top of page

ფარუგა და ათი მცნება

78820615_602389433851319_405005162207877

ელენე შალუტაშვილი

ფარუგა და ათი მცნება

კშიშტოფ კიშლოვსკის ათ ეპიზოდიანი მინი-სერიალის - ,,დეკალოგის” სცენაზე გადმოტანა მრავალ სირთულესთან არის დაკავშირებული. ვფიქრობ ამ სახის სპექტაკლის დადგმა ძალიან დიდ სითამამეს ითხოვს რეჟისორისგან. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა რეჟისორმა - ვიოტეკ ფარუგამ, სწორედ ,,სამეფო უბნის თეატრში” დადგა სპექტაკლი. თეატრში, რომლის რეპერტუარიც გამოირჩევა ორიგინალური ხედვითა და სიახლის ძიებებით.  

 

აღსანიშნავია, რამხელა სირთულეს წარმოადგენს არამცთუ ფილმის, არამედ სერიალის სცენაზე გადმოტანა. ვფიქრობ რეჟისორის გადაწყვეტილებამ გარკვეულ სცენებში ტექსტს მხოლოდ და მხოლოდ თხრობითი და არა ემოციური თუ აზრობრივი ფუნქცია ჰქონოდა, დრამატურგისთვის ისედაც ურთულესი საქმე არ დატვირთა. გარდა ამისა სპექტაკლის სცენოგრაფი თავად ვიოტეკ ფარუგა იყო, რომელმაც სივრცე - სამეფო უბნის თეატრის დარბაზი არა რაიმე განსაკუთრებული დიზაინით, არამედ დინამიკური, ეფექტური პლასტიკური ნახაზით აითვისა. პირადად ჩემთვის ეს მოვლენა ძალზედ შთამბეჭდავი იყო. დარბაზში შესვლისას ,,დეკალოგის” მერვე ეპიზოდია დაწყებული და სადაცაა ,,პანი” (რაც პოლონურად ქალბატონს ნიშნავს) პროფესორი (ნანი ჩიქვინიძე) ლექციას დაიწყებს. სწორედ ამ სალექციო გარემოში უწევს მაყურებელს გავლა, ვინაიდან სპექტაკლი დარბაზში თამაშდება. სალექციო ატმოსფეროში კუთხეში მჯდომარე წყვილს შორის მდგარი ტელეფონი მარტივად ახვედრებს მაყურებელს, რომელსაც სერიალი ნანახი აქვს, რომ ესენი მაგდა (კატოკალატოზიშვილი) და ტომეკი (სანდრო სამხარაძე) არიან. ერთ-ერთი სტუდენტი (მაგდა ლებანიძე) ფეხმძიმე ქალის ამბის თხრობას იწყებს, რომლის სასიყვარულო სამკუთხედის ფინალს არ გააჩნია მნიშვნელობა, მთავარი ისაა, რომ მას ბავშვი გაუჩნდა. სერიალის მიხედვით ეს დოროტას ამბავია, რომელიც სპექტაკლში არ იჩენს თავს, თუმცა მას ისე ებმევა მორიგი ამბავი, თითქოს მისი გაგრძელება იყოს. სცენაზე ათეისტი კშიშტოფი (პაატა ინაური) ჩნდება, რომელიც თავის შვილ პაველს ეთამაშება. კომპიუტერით გაზომილმა ყინულის სიმკვრივემ ვერ გაამართლა, ბედისწერამ თავისი ქნა და პაველი ციგურებზე სრიალის დროს დაიღუპა. ძირს დაცემული ქშიშტოფი ღრიალებს, ამბობს რომ კომპიუტერით ყველაფერი გამოთვალა. თუმცა როდის იყო ბედისწერა ტექნოლოგიებს დამორჩილებოდა. ამას ებმევა მაგდასა და ტომეკის ურთიერთობა, რომელშიც უდიდეს როლს ტელეფონი თამაშობს. მაგდას, რომელიც ყოველ თვე, ყოველ კვირა თუ არა საყვარელს იცვლის, წარმოუდგენლად მიაჩნია თუ როგორ შეიძლება ვინმეს იგი თავისი შინაგანი სამყაროს გამო და შემოქმედებითი პროცესის ყურებისას უყვარდეს. სწორედ ამ ხორციელ ვნებებს მიცემული მაგდა, თავისი დაუდევრობის გამო კარგავს ამ ფაქიზ, გულწრფელ სიყვარულს. შემდეგი უკვე ანკასა (მაგდა ლებანიძე) და მიხაელის (ზაალ ჩიქობავა) ურთიერთობაა. ამ ურთიერთობის მთავარი კითხვა კი ის არის, შეიძლება თუ არა ორ ადამიანს შორის ყოველგვარი გენეტიკური კოდის გარეშე არსებობდეს მამა-შვილური ურთიერთობა. როდესაც ამ ორ უკანასკნელს შორის ისმევა კითხვა: ვინ ვართ ჩვენ ერთმანეთისთვის? თითქოს ინტიმი იღვიძებს, რომელსაც ვფიქრობ პერსონაჟები ძალდატანებით აღვიძებენ. ყველაზე ემოციური კი ჩემთვის როგორც მაყურებლისთვის ის სცენა იყო, როდესაც მიხაელი და ანკა ერთმანეთს ყოველგვარი ხორციელი ლტოლვის გარეშე ეხვევიან და თითქოს მათ შორის სინდიდის ქენჯნა იღვიძებს და მორიგი კითხვა ისმევა: ეს საძაგლობა რამ გვაფიქრებინა? აგრეთვე ხაზგასმულია არტურისა (გიორგი შარვაშიძე) და ჟერჟის (სოსო ხვედელიძე) პრობლემა, მარკების კოლექციონერი მამის მემკვიდრეობაზე. ისევე როგორც ელჟბეტასა (ნატა მურვანიძე) და ზოფიას, ანუ ,,პანი” პროფესორის ურთიერთობა, მათ შორის არსებული ღალატი, რომელიც ამდენი ხნის მანძილზე აწუხებდა, გულს უღრღნიდა ზოფიას, საბოლოოდ კი გადააწყვეტინა, რომ პატარა ელჟბეტა თუ არა, სხვა ბავშვები იქნებ მორალურად მაინც გადაერჩინა.

 მსახიობების დავალება სხვადასხვა პერსონაჟების რამდენიმე საათში გათამაშება იყო. თუ პაატა ინაური ქშიშტოფის როლში გამოჩნდა სცენაზე, შემდეგ უკვე ახალგაზრდა იურისტი გაითამაშა, გიორგი შარვაშიძე ჯერ მაგდას საყვარელია, შემდეგ არტური და ა.შ. რაღა თქმა უნდა თითოეული მსახიობის შესრულება ბრწყინვალე იყო (მსახიობთა ამ შემდაგენლობით სხვანაირად წარმოუდგენელი იყო), თუმცა ვფიქრობ გამოსარჩევია მესამე კურსის სტუდენტის - სანდრო სამხარაძის შესრულება (თემურ ჩხეიძის ჯგუფი). რეჟისორმა ახალგაზრდა მსახიობს ჯერ შეყვარებული ტომეკი, შემდეგ კი იაცეკი ათამაშა.

 იაცეკის ამბის თხრობისას პროექტორი ფარდაზე შემდეგ მცნებას: ,,არა კაც კლას” აშუქებს, მაშინ როცა სხვა დანარჩენი მცნება მხოლოდ რიცხვებად იყო გაშუქებული. ჩემი აზრით ეს შემთხვევითი არ ყოფილა. ვფიქრობ რეჟისორმა ფაქტობრივად ყველა სხვა მცნება მოიაზრა ამ უკანასკნელში, სპექტაკლის ყველაზე დინამიკური და შთამბეჭდავი სცენაც სწორედ იაცეკის ამბის თხრობაა. ბიბლიის მიხედვითაც სამოთხიდან განდევნის შემდეგ პირველი ცოდვა, ხომ სწორედ აბელის მკვლელობა იყო. ასე რომ ვფიქრობ რეჟისორისთვის ყველა სხვა დანარჩენი მცნება სწორედ მეექვსე მცნებამდე დაიყვანება.

 აღსანიშნავია, რომ რეჟისორი ყველანაირად ცდილობს მაყურებელსა და სპექტაკლს შორის არ გაწყდეს უშუალობა, ეს ალბათ ყველაზე მეტად ჯდება კშიშტოფ კიშლოვსკის სტილში, იყოს უშუალო და ამასთანავე იყოს ღრმა. პირადად მე ვფიქრობ, რომ ვიოტეკ ფარუგას მთავარი მიზანი იყო მაყურებელს იმ ეზოს ბინადრად ეგრძნო თავი, რომელშიც მიმდინარეობს სერიალის მოვლენა. ალბათ სპექტაკლის მოვლენათა რიგი არ იქნებოდა იმ მაყურებლისთვის გასაგები, ვისაც ,,დეკალოგის” ციკლი არ უნახავს. თუმცაღა ვფიქრობ, რომ რეჟისორისთვის არ ყოფილა მთავარი ყველასთვის ცხადი ყოფილიყო მისი სპექტაკლი. შედეგად ვიოტეკ ფარუგამ ქართველ მაყურებელს დიდი პოლონელი რეჟისორის მინი-სერიალის ყურება ,,აიძულა”. ვფიქრობ მხოლოდ ეს მოვლენა შეიძლება იქცეს არაერთი ქართველი რეჟისორისთვის სამაგალითოდ.

 ვფიქრობ თეატრის გამომსახველობითი ფორმა დრამატულ და ფიზიკურ თეატრს შორის შუალედურ ფორმას ეძებს. სწორედ ეს ძიება ქმნის ახალ თეატრალურ ფორმებს, რაც აუცილებელია განვითარებისთვის. რაღა თქმა უნდა ამ ფორმების დანერგვა მაყურებლის თვალსაწიერს გააფართოებს და სიახლეებისკენ მიმართავს. ვფიქრობ გასათვალისწინებელია ყველა ის რისკ-ფაქტორი, რომელიც ახლის შექმნას გამუდმებით ახლავს თან. საგულისხმოა, რომ ტექსტის უკანა პლანზე გადატანამ ჯორჯ ორუელის მოსაზრება ,,ახალმეტყველებაზე” შეიძლება გაამართლოს.

bottom of page