დონ კიხოტი საქართველოდან
სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის
„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში
.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.
ლაშა ჩხარტიშვილი
დონ კიხოტი საქართველოდან
ასე ერქმევა საიუბილეო წიგნი-ალბომს, რომელსაც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მიმდინარე წლის ბოლოს გამოსცემს ცნობილი ფოტოხელოვანის ირინა აბჟანდაძისა და ჩემი თანაავტორობით. გამოცემა რეჟისორ ვასო ჩიგოგიძის 70 წლის იუბილეს მიეძღვნება და საზოგადოება მას სულ სხვა კუთხით გაიცნობს. არადა ვასო ჩიგოგიძეს, როგორც პერსონას იმდენი წახნაგი აქვს, რომ მისი სრულად დაფარვა ერთ კრებულში შეუძლებელი იქნება. გამოცემის სახელწოდება სპონტანურად დაიბადა რეჟისორის მეუღლესთან ქალბატონ მარიანა სლენიენესთან საუბრისას, რომელმაც ვასიკოს დონ კიხოტი საქართველოდან უწოდა. დიახ, ვასო ჩიგოგიძე დონ კიხოტს ჰგავს, ოღონდ ქართველს, გურული თვისებებით, კოლორიტითა და იუმორით. ამ მსგავსებას სერვანტესის რომანტიკოს გმირთან თავადაც ხედავს. ალბათ ამიტომაც არის დონ კიხოტების მცირე ფორმის ქანდაკებების კოლექციონერი, ალბათ ერთადერთი საქართველოში.
რამდენჯერ მსმენია სათეატრო წრეებში სხვადასხვა თეატრის მსახიობთაგან: „ნეტა ჩვენც გვყავდეს ასეთი სამხატვრო ხელმძღვანელი...“, თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელებისგანაც მომიკრავს ყური წარმოთქმულ ფრაზაზე: „სამხატვრო ხელმძღვანელი უნდა იყოს ასეთი, ნეტა მეც შემეძლოს...“, კრიტიკოსებსაც არაერთხელ აღუნიშნავთ ვასო ჩიგოგიძის განსაცვიფრებელი მენეჯერული უნარები. ამ მხრივ ვასო ჩიგოგიძე გერმანე გოგიტიძეს (პირველ ქართველ კინო პროდიუსერს) მაგონებს, რომელსაც ჰქონდა კომუნიკაციის განსაკუთრებული უნარები, მოხერხებულობა და ფხაც, გნებავთ ავანტიურის უნარი (ყველაზე პოზიტიური გაგებით).
70 წლის რეჟისორი, ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის დამფუძნებელი კვლავაც ფორმაშია, ისეთივე ენერგიული და ექსცენტრულია, როგორც 24 წლის ასაკში, როცა ახალბედა რეჟისორმა, სიმპათიურმა და ქარიზმატულმა ბიჭმა ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრი ჩაიბარა სამართავად. რა დასამალია და, რთულია გურულმა კაცმა სამეგრელოს მთავარ თეატრს უხელმძღვანელოს, ისე, რომ რეჟისორი არათუ თეატრიდან გაეძევებინათ (როგორც, თითქმის ყოველთვის, ხდებოდა საბჭოთა ეპოქაში), არამედ მის მიმართ კეთილგანწყობა, პატივისცემა და სიყვარული შეენარჩუნებინა დასს დღემდე.
ვასო ჩიგოგიძის შემოქმედებითი მოღვაწეობა (მიუხედავად იმისა, რომ ის სანდრო მრევლიშვილთან ერთად, თბილისში პირველი მუნიციპალური ახალგაზრდული მეტეხის თეატრის რეჟისორი და თანადამფუძნებელი იყო) ძირითადად ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს უკავშირდება. ისიც ფაქტია, რომ ოზურგეთის, მაშინდელი მახარაძის თეატრის წარმატება (მათ შორის, საერთაშორისო ასპარეზზე) სწორედ ვასო ჩიგოგიძის სახელთანაა დაკავშირებული, რაც განპირობებული იყო არა მხოლოდ წარმატებული სპექტაკლების განხორციელებით, არამედ თეატრის საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანითა და მისი პოპულარიზაციით.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერიოდი ოზურგეთის თეატრში 1975 წლიდან იწყება, როდესაც თეატრში მოღვაწეობა დაიწყო თბილისის შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის კურსდამთავრებულმა ვასო ჩიგოგიძემ, გამოჩენილი რეჟისორის და პედაგოგის დიმიტრი ალექსიძის მოწაფემ. დიპლომანტმა ოზურგეთის თეატრში ვასილ შუკშინის სატირული მოთხრობა „ენერგიული ადამიანები“ დადგა. სპექტაკლს ფართო გამოხმაურება მოჰყვა პრესაშიც და საზოგადოებაშიც. სპექტაკლი გამოირჩეოდა დახვეწილი მიზანსცენებით, ნაწარმოების ორიგინალური გააზრებით, ჟანრის ზუსტი გრძნობით და სამსახიობო ანსამბლით. სპექტაკლში მსახიობებმა ორიგინალური ტიპაჟები და საინტერესო მხატვრული სახეები შექმნეს. „ენერგიული ადამიანების“ დადგმით გამდიდრდა თეატრის რეპერტუარი. ვასილ ჩიგოგიძის დებიუტს თეატრში გამოეხმაურა თეატრმცოდნე გუბაზ მეგრელიძე ჟურნალში „თეატრალური მოამბე“. კრიტიკოსი აღნიშნავდა, რომ მახარაძის თეატრი გულითადად შეხვდა ახალგაზრდა რეჟისორს ვასილ ჩიგოგიძეს, რომელმაც სულ ახლახან დაამთავრა თეატრალური ინსტიტუტი და ოცნებებით აღსავსე მივიდა თეატრში. „ჯერჯერობით ჩვენ ვერ ვიტყვით თუ რას მისცემს იგი თეატრს, რამდენად გამოადგება მას, მაგრამ ვასო ჩიგოგიძეს ამთავითვე გააჩნია ერთი კარგი თვისება - მას სურს იმუშაოს, მას შრომა სურს. ეს კი ცოტას როდი ნიშნავს.“ მართალი აღმოჩნდა კრიტიკოსი, როცა წერდა, მის ორ უნარზე: შრომისმოყვარეობასა და მოუსვენრობაზე. მისი თერგივით მოუსვენრობა გამაღიზიანებელიც კი არის ზოგჯერ, მაგრამ ეს მისი იდენტობის ნაწილია და ამიტომაც არის გამორჩეული სხვებისგან.
რეჟისორ ვასო ჩიგოგიძის სახელთანაა დაკავშირებული ეგნატე ნინოშვილის მოთხრობების სცენური ინტერპრეტაციები და ნოდარ დუმბაძის შემოქმედების პოპულარიზაცია უცხოეთში. გიგა ლორთქიფანიძის შემდეგ, ვასო ჩიგოგიძე პირველია, ვინც ყველაზე მეტი და ყველაზე მეტჯერ განახორციელა სცენაზე ნოდარ დუმბაძის პროზა საქართველოში თუ უცხოეთში (განსაკუთრებით ლიეტუვაში), მანვე პირველმა აქცია სულიერ, მოლაპარაკე არსებებად ნოდარ დუმბაძის მოთხრობების პერსონაჟები: მურადა, ფაქიზო თუ თხა... ნოდარ დუმბაძის სიცოცხლეში, მისი თანამონაწილეობით შეიქმნა გიგა ლორთქიფანიძის სპექტაკლები, რომელმაც დიდი პოპულარობა მოიპოვა. ამავე პერიოდში იგივე ნაწარმოებების დადგმა იყო დიდი რისკი, მაგრამ ვასო ჩიგოგიძემ გაბედა. მის მიერ აბსოლუტურად გამართლებული და სწორი ნაბიჯი იყო ახალი სცენური ვერსიის შექმნის აუცილებლობა, რომელზედაც მან კოტე ნინიკაშვილთან ერთად იმუშავა. სწორედ ახალმა ინსცენირებამ მას თავიდან ააცალა, მინიმუმამდე დაიყვანა გამეორების ან გავლენის საფრთხეები.
ვასო ჩიგოგიძის ინიციატივით ჩაეყარა საფუძველი მაშინდელი მახარაძის თეატრისა და მოსკოვის სამხატვრო თეატრის შემოქმედებით მეგობრობას. ამ მეგობრობის ერთ-ერთი შედეგი იყო ოზურგეთის თეატრში სამხატვრო თეატრის რეჟისორის ვლადიმერ სალიუკის მოწვევა, რომელმაც ა. ოსტროვსკის პიესა „უდანაშაულო დამნაშავენი“ დადგა. სპექტაკლში კრუჩინინას როლი შეასრულა სამხატვრო თეატრის მსახიობმა სვეტლანა კორკოშკომ. წარმოდგენა ორ ქართულ და რუსულ ენებზე მიმდინარეობდა. სპექტაკლი წარმატებით იქნა ნაჩვენები თბილისსა და მოსკოვში სამხატვრო თეატრის სცენაზე. ოზურგეთის თეატრის დებიუტს მოსკოვში თავისი წინაპირობა ჰქონდა. მახარაძის (ამჟამად, ოზურგეთის) რაიონის სოფელ შემოქმედში გაიხსნა ცნობილი საბჭოთა რეჟისორის, მოსკოვის სამხატვრო თეატრის ერთ-ერთი დამაარსებლის ვლადიმერ ნემიროვიჩ-დანჩენკოს მემორიალური სახლ-მუზეუმი (ახლა მუზეუმში დედათა მონასტერია), რამაც ერთმანეთთან დააახლოვა ოზურგეთელები და სამხატვრო თეატრი. ამ ხნის მანძილზე მოსკოველი მსახიობები არაერთხელ ესტუმრნენ გურიას.
1987 წელს ვასილ ჩიგოგიძის მიერ დადგმულმა სპექტაკლმა „მე ვხედავ მზეს“ (ნოდარ დუმბაძისა და გიგა ლორთქიფანიძის სცენური ვერსიის მიხედვით) დიდი წარმატება მოუტანა რეჟისორს. თეატრის კრიტიკოსი ვაჟა ბრეგაძე ჟურნალში „თეატრალური მოამბე“ (N5) წერდა: „ვასო ჩიგოგიძე მეტად ფაქიზად, მოკრძალებით, რიდით მოეკიდა ავტორისეულ ტექსტს და სიმართლით, ადამიანური სითბოთი გამსჭვალული პიესა გააცოცხლა ასეთივე უბრალოებით, სიყვარულით, ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებთა სადადგმო ტრადიციების ერთგულების ნიშნით. ზედმიწევნით გაამახვილა ყურადღება გურიის სოფლის კოლორიტის შენარჩუნებაზე, უმნიშვნელო დეტალებიც კი, რაც საბოლოო ჯამში ერთად აღებული, ქმნის საერთო სურათის სრულყოფილებას, მისხალ-მისხალ არის აკინძული, გააზრებული და პერსონაჟთა სცენურ ქმედებასთან ორგანულადაა დაკავშირებული.“, გამორჩეული თეატრმცოდნე ნათელა ურუშაძე კი სპექტაკლის შესახებ წერდა: „ვასო ჩიგოგიძის დადგმა არაა რაიონის დონის სპექტაკლი, ბევრად აჭარბებს მას მხატვრულად დამუშავებული გამომსახველობითი ხერხებით. გასახარია, რომ წლებთან ერთად ახალგაზრდა რეჟისორი შემოქმედებითად გაიზარდა. მოსაწონია თეატრის მისწრაფება ქართული მწერლობის საუკეთესო ნიმუშებისადმი. მის მიერ ნაწარმოების მიგნებასთან ერთად შენარჩუნებულია ამავე ნაწარმოების ძირითადი იდეა, აზრი, დანიშნულება, მისი ხილვა ახლებურია, ეს უკანასკნელი კარგად იგრძნობა სპექტაკლში, რაც მეტად სასიამოვნოა.“ ქებას არ იშურებდნენ სხვა კრიტიკოსებიც...
1987 წელს ოზურგეთის თეატრის ვასო ჩიგოგიძის ხელმძღვანელობით გაემგზავრა ბაიკალ-ამურის მაგისტრალზე დაბა იკაბიის ქართველ მშრომელებთან შესახვედრად. სპეციალურად ამ პროექტისთვის დაიდგა ნოდარ დუმბაძის „გამარჯობა, ხალხო!“ („მე, ბებია, ილიკო და ილარიონის“ მიხედვით; ინსცენირება კოტე ნინიკაშვილის). ეს ფაქტი მეტად მნიშვნელოვანია ოზურგეთის თეატრის ისტორიისთვის და არა მხოლოდ. ვინაიდან, პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად, ოზურგეთის თეატრი იყო ერთადერთი ქართული თეატრი, რომელმაც სპექტაკლები გამართა ბამზე. მნიშვნელოვანი იყო, რომ თეატრმა სწორედ თანამედროვე ქართველი მწერლის ნოდარ დუმბაძის ნაწარმოები შეარჩია, რომელიც უყვარდათ საბჭოთა სივრცეში. ნოდარ დუმბაძის შემოქმედების პოპულარიზაციას თეატრი და მისი ხელმძღვანელი დღემდე უწყობს ხელს.
ვასო ჩიგოგიძის „გამარჯობა, ხალხო!“ ოზურგეთის თეატრისთვის ერთგვარ სავიზიტო ბარათად იქცა. ამ წარმოდგენით თეატრი გასტროლებით საბჭოთა კავშირის დედაქალაქს სტუმრობდა. მოსკოველთათვის სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა სცენაზე წარმოდგენილი გურული სამყარო დუმბაძისეული თბილი იუმორით, სიკეთით, გრძნობათა ბუნების უშუალობით, ნათელი სევდითა და ეთნოგრაფიული კოლორიტით. მასპინძლები განსაკუთრებით მოხიბლა ორიგინალურად შერჩეულმა და დამუშავებულმა გურულმა ხალხურმა სიმღერებმა, რომლებსაც, მართლაც დიდი ოსტატობით ასრულებდნენ მსახიობები.
1989 წელს, ვასო ჩიგოგიძის ინიციატივით, საბჭოთა კავშირის პერიოდში თითქმის შეუძლებელი პროექტი განხორციელდა. დღეს მსგავს პროექტებს კოპროდუქციებს უწოდებენ. საბჭოთა პერიოდში იშვიათობა იყო გაცვლითი პროგრამები უცხოურ და ქართულ თეატრს შორის, მით უმეტეს, უცხოელი რეჟისორის მოწვევა, ან პირიქით, ქართველი რეჟისორის მიწვევა საბჭოთა კავშირის ფარგლებს გარეთ. სწორედ ვასილ ჩიგოგიძის ინიციატივით, უნგრელმა რეჟისორმა შანდორ იანოშმა ასევე თანამედროვე უნგრული პიესა „დღეობა“ ოზურგეთის თეატრის სცენაზე დადგა, იმავე წელს გაიმართა საგასტროლო ტურნე უნგრეთში.
გასული საუკუნის 90-იან წლებში ვასო ჩიგოგიძემ მშობლიური გურია დატოვა და სამოღვაწეოდ ლიეტუვაში გადავიდა, სადაც სხვადასხვა ქალაქის სხვადასხვა თეატრში რამდენიმე სპექტაკლი დადგა, მათ შორის ყველაზე მეტჯერ ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებები.
2013 წლიდან დღემდე ვასო ჩიგოგიძე კვლავ ოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია. იგი ისეთ პერიოდში დაბრუნდა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად, როცა ოზურგეთის თეატრს ვერ შეხვდებოდით ვერც ერთ საფესტივალო პროგრამაში როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ. თეატრი იშვიათად მართავდა გასტროლებს საქართველოს ქალაქებში, ფაქტობრივად, საქართველოს სათეატრო რუკიდან გამქრალი იყო.
ვასილ ჩიგოგიძის დაბრუნების შემდეგ, კი თეატრის რეპერტუარი გამრავალფეროვნდა, შეივსო ახალი დადგმებით, ოზურგეთის თეატრთან თანამშრომლობა და პროექტების განხორციელება გახდა მიმზიდველი. ვასო ჩიგოგიძე თანამშრომლობს სხვადასხვა თაობის და მსოფლმხედველობის, სტილისტიკის რეჟისორებთან. თეატრმა ბოლო წლების განმავლობაში, საგრძნობლად გააქტიურა საერთაშორისო ურთიერთობები ფესტივალებთან და უცხოურ თეატრებთან. უფრო მეტიც, ვასო ჩიგოგიძე ევრაზიის თეატრების ასოციაციის თანადამფუძნებლადაც მოგვევლინა.
ვასო ჩიგოგიძე მოუსვენარი კაცია... მისი მოუსვენრობა არ არის მოჩვენებითი, ეს კარგად გამოჩნდა მაშინაც, როცა ოზურგეთის თეატრის შენობის რეაბილიტაციისას, თეატრმა მუშაობა კი არ გააჩერა, არამედ პირიქით, სოფელ გურიანთის მიტოვებულ კულტურის სახლში დაიდო ბინა და იქ მართავდა წარმოდგენებს, რათა გურულებს არ ეგრძნოთ უთეატრობა. ვასო ჩიგოგიძემ შესანიშნავად იცის, რომ თეატრის მიჩვეული მაყურებლის გადაჩვევა ყველაზე იოლია, ხოლო მოჩვევა ხანგრძლივი და რთული პროცესი. სწორედ ამიტომაც, თეატრი დგამდა, მოგზაურობდა, არ წყვეტდა კომუნიკაციას მაყურებელთან. მოსვენებას არ აძლევდა მშენებლებს, ყოველ დილას ობიექტზე მიდიოდა და მოესიყვარულებოდა ხელოსნებს, თან ყველას სინდისზე აგდებდა და არწმუნებდა, რომ საზოგადო, ეროვნულ საქმეში იღებდნენ მონაწილეობას. ამით ცდილობდა ხელოსნების მოტივაციის ამაღლებას.
რეაბილიტირებული თეატრის გახსნისთვის საგანგებოდ ემზადებოდა თეატრის ხელმძღვანელი, რომელიც მენეჯერისთვის აუცილებელი და საჭირო უნარ-ჩვევების სიმწირეს ნამდვილად არ განიცდის. თეატრის ხელმძღვანელმა იგრძნო ის პასუხისმგებლობა, რაც რეაბილიტირებულ ოზურგეთის თეატრს აკისრია მაყურებელთან. ამიტომაც, თავად მხოლოდ ერთი სპექტაკლი დადგა და არენა ოზურგეთის თეატრში მომუშავე და მოწვეულ რეჟისორებს დაუთმო. ამის გამოც მგონია, რომ ვასო ჩიგოგიძე გონიერი და გამჭრიახი კაცია და ყოველთვის ზუსტად იცის, რა სჭირდება თეატრს, რა უფრო უკეთესია მისი ხვალინდელი დღისთვის. მას ბევრი უნიკალური თვისება აქვს, მაგრამ ყველაზე მეტად მასში ის მხიბლავს, რომ თეატრი უფრო უყვარს, ვიდრე საკუთარი თავი. ეს თვისება მასში არც არის გასაკვირი, რადგან ის დიმიტრი ალექსიძის მოწაფე იყო, რომელიც პირად ამბიციებზე წინ, თეატრის ინტერესს აყენებდა.
ვასო ჩიგოგიძის შემოქმედებით ანგარიშზე 70-ზე მეტი სპექტაკლია, ის არის ათამდე სახელოვნებო ფესტივალის დამფუძნებელი, აღდგენილი და ახლად ჩამოყალიბებული სახალხო დღესასწაულების ორგანიზატორი და ინიციატორი. ბედნიერია იმითაც, რომ აღსრულდა მისი ერთ-ერთი მოთავეობა - ოზურგეთი ფოლკლორის ქალაქად გამოცხადდა.
ვასო ჩიგოგიძე არის საქართველოს სახელმწიფო პრემიის „ხუთწლედის მატიანე“ ლაურეატი; საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე; „ღირსების ორდენის“ კავალერი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი; ალექსანდრე წუწუნავას სახელობის ჯილდოს მფლობელი; 2012 წელს ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის ხეივანში გაიხსნა ვასილ ჩიგოგიძის ვარსკვლავი; 2018 წლიდან ოზურგეთის საპატიო მოქალაქე, 2020 წლიდან გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრის, კინოს, მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა აკადემიის აკადემიკოსი, 2021 წელს საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ჯილდო „ქართული სცენის დესპანი“ გადასცა. 2018 წლიდან ამავე საზოგადოებაში ხელმძღვანელობს გურია-სამეგრელოს განყოფილებას.
ვასო ჩიგოგიძე მიზანდასახული, ერთგული, სამართლიანი და მზრუნველი კაცია, რომლის იმედი აქვს არა მხოლოდ ოჯახს და მეგობრებს, არამედ მის თეატრს, რომელშიც ათწლეულები გაატარა. მისი მოკრძალებულობა იმაშიც გამოიხატება, როცა წერდა: „მთავარი ის არის, რომ მე მაინც ოზურგეთში უნდა დავიმარხო... აქ არის ჩემი ფესვები...“ ამაზე ფიქრიც კი ნაადრევი მეჩვენება, მაგრამ ამ სიტყვებში ჩანს არა მხოლოდ თავმდაბლობა, არამედ განუზომელი სიყვარული და ერთგულება საკუთარი ფესვებისადმი.