ერთი ნაბიჯით წინ მაყურებელთან
ერთი ნაბიჯით წინ მაყურებელთან
ავტორი: სოფო ნადიბაიძე
ფოტო: ნიკა ქორბუდიანი თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში მაყურებელმა დიდი ბრიტანეთიდან იხილა როგორც ქორეოგრაფიული დადგმა, ასევე ინტერაქტიული წარმოდგენა (,,არგონავტები”, ,,მოდი ვისაუბროთ ამაზე”, ,,სახეში”,).
,,ქენდუკო” ბრიტანული კომპანიაა, რომელიც ამსხვრევს სტერეოტიპებს, ის თანასწორობის მომხრეა და ნათლად გვიხატავს იმ შიდა კონფლიქტებს, რაც მსახიობების ქვეცნობიერში ხდება.
წარმოდგენა დაიწყო სპექტაკლით „არგონავტები“. იაზონისა და მედეას როლში მყოფი მსახიობები ყველაზე მეტად განიცდიდნენ თავიანთ მდგომარეობას და მათთან ერთად განიცდიდა მაყურებელიც, რადგანაც ისინი შეზღუდული შესაძლებლობების პირები იყვნენ, თუმცა ეს განცდა ხშირ შემთხვევაში გამოწვეული იყო სიუჟეტით, პერსონაჟების თამაშის ხელოვნებით. მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლში მონაწილე ახალგაზრდები ორგანულები და მოტივირებულები იყვნენ, გათავისებული არ ჰქონდათ ის, რასაც აკეთებდნენ. შთაბეჭდილება დამრჩა „ზღაპრის იმიტაციის”, თუმცა ეს წარმოდგენას ნამდვილად არ აკნინებს, პირიქით, სრულიად გამართლებულადაც შეიძლება მივიჩნიოთ.
მეორე და მესამე წარმოდგენა ერთი დასის - „ქენდუკოს“ ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც ინკლუზიური თანამედროვე ცეკვის ერთ-ერთი გამორჩეული თეატრია მსოფლიოში. მათ დაამტკიცეს, რომ ცეკვა არღვევს შეზღუდული შესაძლებლობების საზღვრებს. სცენაზე შემოსვლისთანავე თავისუფლების ზეიმმა იზეიმა და მათ ენერგიის, სიხალისის, სილაღის, გამბედაობის, თანასწორობის ატმოსფერო შეგვიქმნეს. ხმამაღალი ყვირილი, ცხოველური მიხვრა-მოხვრა, ველურობის იმიტაცია - ეს ყველაფერი მათი პირადი განცდების ამოძახილია. ზუსტად ეს არის ჩემთვის ხელოვნება - ადამიანის სულის ამოძახილი, რომელიც ერთი ნაბიჯით წინ გწევს და მაყურებლს უფრო მეტად გიახლოვებს.