„ფემინიზმის მანიფესტი"
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში
.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.
ელენე შალუტაშვილი
„ფემინიზმის მანიფესტი"
თათა თავდიშვილისა და ტატო გელიაშვილის შემოქმედებითი დუეტის თვითმყოფადობა და ავთენტურობა ცხადი ჯერ კიდევ 2019 წელს ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის დრამატულ თეატრში დადგმული ,,ნაბიჯის სტატისტიკით" გახდა. ტატო გელიაშვილმა, როგორც სცენოგრაფმა უკვე ჭიათურაში მოახერხა მხატვარ რობერტ სტურუას მიერ მოხატული თეატრის ჭერის ათვისება და ,,ნაბიჯის სტატისტიკის" პროლოგად ქცევა. მან კიდე უფრო დიდი წარმატებით აითვისა დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრის დარბაზი, რის შედეგადაც ორი განსხვავებული - ფიზიკური და მხატვრის თეატრის სინთეზირება მოახერხა.
დამდგმელი რეჟისორი - თათა თავდიშვილის და მასთან ერთად: ტატო გელიაშვილის, ფრანჩესკა გრიმიერი დე იოანისა და ერიკა ჩიკონეს ქორეოგრაფიული ნამუშევრით მესამე კურსის სტუდენტებთან ერთად, ანტიკური პიესის მიხედვით, ქორეოდრამა შეიქმნა. პლასტიკა და სხეულის ენა ასოციაციებს იწვევს ანტიკურ ქანდაკებებთან. მსგავს ამოცანას, რომელიც შემსრულებლის სხეულით ხელოვნების ნიმუშის ,,გაცოცხლებას" გულისხმობს ისეთი დიდი ბალეტმაისტერისა და ქორეოგრაფის შემთხვევაში ვაწყდებით, როგორიც - ბორის ეიფმანია (კერძოდ ბალეტი ,,როდენი - მისი მუდმივი იდეალი"). ქორეოდრამა გაიგივებულ იქნა ასევე დიდ შემოქმედ - ფილიპინა (პინა) ბაუშის ტექნიკასთან. მიუხედავად იმისა, რომ ქორეოდრამა თეატროლოგთა (თეატრმცოდნეთა) კვლევის საგანია, მის შეფასებას თავისი სპეციფიკური ცოდნა სჭირდება. შესაბამისად ეს ჩვენთვის - შემფასებელთათვისაც საინტერესო გამოწვევაა. შეუიარაღებელი თვალისთვის ,,contemporary" და თეთრ ბალეტს მხოლოდ ,,ბალეტი" ეწოდება. პინა ბაუშის ციტირებას კი კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
ქორეოდრამა მიზნად არ ისახავს პიესას დრამატურგიული სიზუსტით გაყვეს. მთავარი შემდეგი ამბავია: როგორ იბრძვიან ქალები ომის წინააღმდეგ? არისტოფანე ამას კომედიის ჟანრში აქცევს. ამ შემთხვევაში, მხატვრის თეატრის ესთეტიკიდან დაბადებულ მიზანსცენებს, რომელიც არც წმინდა წყლის პანტომიმა, მიმოდრამა თუ ქორეოდრამაა, ჟანრული მრავალფეროვნება გააჩნია. მთავარი ამოცანა ქალის შინაგანი სამყაროს ძიებაა.
მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლი არავერბალური თეატრის ჟანრს განეკუთვნება, იგი არ ჯერდება მხოლოდ პლასტიკურ ნახაზს. მსახიობების არტისტული შესაძლებლობები, რომელიც ჟანრისა და ატმოსფეროს შეგრძნებასა თუ გადამდებლობას გულისხმობს, სპექტაკლში მკაფიო და ცხადია. თათა თავდიშვილს თავისი სამსახიობო გამოცდილება საშუალებას აძლევს შემოქმედებით პროცესში მხოლოდ სხეულის ენაში არ ჩაიკეტოს. მისი მხრიდან ყოველი სცენა ნაფიქრი და გააზრებულია. ახალბედა მსახიობებისთვის კი თვითგამოხატვის დიდი შესაძლებლობაა დარჩენილი. ,,ლისისტრატას" როგორც უშუალოდ საკურსო სპექტაკლის მთავარი ღირსებაც სწორედ ამაში მდგომარეობს - მასში თითოეული მსახიობი ჩანს. 2021 წლის 16 ივლისს სწორედ დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრის სცენაზე ჩატარებული ღია გამოცდის გახსენებით ცხადი ხდება, თუ როგორი პროგრესი განიცადეს სტუდენტებმა არა მხოლოდ პლასტიკის, არამედ სცენაზე თვითგამოხატვის თვალსაზრისით.
პლასტიკური შესრულების მხრივ რთულია რომელიმე მსახიობში რაიმე ხარვეზის პოვნა. ამასთან ერთად კი მარტივი შესამჩნევია, რომ სცენაზე ერთმანეთისგან განსხვავებული სახის მსახიობები დგანან. პედაგოგიკის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაც ესაა - აღიზარდონ მრავალპროფილური და ინდივიდუალური მსახიობები. მარი ენგურელის - რომელიც ღრმა ემოციურობით, გულწრფელობითა და სინაზით ასრულებს როლს, გვერდით დგას თამარა ვანიშვილი, რომელიც ექსპრესიულობითა და გამომსახველობით, თავისი განსხვავებული და სახასიათო გარეგნობით ქმნის პერსონაჟის სახეს. ბაია კერესელიძე დიდ ფიზიკურ დატვირთვასთან ერთად ვოკალური შესრულებით (დირიჟორი - თორნიკე მანწკავა) ორგანულად და ბუნებრივად ჯდება სპექტაკლის ქსოვილში, მანუ თავაძე, რომლის შესრულებაშიც არა მხოლოდ კლასიკური საბალეტო სკოლა ჩანს, არამედ მსახიობის ემოციური სიღრმე, რაც მისი სცენური გადამდებლობით ცხადი ხდება მაყურებლისთვის, ნინი ნოზაძე, რომელიც არა მხოლოდ მიზანმიმართული სისწორით მიყვება მოქმედების ლოგიკას, არამედ ძლიერი შინაგანი დინამიზმი და ემოცია გააჩნია. ამის საპირწონედ გვერდით ქეთი ჯავახიშვილია, რომელიც უფრო მეტად ინტელექტუალური მსახიობი ჩანს, რომლისთვისაც მთავარი აზრობრივი სიცხადეა. ანიკო ეზიაშვილი, რომელიც ძალიან ღია და ფაქიზია, რაც მის შესრულებას უაღრესად გულწრფელს ხდის. ანუკი ბუბუტეიშვილი ემოციური და ინტელექტუალური შესაძლებლობების სცენაზე გამოყენებას თანაბრად ახერხებს, ხოლო მარიამ ყიფიანს ძლიერ და მკაფიო ინდივიდუალიზმთან ერთად მძლავრი ემოციური გადამდებლობა გააჩნია. მიუხედავად თითოეული მსახიობის განსხვავებული მხატვრული სახისა, ისინი ქორეოგრაფიული ანსამბლის შექმნას ახერხებენ, რაც განაპირობებს დადგმის ენერგეტიკულ ინტენსივობას.
სცენაზე მოთხრობილი ამბავი არ არის პოლიტიკური ხასიათის. გადაწყვეტილება - უარი ითქვას კაცებთან დაწოლაზე ქალების ომია სიკვდილთან. იგი ურთიერთგამომრიცხავ გრძნობებსა და ფიქრებს აღძრავს. შინაგანი დაძაბულობა და მღელვარება იმატებს, მიზანი კი მიღწეული არაა. დატირების სცენა, სადაც მამაკაცების ბრძოლის ველზე დაღვრილი სისხლი მოაქვთ გადამწყვეტია. ქალები სიკვდილის წინააღმდეგ მიზანმიმართულ ბრძოლას იწყებენ და გადაწყვეტილება - უარი თქვან ცოლ - ქმრულ ურთიერთობაზე მტკიცე ხდება. ყოველი მათგანი ინდივიდუალურ გზას პოულობს დათრგუნოს საკუთარი ვნება და ლტოლვა. სახიერ სცენურ ატმოსფეროში დიდ როლს თამაშობს ნიკე სამოთრაკიელის მარჯვენა ფრთა. ტრიუმფის სიმბოლო სათაყვანებელ კულტს წარმოადგენს, ხოლო ცხრა მებრძოლი ქალი გამარჯვების ქალღმერთის მეორე ფრთას.
კომპოზიტორმა - სანდრო მიშელაშვილმა პირველად იმუშავა სპექტაკლზე. ამ სპეციფიკასთან პირველი შეხება არ ყოფილა წარუმატებელი. მან უაღრესად რთული ამოცანა დაისახა. ამ სივრცეში ისეთი დიდი კომპოზიტორის ნაწარმოების გამოყენება, როგორიც იოჰან სებასტიან ბახია არა მხოლოდ რთული, არამედ სარისკოცაა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მუსიკა ელექტრონულია (სხვადასხვა მოტივებით) კომპოზიტორს ბეწვის ხიდზე უწევს გავლა, რომ მუსიკალური დრამატურგია არ დაირღვას. პირველივე ჯერზე ასეთ რისკზე წასვლამ მაყურებელში არაერთგვაროვანი გრძნობა გამოიწვია. თუმცა საბოლოო ჯამში სპექტაკლის ჟანრული მთლიანობა არ დარღვეულა.
მიუხედავად მდიდარი ასოციაციებისა, ვფიქრობ, სპექტაკლის ანალოგისა, თუ პირველწყაროს ძიება ამაო გარჯა იქნება. იგი ავთენტურია. მხატვრობა, მოძრაობა, განათება და მუსიკა დარბაზში შესვლისთანავე ხიბლავს მაყურებელს. გარემო რომელიც იქმნება არა მხოლოდ ესთეტიკურად მდიდარი, არამედ შინაარსიანი, ინტენსიური და დინამიკურია. იგი არ გავს თათა თავდიშვილისა და ტატო გელიაშვილის მიერ ერთობლივად აქამდე შექმნილ ნამუშევრებს. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ მათი დუეტისთვის ,,ლისისტრატა" შემოქმედებითი თავგადასავლების მხოლოდ დასაწყისია.