top of page

„ძია ვანია“

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის

სამინისტროს მიერ.

435834986_707769754679299_6288409839982766663_n.jpg

ნუცა კობაიძე

„ძია ვანია“

ანტონ ჩეხოვი

რეჟისორი - ნიკა ჩიკვაიძე

მხატვარი - ლიზა ჭიჭინაძე

მუსიკალური გაფორმება - ნინა კალატოზი

 

ალექსანდრე სერებრიაკოვი - არჩილ ბარათაშვილი

ელენა ანდრეევნა - სოფიო ლომჯარია

სოფია ალექსანდროვნა - ნინა კალატოზი

მარია ვოინიცკაია - ირინა კვიჟინაძე

ივან პეტროვიჩ ვოინიცკი - მიხეილ არჯევანიძე

მიხეილ ასტროვი - ვლადიმირ ნოვოსარდოვი

მარინა - კარინა ყენია

 

„ჩემზე უბედური არავინ მგონია“

გმირები ისწრაფვიან სიყვარულისკენ, ის კი არსად არის.

გრიბოედოვის თეატრის ერთ-ერთ წარმატებულ დადგმად შემიძლია განვიხილო ნიკა ჩიკვაიძის სპექტაკლი - „ძია ვანია“. რეჟისორი დახვეწილი ინტერპრეტაციით, ოსტატურად აცოცხლებს და  ახალი პერსპექტივით გვიჩვენებს ანტონ ჩეხოვის ორიგინალურ ნაწარმოებს. ნიკა ჩიკვაიძე სპექტაკლში გამოყოფს მნიშვნელოვან პასაჟებს პერსონაჟების ურთიერთობაში და განსხვავებული ფორმით, სხვა რაკურსით წარმოაჩენს პიესის აქტუალობას. ტექსტის ამგვარი  მონტაჟი მაყურებელს „ძია ვანიას“ ახალ ხედვას სთავაზობს. ეს წარმოდგენა არის მაგალითი თუ როგორ შეიძლება კლასიკური ნაწარმოების ხელახალი გააზრება. სპექტაკლის წარმატებაზე უდავოდ გავლენას ახდენს მსახიობების სწორი/გონივრული შერჩევა.

 

არტისტების გუნდური მუშაობა ქმნის ანსამბლურობას, სადაც პერსონაჟებს შორის ურთიერთობა თანმიმდევრული და ორგანულია. წარმატებას მოწმობს გაყიდული ბილეთების რაოდენობაც, 2022 წლის 14 დეკემბრიდან (პრემიერა) დღემდე ანშლაგით მიდის ჩვენებები.

დავიწყოთ პერსონაჟების განხილვით:

ალექსანდრე სერებრიაკოვი (არჩილ ბარათაშვილი) განასახიერებს შურისა და იმედგაცრუების კომპლექსურ ნაზავს. პროფესორის ეჭვები ხაზს უსვამს მის ღრმა უნდობლობას სხვების მიმართ. ბოროტად იყენებს უფლებამოსილებასა და პრივილეგიებს. იმუშავებს დამცავ მექანიზმს - თავისი უუნარობით მანიპულირებს და გარშემომყოფების თანაგრძნობას ითხოვს. მისი მუდმივი უკმაყოფილების მდგომარეობა აიძულებს სხვებს, რომ ნუგეში სცენ. პროფესორის გადაწყვეტილება - იცხოვროს პირველი ცოლის სამკვიდროში, წარსული დიდების დაბრუნების უშედეგო მცდელობაა. არსებითად არჩილ ბარათაშვილის პერსონაჟი სასოწარკვეთილი ფიგურაა, რომელიც მოქცეულია საკუთარი ილუზიებისა და თვითგანადგურების ქვეშ. მსახიობი ასახავს პერსონაჟის ტრაგიზმს, რასაც თავს ვერ აღწევს. ნიკა ჩიკვაიძემ გააკეთა ალექსანდრე სერებრიაკოვის თამამი რეჟისორული ინტერპრეტაცია. პერსონაჟი წარმოაჩინა, როგორც ფიზიკურად მტკიცე და ერთი შეხედვით ჯანმრთელ ინდივიდი, რომელიც მანიპულირებს ასაკით, თავისი ეგოისტური სურვილების დასაკმაყოფილებლად. რეჟისორი ეჭვქვეშ აყენებს სერებრიაკოვის, როგორც სუსტი და უსუსური მოხუცის ტრადიციულ აღქმას - ალექსანდრე ვარჯიშობს კიბით, დახტის ავეჯიდან ავეჯზე, გარეშე თვალს ამოფარებული ცელქი ყმაწვილივით იქცევა. როგორც კი მისი მეუღლე სცენაზე ჩნდება - მაშინვე ჭირვეულ მოხუცად გარდაისახება. სერებრიაკოვი ამ გზით ახდენს კონტროლს მის გარშემო მყოფებზე, მანიპულირებს როგორც ახალგაზრდა მეუღლეზე, ისე ყოფილი ცოლის ოჯახზე, რათა ემსახურონ მას და მის „დიდებას“. „ვოინიცკი: ადამიანს, რომელიც ზუსტად 25 წელია ხელოვნებაზე წერს, ხელოვნების არაფერი გაეგება“ - ყალბი ინტელექტუალური პრეტენზიებით, თვლთმაქცი, ზედაპირული ადამიანი ახერხებს და ხიბლავს ყველას თავისი სტატუსით. სტრატეგიულად მოხაზეს რეჟისორმა და მსახიობმა არჩილ ბარათაშვილმა მატყუარა, მანიპულატორი პიროვნების პორტრეტი. მსახიობი ვიზუალური აქცენტით მაყურებელს აჩვენებს ექსპლუატატორი, ქარიზმატული პერსონაჟის ამპარტავან/ქედმაღალ დამოკიდებულებას გარშემომყოფების მიმართ.

საინტერესოა ყოფილი სიდედრისა (მარია ვოინიცკაია - ირინა კვიჟინაძე) და სერებრიაკოვის ურთიერთობა. ისინი მუდამ ერთად არიან სცენაზე, მათი ფიზიკური სიახლოვე წყვილის ინტიმს ქმნის, რომელიც სცილდება უბრალო ნათესაურ კავშირს. ქალი საკუთარ ოჯახზე წინ ყოფილი სიძის ინტერესებს აყენებს. იმდენად უყვარს, რომ მის მსახურებაშია და თანახმაა მამულიც გაყიდოს, ახალ ცოლთან ერთად მშვიდად რომ იცხოვროს. მარიას ასეთი ერთგულებით და თავგანწირვით რეჟისორი კითხვის ნიშნის ქვეშ გვიტოვებს ყოფილი სიდედრისა და სიძის ურთიერთობას.

„ოსტროვსკის ერთ პიესაში დიდულვაშა და უნიჭო მოქმედი პირი ჰყავს, ის მე გახლავართ“ - დიდი დრამატურგის მაგალითის მოყვანით ჩეხოვი რუსული თეატრის მდიდარ ტრადიციაზე მიგვანიშნებს. აქედან გამომდინარე „ძია ვანიაში“ ექიმის სახელი ასტროვი შემთხვევითი არ უნდა იყოს. მწერალი მკითხველს აძლევს მინიშნებას, გაავლონ პარალელი ოსტროვსკის გმირსა და თავის გმირს შორის. ასტროვის იდენტიფიკაცია უშნო, უნიჭო მოქმედ პირთან თვითკრიტიკის დახვეწილი მაგალითია. მსახიობი ვლადიმირ ნოვოსარდოვი განასახიერებს ქარიზმატულ პერსონაჟს, მრავალმხრივი ბუნებით. ის არის მგზნებარე ექიმი, რომელიც იბრძვის გარემოს დაცვისთვის. მიუხედავად შინაგანი არეულობისა, ტიპური ექიმია თავისი ინტელექტითა და იდეალიზმით.  თუმცა ამ ფასადის ქვეშ იმალება იმედგაცრუება და ეგზისტენციალური შფოთი, რომელსაც ნოვოსარდოვი ოსტატურად გადმოსცემს დახვეწილი ნიუანსებით. უშედეგოა ექიმის ბრძოლა/ძალისხმევა არსებობის ერთფეროვნებასთან გასამკლავებლად.

რეჟისორმა ახალი ინტერპრეტაცია მისცა თავად ძია ვანიას პერსონაჟსაც, რითაც მაყურებელს პიესის ხელახალი გააზრების და თავიდან წაკითხვის სურვილი გაგვიჩინა. მიხეილ არჯევანიძის გმირი, თითქოს პასიური ფიგურა, ემოციურად რთულ პორტრეტს გვიხატავს. პიესის/სპექტაკლის სათაურიდან გამომდინარე ძია ვანია უნდა იყოს მთავარი გმირი თუმცა ნიკა ჩიკვაიძე აქაც თამამ გადაწყვეტილებას იღებს და უხვევს ტრადიციული გაგებიდან - აქ მთავარი ორი პერსონაჟია, ორი ერთმანეთის კონკურენტი ქალი - სონია (ნინა კალატოზი) და ელენა (სოფიო ლომჯარია). აი აქ უკვე წინ იწევს გენდერული დინამიკა, წინა პლანზე გამოდიან ქალები, რომლებიც კაცებზე მეტად იბრძვიან სიყვარულისთვის, ბედნიერებისთვის. ეს ორი რთული, მრავალგანზომილებიანი, თავგანწირული გმირი - ელენა თავისი სიმტკიცით/ამბიციებით, მიმზიდველობით/ვნებით და მშვიდი სონია - სათნოებით, ერთგულებით/თავგანწირვით ერთმანეთის კონკურენტები და ამავდროულად ერთმანეთის თანამგრძნობი (I მოქმედების ფინალური სცენა) არიან. ეს ამბივალენტური დამოკიდებულება კიდევ უფრო საინტერესოს და ემოციურს ხდის ამბავს. სონიასა და ელენას კონფლიქტით რეჟისორი იკვლევს სიყვარულის და ემპათიის საზღვრებს. მათი წინა პლანზე გამოყვანით, ჩიკვაიძე უპირისპირდება ტრადიციულ გენდერულ ნორმებსა და სტერეოტიპებს, გვაჩვენებს ქალთა გამოცდილებას და პერსპექტივებს, რაც ჩეხოვის მუდმივ თანამედროვეობაზე და მარადიულობაზე მიუთითებს.

კონტრასტი - დიდ ჩარჩოში ძაძებით შემოსილი ნინა კალატოზი (სონია) და საქანელაზე ჰაეროვნად შემომჯდარი სოფიო ლომჯარია (ელენა) წითელ კაბაში - წარმოადგენენ წმინდანისა და ეშმაკის არქეტიპულ გამოსახულებებს. თუმცა, მორალისა და სათნოების სადარაჯოზე მდგარი სონიაც და მაცდური, პროვოკატორი ელენაც, მიუხედავად მათი განსხვავებული გზებისა, ერთნაირად უბედურები არიან. „ელენა: მართალი გითხრა, სონია, რომ დავფიქრდები, ჩემზე უბედური არავინ მგონია“.

ვფიქრობ, უკეთესი იქნებოდა მოჯამაგირესთან ერთად მოხუცი გადიას პერსონაჟიც ამოეღო რეჟისორს და დაეტოვებინა ილია ტელეგინი, იგივე ჩოფურა - გაღარიბებული მემამულე, რომელიც მიტევებისა და კეთილშობილების ნათელი მაგალითია. ის გაღატაკდა თავისი მოღალატე ცოლის და ამ ცოლის მეორე ქმართან გაჩენილი შვილის ზრუნვასა და ერთგულებაში.

საინტერესო მეტაფორული მხატვრობა (ლიზა ჭიჭინაძე) აქვს სპექტაკლს. ჩაძირული სახლის განცდას გვიტოვებს ნახევრად ჩაბეტონებული ავეჯი (თითქოს ჭაობშია), რომელიც მთელი სპექტაკლის მანძილზე უწყვეტ შეკეთება/რესტავრაციის პროცესშია, რაც წესრიგის და სტაბილურობის აღდგენის ამაო მცდელობაა.  

გაუგებარია რაში დაჭირდა რეჟისორს კომპიუტერის შემოტანა, რომელმაც უხეში შტრიხი შემოიტანა სცენის  ატმოსფეროში. შეიძლება თანამედროვე ტექნოლოგიის შეხამებით ნიკა ჩიკვაიძეს პრობლემის აქტუალობაზე უნდოდა ხაზგასმა, თუმცა თავისი რეჟისურით მან ეს უკვე შეძლო, შესაბამისად ზედმეტად მიმაჩნია გამოშიგნული „პენტიუმის“ სცენაზე შემოგორება. მით უფრო, როცა ამ კომპიუტერთან ზის ყოფილი სიდედრი და ხარკოვიდან გამოგზავნილ წერილს ელ.ფოსტის სახით იღებს.

დაბოლოს, სათქმელი კიდევ ბევრია, მაგრამ აქ შევჩერდები.

 „სონია: შენ ხომ არასოდეს გინახავს სიხარული, არასოდეს, მაგრამ მოითმინე, ძია, მოითმინე... ჩვენც გვეღირსება დასვენება...“

bottom of page