top of page

ფანტასმაგორია ახალციხის თოჯინების თეატრში 

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

არჩევანი და თავისუფლება

მარიკა მამაცაშვილი

ფანტასმაგორია ახალციხის თოჯინების თეატრში  

 

ჟიულ ვერნის ფანტასტიკურ-სათავგადასავლო რომანი ძალიან საინტერესო და ჩამთრევია.  წიგნი 1869 წელს გამოიცა და ამ დღიდან მოყოლებული პოპულარობა არ დაუკარგავს. ნაწარმოების მიხედვით არაერთი მხატვრული  და ანიმაციური ფილმია გადაღებული. ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟს ნემო ჰქვია, რაც ლათინურად "არავის" ნიშნავს. პარადოქსია, რომ სწორედ ამ "არავინ" შექმნა ის წყალქვეშა ნავი, რომელიც გემების მოძრაობას 1866 წლიდან საფრთხეს უქმნიდა და რომელმაც მაშინდელ მეცნიერებს,  ვეშაპებზე მონადირეებსა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირებს  მოსვენება დაუკარგა. ყველა ფიქრობდა, რომ სანაოსნო წყლებს "ურჩხული" დაეპატრონა. გადაწყდა "ურჩხულის" ლიკვიდაცია:  აღიჭურვა სწრაფმავალი, ამერიკული ხომალდი "აბრაამ ლინკოლნი".

 

სწორედ ამ გემით მიემართებიან რომანის მთავარი გმირები - 40 წლის პროფესორი არონაქსი, მისი ფლეგმატური მსახური -კონსეი და კანადელი ვეშაპებზე მონადირე  - ნედ ლენდი "ურჩხულის" გასანადგურებლად. მთელ ისტორიას პროფესორის მონაყოლიდან ვიგებთ.

 

ჩემთვის, როგორც თეატრის ისტორიკოსისთვის, მთავარ ინტერესს წარმოადგენს, რატომ კიდებს რეჟისორი ამა თუ იმ ნაწარმოებს ხელს, მით უფრო როცა ეს ნაწარმოები დრამატურგიულ ჟანრს არ მიეკუთვნება; როგორ არგებს ლიტერატურულ მასალას არსებულ მოცემულობას, როგორ პასუხობს მისი დადგმა  პრობლემებსა და სატკივარს. ამ შემთხვევაში,  სათავგადასავლო რომანის ინსცენირება და 60 წუთში ჩატევა ძალიან რთულ ამოცანად მესახებოდა.

 

სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი თოჯინური სპექტაკლის ნახვის შემდეგ. რეჟისორმა - დავით თარბამ და ინსცენირების ავტორმა - ანა გოგიშვილმა არათუ შეძლეს რომანის იმგვარად გასცენიურება, რომ ნაწარმოების მთავარი ქარგა არ დაკარგულიყო, არამედ სწორი აქცენტებიც დასვეს და ამბავი თანამედროვეობას, ლოკალურ და, ამასთანავე, მასშტაბურ სატკივარს ერთდროულად მოარგეს. სწორი გათვლაა ტექნიკურ პროგრესზე აქცენტის უგულებელყოფა, ვინაიდან დღეს წყალქვეშა ნავი გაოცებას აღარ იწვევს, ის თანამედროვე ადამიანის ცხოვრების შემადგენელია; მაგრამ სწორი მიგნება და მიდგომა იმაში მდგომარეობს, რომ არსებობს უცვლელი ღირებულებები: - თავგადასავლების წყურვილი, თავისუფლებისთვის  ბრძოლა და სიყვარული.

 

პირველივე სცენიდან მაყურებელი ჯადოსნურ სამყაროში ინაცვლებს. სცენაზე აბრაამ ლინკოლნის დიდი პორტრეტის ფონზე, პროფესორი და სკეპტიკურად განწყობილი ნედ ლენდი საუბრობენ. თოჯინები სახიერი და ცოცხლები არიან. ამ დროს კონსეი აყვირდება "ურჩხული" დავინახეო. სინამდვილეში ვეშაპი აღმოჩნდება. გადაწყვეტილება მიღებულია - თუ სამ დღეში იდუმალებით მოცულ მონსტრს ვერ მიაგნებენ, სახლში დაბრუნდებიან. ამ დროს ამერიკელი მეზღვაურები სიმღერით კასრებს აგორებენ. სიმღერა ორგანულად ერწყმის ქმედებას და ამართლებს შემდეგ სცენას. (Sea shanties-Spanish ladies მუსიკალური გამფორმებელი - თამაზ იმნაძე). აბრაამ ლინკოლნი იძირება და სამ პერსონაჟთან ერთად მაყურებელიც ოკეანის მომაჯადოებელ, მოლურჯო-მომწვანო სამყაროში აღმოჩნდება.

 

ნაცრისფერ რკინის მონსტრზე გაშოტილან გადარჩენილები. სცენაზე თხელი თეჯირი დგას, რომლის მიღმაც ვითარდება მოქმედება და რომელიც ეკრანის ჩარჩოს ასოციაციას იწვევს. ამის გამო სპექტაკლი ანიმაციურ ფილმს გავს -კადრებად აწყობილი მოქმედება, სხვადასხვა სამოქმედო სიბრტყე, სწორად ნაგრძნობი და გათვლილი ტემპო-რიტმი, მარიონეტების (თოჯინები-მარიონეტებია გამოყენებული) უზადო მოძრაობა და გახმოვანება სპექტაკლს სინქრონულს და ყურებადს ხდის. ისევ უნდა აღვნიშნო მუსიკალური გაფორმება, რომელიც მათემატიკური სიზუსტით გადმოგვცემს სათქმელს - ხმაური, ხმები, სიმღერები, დიალოგებიც კი გარკვეული ხმოვანი რიგის შემადგენელია. ამიტომაც სპექტაკლის მთავარი მტერი, მოწყენილობა, ერთი წამითაც არ ეუფლება მაყურებელს.

 

სპექტაკლში დარღვეულია დროის, მოქმედების და ადგილის ერთიანობის კანონი. მოქმედება სხვადასხვა დროსა და სივრცეში ვითარდება. ვახტანგ ქორიძე რეჟისორთან ერთად მოქმედების სხვადასხვა არეალს გვთავაზობს - აბრაამ ლინკოლნზე, კაბინეტში, "ნაუტილუსზე"და ოკეანეში. "ნაუტილუსზე" მოქმედება სხვა და სხვა სიბრტყეს მოიცავს - ნემოს კაბინეტს, წყალქვეშა ნავის ქიმსა და ოკეანის ფსკერს. ეს მრავალფეროვანი გარემო სიღრმესა და მოცულობას მატებს სპექტაკლს,  წყალში მცურავი ეფემერული არსებები ფერთა გამას ამდიდრებენ, აქვეა წყალმცენარეები და ანტიკური კოლონების ნამსხვრევები, რაც ანიმაციური ფილმის შთაბეჭდილებას აძლიერებს. მღვრიე გაუმჭვირვალე  წყალი კი ნამდვილი ოკეანის ასოციაციას იწვევს. რეჟისორი და სცენოგრაფი ოპტიკური ილუზიის შექმნით მაყურებელს აჯადოვებენ.

მეთოჯინეები სცენის მიღმა, სადღაც, თეჯირს მიღმა არიან, მხოლოდ რამდენჯერმე გაიელვებს ამ ოსტატების ხელი. მსახიობები პატარა სივრცეში ისე ართმევენ დასახულ ამოცანას თავს, რომ მაყურებლისთვის უჩინარნი რჩებიან.

 

სპექტაკლში მონაწილეობენ: დავით ჩილინგარაშვილი, მაია თორდია, მიხეილ ბერიძე, მარიკა მამულაიძე,ლიანა გელაშვილი,ანი ხუბუტია, ცირა ტაბატაძე და ქრისტინე ინასარიძე. აღსანიშნავია გამნათებლის - ბესო ჩალათაშვილის - შესანიშნავად შესრულებული სამუშაო. ამ დადგმაში განათების საშუალებითაც მიიღწევა ის ჯადოქრობა, რომელიც ასეთ შთაბეჭდილებას ახდენს პუბლიკაზე.

 

უკანა პლანზე მოცურავე სხვა და სხვა გემები წერტილოვანი განათებით იჭრებიან ოკეანის სივრცეში. სწორედ ასეთ შემოჭრილ ერთ-ერთ გემს ააფეთქებს კაპიტანი ნემო და ჩვენ ვხვდებით, რომ ეს გემი მის მტრებს, კოლონიზატორ ბრიტანელებს ეკუთვნის. გემზე დროშაა გამოსახული - "ინდოეთის ვარსკვლავი".

 

ვფიქრობ, აღსანიშნია ის ფაქტი, რომ დავით თარბამ და ანა გოგიშვილმა ერთი პერსონაჟი დაამატეს. ეს გახლავთ ნემოს შეყვარებულის აჩრდილი, კი არა, რომელსაც კაპიტანი კრიტიკული გარემოებებისას ებაასება. ამ პერსონაჟის შემოყვანით, ახალგაზრდები მიგვანიშნებენ, რომ კაპიტანი მიზანთროპი არ არის, მისთვის ყოველივე ადამიანური ახლოსაა, ის ადამიანია, რომელსაც თავისუფლებასთან ერთად სიყვარულიც წაართვეს, მაგრამ მისი გული თანაგრძნობითაა სავსე. გავიხსენოთ, როგორ იბრძვის საკუთარი "ჯარისკაცის" სიცოცხლის გადასარჩენად, მართალია პროფესორის ძალისხმევა ამაო აღმოჩნდება, მაგრამ ნემოს კეთილი ზრახვა მისი პერსონის კეთილშობილებაზე მეტყველებს. და მაინც მებადება კითხვა - თუ კაპიტანი ნემო ჰუმანურობისა და სამართლიანობის სადარაჯოზეა, განა გამართლებულია მისი საქციელი, როცა ის სხვების თავისუფლებას ზღუდავს?! თუმცა ნემო არ აღმომჩდარა "აბრაამ ლინკოლნის" გემბანზე, საკუთარი "სტუმრები" კი სიკვდილისგან იხსნა. ასე რომ კაპიტანი ნემო თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის მებრძოლ გმირად რჩება.

 

სპექტაკლი სათავგადასავლო - პოლიტიკურ ჟანრს მიეკუთვნება. ის გათვლილია 6 + და მე  5 ვარსკვლავით შევაფასებდი.

bottom of page