Drunk enough to say I love you?
Drunk enough to say I love you?
ელენე შალუტაშვილი
1926 წლის 29 იანვარს, გაზეთი ,,დურუჯის” სადღესასწაულო გამოცემაში აკაკი ფაღავას წერილი გამოქვეყნდა. წერილი კორპორაცია ,,დურუჯს” ეხებოდა. ფაღავა წერდა:,,არ შეგვიძლიან უპირველესად ყოვლისა არ აღვნიშნოთ ის ძირითადი ღვაწლი, რომელიც მიუძღვის მას: აქ არის გაპროფესიონალება ჩვენი მსახიობისა და სასცენო ხელოვნების თვითად სახელოვნო დარგად აღიარება, რომელსაც თავდადებული სიყვარულით, პატიოსნად ენერგიული თავგამოდებით და სისტემატიური შრომით უნდა ემსახურო...”. პირადად ჩემთვის ძალზედ ამაღელვებელია ,,დურუჯის” მანიფესტის შინაარსი. კოტე მარჯანიშვილისა და სანდრო ახმეტელის მეთაურობით დაფუძნებული კორპორაცია ,,დურუჯი” თვითმყოფადი, ეროვნული იდენტობის მქონე ქართული თეატრის დაარსება იყო. ,,რუსული თეატრის პროვინციად” ქცეულ ქართულ თეატრში, სადაც სპექტაკლი ათ დღეში იდგმებოდა, თითქოს არსაიდან გამოჩნდნენ ,,თავხედი” ახალგაზრდები, რომლებმაც თეატრში მიიყვანეს პროფესიონალი სცენოგრაფი, კომპოზიტორი და სამსახიობო ოსტატობის დახვეწასა და განვითარებაზე დაიწყეს ფიქრი. მათ მიზნად ჰქონდათ სამოყვარულო თეატრი პროფესიულ თეატრად გადაექციათ. სანდრო ახმეტელი ორ თვეს ანდომებდა სპექტაკლზე მუშაობას, გაზეთებში კი იწერებოდა, რომ იგი მსახიობებს ,,ხოცავდა” შრომით. ეს იყო კოლექტივი, რომელიც გრძნობდა, განიცდიდა თეატრის დანიშნულებას და მისი სიყვარულით საზრდოობდა. მათ ჩვენ ქვეყანაში თეატრი, როგორც სინთეზური ხელოვნება შექმნეს და ქართული თეატრის აღორძინებაც დაიწყეს. მათი შემოქმედებითი სულისკვეთება კი ისეთივე მღელვარე და მოუსვენარი იყო, როგორიც მდინარე დურუჯი. სწორედ ამ მღელვარებითა და შემოქმედებითი ქარცეცხლით გაიხსნა 2019 წლის ,,დურუჯის” დაჯილდოების ცერემონიალი ტატო გელიაშვილისა და თათა თავდიშვილის პერფორმანსით.
წლევანდელ ,,დურუჯში” ნომინირებული სპექტაკლებიდან პირადად მე ყველა ვერ ვნახე. როდესაც საუბარია ესოდენ გამომწვევი სათაურისა და ფინანსური მასშტაბების მქონე პრემიაზე, ვფიქრობ აუცილებელია სპექტაკლი სარეპერტუარო ხასიათის იყოს. ჩემი აზრით თეატრები მაქსიმალურად უნდა ცდილობდნენ ნომინირებული სპექტაკლების პერიოდულ ჩვენებას. ამის მთავარი მიზანი ისაა, რომ საზოგადოებაში კონკრეტულ სპექტაკლებთან მიმართებაში რაიმე ცრუ მოსაზრება არ გაჩნდეს.
პირადად ჩემთვის, როგორც ახალგაზრდისთვის, ძალიან სასიხარულო იყო გეგა გაგნიძის ,,ბალიშის კაცუნას” საუკეთესო სადებიუტო სპექტაკლის, ხოლო ბიჭკა ჭეიშვილის საუკეთესო მსახიობი კაცის ნომინაციებში გამარჯვება. რა თქმა უნდა ,,ბალიშის კაცუნა” არ არის საუკეთესო ნამუშევარი, რაც მინახავს, თუმცა მთავარი რამ: თვითმყოფადობა, ორიგინალური ხედვა, ჟანრული მთლიანობა, სათქმელის სიმძაფრე და მსახიობის საშემსრულებო კულტურა სპექტაკლს ნამდვილად გააჩნია. სპექტაკლში შემოქმედებითი ჯგუფის თავდაუზოგავი შრომის ხარჯზე აშკარავდება ახლის ძიების არა მხოლოდ სურვილი, არამედ უდიდესი პოტენციალი. სწორედ ეს იყო კორპორაცია ,,დურუჯის” შექმნის მთავარი იდეაც.
ლაშა პაპაშვილის მიერ პრემია ,,დურუჯის” დაფინანსება უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ქართული თეატრისთვის. ბიზნესმენმა უპრეცედენტო თანხა გაიღო ქართული თეატრის განვითარებისთვის. მის მიერ დაფინანსდა კოტე მარჯანიშვილის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია. აგრეთვე საოცრად ამაღელვებელი და დასამახსოვრებელი გრიმის ცხების რიტუალი, რომელიც ,,თეატრალურის” პირველკურსელებისთვის დაუვიწყარი მოვლენაა. ეს ყოველწლიური ღონისძიება სწორედ ლაშა პაპაშვილის მიერ ფინანსდება. თუმცაღა მართლდება თუ არა ინვესტორის იმედები საუკეთესო სპექტაკლების გამოვლენისას, საკითხავია. ჟიურის წევრებს შორის იყვნენ ჩემთვის ძალზედ პატივსაცემი ლექტორები თუ თანაუნივერსიტეტელები. მიუხედავად ამ ადამიანების კომპეტენციისა, ბევრი კითხვა მაინც პასუხგაუცემელი რჩება. პირადად მე წელს უამრავი პრემიერა ვნახე, რომელიც ვფიქრობ გამარჯვებულ სპექტაკლებს პროფესიული დონით, შემოქმედებითი ხედვით თუ თვითმყოფადობით არ ჩამოუვარდებოდა. საინტერესოა მოხდა თუ არა ამ სპექტაკლების ,,დურუჯზე” წარდგენა. წარდგენის შემთხვევაში კი რატომ გახდნენ არაპროფესიონალი რეჟისორისა და მხატვრის სპექტაკლები საუკეთესო რეჟისურისა და მთავარი პრიზების მფლობელები. გარდა ამისა საგულისხმოა ის ფაქტი, რომ დაჯილდოებას არ ესწრებოდნენ იმ თეატრთა სამხატვრო ხელმძღვანელები (ერთადერთი გამონაკლისის გარდა), რომლებიც 80-იანი წლებიდან დღემდე ქართული თეატრის მსოფლიო ავტორიტეტს განაპირობებენ. იბადება კითხვა, თუ რომელი რგოლი ბადებს უნდობლობას მეცენატებსა და პროფესიონალურ წრეებს შორის. იმედს ვიტოვებ, რომ მომავალში ეს კითხვები პასუხგაუცემელი არ დარჩება. უდავოა, რომ ვერც ერთი ქართული თეატრალური შეხვედრა ვერ იქნება სრულყოფილი იმ ადამიანების გარეშე, რომლებიც ქმნიდნენ და ქმნიან ქართული თეატრის საერთაშორისო ავტორიტეტსა და პრესტიჟს.
ხდება თუ არა დღეს ,,გაპროფესიონალება ჩვენი მსახიობისა და სასცენო ხელოვნების თვითად სახელოვნო დარგად აღიარება, რომელსაც თავდადებული სიყვარულით, პატიოსნად ენერგიული თავგამოდებით და სისტემატიური შრომით უნდა ემსახურო”?