის სპექტაკლებს კარგად იცნობს საზოგადოება, ცნობილია, მისი სარეჟისორო ხელწერა, რაც პირველ რიგში სივრცისადმი მის დამოკიდებულებაში ვლინდება. რეჟისორის სწრაფვა ალტერნატიული სივრცეების ძიებისა, ჯერ კიდეც პანდემიის პერიოდიდან დაიწყო, რომელიც დღემდე გრძელდება. სასაფლაო, მიწის ქვედა ადგილი თუ ცირკი... საინტერესოა რა იქნება შემდეგ? ...
საბა ასლამაზიშვილის სპექტაკლი „დონ ჟუანი,’’ მოლიერის პიესის „დონ ჟუანი ანუ ქვის სტუმარი’’ და პუშკინის პიესის „ქვის სტუმარი“ მიხედვით არის წარმოდგენილი. ჟან -ბატისტ მოლიერის პიესის „დონ ჟუანის“ ძირითად თემას, პუშკინის პიესიდან აღებული გარკვეული დეტალები ავსებენ, ეს ეხება პირველ რიგში დონა ანას პერსონაჟს, რომელიც დონ ჟუანს თავის მიზნებისთვის სჭირდება.
მოლიერი ქართული თეატრისთვის ყველაზე ახლობელი დრამატურგია, მე-19-ს-ის 30--იანი წლებიდან მოყოლებული, ის თითქმის ყველა თეატრში იდგმებოდა, მაგრამ მიუხედავად ბევრი მცდელობისა, მიხეილ თუმანიშვილის „დონ ჟუანი“დღემდე გამორჩეულ სპექტაკლად რჩება.
პიესაში წარმოდგენილი თემები: ფარისევლობა, საზოგადოების მანკიერების მხილება, მოჩვენებითი ღვთისმოსაობა, სილაჩრე, ვაჟკაცობა თუ საკუთარი ღირსების დაცვა, სპექტაკლისგან განსხვავებით, კომედიურ ჟანრშია გადაწყვეტილი, სადაც სატირას და სარკაზმს გარკვეული ადგილი ეთმობა.
სპექტაკლის მოქმედება საცირკო არენაზე ვითარდება, რომელიც წრიულად ბადეშია გარშემორტყმული და მოსათვინიერებელი ცხოველების ადგილის ასოციაციას იწვევს. ამავე დროს გამოიყენება ზედა იარუსიც, სადაც რამდენიმე ეპიზოდია წარმოდგენილი (მხატვარი-ბარბარა ასლამაზი).
სპექტაკლის ცენტრალური ფიგურა დონ ჟუანია. ლადო ვაშაკიძის დონ ჟუანი ნაივური, ხისტი, იმპულსური, გაუწონასწორებელი, უპასუხისმგებლო, ამავე დროს სიცოცხლისმოყვარე ტიპია. ამ პრიზმიდან უყურებს ცხოვრებას. ის აპროტესტებს ყველაფერს, რაც მის თავისუფლებას თრგუნავს. თუმცა სპექტაკლში ბოლომდე ძნელია გაიგო მისი ბუნება. თითქოს არც მექალთანეა, არც რომანტიკოსი, არც მომხიბვლელია და ენაწყლიანი, ამიტომ გიჭირს გაუგო დონა ანას (ენდი ძიძავა), თუ რატომ ნებდება კაცს, რომელმაც ქმარი მოუკლა. მსახიობმა ვაშაკიძემ, მოახერხა საკუთარი დონ ჟუანის შექმნა, რომელიც არავის არ ჰგავს და კარიკატურულ პერსონაჟს ჩამოჰგავს. დონ ჟუანი სამყაროს ცირკად აღიქვამს, რაზედაც მიანიშნებს მისი ატრიბუტი- მათრახი, რომელსაც აქეთ იქით იქნევს. მისი გარეგნობა, ჩაცმულობა და გრიმი კი შუა საუკუნეების თოჯინური თეატრის პერსონაჟს მაგონებს.
კომანდორი გივიკო ბარათაშვილის შესრულებით, საინტერესო სახეა, ის პირველად ტოგაში გამოწყობილი ჩნდება ცირკის მოედანზე. აუჩქარებელი ნაბიჯით, წრეს შემოივლის და იმპერატორული სიდინჯით ესალმება საზოგადოებას. შემდეგ ნელი სვლით ადის კიბეზე, თეთრ ტოგას ჩამოაფარებს და იმპერატორის ქანდაკებასავით პიედესტალზე აღიმართება. მოგვიანებით (დონ ჟუანსა და დონა ანას ეპიზოდი) კი კიბიდან ჩამოდის, იქაურობას ანგრევს და დონ ჟუანს სანახაობას- „ცირკს ცირკში“ უდგამს. დონ ჟუანი კი მის ბადეში ებმება. ეს ეპიზოდი სპექტაკლში ყველაზე საინტერესოდ არის წარმოდგენილი და მაყურებელზე გარკვეულ შთაბეჭდილებას ახდენს. აქ არის რიტმი, მუხტი, რომელიც მთლიანობაში აკლია სპექტაკლს.
მონოტონურობა (განსაკუთრებით ეს ეხება დიალოგს დონ ჟუანსა და სგანარელს შორის), არ არის სპექტაკლის ერთადერთი ნაკლი. სპექტაკლს არ აქვს ერთიანობა, მართალია ნაწყვეტ-ნაწყვეტ შეიძლება ეპიზოდების წაკითხვა, მაგრამ მთლიანობაში ვერ ხერხდება სცენების ლოგიკური გადასვლა. ამას ისიც ემატება, რომ საუბრის დროს იკარგება ტექსტის შინაარსიც, რასაც ვერ დააბრალებ მსახიობებს, ვფიქრობ ეს უფრო მასშტაბური სივრცის ბრალია, სიტყვები ჰაერში იფანტება და გიჭირს ერთიანი შინაარსის აღქმა. (ტექსტი, მათთვის უფრო ძნელი გასაგები იქნება, ვინც არ იცნობს პიესას).
ერთადერთი რაც სპექტაკლში ნათელად არის გამოკვეთილი, ეს რელიგიური ხაზია, რომელიც მთელ სპექტაკლს ფონად გასდევს. ცხადია, რომ რეჟისორი რელიგიურ ფანატიზმს დასცინის და დონ ჟუანის ცინიზმს იზიარებს ღვთისმოსავთა მიმართ, რაც სხვადასხვა სცენებშიც ვლინდება. მაგ. /სგანარელის გადაქცევა წმინდანის ქანდაკებად, რომლის წინაშეც ლოცულობს დონ ჟუანი/. ვერ იტანს რა ფარისევლებს, დონ ჟუანი გულუხვიც არის იმათ მიმართ, ვისაც ჭეშმარიტი რელიგიური გრძნობები ამოძრავებს. /შეხვედრა მათხოვართან/. რელიგიურ თემებს სპექტაკლში ერთვის ცოცხალი მუსიკა „ავე მარია“, რომელსაც მშვენივრად ასრულებს კონსერვატორიის სტუდენტი ნათია ივანეიშვილი.
სპექტაკლი სგანარელის შემოსვლით იწყება და სგანარელის ეპიზოდით მთავრდება. მსახურ სგანარელს, სპექტაკლში ქალი მსახიობი (ქართულ სცენაზე, ამ როლს პირველად თამაშობს ქალი) მარიამ ბალახაძე განასახიერებს, რომელიც გარეგნულად ცირკის მსახიობს უფრო ჰგავს. მარიამ ბალახაძე ახერხებს თავისი შესაძლებლობების გამოვლენას. აქვს პლასტიკა, მეტყველებს მკაფიოდ. დონ ჟუანთან ურთიერთობაში სიფრთხილეს იჩენს, მისი ეშინია კიდეც, მაგრამ მთავარი ფულია, რის გამოც მის „უღმერთობას“ ითმენს. როდესაც დონ ჟუანი კვდება, თავის მხოლოდ დაკარგულ ჯამაგირს მისტირის და ცირკის მსახიობივით ცაში დაკიდებული რგოლიდან საქვეყნოდ ყვირის თავის გასაჭირზე „ჩემი ჯამაგირი“...
სპექტაკლი არ არის გადატვირთული საცირკო ელემენტებით, არც საცირკო სანახაობისთვის დამახასიათებელი გარეგნული ეფექტებია. რეჟისორმა, კლასიკურ პიესაში მეტი ყურადღება ტექსტს და სივრცეს მიანიჭა, რაზეც უკვე მოგახსენეთ. თუმცა ფორმის გარდა, აზრი და იდეაა არის მნიშვნელოვანი. შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოს /ან პირიქით/, მაგრამ ჩემის აზრით, სპექტაკლს იდეის, აზრის ნათლად და თანმიმდევრული გამოხატვა აკლია.
სპექტაკლში ძირითადი ხაზი დონ ჟუანისა და კომანდორის სახეების დაპირისპირებაშია. კომანდორის-/ანუ იმპერატორის, ძალაუფლების/ და დონ ჟუანის, როგორც თავისუფლების მოყვარე ადამიანის. მაგრამ ეს დაპირისპირება, რომელიც ჩანს, რომ პირადულია არ არის იდეაზე, მსოფლმხედველობაზე დაფუძნებული, ამდენად ბუნდოვანია და ზედაპირული.
რეჟისორმა ერთ-ერთ გადაცემაში განაცხადა, რომ მაყურებელმა დონ ჟუანისა და კომანდორის ფასეულობები უნდა შეადაროს ერთმანეთს და შემდეგ გააკეთოს არჩევანი, ვისი გზაა სწორი. მაყურებელს თუ მოეთხოვება არჩევანის გაკეთება, რეჟისორს კი მათი ფასეულობების მკაფიოდ და ნათლად გამოხატვა..
P.S ყოველი სპექტაკლი მსახიობისა და რეჟისორისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია, გარკვეულად ექსპერიმენტიც, ვინაიდან მუშაობა შემოქმედებითად გზრდის და გამოცდილებას გმატებს.
წარმატება მინდა ვუსურვო რეჟისორ-საბა ასლამაზიშვილსა და მის დამდგმელ ჯგუფს: (მხატვარი - ბარბარა ასლამაზი, კომპოზიტორებს - კონსტანტინე ეჯიბაშვილსა და ვახტანგ გვახარიას. მსახიობები: ვლადიმერ ვაშაკიძე, მარიამ ბალახაძე, ანიკო შურღაია, ენდი ძიძავა, გივიკო ბარათაშვილი, გიორგი მაქაძე, თორნიკე კაკულია, გაგა არაბული, ლუკა ახალაძე, ანდრია ვაჭრიძე, კონსტანტინე ეჯიბაშვილი. პროექტის მენეჯერი: ია კელერმანი), რომელთაგანაც მომავალში ბევრ საინტერესო სიახლეებს ველი.