მომავლის გარეშე დარჩენილი სამყარო დავით დოიაშვილის „თოლიაში“
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს
ანა (ალექსანდრა) სულამანიძე
„ეშმაკს მიაქვს დრო“
ერთდროულად რთულ და საინტერესო თეატრალური პროცესების კვალდაკვალ საფესტივალო ცხოვრება და სიახლეები გრძელდება. ბათუმში ზაფხულის ხმაურის ჩაწყნარება დიდად შესამჩნევი არ აღმოჩნდა, რადგან შემოდგომის პირველ თვეში ბათუმის II საერთაშორისო თოჯინების თეატრალურმა ფესტივალმა ქალაქი ხელახლა აახმაურა.
ფესტივალი 23-27 სექტემბერს გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ფესტივალმა მეორე სეზონში შეიძინა ახალი სტატუსი და გრძელდება საერთაშორისო ფესტივალის სახელით.
2024 წლის საფესტივალო დღეებში ვიხილეთ, როგორც ადგილობრივი თეატრის სპექტაკლები, ასევე საერთაშორისო, სტუმარი ქვეყნების ნამუშევრები.
საგულისხმოა ისიც, რომ ფესტივალმა მაყურებელს შესთავაზა, როგორც სპექტაკლები, ასევე სტუმარი ქვეყნის წარმომადგენლების მასტერკლასები და ქუჩაში „მოხეტიალე“/მოძრავი წარმოდგენა - „სამი თავი და ქიმერული თეატრი“, რომელიც ბათუმის ქუჩებსა და ბულვარში დაუვიწყარ და ფერად საღამოებს ქმნიდა.
ფესტივალი 23 სექტემბერს გაიხსნა, ნიკოლოზ საბაშვილისა და ირაკლი კიკვაძის ერთობლივი სპექტაკლით „ო-ჯახი“, რომელიც ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში დაიდგა. სპექტაკლი, რასაკვირველია, არა საკონკურსო გახლდათ, რადგან ორივე რეჟისორი ფესტივალის ორგანიზატორები არიან.
თოჯინების თეატრის სპექტაკლი „ო-ჯახი“ არ არის თოჯინური წარმოდგენა, არამედ უხმო სპექტაკლია, სადაც მსახიობები არავერბალური ენით მოგვითხრობენ ამბავს.
რეჟისორების ჩანაფიქრის მიხედვით მსახიობები პერსონაჟებს სპექტაკლის დასაწყისშივე გვაცნობენ, სადაც მაყურებელს საშუალება აქვს დააკვირდეს თუ როგორ ფლობს შემსრულებელი ჟესტიკულაციის, მიმიკის, პლასტიკისა და სხეულის ენასა და ტექნიკას.
მიუხედავად იმისა, რომ მსახიობები ამბავს უსიტყვოდ მოგვითხრობენ, მათი გამოყენებული „მუნჯი კინოს ელემენტები“ მარტივად და საინტერესოდ აღსაქმელია. ეს მნიშვნელოვანი დეტალი კი ადასტურებს იმ აზრს, რომ სპექტაკლი „ო-ჯახი“ არ არის მხოლოდ ერთი ასაკის კატეგორიისათვის განკუთვნილი, არამედ სპექტაკლი საინტერესო იქნება, როგორც მოზარდებისთვის ასევე უფროსი თაობისთვისაც. ამის მიზეზი კი ისაა, რომ წარმოდგენა ეხმიანება საკმაოდ გავრცელებულ და სტერეოტიპულ თემას.
ერთი შეხედვით, სპექტაკლში მოთხრობილმა მარტივმა თემამ და ამბავმა, შესაძლებელია სიღრმისეულად დაგვაფიქროს ისეთ პრობლემაზე, როგორიცაა ადამიანების დამოკიდებულება განსხვავებულის მიმართ და არის შანსი გააჩინოს კითხვა- რა არის პრობლემა, ის, რომ სხვა არის განსხვავებული თუ პირიქით-ჩვენ ვართ ერთმანეთის მსგავსი და ბრბოს მიყოლილი საზოგადოება?
სპექტაკლის მთავარ თემასა და იდეაზე სათაურიც მიუთითებს, წარმოდგენის დაწყებამდე მაყურებელს შესაძლოა გაუჩნდეს კითხვა თუ რატომ არის ამგვარად გამოყოფილი „ო-ჯახი“. ამგვარი „გამოცანა“ კი მიგვითითებს, რომ ერთ ოჯახში აზრთა სხვადასხვაობამ შესაძლოა წამოჭრას ისეთი კონფლიქტი, რაც რადიკალურ ცვლილებებს გამოიწვევს.
ნიკა საბაშვილისა და ირაკლი კიკვიძის სპექტაკლშიც მთავარი თემა სწორედ განსხვავებული და თამამი ნაბიჯის გადადგმას უკავშირდება, რომელსაც ცვლილებები მოაქვს.
პერსონაჟების ოჯახის ცხოვრება ძალზე ერთფეროვანია - რადგან ისინი მიჰყვებიან ბრბოსა და დინებას. მათ არ იციან, რა იქნება თუ დინების წინააღმდეგ წავლენ და გაარღვევენ თავიანთ აღმართულ კედელსა და ჩარჩოებს.
მათ ცხოვრებაში განსხვავებულის გამოჩენა და შემოჭრა სწორედ საკუთარ შვილს უკავშირდება, რომელიც წითელი-ჟღალი თმით იბადება, რაც აბსოლუტურად ატრიალებს მოცემულობას და მათთვის ეს სირცხვილთან ერთად გამოუვალი მდგომარეობის ტოლფასი ხდება.
სწორედ აქ, თავს იჩენს თაობათა განსხვავებული ხედვების არსებობა და დაპირისპირება, რადგან შვილს მშობლის კომპლექსები და ტრავმები ან მიჰყვება ან კი მის წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს.
მნიშვნელოვანია არ გამოგვრჩეს სცენა, რომელსაც ერთგვარად შემოაქვს ახალი ფერი - შავი. შავი ფერის სამოსში გამოწყობილი ჩნდება სიკვდილი (მსახიობი - ნოდარ სამთელაძე), რომელსაც თან მოაქვს საათის ბუტაფორია, რომლითაც სპექტაკლის შემქმნელები მიგვითითებენ, რომ ეშმაკს მიაქვს დრო.
ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლი ერთდროულად რამდენიმე ასაკის კატეგორიისთვისაა გათვლილი სპექტაკლი ცხადად საუბრობს დღევანდელ დროში არსებულ პრობლემაზე - რასაც განსხვავებულის მიმართ ქსენოფობიური დამოკიდებულება უდევს საფუძვლად.
და ვინ არღვევს ერთი თაობის აღმართულ კედელს?
ამის გასაღები ახალი თაობის წარმომადგენელს აქვს, რომელიც გადაწყვეტს წავიდეს დინების წინააღმდეგ სასიკეთო ცვლილებებისათვის და მართლაც, მაშინ როდესაც სალომე ცაგურიას პერსონაჟი აღმოაჩენს, რომ სამყაროში სხვა ფერებიც არსებობს და ეს მშვენიერია, მთელი ოჯახისთვის მოდის ცვლილება.
მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ სპექტაკლის მუსიკალური გაფორმება რეჟისორ ნიკოლოზ საბაშვილს ეკუთვნის. უსიტყვო სპექტაკლში მუსიკა კიდევ უფრო დიდ როლს ასრულებს. ამ შემთხვევაში, იმ ფაქტს, რომ სპექტაკლი არ იძლევა საშუალებას მაყურებელი სპექტაკლს მოწყდეს ხელს ნამდვილად უწყობს საბაშვილის საავტორო კომპოზიცია.
ამასთანავე, უნდა აღვნიშნოთ, სცენოგრაფიის როლი, რადგან არავერბალურ წარმოდგენაში მთავარი რაც ყურადღებას იქცევს, სწორედ სცენოგრაფიაა და მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში ვახსენოთ კოსტიუმებიც, რადგან კოსტიუმები ( კოსტიუმების მხატვარი - დავით ტაკიძე) იმდენად ქმედითია, რომ ვიზუალურის გარდა შინაარსობრივადაც დატვირთულია.
საბოლოო ჯამში, მინდა აღვნიშნო, რომ ნიკოლოზ საბაშვილისა და ირაკლი კიკვაძის ერთობლივი სპექტაკლი „ო-ჯახი“ ფესტივალის ერთ-ერთი გამორჩეული სპექტაკლი იყო, რომელიც განსხვავებული ფორმით საუბრობს მნიშვნელოვან თემებზე და ამიტომ, ვფიქრობ შემოქმედებითი ჯგუფი, აღნიშნული ნამუშევრით თავის სათქმელს მიაწვდენს საზოგადოებას და ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრის რეპერტუარიდან მაყურებლისთვის მნიშვნელოვან ადგილსაც დაიკავებს.