top of page

„ერთი ოჯახის ამბავი“ მარნეულის თეატრში“

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

206968051_263825218843366_2881187906896193110_n.jpg

ანა (ალექსანდრა) სულამანიძე
„ერთი ოჯახის ამბავი“ მარნეულის თეატრში“

ალექსი ჩიღვინაძის პიესის მესამე ინტერპრეტაცია მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში მსახიობმა და რეჟისორმა გოჩა ხვიჩიამ დადგა. პრემიერა 2021 წლის 21 მაისს გაიმართა. უპირველესად, მნიშვნელოვანია, რომ რეჟისორმა სპექტაკლის დასადგამად სწორედ მარნეული აირჩია. ამგვარი გადაწყვეტილება, თავის მხრივ, საკმაოდ დიდ სირთულეებთან და რისკებთანაა დაკავშირებული. მუნიციპალიტეტში, სადაც სხვადასხვა ეთნოსის ადამიანი ცხოვრობს, რთულია მოერგო მაყურებელს, მით უფრო, მაშინ როდესაც სცენიდან საუბრობ ისეთ საჭირბოროტო და პრობლემატურ საკითხებზე, როგორიცაა „მარინა რევიაში“ წამოჭრილი თემები. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტი არ არის განებივრებული თეატრალური წარმოდგენების მრავალფეროვნებით. ეს მხარე ჯერ კიდევ ჩაკეტილია და მათი მსოფლმხედველობის არეალი არც ისე ფართოა, კვლავ მიჰყვებიან ძველ ტრადიციებს და მრავლად გვხვდება ნაადრევი ქორწინების შემთხვევა. ძალიან დასაფასებელია, რომ შემოქმედებით ჯგუფს შეუძლია ისაუბროს და მაყურებელს თვალწინ გადაუშალოს ცხოვრებაში არსებული პრობლემის არასასურველი ან დამღუპველი შედეგები. არ არის გასაკვირი, რომ მაყურებელმა შეიძლება მარტივად ვერ აღიქვას წარმოდგენა, თუმცა, როგორც თავად რეჟისორი აღნიშნავს, სპექტაკლის შემდეგ მაყურებლებისგან იღებდნენ შეფასებებს და ბევრისთვის სცენაზე გაცოცხლებული ამბავი დამაფიქრებელი აღმოჩნდა.

გოჩა ხვიჩიამ პიესაზე სამუშაოდ სხვადასხვა თეატრის ხელოვანები გააერთიანა: სცენოგრაფი და ქორეოგრაფი ტატო გელიაშვილი, რეჟისორის თანაშემწე ირაკლი ნავერიანი, ვასო აბაშიძის მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობი მარო ჯოხაძე, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი თათია თათარაშვილი, მარნეულის თეატრის მსახიობები ქეთი აბაშიძე და ზურა ხაფთანი.

წარმოდგენაში საცხოვრებელი ბინის მისამართიც დაკონკრეტებულია. სპექტაკლის სანახავად მისული მაყურებელი ჭადრების ჩიხის 8 ნომერში აღმოჩნდება, სადაც ნათაძეების სახლია. მაყურებელი წარმოდგენის თანამონაწილე ხდება, რადგან სცენა და პარტერი გაერთიანებულია. მათ სივრცეში შესვლისთანავე მაყურებელზე ატმოსფერო მოქმედებს და შეიძლება ითქვას, რომ სპექტაკლი მსახიობების გამოჩენამდე იწყება. შესაბამისად, წარმოდგენის დაწყებისთანავე მაყურებელს უჩნდება განცდა, რომ ის ვიღაცის ოჯახშია და ისე იგებს მათ შესახებ ამბავს.


  ცხადია, შემოქმედებითი ჯგუფის მიზანი იყო მაყურებლის თანაცხოვრება პერსონაჟებთან ერთად, რადგან დამსწრე საზოგადოება იყოს არა მხოლოდ მაყურებელი, არამედ თანაზიარი. ისინი, ფაქტობრივად, მაყურებელს მათთან ერთად აცხოვრებენ. ადამიანები სახლის კედლების ადგილას სხედან და თითქოს ისინი ავსებენ მათ სიცარიელეს. ამგვარი განლაგება, გამართლებული აღმოჩნდა, რადგან მაყურებლის პერსონაჟებთან თანაზიარება პარტერიდან გაცილებით რთული იქნებოდა და შესაძლოა ვერც მიეღწიათ სასურველი შედეგისათვის.

    მაყურებელი უფრო და უფრო მეტად გრძნობს თავს სახლში, სადაც ყოველდღიური ყოფითი პრობლემები იჩენენ თავს. მარინა რევია სახლში შემოსვლამდე ოთახს გარედან, ფანჯრიდან ათვალიერებს, რა დროსაც ნატას ყავა ადუღდება, და მთელ დარბაზში დამწვრის სუნი დადგება, ამიტომ სახლის განიავების მიზნით ნატა ფანჯარას აღებს და სწორედ ამ მომენტში გაიცნობს ერთმანეთს რძალ-დედამთილი.


საგულისხმოა, რომ სპექტაკლში ძალიან მალე ირკვევა, რომ მარინა რევია შოთას დედაა. საინტერესოა, რატომ გადაწყვიტა რეჟისორმა, რევიას ვინაობა ძალიან სწრაფად „გაეყიდა“. ამის მიზეზი სპექტაკლის მსვლელობისას უფრო მეტად ცხადი ხდება.

რეჟისორის საკვლევი მასალა და საინტერესო ასპექტები სწორედ მაყურებლისთვის ყველა პერსონაჟის გაცნობის შემდეგ იწყება და დროის ფაქტორის გათვალისწინების მიზნით, არ სჭირდება ხელოვნურად გაწელილი დიალოგები. თავისთავად ცხადია, ამბავი მარინა რევიას დაბრუნებით იწყება, რომლისთვისაც 15 წლიანი განშორების შემდეგ შინ მისვლა ნოსტალგიური, რთული და სევდიანია, რადგან წლების წინ დატოვებული სახლი ბევრ მოგონებასა და ისტორიას ინახავს, რისი გახსენებაც მისთვის ერთადერთი ნათელი ამოსავალი წერტილია. რევიას ცხოვრება ფაქტობრივად უმოქმედოდ და უაზროდ გაილია, ქალი იძულებულია წარსულით იცხოვროს, იმ დროით, როცა გაჭირვება მთავარი პრობლემა იყო და არა უფრო დიდი, რთული და მძიმე ლოდი, რომლის ტარებაც წლებია მთელ ოჯახს უწევს.

რა თქმა უნდა, ნატას არ მოსწონს დღევანდელი ცხოვრება, მაგრამ თავისი ოჯახის წევრებისგან განსხვავებით ის არ გამოირჩევა არავის მიმართ აგრესიული დამოკიდებულებით, მეტიც, თუ რაიმე პრეტენზიას აფიქსირებს, რამდენიმე წუთში ავიწყდება, ზუსტად ისე, როგორც პატარა ბავშვს. მისთვის მეგობრების ცოტახნით ნახვაც ბედნიერების მიმნიჭებელია, რაც შემდგომ „გადაჭარბებულ მადლიერებამდეც“ კი მიიყვანს. შეიძლება, პერსონაჟმა, თავისი ხასიათიდან გამომდინარე, როდესაც ის ცხოვრების მიმართ უყურადღებობას, უინტერესობასა და გულგრილობას ავლენს, მაყურებელში გაღიზიანება გამოიწვიოს, მაგრამ საერთო ჯამში ქეთი აბაშიძის შექმნილი პერსონაჟი მაყურებელს მის მიმართ დადებითად განაწყობს. ისიც ისეთივე მსხვერპლია 90-იანი წლების გაჭირვების, როგორც დანარჩენი ოჯახის წევრები, მასაც აქვს ბავშვობის ტრავმები და კომპლექსები, მაგრამ მშობლების მიმართ აგრესია არ გააჩნია. ყოველივე ეს გოჩა ხვიჩიას სპექტაკლში თვალსაჩინოა და ნატას პერსონაჟის არსებობა და მიზანიც გამართლებულია. გარდა ამისა, რეჟისორი აქაც ერთგვარ კონტრასტს ქმნის, რადგან ნატაც შვილია, ისევე როგორც და-ძმა ნათაძეები და მასაც ეტყობა მშობლის ზრუნვისა და სითბოს ნაკლებობა. თუმცა მთავარი ისაა, თავად ადამიანი როგორ იღებს ყოველივეს და რა რეაქცია აქვს.


თავის მხრივ, ქეთი აბაშიძის პერსონაჟი ტრაგიკომიკური გმირია, რომელიც ნამდვილად ახერხებს, რომ სპექტაკლის სიუჟეტით დაძაბული მაყურებელი წამიერად მაინც მოწყვიტოს, მოადუნოს და გააცინოს.

ნატას და შოთას ურთიერთობა აშკარად იმაზე მეტყველებს, რომ მათი ოჯახი არ არის მყარი და სიყვარულზე დაფუძნებული, მაგრამ მეუღლისადმი აგრესიული საუბრით შოთა უფრო მეტად გამოირჩევა. შოთას პერსონაჟი დაკომპლექსებულია, ბავშვობიდან ტრავმირებული. მასში აგრესია ჭარბობს, ძალიან იმპულსური, უხეში, გაუწონასწორებელი, სულ გაღიზიანებული და ყველაფრით უკმაყოფილოა, მაგრამ, ამ ყველაფრის გარდა, ის მზრუნველი და ფეთიანი მამაა, რომლისთვისაც ბავშვის გაზრდა ყველაზე მნიშვნელოვანია. მთელი სპექტაკლის განმავლობაში, შოთა ყველაზე მეტად იჩენს შვილისადმი ყურადღებას. ოჯახის წევრების, განსაკუთრებით მარინა რევიას, მიმართ გამოვლენილი აგრესია ერთგვარი თავდაცვაა, რომლითაც ბავშვობაში დატოვებული სიცარიელის შევსებას ცდილობს და სურს საკუთარი თავი დააჯეროს, რომ ის მოცემულობა, რომელშიც იმყოფება, გარშემომყოფი სხვა ადამიანებისა და არსებული გარემოს ბრალია და არა პირადად მისი. რასაკვირველია, აშკარაა, რომ ყოველივე ეს ერთგვარი ნიღაბია, რომლის მიღმაც ცხოვრობს ჯერაც კიდევ ვერგაზრდილი ბავშვი, რომელსაც დედის სითბო და ალერსი დააკლდა.

შოთა ბავშვობიდან ზრუნავს თავის დაზე, ნათიაზე, იცავს მოძალადეებისგან და ცხადად ჩანს, რომ ის მისთვის ძალიან ძვირფასია. შოთას როლს მსახიობი ზურა ხაფთანი ასრულებს, რომელიც ეძებს საკუთარ თავს და უპირისპირდება სამყაროში არსებულ უსამართლობას, რადგან ისიც ისეთივე მსხვერპლია, როგორც სხვები. შოთა ნათაძე ახალგაზრდა თაობის კრებით პორტრეტს ქმნის, რომლებიც გაჭირვების ჟამს კვლავ საკუთარი თავის ძიების პროცესში არიან. ის ბევრი თანატოლის ბედს იზიარებს. პერსონაჟის ხასიათისა და პიროვნების წარმოჩენას სხვადასხვა დეტალითა და ნიუანსით ახერხებს. ამ შტრიხებს კი მსახიობი ნელ-ნელა და ზომიერად უჩვენებს მაყურებელს. სპექტაკლის ბოლომდე მუშაობს ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე და ფინალურ, კულმინაციურ სცენამდე ძალზე დამაჯერებლად, ყოველგვარი პათეტიკისა და გადაჭარბების გარეშე მიჰყავს.

ხელოვნებათმცოდნე ლელა ოჩიაური თავის ნაშრომში აღნიშნავს, რომ ნათიას პერსონაჟი პიესისა და სპექტაკლის მთავარი ღერძია.[1] რა თქმა უნდა, ნათია ყველაზე დიდ ლოდს ატარებს, გულში ჩამარხული საიდუმლოს სახით. ის ყოველდღიურად ებრძვის საკუთარ თავში არსებულ ბრძოლებს და ამას ისე ახერხებს, რომ ოჯახის წევრებამდე არ მიიტანოს, მათ არ აგრძნობინოს და მზად არის, ოჯახის გაფრთხილების მიზნით, ბოლომდე შეინახოს საიდუმლო და ზიდოს ეს ტვირთი. თუკი რევიამ დამნაშავის როლი მოირგო, ნათიამ დედის როლი შეითავსა და ოჯახში ერთდროულადაა დედა, შვილი, და, მული და მამიდა. ნათიას პერსონაჟს მსახიობი თათია თათარაშვილი ასრულებს, რომელიც აერთიანებს ახალგაზრდა ქალის სახეს, მათ ბედს, თვისებებსა და შიშებს, რომელთათვისაც დაუცველობა ყველაზე მეტად აისახება გარეგან მხარეზე, მიუხედავად იმისა, რომ თავიანთი დამოუკიდებლობითა და ძალით ცდილობენ გადაფარვას. მსახიობისთვის დაკისრებული ამოცანა ძალიან რთულია, რადგან სწორედ ნათიას პერსონაჟმა იცის ყველაფერი, ერთადერთი ადამიანია ოჯახში, რომელიც სიმართლეს ატარებს, გარდა ამისა, მხოლოდ ის მუშაობს ოჯახის სარჩენად, ის ფიქრობს მთელი ოჯახის გამოკვებაზე. ნათიაში ორი პიროვნება ცხოვრობს, ერთია მშვიდი და ჭკვიანი ქალი, რომელიც ზრუნავს და დედობას უწევს მთელ ოჯახს, მეორე კი აგრესიული, ცვალებადი და იმპულსურია. მისი ამგვარი ხასიათი კი მეტყველებს მის წარსულზე და სწორედ იმაზე, რომ ის ყველაზე ტრაგიკულია.


 მსახიობი თათია თათარაშვილი მრავალშრიანი პერსონაჟის ამოცანის ამოსახსნელად და შესაქმნელად ადამიანის ფსიქოტიპი იკვლია და მათი გამოყენებით მოახერხა ამგვარი დახვეწილი, მდიდარი ხერხებითა და ოსტატობით აეგო ასეთი რთული პერსონაჟის სახე.[2] მან ამდენი ხნის განმავლობაში ატარა საიდუმლო გაუთქმელად, ეს ფაქტი კიდევ უფრო მეტად მოქმედებს მის ფსიქიკაზე და მეტიც, გულით ნატარებმა ამხელა ლოდმა ფაქტობრივად დაღიც დაასვა, ნერვული სისტემაც დაუზიანა და კვალი დაუტოვა. ამ ყველაფრის გამოსახატად მსახიობი ოსტატობის არაერთ ტექნიკას იყენებს, როგორც ფიზიკურს, ასევე ემოციურს. როცა ჩუმადაა, ის ამ სიჩუმითაც მოქმედებს მაყურებელზე, რადგან მისი მდუმარება შინაგანად არის დამუხტული.


როგორც პიესისა და სპექტაკლის სათაურიც ცხადყოფს, მარინა რევია მთავარი მოქმედი პირია, რომლის როლსაც მარო ჯოხაძე ასრულებს და მისი შექმნილი პერსონაჟი მაყურებელში ერთდროულად იწვევს თანაგრძნობასა და გაღიზიანებას. წლების შემდეგ დაბრუნებული მარინა რევია ახალგაზრდა ქალია, რომელიც პატიმრობაში გატარებულმა წლებმა მოტეხა და მას გარეგნულადაც და შინაგანადაც კვალი დაატყო. რევიას პერსონაჟში დიდი იმედი იკითხება, რომ მონატრებული შვილები მიიღებენ და ისეთივე სიყვარულით შეხვდებიან, როგორც თავად მარინა ემზადება. შვილებთან პირველი შეხვედრის სიხარული ცალმხრივი აღმოჩნდა, რადგან რევია ნათიასა და შოთას მიმართ სითბოს გამოხატავს, ეხუტება, ისინი გაშეშებულნი დგანან. ერთი მხრივ, მათი ამგვარი შეხვედრა გამართლებულია, რადგან და-ძმისთვის დედის დაბრუნება მოულოდნელი იყო, დედა კი დიდხანს ემზადებოდა ამ წამისთვის. ამის მიუხედავად, რევია მთელი წარმოდგენის განმავლობაში ცდილობს, შვილებთან სითბოს გამოვლენასა და კომუნიკაციის დამყარებას. ციხეში არსებული უკონტაქტობა და სიმარტოვე შინაც გრძელდება. შეშინებული და დაძაბულია, თავს უხერხულად და ზედმეტად გრძნობს, მაგრამ ამის მიუხედავად ის მაინც ცდილობს, რომ შვილებისა თუ რძლის მიმართ სითბო და სიყვარული გამოავლინოს. შეიძლება ამ ყველაფერს ძალდატანებით აკეთებს, მაგრამ მათდამი მხოლოდ სიყვარული ამოძრავებს. რევიას სურს, რომ ოჯახში ჩამონგრეული კედელი და გაწყვეტილი ჯაჭვი გაამთელოს. მარო ჯოხაძის პერსონაჟში ბევრი ტკივილი და პასუხგაუცემელი კითხვაა, რაც შინაგანად აწუხებს და ანგრევს, შემდეგ კი ყოველივე გარეგანზე აისახება. მისი მხიარულებაც ნერვიულია, ენერგიის უხვად ფრქვევა - მასში არსებული ბრაზია, რომელიც შეუძლია დადებითად აქციოს და ისე გამოავლინოს ოჯახის წევრებთან, მაშინაც კი, როდესაც მისი მცდელობა ცალმხრივია და საპასუხოდ ან არაფერს იღებს, ან აგრესიას.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ სპექტაკლი საინტერესოა თავისი გადაწყვეტებითა და გამომსახველობითი ფორმებით და ეს უპირველესად არის სცენოგრაფიის დამსახურება. რა თქმა უნდა, სპექტაკლს ეტყობა, რომ რეჟისორს მართლაც ბევრი აქვს ნამუშევარიც და ნაფიქრიც, მაგრამ, რომ არა სპექტაკლის ნატურალისტური მხატვრობა, საბოლოო ჯამში ასეთ შთამბეჭდავ შედეგს ვერ მიაღწევდნენ.

ჯორჯო სტრელერის აზრით, სცენოგრაფია პირველ რიგში ფასდება თავისი მრავალმხრივი გამოყენებით. ნამუშევარი, რომელიც შემოქმედებით ჯგუფს ეხმარება მოქმედებაში, მოძრაობასა და მიზანსცენის აგებაში. სცენოგრაფია არა მარტო მაყურებლისათვის განკუთვნილი ესთეტიკური სიამოვნებაა, არამედ ის სტიმულირებს რეჟისორისა და მსახიობის მუშაობის პროცესზე. არსებობს დეკორაციის, ნივთის, სივრცისა და მსახიობის მუდმივი „კავშირი, ამ უკანასკნელის სიტყვას, ჟესტსა და მოძრაობას შორის.


საქმე ისაა, რომ დეკორაცია იქმნება და იცვლება სპექტაკლთან ერთად, მას შეუძლია მხოლოდ რეპეტიციების მსვლელობის პროცესში დაიბადოს. სტრელერი აქვე საუბრობს კოლექტიური შემოქმედების აუცილებლობაზე. რაც შეეხება მხატვარს, აქვე აღნიშნავს, რომ ყველა სპექტაკლში მხატვარი უნდა მიმართავდეს განსხვავებულ მხატვრულ ტექნიკებს.[3]

მხატვრისა და რეჟისორის შეთანხმებული მოქმედება კარგად ჩანს მარნეულის თეატრის სპექტაკლში „მარინა რევია“. აქ ჩანს ის აუცილებელი კოლექტიური შემოქმედების პროცესი, რომელსაც სტრელერი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. რაც შეეხება დეკორაციის საჭიროებას, ვფიქრობ, ბოლომდეა ათვისებული და გამოყენებული. დეკორაცია არა მხოლოდ „მაყურებლის ესთეტიკური სიამოვნებაა“, არამედ ის საშუალებას აძლევს მსახიობებს იგრძნონ ის კონკრეტული ატმოსფერო, რაც მათთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელია. ტატო გელიაშვილის მიერ შექმნილი სცენოგრაფია კრავს, აერთიანებს მაყურებელსა და სპექტაკლს. ისინი ერთ სივრცეში და ატმოსფეროში მოქცეულნი მსახიობებთან ერთად განიცდიან მთელი სპექტაკლის პრობლემებს, ინტრიგებსა და კონფლიქტებს. დეკორაცია საკმაოდ მორგებულია სპექტაკლის ატმოსფეროს, იდეასა და გადაწყვეტას, ამიტომ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ დეკორაცია არა ცალკეულად, არამედ რეპეტიციების მსვლელობის დროს, ცოცხალ პროცესში დაიბადა.

„მხატვართან ერთად რეჟისორი უნდა ისწრაფოდეს, რომ ფარდის გახსნისთანავე მაყურებელმა დაინახოს დეკორაცია, სადაც მხოლოდ იმ პიესის თამაში შეიძლება, რომლის სანახავადაც ის მოვიდა“ - გორდონ კრეგი, ინგლისელი რეჟისორისა და თეორეტიკოსის ეს კონცეფცია მოიცავს მის რევოლუციურ იდეებს რეჟისორის როლისა და სცენოგრაფის შესახებ, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თითოეულ სპექტაკლს უნდა ჰქონდეს უნიკალური და სპეციფიკური ატმოსფერო, რომელიც განუყოფელია თავად სპექტაკლისგან. მაყურებელი ამ სპექტაკლში არა მარტო ისეთ დეკორაციას ხედავს, სადაც მხოლოდ ამ პიესის თამაში შეიძლება, მასთან ერთად მსახიობების მიერ ათვისებულ და ბოლომდე გამოყენებულ რეკვიზიტებსაც. არსებობას სცენაზე მსახიობების ეს კონკრეტული დეკორაცია ცხოვრებად გადააქცევს. ისინი საკმაოდ ორგანულად მოქმედებენ და იყენებენ რუტინულ ქმედებებს. ონკანში მომდინარე წყალი, ყავის მოდუღება, ყიყლიყოს შეწვა, ეს ყველაფერი ერთი შეხედვით ჩვეულებრივი და ყოფითი ქმედებებია, თუმცა ყველაზე საინტერესო, რაც ამ სპექტაკლშია, სწორედ ამასთანაა დაკავშირებული. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი, დაბალი სოციალური ფენის მაცხოვრებლები თითქოს ყოველდღე სერიალის ყურებისა და ყავის მოდუღების მეტს არაფერს აკეთებენ, თუმცა ამ სპექტაკლში გმირები არა მხოლოდ სერიალთან, არამედ დიდ ტრაგედიასთან ერთად ცხოვრობენ. ეს ყველაზე კარგად გამოიხატება სახლის მეტაფორული სახურავით, რომელსაც სახურავის ნაცვლად ჩასასვენებელი სასახლის თავი ადგას. შესაბამისად, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაყურებელი, რომელიც ამ სპექტაკლზე მოვა, ფარდის გახსნისთანავე დაინახავს დეკორაციას, სადაც მხოლოდ იმ სპექტაკლს და ამბავს ნახავს, რომლის სანახავადაც მოვიდნენ.

გოჩა ხვიჩიას სპექტაკლი ძალიან ნატურალისტურია, რასაც განსაკუთრებით ხელს უწყობს სცენოგრაფია. „მარინა რევიას“ ყველა ინტერპრეტაციაში იყო მცდელობა ნატურალიზმის გამოვლენისა, თუმცა ამას თვალნათლივ ვხედავთ მხოლოდ გოჩა ხვიჩიასა და ტატო გელიაშვილის ნამუშევარში. როგორც ზემოთ აღვნიშნე, რეჟისორი ზუსტად გამოსახავს ყოველდღიურ დეტალებზე და ჩვეულებრივ ადამიანებზე ფოკუსირებას, რაც ნატურალიზმის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისებაა.


„ნატურალიზმი ილტვოდა გარემო სინამდვილისა და ადამიანთა ხასიათების ზუსტი, ობიექტური და მიუკერძოებელი ასახვისკენ“.[4] აღნიშნულ სპექტაკლში ადამიანების ანუ პერსონაჟების ქცევით განისაზღვრება გარემო და სოციალური ფაქტორები. ნატურალიზმის დახმარებით, რეჟისორი და მასთან ერთად მხატვარიც გვაჩვენებენ ცხოვრებას, რომანტიზაციისა და იდეალიზაციის გარეშე, ისეთს, როგორიც ის არის სინამდვილეში.

 

[1] ოჩიაური ლ., ჭადრების, ქუჩა #8.

[2] სცენა, მარინა.

[3] Стрелер,Театр, 1984, стр. 150.

[4] მსოფლიო თეატრის ისტორია, 15. გვ.

bottom of page