ეძღვნებათ მშობლებს, რომლებიც მივატოვეთ...
სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის
„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში
.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.
ნერონ აბულაძე
ეძღვნებათ მშობლებს, რომლებიც მივატოვეთ...
,,მე ბებიამ გამზარდა, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი იყო. 15 წლის ვიყავი, როდესაც ბებიას დემენცია დაეწყო, ამიტომ ადრიდანვე ვიცოდი როგორია ამ მტკივნეული პროცესის გავლა... ეს არ იყო ჩემი ისტორიის მოყოლის მცდელობა, რადგან ვიცოდი, რომ ნებისმიერ ადამიანს ჰყავს ბებია ან ან მამა და შესაძლებელია აღმოჩნდეს მსგავსი დილემის წინაშე, როცა საყვარელი ადამიანები იწყებენ მეხსიერების, ,,ამ ქვეყნად ყოფნის“ დაკარგვას. პიესის წერის დროს დარწმუნებული არ ვიყავი, რომ მაყურებელი მზად იქნებოდა ასეთი ემოციური მოგზაურობისთვის...სპექტაკლის მსვლელობის დროს გამიკვირდა და ღრმად აღვფრთოვანდი მაყურებელთა რეაქციებით, როგორც საფრანგეთში, ისე სხვა ქვეყნებში. სპექტაკლის შემდეგ ხალხი ელოდა ჩემთან შეხვედრას არა იმიტომ, რომ ეთქვათ -,,გილოცავთ“, არამედ ისინი თავიანთ ისტორიებს მიზიარებდნენ...სწორედ ამ დამოკიდებულებამ გადამაწყვეტინა გადამეღო ფილმი და თქვენთვის გამეზიარებინა ჩემი ემოციები. ინტუიციურად ვგრძნობდი რომ კინო ენას შეეძლო ეს გამოცდილება გადაექცია ჩაძირულ, სუბიექტურ და იმედია უფრო ძლიერ გამოცდილებად” - ეს მცირე ამონარიდია ერთ - ერთი ინტერვიუდან, სადაც მწერალი და დრამატურგი ფლორიან ზელერი თავისივე პიესის - ,,მამა“ საფუძველზე გადაღებულ ფილმზე საუბრობს. ფილმმა, რომელმაც არაერთი, მათ შორის ამერიკის კინო აკადემიის უმაღლესი ჯილდოები მოიპოვა, თავად ავტორმა გადაიღო. მიუხედავად წარმატებული დებიუტისა, კინოკრიტიკოსები ეჭვქვეშ აყენებენ ფილმის მხატვრულ ხარისხს და ავტორს თეატრისა და კინოს ,,დაახლოებაში ადანაშაულებენ“.
თავად ფლორიან ზელერი კი მიიჩნევს, რომ კინო ადაპტაციის დროს საჭიროდ არ ჩათვალა დამატებითი სცენების დაწერა და მოქმედების სხვადასხვა, გარე ლოკაციებზე გადატანა. ,,ჩვენ გადავწყვიტეთ მთელი ფილმი სტუდიაში გადაგვეღო, უარი ვთქვით დამატებითის სცენების გარე სივრცეებში გადაღებაზე, რადგან გვინდოდა ბინაში დარჩენა, მთავარი გმირის ბინაში, სადაც ხდება მოქმედების აბსოლუტური უმრავლესობა და ამ გზით შევეცადეთ მეტი კლაუსტროფობიური ატმოსფერო შეგვექმნა“ - აცხადებს ავტორი. ამ რეცენზიის მიზანი არ გახლავთ ფილმის დეტალური ანალიზი - (ეს ცილდება ჩემს პროფესიულ კომპეტენციას). უფრო მეტად იმის ხაზგასმას ვცდილობ, რომ ავტორი მთელი თავისი შემოქმედებით ,,თეატრის კაცია“, ამ დეფინიციის საუკეთესო გაგებითა და მნიშვნელობით. ის 23 წლის ასაკიდან უკვე პოპულარული მწერალია, მიღებული აქვს მრავალი ლიტერატურული, მათ შორის მოლიერის ჯილდო, თუმცა თავისი შემოქმედების საუკეთესო მიღწევად დრამატურგიული ნაწარმოებების შექმნას მიიჩნევს.
ფლორიან ზელერის პოპულარობა გასცდა ევროპულ საზღვრებს და მისი სახელი ქართველი თეატრალებისთვისაც ახლობელი გახდა. მიზეზი კი გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში ახლა ხანს გამართული პრემიერა - (,,მამა“ რეჟისორი დავით ჩხარტიშვილი) გახლავთ, რასაც ერთი წლის ინტერვალით წინ უსწრებდა ზელერის ,,ვაჟიშვილი“ - ს განხორციელება, ასევე დავით ჩხარტიშვილის რეჟისორობით. თეატრის მენეჯმენტი საავტორო უფლებების მოსაპოვებლად უშუალოდ ავტორს დაუკავშირდა და მიიღო თარგმნის, შესაბამისად დადგმის ექსკლუზიური უფლება. ავტორი სამ ნაწარმოებს - (მამა, დედა, ვაჟიშვილი)- ტრილოგიის სახით გვთავაზობს. სამივე პიესა თხრობის ერთნაირი სტილით გამოირჩევა და ცირკულარული დიალოგებით ხასიათდება. კრიტიკოსთა ნაწილის აზრით ფლორიან ზელერმა აღნიშნული ნაწარმოებები ჰაროლდ პინტერის დრამატურგიის გავლენით შექმნა, რასაც ნაწილობრივ ვეთანხმები. სხარტი, მოქნილი დიალოგების, ერთი შეხედვით ბანალურობამდე დასული ფრაზების მიღმა, მოვლენების ტრაგიკული განვითარების მომსწრენი ვხვდებით. რამდენადაც ცნობილი გახდა რეჟისორი გეგმავს ტრილოგიის მესამე ნაწილის -,დედა“ განხორციელებასაც და ამ შემთხვევაში მაყურებელს ექნება საუკეთესო შესაძლებლობა მთლიანობაში გაიაზროს ტრილოგიის არსი, სადაც ერთი ნაწილი ავლენს წინა და მომდევნო ნაწილებს, რომლებიც სრულიად ახალ მნიშვნელობას იძენენ...სადაც მხატვრული პერსონაჟების სახელები მეორდება, თუმცა თითოეული ნაწილი ქმნის მულტი სამყაროს და ერთი და იგივე სახელის პერსონაჟები განსხვავებული ისტორიების მატარებელნი ხდებიან...მამა, დედა, ძე - ამ უნივერსალურ, მხატვრულ კონსტრუქციას ეფუძნება ტრილოგია, რომელსაც ავტორი პირადი გამოცდილებების გათვალისწინებით ქმნის და გვიზიარებს.
წარმოდგენის დაწყებისთანავე ვეცნობით მამის -(გიორგი გოგუაძე)- პერსონაჟს, რომელსაც ლიტერატურული პირველწყაროსგან განსხვავებით, ანდრეს ნაცვლად პიერი ჰქვია. თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ რეჟისორი აქტიურად ერთვება ორიგინალი ტექსტის გადმოქართულებაში, ცვლის არაერთ პასაჟს და მიუხედავად აღნიშნული ფამილარიზმისა, ის მაინც დრამატურგის ერთგულად რჩება. დავით ჩხარტიშვილი თავისებურად უღრმავდება ტრილოგიის არსს და მაქსიმალურად ცდილობს სამი დამოუკიდებელი ნაწარმოები ერთმანეთისგან გამომდინარე ამბავთა წყებად აქციოს, რაც სრულად ვლინდება სპექტაკლის, როგორც მუსიკალურ, ისე მხატვრულ გაფორმებაში. 80 წლის პიერი დემენციით - (ალცჰაიმერი) იტანჯება. დაავადება სწრაფად პროგრესირებს, პიერის მდგომარეობა კი ელვისებური სისწრაფით უარესობისკენ იცვლება. პიერის ქალიშვილი ანა ყველა ღონეს ხმარობს რათა მძიმე სენით შეპყრობილ მამას დამხმარე მოუძებნოს. მიუხედავად არაერთი მცდელობისა პიერი უარს ამბობს მომვლელზე და უხეში მოქცევით თავიდან იშორებს ქალიშვილის მიერ შერჩეულ სავარაუდო კანდიდატებს. საწყის ეტაპზე მამის მდგომარეობა გარკვეულწილად ექვემდებარება კონტროლს, თუმცა დაავადების სწრაფი განვითარების, ინტელექტის მეხსიერების, პიროვნების გლობალური დაქვეითების ფონზე განსაკუთრებით აუტანელი ხდება მისი ატანა. ქალიშვილი ცდილობს აიწყოს პირადი ცხოვრება, ჰყავს საქმრო და მასთან აპირებს საცხოვრებლად გადასვლას, თუმცა ნებისმიერი მცდელობა აბსოლუტურად შეუთავსებელია მამის მდგომარეობასთან. არჩევანი ერთი შეხედვით მარტივი, მაგრამ მორალური თვალსაზრისით ძალიან რთულია. საბოლოოდ ქალიშვილის გადაწყვეტილებით პიერი ფსიქიატრიულ კლინიკაში აღმოჩნდება.
,,ეძღვნება მშობლებს, რომლებიც მივატოვეთ“ - განმარტავს რეჟისორი და მამის როლის შესრულებას მსახიობ გიორგი გოგუაძეს ანდობს. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე თამამად შემიძლია ვთქვა რომ გიორგი გოგუაძე ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენა გახდა. მსახიობი, რომელიც ასევე წარმატებით განასახიერებს მამის როლს სპექტაკლში - ,,ვაჟიშვილი“, ამჯერადაც მაქსიმალური სისრულით ქმნის ალცჰაიმერით დაავადებული 80 წლის მოხუცის მხატვრულ სახეს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია სპექტაკლის შექმნის პროცესში სადადგმო ჯგუფს ჰქონდა აქტიური კონსულტაციები ფსიქოლოგებთან და დემენციით დაავადებული პაციენტების ახლობლებთან. გიორგი გოგუაძის პიერი კარგად ითავისებს რეჟისორის ამოცანას და წარმოაჩენს თავისი გმირის ცნობიერ თუ არაცნობიერ ქმედებებს. პიერს სიუჟეტური თანმიმდევრობის შესაბამისად მკვეთრად ეცვლება ხასიათი ქცევები და განწყობები. მუდმივად ეძებს საყვარელ ნივთებს, ხშირად სვამს ერთი და იგივე კითხვებს მიუხედავად იმისა, რომ პასუხი ახლა ხანს მიიღო. ეტაპობრივად, დემენციის პროგრესირებისას ხდება გაღიზიანებული, იმპულსური და აუტანელი. მსახიობი მათემატიკური სიზუსტით მიყვება ალცჰაიმერით დაავადებული ადამიანების მდგომარეობის წვრილმან ნიუანსებს და შესაბამისი მოძრაობებით, ჟესტებითა და ქცევებით ფინალში წარმოგვიდგენს ცნობიერებისგან სრულიად დაცლილი პერსონაჟის ტრაგიკულ სახეს.
ანას როლს ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი ანიკო ცეცხლაძე ასრულებს, რომელსაც არანაკლები დატვირთვა გააჩნია. მსახიობს მთელი სპექტაკლის განმავლობაში კრიტიკულ ზღვარზე უწევს ყოფნა. რთული არჩევანი - ერთის მხრივ პირადი ცხოვრება, მეორე მხრივ მამა, რომლის მდგომარეობაც განუწყვეტლივ მძიმდება, ანას ცხოვრების ყოველდღიურობად იქცა. საწყის სცენებში მსახიობი ემოციებისგან სრულად დაცლილი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა დასკვნით სცენებში ანიკო ცეცხლაძე ავლენს არტისტული შესაძლებლობების მაღალ პოტენციალს.
ანას საქმროს, ანდრეს ორი - (სოსო მგალობლიშვილი, ზაზა ცარულაშვილი) შემსრულებელი ჰყავს. ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობთ დუბლებს, რადგან ორივე მსახიობი მონაცვლეობით, მოქმედების განვითარების შესაბამისად ჩნდებიან. პიესაში დამატებით ვხვდებით უცნობი ქალის პერსონაჟსაც, რომელიც მამას თავის ქალიშვილში ერევა და რომელიც სპექტაკლში არ გვხვდება. ლიტერატურული პირველწყაროს მიხედვით დემენციით დაავადებული მამა პერმანენტულად კარგავს ცნობიერებას, აღარ შესწევს უნარი რეალურად აღიქვას მოვლენები და თუკი გარკვეულ სცენებში ცნობს თავის ქალიშვილსა და მის საქმროს, არის სცენები, სადაც უცნობ ქალსა და მამაკაცს მიიჩნევს თავისიანებად. რეჟისორი უარს ამბობს უცნობი ქალის პერსონაჟზე და მხოლოდ ანდრეს გაორებულ პერსონაჟებს წარმოგვიდგენს, რამაც, ვფიქრობ, გარკვეულწილად მაყურებლის დაბნეულობა გამოიწვია. ლორას როლის შემსრულებელი ნათია ტატულაშვილი ქმნის ანას მიერ დაქირავებული მომვლელის დამაჯერებელ მხატვრულ სახეს.
რეჟისორის კონცეფციის ზუსტი და ორგანული ნაწილია სპექტაკლის მხატვრული - (თამარ ჭავჭანიძე) გაფორმება. მაყურებელთა სავარძლები სცენაზე რკალისებურადაა განლაგებული. პრიალა იატაკი თანაბარი ზომის სარკისებურ კვადრატებად იყოფა, რომლებიც სიუჟეტური მიმდინარეობის შესაბამისად განსაზღვრავს მოქმედების ადგილს, სცილდება იატაკს და ფინალურ სცენაში ფსიქიატრიული კლინიკის ბრჭყვიალა კედლად იქცევა. გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ალცჰაიმერით დაავადებულ მამას, პროგრესირებადი კოგნიტური ფუნქციების რღვევასთან ერთად ნელ - ნელა ფეხქვეშ ეცლება იატაკი და დასასრულს ქვიშაში, როგორც უკაცრიელ უდაბნოში აღმოჩნდება. სცენაზე ჩამოკიდებულია დიდი ზომის უტრირებული კოსტიუმები, ზუსტად ისეთები, როგორსაც მთავარი პერსონაჟი ატარებს და რაც მამის აჩრდილების ერთგვარი სიმბოლური გამოხატულებაა. კონკრეტულ სცენებში ანა და ანდრე ირგებენ კოსტიუმებს და ისე წარმართავენ დიალოგს. რეჟისორი ამ ხერხით გვიჩვენებს ოჯახის წევრთა მცდელობას მამის პერსპექტივიდან გაანალიზონ შექმნილი, რთული მდგომარეობა. თოკზე მძივისებურად ასხმული ფეხსაცმელებიც სიმბოლურად მთავარი გმირის განვლილ ცხოვრების გზაზე მიგვანიშნებს და ორიგინალურად თამაშდება მთელი სპექტაკლის განმავლობაში. როგორც მხატვრული, ისე მუსიკალური -(დავით ჩხარტიშვილი, მარი ბეროშვილი) გაფორმება ტრილოგიის პირველი ნაწილის - (ვაჟიშვილი) ერთგვარი ლოგიკური გაგრძელებაა.