ერთმორწმუნე მტრის მიერ ერთმანეთის მოძულედ ქცეული საზოგადოება
სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის
„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში
.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.
ლაშა ჩხარტიშვილი
ერთმორწმუნე მტრის მიერ ერთმანეთის მოძულედ ქცეული საზოგადოება
ისტორიულ თემატიკაზე სპექტაკლები იშვიათად იდგმება თანამედროვე ქართული თეატრის სცენაზე, მეტადრე თუ ის საქართველოს ისტორიის გარკვეულ პერიოდებს ეხება. ამ მიმართულებით, ქართულ დრამატურგიაში, ჩვენს თანამედროვეობაში, გურამ ბათიაშვილი მუშაობს, რომლის პიესებიც არც ისე ინტენსიურად იდგმება. ისტორიულ თემატიკაზე, რეჟისორებს შორის კი ფაქტობრივად, მხოლოდ გოჩა კაპანაძე მუშაობს, რომელმაც სპექტაკლების მთელი სერია შექმნა საქართველოს სხვადასხვა თეატრებში, სადაც ცოცხლდება საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი ეტაპები.
გოჩა კაპანაძემ მორიგი მასშტაბური პროექტი „გურიის დედოფალი“ ოზურგეთის თეატრში განახორციელა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ვასილ ჩიგოგიძის მიწვევით, რომლის სარეპერტუარო პოლიტიკა თემატურ და ჟანრობრივ მრავალფეროვნებაზე, განსხვავებული თაობის, მსოფლმხედველობის რეჟისორების თეატრში მოწვევაზეა ორიენტირებული. „გურიის დედოფალი“ გოჩა კაპანაძის პირველი სპექტაკლია ოზურგეთის თეატრში.
დოკუმენტური დრამა თამარ პაპავას ნაწარმოების მიხედვით, გურიის სამთავროს უკანასკნელი დედოფლის, მამია V გურიელის ქვრივის, სოფიოს მოღვაწეობის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც XIX საუკუნის პირველ ნახევარში მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა იყო და იბრძოდა რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ. სპექტაკლში წამოჭრილია საქართველოს (გურიის სამთავროს მაგალითზე) პოლიტიკური ორიენტაციის და არჩევანის საკითხი ორ იმპერიას შორის, სპექტაკლი ეფუძნება პატრიოტულ თემატიკას და ფაქტობრივად ის ერთადერთი და მეინსტრიმული ხაზია სიუჟეტში.
რეჟისორი ცალსახად აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ რუსეთის იმპერია, რომელიც ერთმმორწმუნებობასაა ამოფარებული, ცდილობს არა მხოლოდ ქვეყნის მიტაცებას, არამედ ქართული საზოგადოების ერთმანეთთან დაპირისპირებას. ამიტომაც ისმის სპექტაკლში დედოფალ სოფიას ფრაზა წარმოთქმული ოპონენტთა მიმართ, რომელიც ერთგვარი რეზიუმეა მთელი სპექტაკლის. ის სვამს რიტორიკულ კითხვას: „ერთმანეთის მოძულედ როგორ გვაქცია ერთმორწმუნე მტერმა?“ ეს კითხვა სპექტაკლში ლოზუნგად ჟღერს. მსგავსი პათოსის ფრაზები სპექტაკლში არაერთხელ გვხვდება და ამახსოვრდება მაყურებელს. გოჩა კაპანაძე ისტორიის კონტექსტში წარმოაჩენს ჩვენს დღევანდელ რეალობას, გაორებულ და გაყოფილ, დანაწევრებულ საზოგადოებას, ერსა და ბერს, მერკანტილური თუ ფასეულობებზე ორიენტირებული მიზნებით, ეკლესიის როლს და გავლენას პოლიტიკაზე.
თამარ პაპავას პროზაული თხზულება რეჟისორმა გოჩა კაპანაძემ დამატებითი ისტორიულ წყაროებისა და დოკუმენტების მოხმობით გაასცენურა (სპექტაკლში გამოყენებულია ქველი ჩხატარაიშვილის ნაშრომი „გურიის სამთავროს შესახებ“). პროზის ინსცენირება ბევრ პრობლემასთან არის დაკავშირებული, რადგან მხატვრული ან თუნდაც ისტორიული ტექსტი სცენაზე გადასვლისას ქმედით სიტყვად არ ჟღერს. ამ პრობლემას თავად დრამატურგები და ინსცენირების დიდოსტატებიც აწყდებიან ხშირად. ამ მხრივ, არც გოჩა კაპანაძეა გამონაკლისი. „გურიის დედოფალში“ დრამატურგიული სტრუქტურა კლასიკურ ჩონჩხზე დგას, მაგრამ სიუჟეტურ კონსტრუქციაში მაინც შესამჩნევია მოვლენათა დინამიკურობის, მათი ეტაპობრივი განვითარების შეფერხება, ასევე გამოსაკვეთია პერსონაჟთა ხასიათების დეტალები, რომელიც მაყურებელს მათზე ფართო წარმოდგენას უქმნის.
პრობლემები, რომელიც გოჩა კაპანაძე სპექტაკლში „გურიის დედოფალი“ სვამს, სამწუხაროდ, დღესაც უაღრესად აქტუალურია, დღესაც გვიწევს გამკლავება ერთმორწმუნე მტერთან, დღესაც ოკუპირებულია ჩვენი ტერიტორიების 20% და ისტორიის ცოდნა ახალგაზრდებისთვის, მომავალი თაობებისთვის მნიშვნელოვანია, ან თუნდაც ქართული საზოგადოებისთვის, რომელმაც ისტორია ასე თუ ისე იცის, ამ მოცემულობის შეხსენება სამწუხაროდ, ბევრისთვის საჭირო და აუცილებელია. ამიტომაც, რთული არ არის რეჟისორის ამოცანების და მიზნების ამოკითხვა, როცა სპექტაკლს „გურიის დედოფალს“ მაყურებელი აქტიურად ჩართული ადევნებს თვალს. მაყურებლის აქტიურობა, სპექტაკლის მსვლელობისას, პერიოდულ გამოხატულ ოვაციასა და ტაშში გამოიხატებოდა, რომელიც თითქოს სცენაზე გაცოცხლებულ პერსონაჟებს ამ ჟესტით ამხნევებდა, მხარს უჭერდა, ეთანხმებოდა.
ქართულ (და სხვათა შორის, არა მარტო) თეატრში ისტორიულ თემატიკაზე დადგმულ სპექტაკლებში შეიმჩნევა პათეტიკურობა, ზეაწეული ტონი, მსახიობთა მეტყველების მანერა უტრირებულია, რაც დღეს აღარ მგონია სწორი მიდგომა, ვინაიდან თუნდაც უაღრესად ემოციური ტექსტის წარმოთქმა შესაძლებელია დამატებითი ემოციების გარეშე, რადგან გაორმაგებული ემოცია წარმოშობს პათეტიკას, სცენურ სიყალბეს და მიზანი (მაყურებელზე ემოციური ზემოქმედება) კარგავს თავის არსს. მსგავსი ეპიზოდები ოზურგეთის თეატრის სპექტაკლშიც გვხდება, სადაც მოჭარბებულ ემოციას მუსიკალური ფონიც აძლიერებს (მუსიკალური გამფორმებელი გოჩა კაპანაძე). საგანგებოდ ამ სპექტაკლისთვის გოჩა კაპანაძემ სასცენო მეტყველების სპეციალისტი იური ფოფხაძე მიიწვია, რომელმაც სარეპეტიციო პროცესის პარალელურად მსახიობებთან იმუშავა. ვფიქრობ, იური ფოფხაძის მუშაობა მსახიობებთან არა მსახიობთა მეტყველების მანერის, ტონალობის მიგნება-დახვეწისკენ კი არ უნდა მიმართულიყო, არამედ არსებული დეფექტების ამოსაფხვრელად და პრობლემების გადასაჭრელად.
გოჩა კაპანაძე სპექტაკლში „გურიის დედოფალი“ გვიჩვენებს XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართველ საზოგადოებას, ჭრელს და წინააღმდეგობრივს, სხვადასხვა თაობის მამაც, სამშობლოსთვის თავდადებულ ქალებსა და კაცებს, საზოგადოებას, რომელიც სხვადასხვა პოზიციებზე დგანან. ისტორიულ მოვლენებთან პარალელების გავლება დღესაც შეიძლება. ამით სცენაზე გათამაშებული თავისი შინაარსით საგრძნობლად უახლოვდება ჩვენს თანამედროვეობას, თუმცა ფორმითა და სტილით ის უფრო განვლილ თეატრს უკავშირდება. ისტორიული ჟანრი თითქოს ითხოვს პათეტიკას, ამაღლებულ ტონს ეპოქის ავთენტურობის წარმოსაჩენად, მაგრამ რატომ არ შეიძლება წარსული სცენაზე სტილისტიკური თვალსაზრისით გათამაშდეს როგორც დღევანდელი ამბავი. ვერ ვიტყვი, რომ სიჭარმაგე შერეული სათეატრო ფორმა დღეს ჩვენს მაყურებელზე ემოციურ ზეგავლენას ვერ ახდენს, თუმცა ვფიქრობ, რომ ზომიერების დაცვა გაცილებით დადებით შედეგზე გაიყვანს შემოქმედებით ჯგუფს მაყურებელთან ურთიერთობაში.
გოჩა კაპანაძე ისტორიულ ამბავს თანამედროვე გოგონას ციცის საშუალებით გვიყვება. მსახიობი ციცი ბუცხრიკიძე დამტვერილ წიგნს აღმოაჩენს, რომელიც გურიის უკანასკნელი დედოფლის სოფიოს შესახებ მოგვითხრობს. ისტორიული ჟანრი ფინალში ფანტასმაგორიაში გადადის, როცა ციცი დედოფალ სოფიოს ხვდება და მათ შორის საინტერესო დიალოგი წარიმართება. ეს ეპიზოდი მსახიობებს პათეტიკურობისა და თეატრალურობის გარეშე მიჰყავთ, სცენაზე ნამდვილი და გულწრფელი ურთიერთობები მყარდება.
საინტერესოდ გადაწყვიტეს სპექტაკლის სცენოგრაფია გოჩა კაპანაძემ და მხატვარმა ლომგულ მურუსიძემ. ავანსცენაზე ჭაობის მცენარეებს ვხვდებით, რაც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ გარემო, რომელშიც მოქმედება ვითარდება ხავსმოკიდებულია და ლპება. შესაბამისად, ჩნდება განცდა, რომ მაშინაც და ახლაც ჩვენი საზოგადოება ჭაობიდან ამოსვლას ლამობს, მაგრამ უშედეგოდ. სცენა მაქსიმალურად განტვირთულია სამოქმედო სივრცისთვის, თუმცა ფინალში მას ზემოდან დაშვებული უზარმაზარი ეკლესიის ზარი ავსებს, რომელიც მომავლის და იმედის მეტაფორად აღიქმება. შემოქმედებითი ჯგუფი იყენებს პროექციას, სადაც ტაძრების ფრესკებს ვხედავთ, რომელიც სპექტაკლის ტექსტის ილუსტრირებას ახდენს, როცა მღვდელი რუსების ვანდალობაზე მოგვითხრობს, სცენის სიღრმეში ფონზე გამოხატული ფრესკები თეთრი საღებავით იღებება. კოსტიუმებზე ქეთი ციციშვილმა და თეო კუხიანიძემ იმუშავეს, რომელთაც შექმნეს ეპოქისთვის დამახასიათებელი სამოსი, რომელიც ამავდროულად მათ სოციალურ სტატუსს, ხასიათს და პროფესიასაც კი გამოხატავს.
სპექტაკლში მთავარ, დედოფალი სოფიოს როლს ოზურგეთის თეატრის წამყვანი მსახიობი თამარ მდინარაძე ასრულებს. ბოლო პერიოდში მან არაერთი დასამახსოვრებელი და განსხვავებული მხატვრული სახე შექმნა. ამჯერად, მას ისტორიული პერსონაჟის, გმირის განსახიერებაც მოუხდა. ეფექტურია დედოფლის პირველი გამოჩენის, სცენაზე შორეული სივრციდან შემოსვლის სცენა, ისე როგორც დიალოგი როდანთან (ბელა კიკვაძე) და ციცისთან (ციცი ბუცხრიკიძე), თუმც არის ეპიზოდები სადაც ხმამაღალი და მუდმივად დაძაბული ტონალობა სჭარბობს. გურიის დედოფალი სოფიო ხსნას ოსმალეთში ხედავს, თუმცა მისი ინტერესები ორი იმპერიის მიზნებს ეჯახება, რაც მის სასოწარკვეთას იწვევს. ამ პასაჟით რეჟისორი იმაზეც მიანიშნებს, რომ იქნებ დადგა დრო, როცა რადიკალიზმი უარვყოთ, არჩევანი მხოლოდ ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ გავაკეთოთ და ხსნის გზა არა ქვეყნის გარეთ, არამედ ჩვენშივე ვიპოვოთ. გოჩა კაპანაძის სპექტაკლში სოფიოც წინააღმდეგობრივი გმირია, ისიც უშვებს შეცდომებს, მასაც აქვს დადებითი და უარყოფითი თვისებები, რაც მეტ ხიბლს და ინტერესს სძენს პერსონაჟს. გოჩა კაპანაძე არ გვიჩვენებს იდეალურ პერსონაჟებს და მაყურებელს უტოვებს ფიქრისა და ანალიზის სივრცეს გმირთა ქმედებების შესაფასებლად. სპექტაკლში ისმება პასუხისმგებლობის საკითხი მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომელსაც შედეგად მსხვერპლი მოაქვს. ერთ მხარეს ფიზიკური განადგურება და სიკვდილი დგას, მეორე მხარეს კი თავისუფლებისთვის ბრძოლის იდეა. სწორედ ამ და ერთადერთ მნიშვნელოვან ეპიზოდში ჩნდება როდანი - ბელა კიკვაძე. მსახიობს სცენა დრამატულად და პროფესიონალურად მიჰყავს. ბელა კიკვაძე ქმნის დედის განზოგადებულ ტრაგიკულ სახეს, რომელიც ომმა და ბრძოლებმა მორალურად გაანადგურა, მაგრამ მისი პოზიციის (რომლის მხარესაც არის გარკვეული სიმართლე) მიუხედავად, გადამწყვეტ მომენტში ის ღირსეულად იქცევა და არჩევანს მაღალ იდეალებზე აკეთებს.
საინტერესო და დასამახსოვრებელი ტიპაჟი შექმნა ზაზა ჯინჭარაძემ (მღვდელი), რომელმაც შეძლო არტისტული გარდასახვა, რაც მხოლოდ გარეგნობაში (გრიმსა და კოსტიუმში) კი არ გამოიხატა, არამედ შინაგან სამყაროში, დაბალანსებულ განცდასა და ემოციაში. სპექტაკლში თხუთმეტამდე მსახიობი მონაწილეობს, რომლებიც ეპიზოდურ როლებს ქმნიან.
გოჩა კაპანაძის სპექტაკლის გაჩენა ოზურგეთის და არა მხოლოდ ქართული თეატრის რეპერტუარში მნიშვნელოვანი მოვლენაა იმ თვალსაზრირისით, რომ მას აქვს თავისი სათქმელი და მიზანი, ამიტომაც მას აუცილებლად ეყოლება აუდიტორია, რომელიც ამ სათქმელს გაიზიარებს.