top of page

ორი ფესტივალი -მსგავსება და განსხვავება

13615350_486928041496628_261989341006029

გიორგი ყაჯრიშვილი

 

ორი ფესტივალი - მსგავსება და განსხვავება.

 

ლ. ტოლსტოის თუ დავესესხებით - ყველა ფესტივალს თავის ბედი აქვს, ზოგჯერ ტრაგიკულიც ... ყოველთვის განწირულობის და დახურვის  საფრთხის წინაშე მდგომს. სახელმწიფოს დღევანდელი  ეკონომიური მდგომარეობა ძლივს უძლებს ფესტივალების ჩატარებას და მათ უზრუნველყოფას. მათი მომრავლება ადასტურებს თეატრის მოყვარულთა თუ პროფესიონალთა ინტერესს ასეთი ფორუმების მიმართ. ეს ინტერესი ყოველთვის არ ამართლებს და სახეზე გვაქვს ხოლმე უღიმღამო, შინაარსმოკლებული და ერთგვაროვანი პროგრამები და საღამოები. ეს განსაკუთრებით ეხება ქართულ წარმოდგენებს. რასაკვირველია არსებობს გამონაკლისი სათეატრო საფესტივალო სეზონებიც, მათი ზოგადი მომიხილვა (რაც თავისთავად მხოლოდ ფესტივალებზეა შესაძლებელი) ცხადჰყობს, რომ თანამედროვე ქართული თეატრი ღრმა კრიზისში  იმყოფება. ამაზე ხშირად გვითქვავს მეც და ბევრი ჩემ კოლეგასაც - ბოლო წლების ერთი თუ ორი ღირსეული წარმოდგენა  „ვერ მოიყვანს გაზაფხულის“  და არც ყველა მცდელობა და გზა მიგვიყვანს „ტაძრამდე“. ჩემი აზრით მხოლოდ სერიოზული თეატრალური რეფორმატული ნაწარმოებების, ახალი სიტყვის,  ახალი ძალისხმევის, ახალი გამომსახველობითი ფორმების ძიების, ახალი სულის ჩაბერვით,  თუნდაც უკვე გამოცდილი და აპრობირებულ თეატრალურ პროცესების განახლებითაა შესაძლებელი ამ კრიზისის დაძლევა - თუნდაც   ახმეტელისა და მარჯანიშვილისეული  „რევოლუციით“, რასაკვირველი არა მიმბაძველობით, არამედ ენთუზიაზმით, ექსპერიმენტებით, ძიებებით - ძველის ნგრებითა და ახლის შენებით.

წლეულს უკვე სამი ფესტივალი მოვილიეთ და წინ კიდევ ორი გველოდება. ფესტივალში მონაწილეობა ჩემი აზრით ძალზე საპასუხისმგებლო მისიაა. ამას ყოველთვის ივალისწინებენ საზღვარგარეთული თეატრალური კოლექტივები, ამიტომ სხვადასხვა ქვეყნები თავისი მიმდინარე რეპერეტუარის საუკეთესო სპექტაკლებს წარმოადგენენ ხოლმე. სამწუხარო ქართულ თაეტრებში ასე არ ხდება - ან საუკეთესო არ გაააჩნიათ, ან უპასუხისმგებლოდ ეკიდებიან იმას, რომ ფესტივალზე ამა თუ იმ კოლექტივის  ნამუშევარი მათი შემოქმედების სახედ აღიქვება და სუსტი სპექტაკლი მაყურებლის წინაშე ერთდროულად აკნინებს ფესტივალსაც და თვით ამ თეატრის პრესტიჟსაც. 

როდესაც ოზურგეთის ნ. დუმბაძის სახ. თეატრალური ფესტივალის შესახებ ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ მისი სპეციფიკა - კერძოდ კი, ის რომ იგი წელსაც მხოლოდ ნოდარ დუმბაძის შემოქმედებითი მემკვიდრეობის ამსახველი იყო.

პროზაული ნაწარმოების ინსცენირებას თავისი ხარვეზები აქვს - ქმედების ნაკლებობა. თუმცა ამ უდიდესი მწერლის შემოქმედება, მისი ჰუმანიზმი და კაცთმოყვარეობა, იუმორი და რაც მთავარია ადამიანური სევდა, რომელიც თითქმის მის ყველა  ნაწარმოებსა და პერსონაჟს ახასიათებს, ეს თვალზე მომდგარი ცრემლი, თუნდაც მურადას, დიდროს, სოსიას რუსის, ხაზარულას, იანგულის, ბებიას, ილიკოს, ილარიონის, ხატიასა,  ზურიკელას და სხვათა და სხვათა გახსენებისა რომ სდევს,  ცოცხალს, სახიერას და სცენიურს ხდის მის ყველა ნაწაროებს. მხოლოდ დრამის თეორიის ყველა კანონთა „დაღრვევით“ მიიღწევა ამბავთა გადმოცემის თეატრალობა თუ სცენიურობა. მაგრამ ძველ ჩარჩოებში დარჩენილი, უკვე მრავალჯერ გაკეთებულ-გასცენიურებული დრამატული თხზულებების ტირეჟირება ისე, რომ ვერც ახალი შემატო რაიმე და ვერ თანამედროვე ყოფას, დღევანდელობას, ცხოვრების  ახალ გამოწვევებს დაუკავშირო ნამდვილის სერიოზულ გაღიზიანებას იწვევს ჩვენში, ვისაც კარგად გვახსოვს ამ მწერლის სცენური შედევრები, მარჯანიშვილის, რუსთველის, რუსთავის თეატრებას და ქართულ კინოში.

მხოლოდ ერთმა განჯის  პროფესიულმა თეატრმა შეძლო ახლებურად წარმოეჩინა ნოდარ დუმბაძის იანგულისა და ჯემალის ტრაგედია სამშობლოს - აფხაზეთის დაკვარგის  შესახებ. მიუხედავად იმისა რომ ეს თეატრი და მისი რეჟისორი ირადა გეზალოვა (პ. ფომენკოს სკოლა) შორს იდგა ქართული სამსახიობო სკოლისგან და სპექტაკლის ჩვენთვის უცხო ენაზე მიმდინარეობდა, იყო ნამდვილად ქართული, ქართული ხასიათებით, ქართული ტკივილითა და თქვენ წამოდგინეთ ქართული იუმორითაც  (მუსიკის მასწავლებებლი ჰერვენ ქურმანოვა, ჯემალის დედა - სევდა ორუკოვა). ახლო მეგობრის (იანგული - მურად მეიფალიევი) დაკარგვის ტრაგედია ჯემალისთვის (რუსლან ჰუსეინოვი) საკუთარი სამშობლოს ტერიტორიების დაკარგვად აღიქვება. ეს სპექტაკლი აღმოჩნდა ერთადერთი, რომელმაც შეძლო თანამედროვეობის ასახით,  კიდევ ერთხელ გაგვეხსენებინა აფხაზეთი, ჩვენი მოუშებელი ტკივილი, რადგან იანგულის (აფხაზეთის სახით)  „დაბრუნება“  ჯემალის მკერდზე გამოსახული  “Helados“- ით ჯერ კიდევ მიუღწეველია.

რეგიონალი თეატრების ფოთის საერთაშორის ფესტივალი უკვე მეოთხედ  გაიმართდა და ისიც ტრადიციულად იქცა. ბუნებრივია ამ ფესტივალს ბევრი უცხოური კოლექტივი სტუმრობს. წინამორბენ ფესტივალთან მას ის აკავშირებს რომ ოზურგეთის ფესტივალის მსგავსად წელს იგიც მშობლიური - ფოთის თეატრის შენობის გარეშე აღმოჩნდა და აი აქ, სწორედ რომ იმარჯვა ფესტივალის   საორგანიზაციო ჯგუფმა (სამხატვრო ხელმძღვანელი - ნინელი ჭანკვეტაძე, დირექტორი - თენგიზ ხუხია, ორგანიზატორი - ბექა ჯუმუტია, კონსულტანტი - ბ. ბაგრატიონ-გრუზინსკი, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, - ნათია გოგოჭური, პრეს-ატაშე- ნანა თუთბერიძე და სხვები), რომლებმაც პრაქტიკულად ყველა „გასვლითი“ სპექტაკლი ისეთ გარემოსა და „არენაზე“  შემოგვთავაზა, რომ ჩვენს აღფრთოვანებას და საერთო მოწონებას არ ჰქონდა საზღვარი. ყველა სათამაშო მოედანი თუ ლოკაციის ადგილი ისე იყო შერჩეული, რომ ის არა მხოლოდ პასუხობდა სპექტაკლის შინაარსობრივ გარემოს, არამედ  დამდგმელ რეჟისორებს საშუალებას აძლევდა ახალი სივრცის ათვისებით ახლებური დატვირთვა მიეცათ იმ სათქმელისთვის, რისთვისაც  ესა თუ ის წამოდგენა იყო შექმნილი:  ასე მაგალითად - ლ. ბუღაძის „ანტი მედეა“ (რეჟისორი გ. მაცხონაშვილი) შავი ზღვის მალთაყვის სანაპიროს ერთ ნახევრად დანგრეულ, მიტოვებულ, ყოფილი სასტუმროს კედლებში გაიმართა, შესანიშნავი ფინალით, როდესაც წითლებში შემოსილი, საბერძნეთიდან გაძევებული მედეა, ქვიშიან სანაპიროზე  გაქცევით შველის თავს, რათა ზღვის ტალღებს შეერიოს და კოლხეთში (ერთიერთი ვერსიით)  დაბრუნდეს; კოლხური კულტურის მუზეუმში  გათამაშებული  ზ. კვერენჩხილაძის სახ. დმანისის პროფესიული თეატრის სპექტაკლი, სულხან საბა ორბელიანის „სიბრძნე სიცრუისა“  (რეჟისორი თამარ ხიზანიშვილი) როგორ მოუხდა გარემოს, როგორ გაცოცხლდა ეს უძველესი   ექსპონატები; გ. ლორთქიფანიძის სახ. რუსთავის მუნიციპალური თეატრის სპექტაკლი, ფ. არრაბელის „პიკნიკი“ (რეჟისორი გ. ოსეფაშვილი) მართლაც რომ პიკნიკად გათამაშებული მალთაყვის ტყე-პარკში და ბოლოს ფესტივალის აპოთეოზი - ყოფილი ჰიდრომელიორაციული ტექნიკური სასწავლებლის წინ განხორციელებული დ. ხორბალაძის „მკვდარი ქალაქები“ (რეჟისორი მ. ჩარკვიანი).

რეგიონალური თეატრების ფოთის ფესტივალს კიდევ ერთი რამ გამოარჩევს სხვა ფესტივალებიდან რომ მას აღმზრდელობით-დაოსტატების ფუნქციაც გააჩნია; კერძოდ დაარსებიდან თითქმის ყოველ წელს მისი მიმდინარეობის დროს ტარდება მსახიობის ოსტატობისა და სასცენო მეტყველების თუ მოძრაობის მასტერ-კლასები  რეგიონალური თეტარების მსახიობებისათვის, რომელსაც ატარებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი ოსტატები. წელს მაგალითად ჩატარდა ოთხი ასეთი  მასტერ კლასი: ევა გლოვაცკა-ფიერეკმა (პოლონეთი, პოზნანის „ახალი თეატრი“) ფელდერკრეის, ლიენგარის (იოგა) მეთოდით გამართა გაკვეთილები ვოკალისა და მეტყველების განხრით; გიტის პადეგიმასმა (ლიტვა, კაუნასის აკადემიური თეატრი) ჩაატარა მასტერ-კლასი მიხეილ ჩეხოვის მეთოდის შესახებ მსახიობის ოსტატობაში; სიმონა და ადრიენ გიურგებმა (აშშ,  ქოლგეითის უნივერსიტეტის) ასევე სასცენო მეტყველებაში. რაც შეეხება კლაუდიო დე მალიოს (იტალია, უდინეს ნიკე პეპეს სახ. დრამატული აკადემიის რექტორი) მისმა ჩატარებული რეპეტიციების  (იტალური ნიღბების თეატრის „კომედია დელ’არტეს“ მეთოდი) შედეგიც ვიხილეთ წარმოდგენის სახით უილიამ შექსპირის „ამაო გარჯა სიყვარულისას“ ადაპტაცით „მეფის კანონი“, რომელშიაც ფოთის და სხვა რეგიონების მსახიობები იყვნენ დაკავებულები. ასევე ახალ ნოვაციად უნდა ჩაითვალოს ისიც, რომ ფესტივალის დახურვის დღეს ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელის ნინელი ჭანკვეტაძის ინიციატივით ჩატარდა კრიტიკოსთა, რეგიონალური თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელთა და დირექტორთა გაერთიანებული მრგვალი მაგიდა

(მოდერატორი თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი), სადაც გამოითქვა კრიტიკული მოსაზრებები და სურვილები ზოგადად ფესტივალის აუცილებლობის, მისი პროგრამის და მომდინარეობის შესახებ.

ფესტივალების მოკლე მიმოხილვაში რთულია ისაუბრო ყველა სპექტაკლის შესახებ, შეაფასო მათი ავ-კარგი, მაგრამ მაინც მინდა შევჩერდე გახსნისა და დახურვის წარმოდგენებზე, არა იმიტომ რომ რომელიმე სხვა წლევანდელი პროგრამიდან  მათზე უარესი იყო, მხოლოდ იმიტომ რომ ეს სპექტაკლები ახალ, ექსპერიმენტულ სტილს ამკვიდრებს თანამედროვე ქართულ თეატრში და მაინც ყველასგან განსხვავებულად მომეჩვენა:  ფესტივალის გახნის წარმოდგენა შემთხვევით აღმოჩნდა ამ ფესტივალის პროგრამებში - ამას გარკვეული მიზეზი ჰქონდა,  მაგრამ ახლა ამაზე არ მოგახსენებთ.

სპექტაკლი ლაშა ბუღაძის „ანტი მედეა“ პირველად ნაჩვენები იყო „ახალი დრამის“ ფესტივალზე (სოფო კილასონია პროექტი, რომლის რეჟისორი და მხატვარი გურამ მაცხონაშვილია. მოქმედების მთავარი გმირი მედეაა (ლილი ხურითი) მედეა განწირული, უფლებააყრილი, ქვეყნიდან გაძევებული, მაგრამ დროებით მობრუნებული შურის საძიებლად, მედეა-ბრალმდებელი, მედეა - პროკურორი. სათამაშო არენა სასამართლოს დარბაზს გავს -  დამნაშავენი, მსაჯულები, ბრალმდებლები გრძელ მაგიდასთან, მაყურებლები და „დამნაშავის“ გულშემატკივარნი დარბაზში. მედეა ბობოქრობს, იბრძვის, თავის სიმართლეს ამტკიცებს, იხსენებს წარსულს, ეძებს გამოსავალს, თავს იცავს, მაგრამ დასახულ გეგმას ვერ გადაუხვევს. უდრეკია მედეა - ლილი ხურითი, შვილებსაც ხოცავს,  იძულებული  გაიქცეს კიდევაც,  მაგრამ მაინც გამარჯვებული რჩება და სცენაზე სტოვეს გაოგნებულ, თავზარდაცემულ იაზონს (ი. გოგლაძე)  და ყველა იმათ (ა. ბარათაშვილი, ა. იმნაძე, თ. კიწმარიშვილი, ი. ჩხიკვაძე), რომლებმაც ასე მძიმედ დასაჯეს.  ამ სპექტაკლის სიახლე მის ფორმაში, რეჟისორულ წიაღ- სვლებში, თამაშის სტილში, მხატვრულ და მუსიკალურ გაფორმებაში, იმ ენერგიასა და ემოციაში რაც სცენიდან იღვრება, რაც გაოცებს, გიპყრობს, ჩაგაფიქრებს.

დახურვის სპექტაკლი დ. ხორბალაძის „მკვდარი ქალაქები“  ქ. ფოთის გაჭირვებასა და მის მძიმე მდგომარეობას მიეძღვნა: ფოთის მცხოვრებლები, ამ დრამატული ნაწარმოების პერსონაჟები შველას ითხოვდნენ, ისევე როგორც შველას ითხოვდა ეს  მიტოვებული შენობა, ეს ყველასგან მიტოვებული ქალაქი, რომელიც არც მეტი არც ნაკლები ჩერნობილის ტრაგედიის გვახსენებს და ეს პარალელი შემთხვევით არაა დრამატურგიულ ტექსტში. აქ კიდევ ერთხელ გამოვლინდა რეჟისორ  მ. ჩარკვიანის მისწრაფება თავის წარმოდგენა-პერფორმანსით  შოკში ჩააგდოს მაყურებელი და რაც მთავარია ფოთის ხელისუფლება. მისი მიზანია   გამოაშკარაოს და საქვეყნოდ გამოამზეუროს პრობლემა და მოითხოვოს მისი აღმოფხვრა.

დასკვის სახით  მინდა ვთქვა რომ, თეატრების ხანდახან უღიმღამო გაზაფხულს თეატრალური ზაფხულ-შემოდგომა ახალისებს თავისი თეატრალური ფესტივალებით, წარმოდგენებით, სტუმრებით, კრიტიკოსთან დასკვნა-მსჯელობებით და რაც მთავარია კმაყოფილი მაყურებლებით.

bottom of page