top of page

ეს არ არის ჩეხოვის „სამი და“

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

262435807_375218334400422_2829841319876600937_n.jpeg

ნუცა კობაიძე

ეს არ არის ჩეხოვის „სამი და“

დანაშაულის ჩადენა წინასწარაა განპირობებული

დამნაშავის ცუდი მემკვიდრეობით

ლომბოროზო

 

ახალი თეატრის შექმნა კულტურულ-ისტორიულ მოვლენად უნდა ჩაითვალოს, რადგან თეატრის დაფუძნებით იწყება სულიერი ცხოვრება. ახალი თეატრის შექმნა ახალი სიცოცხლის დასაწყისია. ალბათ, უმეტესობას ერთხელ მაინც გვიფიქრია - ნუთუ საჭიროა ამ პატარა ქვეყანაში ამდენი თეატრი? მაგრამ თუ არ სცადე ვერც გაიგებ გაამართლა თუ არა მიზანმა. მე კი დიდ წარმატებას ვუსურვებ ახლად შექმნილ თეატრ ჰარაკს და ვუსურვებ მრავალფეროვან, საინტერესო რეპერტუარს. მისი ადგილმდებარეობა (პეტრიაშვილი) უკვე მომგებიანია - აუცილებლად ეყოლება მაყურებელი, მთავარია რას შესთავაზებს მას, რითიც გაზრდის აუდიტორიას.

უცნაურია, რომ საზოგადოების ნაწილის აზრით მარიამ მეღვინეთუხუცესის „სამი დის“ მთავარი ღერძი ჩეხოვის „სამი დაა“, თითქოს მისი გათანამედროვებული ანალოგია. ჩემთვის კი მხოლოდ სათაურია თანხვედრაში და თუ ძალიან მოვინდომებ პარალელების გავლებას „ალუბლის ბაღთან“ უფრო მეტი საერთო გამოინახება - გარდაცვლილი დედის მოვლილ ბაღს ახალი თაობა ვეღარ უვლის და ფინალში სეკატორით კაფავს (მსახიობი ანანო მახარაძე), რაც უფრო რეჟისორული (სანდრო კალანდაძე) ხრიკია. მეღვინეთუხუცესის პიესა მარტივ ამბავზეა აგებული, მეტაფორებისა და სიმბოლური დატვირთვების გარეშე. 90-იანი წლების თაობა - უბედური მშობლების უბედური შვილები - დედ-მამის განსჯით უსხლტებიან თავიანთ წილ პასუხისმგებლობას. ბავშვობა ყველაზე ფაქიზი და მოსაფრთხილებელი პერიოდია, ვინაიდან განაპირობებს მომავალს, მაგრამ არის თუ არა საკუთარი ბედის მთლიანად მშობლებზე გადაბრალება გაქცევა?

პიესის შინაარსი თუ გაინტერესებთ, ჩემსავით არ შეცდეთ და არ გადაიკითხოთ თავიდან ჩეხოვი, პრინციპში არც ეს არის ცუდი. სპექტაკლზე მისულებს ფოიეში შეგეძლებათ შეიძინოთ მარიამ მეღვინეთუხუცესის პიესა,  და თუ ცოტა ადრე მიხვალთ შეიძლება წარმოდგენამდე მოასწროთ წაკითხვა. ბარემ იმასაც გეტყვით, რომ რეჟისორი არაფერს ცვლის  ერთადერთი პერსონაჟის სახელის გარდა - მაიას ქმარს, ჯონის სპექტაკლში, პეტრე ჰქვია. ის მეშვიდე პერსონაჟია, რომელიც არ ჩანს. მაია (ნატალია გაბისონია) სწორედ ქმრის ღალატის შემდეგ ბრუნდება საქართველოში - „ხუთი წლის მერე ლონდონიდან ბრუნდება, გზააბნეული, დაკარგული და... რა დახვდება მას მშობლიურ თბილისში?“

თბილისში დაბრუნებულ მაიას სახლში ხვდება დედის გარდაცვალებით დათრგუნული მარგო (ანანო მახარაძე), რომელიც არ პატიობს უფროს დას მათ მიტოვებას,  და - მოსიყვარულე ნაბოლარა მარიამი (ანასტასია ჭანტურაია). დებს შორის კომუნიკაცია რთულად დგება. ისინი ერთმანეთს თითქმის არაფერს უყვებიან, არ იციან მაიას ქმართან განშორების ამბავი, მარგოს კონკურსში შეტანილი ლექსი, რომელსაც მეგობარი ბიჭებისგან იგებენ.

 

გაუცხოებულები, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ცხოვრობენ. მხოლოდ მარიამია გულწრფელი, მიმნდობი, მოსიყვარულე. ის ცდილობს, დაალაგოს ურთიერთობა დებს შორის, რასაც მსხვერპლად ეწირება. ა, ხო, შეგპირდით შინაარსს არ მოგიყვებით-მეთქი...

სამეფო უბნის თეატრში ქალი მსახიობების გამო მიყვარს სიარული - იმხელა ენერგიას იძლევიან სცენიდან, სულ რომ გაუმართავი იყოს სპექტაკლი მაინც მოგყვება მუხტი. იმავეს თქმა შემიძლია ჰარაკზეც, მათ რეპერტუარში ჯერჯერობით ორი სპექტაკლია (მესამეს ამზადებენ) და ორივე შემთხვევაში ქალბატონებს უჭირავთ ხელში წარმოდგენა: ანანო მახარაძე, ნატალია გაბისონია და ანასტასია ჭანტურაია. დანაშაული იქნება ასევე სამი ნიჭიერი მამაკაცის არ აღნიშვნა: გიორგი რაზმაძე (თემო), გიორგი შარვაშიძე (ბაჩო), ბიჭიკო ჭეიშვილი (თომა). რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სცენაზე იგრძნობა მათი გუნდური მუშაობა, პარტნიორული ურთიერთობა, ახალგაზრდული შემოქმედებითი ძალა და ეს სინთეზური თამაში ერთის მხრივ უბრალო სპექტაკლს მნიშვნელოვანს და საინტერესოს ხდის.

და მაინც, არ შემიძლია არ გამოვყო ამ არაჩვეულებრივ ანსამბლში ანანო მახარაძე. იშვიათია ახალგაზრდა მსახიობი ასე ოსტატურად ქმნიდეს დრამატულ სახეს. მას აქვს უნარი წამში შეცვალოს ხასიათი, თან ისე დამაჯერებლად, რომ ეჭვი არ შეგვეპაროს მისი პერსონაჟის გულწრფელობაში. ფაქტობრივად მთელი სპექტაკლის მანძილზე ანანო მახარაძის გმირი ალკოჰოლს ეტანება. რთულია შეასრულო ნასვამი ადამიანის როლი ისე, რომ არ იყოს მანერული. ანანო მახარაძე თითქოს კარგად იცნობს ამ მდგომარეობას, პერიოდულად აქვს მძაფრი და ადეკვატური შეფასებები მოვლენებზე, რაც ნასვამი ადამიანისთვის დამახასიათებელია. ლაპარაკობს ბევრს და დაჟინებული მზერით ცდილობს ინფორმაციის მიღებას. ჩვენ ვხედავთ პერსონაჟის ორგანიზმში მიმდინარე ფსიქო-სომატურ პროცესს - ისტერიკული სიცილიდან გადასვლა გართობაზე და უცებ სასოწარკვეთილებაში ჩავარდნა - მსახიობი ამ გრადაციას დახვეწილად გადის ჩვენ თვალწინ.

პერსონაჟი, რომლის ყველაზე ტკბილი მოგონება ჩუტყვავილაა, ხდება ამ აკვიატების მსხვერპლი. მარგოს სიცხე აქვს, იცვლება ინტერიერი. მხატვარი მარიამ კალანდაძე პერსონაჟის  ფსიქიკური აშლილობის სცენას მოქნილად გვაჩვენებს. წითელი განათების ფონზე თეთრი ზეწრებიც წითელად ჩანს. მარგო სარკეს და ავეჯს აფარებს ნაჭერს - თითქოს მიცვალებულია სახლში, წვება ხალიჩაზე და მთლიან სხეულზე იფარებს სუდარას. თავს აიგივებს დედასთან, სწორედ ამიტომ უჭირს სარკეში ჩახედვაც. შესაძლოა ეს იყოს მიზეზი მაიას დიდი აგრესიისა საკუთარი დის მიმართ. სამი კარი აქვს ბინას: შემოსასვლელი, ბაღში გამავალი და ოთახის კარი, სადაც ძველ ნივთებს ინახავენ. კარის საშუალებით ჩვენ გარედან შევდივართ შიგნით და ვხდებით იმ სივრცის ნაწილი, სადაც მოქმედება ვითარდება. ზღურბლის გადალახვა კი ადამიანის ერთი მდგომარეობიდან მეორე მდგომარეობაში გადასვლის სიმბოლოა და მსახიობებიც კარებში შემოსვლის დროს ყოველ ჯერზე ცვლიან ხასიათს თუ განწყობას. თითქოს ამ ზღურბლით იწყება ახალი მოქმედება.

ემოციურ, სასოწარკვეთილ, დროსტარებას აყოლილ მარგოსაგან განსხვავებით, მაია ჩამოყალიბებული, პრაგმატული, სერიოზული ქალია, ისეთი როგორც ჩვენს წარმოდგენაში შეიძლება იყოს უფროსი და. ამ ყველაფერთან ერთად აპათიურიც - ის არც დედის დაკრძალვაზე ჩამოვიდა, არც მარგოს კრიზისს განიცდის. სახლის მიმართ, სადაც დაიბადა და გაიზარდა, არანაირი ემოციური კავშირი არ აქვს და მეტიც, ერთი სული აქვს გაყიდოს და თავიდან მოიშოროს. თუმცა, უნდა ვივარაუდოთ ისიც, რომ შესაძლოა სწორედ ეს გარემო არის ყველაზე მტკივნეული და მძიმედ ასატანი მისთვის და ამ მიზნით ცდილობს თავი დააღწიოს წარსულის მარწუხებს. ნატალია გაბისონიას სამეტყველო აპარატი, ხმის ბუნებრივი მონაცემი განსხვავებულია, თავიდან შეჩვევა გჭირდება და ნელ-ნელა ხედავ/გესმის მსახიობი როგორ მეტყველს და გამომსახველს ხდის სიტყვას. აპაჩი (სილის გარტყმა სცენაზე) ტექნიკურად რთული შესასრულებელია. სცენა, როდესაც მაია ჰალუცინაციის მქონე მარგოს სახეში ურტყამს და მერე იხუტებს - თითქოს განიცადა რაც ჩაიდინა, ზედმეტად პათეტიკურია, სპექტაკლის ესთეტიკაში არ ზის. ნატალია გაბისონია დახვეწილი მანერებით, დიდი ტემპერამენტით, უჩვეულო მკაფიო დიქციით და სწორი ინტონაციით ქმნის პერსონაჟის სულიერ და გარეგნულ კონტურებს.

მარიამი ვერ იგებს რომელი დის პოზიცია გაამართლოს, არ უნდა მათი გულისტკენა. გულწრფელი ტირილისა და ტანჯვის გადმოცემის უნარს ვხედავთ ფინალურ სცენაში, როცა ანასტასია ჭანტურაიას პერსონაჟი საკუთარ დას სწირავს პირად ცხოვრებას. მსახიობი, რომელიც მთელი სპექტაკლის მანძილზე ინარჩუნებს ემოციურ ბალანსს, ბოლოს ისე გულამოსკვნილი ტირის, რომ გულგრილი ვერ დარჩებით. 

რაც შეეხება მსახიობ მამაკაცებს, ისინიც განსხვავებულ სახეებს ქმნიან. გიორგი შარვაშიძის (ბაჩო) პერსონაჟი მექალთანე, მომხიბვლელი გულთამპყრობელია,  რომელიც მოულოდნელად სასტიკად უსწორდება საყვარელ ქალს და გარდაისახება შეშინებულ, ხელმოცარულ ადამიანად. ბიჭიკო ჭეიშვილის (თომა) გმირი, მორჩილი, უპრეტენზიო შეყვარებულია. მისი და მარიამის რომანი ძალიან მოსაწყენია, მაგრამ წყვილს უყვარს ერთმანეთი. მიჯნურის მსგავსად თომაც იფეთქებს ფინალში. გაუსაძლისი ხდება მუდმივად მეორე პლანზე ყოფნა. მსახიობის ხასიათი იხსნება მოქმედების პროცესში და ლოგიკურ განვითარებამდე მიდის. თემო (გიორგი რაზმაძე) ყველაზე ხალისიანი პერსონაჟია. საკმაოდ ელეგანტური და კომიკური გმირი იუმორით აღსავსე ფრაზებით ანეიტრალებს სცენაზე განვითარებულ დაძაბულობას და მაყურებელს სიცილს ჰგვრის.

ვფიქრობ, სპექტაკლი მნიშვნელოვანია, ჩვენი თაობა ებრძვის როგორც მშობლების მემკვიდრეობას, ისე საკუთარ თავს. და ამ ბრძოლაში დაკარგულებს გვიჭირს სწორი გზის პოვნა. სწორედ ასეთი სპექტაკლები გვაკლია დღეს - მარტივი, პათეტიკის, გაუგებარი მეტაფორების გარეშე რომ გვანიჭებს მაყურებელს ესთეტიკურ სიამოვნებას და სახლში წასულებს დაგვაფიქრებს საკუთარ ყოფაზე.

           

თომა: ჩვენს თავებს. ყველაზე მეტად ვინც გვიყვარს, იმათ ვუმალავთ. საკუთარ თავსაც ვუმალავთ. ვერ ვხვდები, რატომ?.. ყველაფერი ხომ პატარა მარცვლიდან იწყება. ის, ის პატარა მარცვალი, გაჩენისთანავე რომ ითქვას, ჯერ რომ პატარაა და უმნიშვნელო, აქამდე ხომ არ მოვიდოდით... თქვი, ამის დედა ვატირე, თქვი, „თავს ვერ ვიკავებ“, „ვეღარ ვჩერდები, სულ სმა მინდა...“ თქვი, „გული მტკივა“, „მეშინია“, „ცხოვრებაში არაფრისთვის არ მიმიღწევია“, „ვერაფერს ვეღარ ვგრძნობ“, თქვი, „აღარ ვიცი ვინ ვარ“, „ოღონდ შენ არ დამტოვო...

დასასრული

bottom of page