top of page

„ეს არ არის ომი - ეს რაღაც სხვაა“

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის

სამინისტროს მიერ.

441748739_2157808771252966_1928657001594045829_n.jpg

ანი ცხვედაძე

„ეს არ არის ომი - ეს რაღაც სხვაა“
 

2 ივნისს, საღამოს რვა საათზე _ 2024 წლის სეზონის მიწურულს, თეატრალურმა კომპანიამ „ჰარაკი“ მეოთხედ წარუდგინა მაყურებელს პერფორმანსი „ჰა“.


30 წუთიანი მონოპერფორმანსის ღერძია მსახიობი ანანო მახარაძე, რომელიც თავდაუზოგავი, უშრეტი ენერგიით, ზედმიწევნით სანიმუშოდ ახორციელებს რეჟისორის, სანდრო კალანდაძის იდეურ ჩანაფიქრს, დრამატურგ მარიამ მეღვინეს(მეგვინიტე) მიერ შექმნილ ტექსტზე დაყრდნობით. თავიდანვე აღვნიშნოთ, რომ მთლიანმა სტრუქტურამ (თავისი სუნთქვითი ტექნიკებით) ასოციაციურად გამახსენა მსოფლიო თეატრალურ ასპარეზზე მოღვაწე რეჟისორების სტილური მახასიათებლები; თუმცა აქ და ახლა, ჩვენ გვაქვს არა ამ გლობალურად ცნობილი რეჟისორების ნამუშევარი, არამედ ქართველი ავტორების მიერ შექმნილი ატმოსფერო, ენერგეტიკა, შეგრძნება და იმპულსი, რომელიც მხოლოდ მათი საკუთრებაა. ის მომნუსხველი, გამყინავი, ენერგეტიკულად იმპულსური ფლუიდები, რაც პერფორმანსმა წარმოშვა მაყურებელში მხოლოდ მათგან დაიბადა. (მხატვარი: თამრი ოხიკიანი / ვიდეო: მარიამ კალანდაძე / მუსიკა: ქვემო აბზაცში).


შიშველი ქალის სხეული, დისციპლინური კონცენტრირებით მიღწეული ნევროტული ხმა, მკვეთრი ხმის ტემბრი, ინტენსიური ვერბალური ექსპრესიულობა. თითქმის სტატიკურ პოზაში მყოფი ქალის სხეული, რომელიც დარდობს, მოთქვამს, ტირის, პოლიტიკურ-სოციალურ და ერთდროულად მულტიკულტურულ ასპექტში - ადამიანის ეგზისტენციალურ სატკივარს; სატკივარი, როგორც საყოველთაო, ყველას <ხმა> შესაძლოა მოიცავდეს არა კონკრეტულ პრობლემას, არამედ, პრობლემათა მთელ სპექტრს. ცალსახად ხაზგასასმელია ის მომენტი, რომ სიშიშვლე, როგორც ასეთი, მონოდადგმაში <ჰა> არ აღიქმება შაბლონურ სქემად - „სიშიშვლე სიშიშვლისთვის“. არამედ, კონცეფციური სტრუქტურის ავთენტური ნაწილია, ერთგვარად, კონცეპტუალური ‘რედიმეიდის’ მსგავსი, რომელიც ამ პერფორმანსში არ გვაღიზიანებს, არც არაესთეტიკურ ზეგავლენას ახდენს დამკვირვებელზე. მიუხედავად იმისა, რომ შევთანხმდეთ, განურჩევლად ‘მრწამსისა’, აბსოლუტურად ყველასთვის თვალწარმტაცია ესთეტიკური სხეული. ანანო მახარაძეს, გარდა იმისა, რომ ცნობილია, როგორც ნიჭიერი ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელი მსახიობთა მრავალრიცხოვან ინტეგრალში - უნაკლო სხეულიც აქვს, ამავე დროს.

შიშველი სხეული, როგორც სტრუქტურის ინტენცია, ე.ი. არსი, აირეკლავს/გამოხატავს ლოკალური პრობლემატიკიდან პროეცირებულ მაკრო პრობლემათა ობსტრუქციულ ჯაჭვს. სხეულს, როგორც რუდიმენტს შემოსძარცვია ტანისამოსი; ტანისამოსი ერთგვარი თავშესაფრის ფუნქციის მქონეა ადამიანის სხეულისთვის(!). უსახლკარო, უმწეობამდე მისული, ახალშობილი ბავშვივით ტირილში _ დედის რძისა და ალერსის გარეშე რომ ვერაფრით გადარჩება; ნიჰილიზმს მინდობილი, მაგრამ, ამავდროულად, უკიდურესად რეაქციონერული, სისასტიკემდე მისული, მტკიცე, მძლავრი ხმით და მწყობრი კონტრაპუნქტით წელში იმართება სხეულის სიშიშვლე პერფორმანსის ბოლოს და თამამად უშვერს მკერდს, როგორც მენტალურ, ისე სოციალურ-პოლიტიკური წინააღმდეგობების უწყვეტობას; მენტალურ ომს!; ბუკვალურად ომს! მაინც შეუპოვრად მტკიცე და მაინც სწორხაზოვნად არა-კაპიტულანტური!..

მონო-პიესის ან იქნებ, მონო-პერფორმანსის ერთგვარი ეპილოგი: ისტერიული გოდების, ხმამაღალი მინორულების შემდეგ, მსახიობის ხმა ვარირდება მელოდიაში - მელოსის მსგავს ნაზ წამღერებად. დასკვნით აკორდად კი, კვლავ მიზანმიმართულად რეაქციონერულ ტონალობაში, ბასრი ჟღერადობის მინი ტირადა მთავრდება სიტყვებით; <იკრიბება, იკაზმება!>


„იკრიბება, იკაზმება“ - არაერთხელ სწრაფი თანმიმდევრულობით გაიჟღერებს კომპოზიტორ, ანი ზაქარეიშვილის მუსიკის ფონზე. ნერვულ დაბოლოებამდე ცოცხალი, კონტროვერსიულად დესტრუქციული მუსიკალური ფონი სრულად გადაფარავს და შთანთქავს პროტაგონისტის სრულყოფილ სხეულს, ხმას, სიტყვებს... სინათლე მუსიკის ხმამაღალ რეგისტრთან ერთად თანდათან მინავლდება და ბოლოს შთაინთქმება თვალთახედვიდან. შთაინთქმება პერფორმანსის იდეაც, მსახიობის ხმაც, სხეულიც და მთლიანი სათქმელიც...(!)

პერფორმანსის ტექსტუალური ნაწილის ბეჭდურ/ელექტრონულ ვერსიას რომ გავცნობოდი საშუალება არ მომცემია, თუმცა, ნიშანდობლივად აღსანიშნია - ტექსტის პირველადი მოსმენისას პოლიტიკურ-ფილოსოფიური შრეების ‘ფრაზირება’ ისე, რომ ტრივიალურ „სამიტინგო ლოზუნგებად“ არ ჟღერდება, რისი დიდი საფრთხეც დგას დღევანდელ თეატრში. მაყურებელსაც უნდა ჰქონდეს თავისუფალი არჩევანის უფლება, როცა თეატრში მოდის მთლად ‘მიტინგის ინსცენირება’ არ დახვდეს!

ვერც იმ ფაქტს ავუვლი გვერდს, რაც პერფორმანსის გათამაშებამდე თეატრ <ჰარაკიში> ერთ ახალგაზრდა გოგო-მაყურებელს შეემთხვა: ავტობუსში აეკიდა შუახნის ნასვამი კაცი და თეატრამდე მოყვა, შემდეგ სკაბრეზითა და აგრესიით ითხოვდა თეატრში მასთან ერთად შემოსვლას: „ჰას“ არსი უმთავრესად ადამიანის გარშემო სისტემების მიერ შექმნილი დისკომფორტების არსენალია და ეს ინციდენტიც ერთ-ერთი ამ არსენალის შემადგენელი უხეში პწკარია. ისიც ვთქვათ, რომ, თუკი მგზავრობ მხოლოდ ფეხით A პუნქტიდან B პუნქტამდე, ან კიდევ, ტაქსით, თუ საკუთარი ავტომობილით და შეხება არასდროს გაქვს საზოგადოებრივ ტრანსპორტთან - აზრზეც არ ხარ იმ სოციუმის პრობლემატიკის შესახებ, სადაც თანაარსებობ! ვერაფრით ვერ გექნება ტოტალურად პერვერსიულ გარემოზე ადეკვატური პულსაცია და მხოლოდ ილუზორულ წარმოდგენებში იარსებებ(!).


ფოტო: ანა გაბისიანი

bottom of page